არჩეულ მასალაზე გადასვლა

და-ძმები დამსწრეებს ეგებებიან. ზემოთ მარცხნივ: 12 წლის ჰენრი კარასკოს ნათლობა. ქვემოთ მარცხნივ: ორი ძმა გუამბიანო ენაზე პროგრამას თარგმნის.

9 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
კოლუმბია

პირველი კონგრესი გუამბიანო და ემბერა ენებზე

პირველი კონგრესი გუამბიანო და ემბერა ენებზე

2023 წლის 26 მარტს, კვირას, კალიში (კოლუმბია) განსაკუთრებული პროგრამა ჩატარდა. წელს პირველად სინქრონულად ითარგმნა სარაიონო კონგრესის პროგრამა ესპანურიდან გუამბიანო და ემბერა (ჩამი) ენებზე. 1 600-ზე მეტ დამსწრეს შორის იყო 48 გუამბიანოენოვანი და 78 ემბერაენოვანი ადამიანი.

კოლუმბიაში 21 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს გუამბიანოზე, ხოლო 77 000-ზე მეტი — ემბერაზე. წარსულში საკონგრესო დარბაზში არ იყო შესაფერისი აპარატურა სინქრონული თარგმნისთვის. ამიტომ ამ ენოვან ხალხს ესპანურად უწევდა კონგრესის პროგრამის მოსმენა, თუმცა ბევრს ვერაფერს იგებდნენ.

როცა კონგრესის ჩატარების შესახებ განცხადება გაკეთდა, ოჯახებმა მაშინვე დაიწყეს მგზავრობისთვის ფულის შეგროვება. მათ შორის იყო კარასკოს რვასულიანი ოჯახი. ისინი ერთ მიყრუებულ მხარეში ცხოვრობენ, ამიტომ საკონგრესო დარბაზამდე რომ მისულიყვნენ, ჯერ ფეხით უნდა ევლოთ 3 საათი, შემდეგ კი 12 საათი ავტობუსით ემგზავრათ. ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, მათ შემართება არ დაუკარგავთ და რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს კონგრესისთვის მზადება. მგზავრობისთვის თანხა რომ შეეგროვებინათ, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა დაიწყეს. მათი 12 წლის ვაჟი, ჰენრი, ერთ-ერთი იყო იმ ორი ემბერაენოვან დამსწრეთა შორის, რომლებიც მოინათლნენ. მათ გარდა, ორი გუამბიანოენოვანიც მოინათლა.

და-ძმები თავიანთ ენაზე უსმენენ პროგრამას.

და ადრიანინ მორალესმა, რომელიც გუამბიანო ენაზე თარგმნიდა პროგრამას, აღნიშნა: „ძალიან ვისიამოვნე ჩემს მშობლიურ ენაზე პროგრამის თარგმნით. მაბედნიერებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სიტყვას ყველა თავის ენაზე მოისმენდა“.

კიდევ ერთმა მთარგმნელმა, ძმა დიომედეს ველასკომ, თქვა: „როცა მითხრეს, რომ პროგრამა უნდა მეთარგმნა, შემეშინდა. მაგრამ რომ გავიაზრე, როგორ ზრუნავს იეჰოვა ამ ხალხზე, მეტი გაბედულება მომეცა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დავალების შესრულება“.

სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანი ერთხმად აცხადებს: „მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე“ (ესაია 2:3).