არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა მარკ სანდერსონი პოლონეთში მოხალისეებსა და ლტოლვილებს ესაუბრება.

2022 წლის 18 მაისი
პოლონეთი

სპეციალური ვიზიტი პოლონეთში

სპეციალური ვიზიტი პოლონეთში

2022 წლის 1 მაისიდან ექვსი დღის განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, მოინახულა უკრაინიდან პოლონეთში გაქცეული და-ძმები. მას თან ახლდა ფილიალის კომიტეტის სამი წევრი. მათ უშუალოდ დაზარალებული და-ძმებისგან მოისმინეს თავსგადამხდარი ამბები და ისინი ხელმძღვანელი საბჭოს სიყვარულსა და თანადგომაში დაარწმუნეს.

მარცხნიდან მარჯვნივ: პოლონეთის ფილიალის კომიტეტის წევრი ტომაშ ვოლჩკო, მარკ სანდერსონი, პოლონეთის ფილიალის კომიტეტის წევრი ვესა ვაანანენი და ფინეთის ფილიალის კომიტეტის წევრი ტომი კაუკო

საზღვართან მყოფი ძმები, რომლებიც ლტოლვილთა დახმარებაზე მსჯელობენ.

ექვსი დღის განმავლობაში ძმებმა 2 500 კილომეტრზე მეტი გაიარეს ლტოლვილი და-ძმების მოსანახულებლად, რომლებიც სხვადასხვა ადგილებს, მათ შორის ჩვენს დარბაზებს, აფარებენ თავს. ისინი აგრეთვე შეხვდნენ იმ მოხალისეებს, რომლებიც საზღვარზე უკრაინელ და-ძმებს ხვდებიან.

ერთი უკრაინელი ძმა ამბობს: „ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალის მომცემი იყო, თითქოს პაპანაქებაში ჭიქა ცივი წყალი მოგვაწოდეს“.

„ეს დიდი სიურპრიზი იყო. ვხედავთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე“, — აღფრთოვანებით აღნიშნა ერთმა უკრაინელმა დამ.

სტენშევის საკონგრესო დარბაზთან შეკრებილი მოხალისეები

კიდევ ერთმა უკრაინელმა დამ ასეთი რამ თქვა: „პოლონეთში ცარიელ-ტარიელი ჩავედით, მაგრამ იეჰოვას წყალობით ახლა ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება“.

ძმებმა სხვა მოხალისეებიც მოინახულეს, რომლებიც ლტოლვილ და-ძმებს ეხმარებიან. ძმა სანდერსონმა მათ ხელმძღვანელი საბჭოს გულთბილი მოკითხვები გადასცა. მან ებრაელების 6:10-ში ჩაწერილი სიტყვების პერიფრაზი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იეჰოვა არ დაივიწყებს მათ შრომას, ბოლოს კი დასძინა: „არც ჩვენ დავივიწყებთ!“. მოხალისეები იეჰოვას ემადლიერებიან, რომ რაღაცით მაინც შეუძლიათ გასაჭირში ჩაცვენილი თანამორწმუნეების დახმარება.

ძმები ინახულებენ ხანში შესულ უკრაინელ დებს (პოლონეთი, რადიმნო).

პოლონეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ვესა ვაანანენმა აღნიშნა: „რწმენის განმამტკიცებელი იყო საკუთარი თვალით იმის დანახვა, რომ ყველაფერი იეჰოვას კონტროლქვეშაა. იეჰოვა ზუსტად იმას გვაძლევს, რაც იმ მომენტშია საჭირო. ამას კი ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებული დროული ხელმძღვანელობით და მზადყოფნის სულით სავსე იმ და-ძმების მეშვეობით აკეთებს, რომლებიც თანაქრისტიანების დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ“.

სტენშევის საკონგრესო დარბაზში მოხალისეები ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებენ.

და-ძმები, რომლებიც ნებისმიერ ვითარებაში თანაქრისტიანების საჭიროებებზე ზრუნავენ, იესოს სიტყვისამებრ გაცემით გამოწვეულ სიხარულს განიცდიან (საქმეები 20:35).