2022 წლის 25 იანვარი
სამხრეთი აფრიკა
იეჰოვას მოწმეებმა სამხრეთ აფრიკაში სახელმწიფო მოხელეებისგან ქება დაიმსახურეს
სამხრეთაფრიკულ ჟესტების ენაზე ბიბლიის კიდევ ორი წიგნი გამოიცა
ყრუ-მუნჯთა უფლებების დამცველებმა სამხრეთ აფრიკაში მადლობა გადაუხადეს იეჰოვას მოწმეებს იმისთვის, რომ ყრუ-მუნჯთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს და მაღალი ხარისხის ვიდეოებს გამოსცემენ სამხრეთაფრიკულ ჟესტების ენაზე. ამას წინ უძღოდა ის, რომ 2021 წლის 15 ნოემბერს სამხრეთაფრიკულ ჟესტების ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კიდევ ორი წიგნი, გალატელები და ეფესოელები. ახლა უკვე ბიბლიის ათი წიგნია ხელმისაწვდომი ამ ენაზე. 2022 წლის აპრილისთვის კიდევ ოთხი წიგნის გამოცემა იგეგმება. მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე.
განათლების სპეციალისტმა და დასავლეთ კაპის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინა სტეინმა, იეჰოვას მოწმეებზე ასეთი რამ თქვა: „ძალიან მიყვარს მათი ვიდეოების ყურება. ნამდვილად ქებას იმსახურებენ ასეთი მაღალი ხარისხის ვიდეოების გამოცემისთვის“.
ესვატინის უნარშეზღუდულთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ბონგანი მაკამამ, აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები ქებას იმსახურებენ იმისთვის, რომ ყრუ-მუნჯებსა და სმენადაქვეითებულებს განათლებისკენ უკვალავენ გზას. ყრუ-მუნჯები ნამდვილად იმსახურებენ ბიბლიას ჟესტურ ენაზე და ძალიან დასაფასებელია, რომ იეჰოვას მოწმეები მათი გულის ენაზე გამოსცემენ ბიბლიის წიგნებს. ერთი სული გვაქვს, როდის დასრულდება სამოცდაექვსივე წიგნის გამოცემა“.
სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 450 000 ადამიანი საუბრობს ჟესტურ ენაზე. ამ ქვეყანაში 283 ყრუ-მუნჯი და სმენადაქვეითებული მაუწყებელია. იეჰოვას მოწმეების ძალისხმევის შედეგად ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას „ყველანაირი ადამიანი“ იღებს, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრები ყრუ-მუნჯები (1 ტიმოთე 2:4).