2020 წლის 6 მაისი
შრი-ლანკა
იზოლაციის მიუხედავად მაუწყებლები წარმატებით ქადაგებენ ჟესტურ ენაზე
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, შრი-ლანკის ხელისუფლებამაც დააწესა შეზღუდვები. ჟესტურენოვან ჯგუფებში მომსახურე ჩვენი და-ძმები ემორჩილებიან ამ შეზღუდვებს და ყრუ-მუნჯ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით უკავშირდებიან სახლიდან გაუსვლელად.
ერთი პიონერი და, ვიჰანგა ფერნანდო, წერილებით ქადაგებს. ვინაიდან ბევრ ყრუ-მუნჯს უჭირს დაწერილი ტექსტის წაკითხვა, ბიბლიური ჭეშმარიტების ასახსნელად ის თავის წერილებს ნახატებს ურთავს.
ერთ დას, როსი ჩითრაველაუთამის, თავიდან ეჭვი ეპარებოდა, გაამართლებდა თუ არა ბიბლიის შესწავლების ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარება. ის ამბობს: „ადრე, როცა ყრუ-მუნჯებს ვურეკავდი, დროდადრო კავშირი წყდებოდა, რის გამოც მათ უჭირდათ ჩემი ჟესტების გაგება“. მიუხედავად ამისა, როსის გადაწყვეტილი ჰქონდა, პანდემიის პირობებშიც არ შეეწყვიტა ქადაგება. მან კიდევ ერთხელ სცადა, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაკავშირებოდა თავის შემსწავლელებს. ამ მეთოდით დღეს უკვე ის სამ შესწავლას ატარებს და მისი შემსწავლელები კრების შეხვედრებსაც ესწრებიან ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
ერთ ყრუ-მუნჯ დას, ნიროშა შირანთის, რომელიც 2020 წლის მარტში მოინათლა, უკვე აღარ აქვს იმის შიში, რომ ადამიანებს ვიდეოზარით დაუკავშირდეს და უქადაგოს. თავიდან მას უჭირდა ასეთი სახის მსახურება და იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა დახმარებას. შემდეგ კი, გახსენების საღამოს პერიოდში, მან დამხმარე პიონერად მსახურების ბლანკი შეავსო. ბევრი ყრუ-მუნჯი მის ქადაგებას დადებითად გამოეხმაურა; მათგან რამდენიმეს სურვილი გაუჩნდა, უფრო მეტი გაეგო ბოლო დღეების ნიშანზე. ნიროშამ შვიდი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, როცა სამქადაგებლო საქმეში ვიღებ მონაწილეობას. მართალია, სახლებში ვართ გამოკეტილები, მაგრამ მაინც ვქადაგებთ. იეჰოვა თავის განზრახვას ყოველთვის ასრულებს“. ნიროშას გადაწყვეტილი აქვს, არ შეწყვიტოს დამხმარე პიონერად მსახურება.
ძალიან გვახარებს შრი-ლანკელი და-ძმების გამამხნევებელი შემთხვევების მოსმენა. ასეთი წარმატება იმის შედეგია, რომ იქ მცხოვრები ჩვენი ყრუ-მუნჯი და სმენადაქვეითებული თანაქრისტიანები ძალ-ღონეს არ იშურებენ იეჰოვას სახელის განსადიდებლად (ფსალმუნი 113:1).