დაბადება 24:1—67

  • ისაკისთვის საცოლის ძებნა (1—58).

  • რებეკა ისაკთან შესახვედრად მიდის (59—67).

24  მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. ყველაფერში აკურთხა იგი იეჰოვამ.+  აბრაამმა თავის მსახურს, რომელიც მის სახლეულობაში ყველაზე უფროსი იყო და მის ქონებას განაგებდა,+ სთხოვა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი  და დაიფიცე იეჰოვა, ზეცისა და დედამიწის ღმერთი, რომ არ მოუყვან ჩემს ვაჟს ცოლს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც ვცხოვრობ.+  წადი ჩემს ქვეყანაში ჩემს ნათესავებთან+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს, ისაკს“.  მსახურმა ჰკითხა: „რომ არ ისურვოს ქალმა და არ წამომყვეს ამ ქვეყანაში? წავიყვანო შენი ვაჟი იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ წამოხვედი?“+  აბრაამმა მიუგო: „არ წაიყვანო იქ ჩემი ვაჟი.+  ზეციერი ღმერთი იეჰოვა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ჩემი ნათესავების+ ქვეყნიდან, და რომელიც მელაპარაკა და ფიცით აღმითქვა,+ შენს შთამომავალს+ მივცემ ამ ქვეყანასო,+ ანგელოზს წაგიმძღვარებს+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს.+  თუ ქალი არ წამოგყვება, თავისუფალი იქნები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან; ოღონდ ჩემი ვაჟი იქ არ წაიყვანო“.  ამოუდო მსახურმა ხელი ბარძაყქვეშ აბრაამს, თავის ბატონს, და დაუფიცა, რომ ასეც მოიქცეოდა.+ 10  წაიყვანა მსახურმა თავისი ბატონის ათი აქლემი, წაიღო თავისი ბატონის ქონებიდან ყველაფერი საუკეთესო და შუამდინარეთის გზას დაადგა, რომ ნახორის ქალაქში ჩასულიყო. 11  საღამო ხანს ქალაქის გარეთ, ჭასთან, აქლემები დაასვენა. იმ დროს გამოდიოდნენ ხოლმე ქალები წყლის ამოსაღებად. 12  მან ღმერთს სთხოვა: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო, ხელი მომიმართე და სიკეთე* გაუკეთე ჩემს ბატონს, აბრაამს. 13  წყაროსთან ვდგავარ და ამ ქალაქის მკვიდრთა ქალიშვილები წყლის ამოსაღებად გამოდიან. 14  რომელ ყმაწვილ ქალსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინე-მეთქი და რომელიც მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, ის იყოს ის ქალი, რომელიც შენი მსახურისთვის, ისაკისთვის, გყავს არჩეული. ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისთვის სიკეთე* გაგიკეთებია“. 15  ჯერ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გამოჩნდა რებეკა, რომლის მამაც იყო ბეთუელი,+ აბრაამის ძმის, ნახორისა+ და მისი ცოლის, მილქას,+ ვაჟი. მას მხარზე დოქი ჰქონდა შემოდგმული. 16  ყმაწვილი ქალი ძალიან ლამაზი იყო; ქალწული იყო, არავინ წოლილა მასთან. ჩავიდა იგი წყაროსთან, აავსო დოქი და ამოვიდა. 17  მიირბინა მასთან მსახურმა და სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“. 18  მან მიუგო: „დალიე, ჩემო ბატონო“. სწრაფად ჩამოიღო დოქი და დაალევინა. 19  შემდეგ უთხრა: „აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს და დავარწყულებ“. 20  სწრაფად ჩაცალა დოქი გეჯაში და ჭისკენ გაიქცა წყლის ამოსაღებად; წყალს მანამდე იღებდა, სანამ ყველა აქლემი არ დაარწყულა, 21  ის კი, განცვიფრებული, ჩუმად აკვირდებოდა ყმაწვილ ქალს, რომ გაეგო, მოუმართა თუ არა ხელი იეჰოვამ. 22  როცა აქლემები დარწყულდნენ, ამოიღო მან ცხვირზე გასაკეთებელი ნახევარშეკელიანი* ოქროს რგოლი, ათშეკელიანი ორი ოქროს სამაჯური 23  და ჰკითხა მას: „ვისი ასული ხარ? აქვს სახლში მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი?“ 24  მან მიუგო: „ნახორისა და მილქას ვაჟის,+ ბეთუელის,+ ასული ვარ“. 25  შემდეგ უთხრა მას: „აქლემებისთვის ნამჯაც გვაქვს და ბევრი სხვა საკვებიც; ღამის გასათევი ადგილიც გვაქვს“. 26  კაცმა მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო იეჰოვას წინაშე 27  და თქვა: „დიდება იეჰოვას, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთს, ვინაიდან სიკეთე* არ მოაკლო ჩემს ბატონს და ერთგულად მოექცა მას. ჩემი ბატონის ძმების სახლში მიმიყვანა იეჰოვამ“. 28  გაიქცა ყმაწვილი ქალი და ეს ამბავი დედამისსა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეატყობინა. 29  რებეკას ჰყავდა ძმა, ლაბანი.+ გაიქცა ლაბანი, რომ შეგებებოდა იმ კაცს, რომელიც წყაროსთან იდგა. 30  როცა დაინახა, რომ რებეკას ცხვირზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები ეკეთა, და როცა მოისმინა მისი ნაამბობი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან, რომელიც წყაროს სიახლოვეს აქლემებთან იდგა, 31  და უთხრა: „წამოდი, იეჰოვასგან კურთხეულო. აქ რატომ დგახარ?! შენც დაგაბინავებ და შენს აქლემებსაც“. 32  შევიდა ის კაცი მასთან სახლში. მან* აქლემებს საკაზმები შეხსნა, ნამჯა და სხვა საკვები დაუყარა, ხოლო იმ კაცს და მასთან მყოფებს ფეხების დასაბანად წყალი მიუტანა. 33  როცა საჭმელი მიართვეს, მან თქვა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. ლაბანმა უთხრა: „თქვი!“ 34  მან დაიწყო: «მე აბრაამის მსახური ვარ.+ 35  დიდად აკურთხა იეჰოვამ ჩემი ბატონი და გაამდიდრა იგი. მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, მსახურები, აქლემები და ვირები.+ 36  სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ვაჟი გაუჩინა ჩემს ბატონს.+ მან მთელი თავისი ქონება თავის ვაჟს უნდა დაუტოვოს.+ 37  ფიცი დამადებინა ჩემმა ბატონმა: „არ მოუყვანო ჩემს ვაჟს ცოლი ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც ვცხოვრობ.+ 38  წადი მამაჩემისა და ჩემი ნათესავების+ სახლში და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“.+ 39  მე ვკითხე, ქალი რომ არ წამომყვეს-მეთქი?+ 40  მან მომიგო: „იეჰოვა, რომლის გზითაც დავდივარ,+ ანგელოზს+ გამოგაყოლებს და მოგიმართავს ხელს, რადგან ჩემი ოჯახიდან, მამაჩემის+ სახლიდან უნდა მოუყვანო ცოლი ჩემს ვაჟს. 41  მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან, როცა მიხვალ ჩემს ოჯახში და ქალს არ გამოგაყოლებენ; მხოლოდ მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან“.+ 42  დღეს, როცა წყაროსთან მივედი, ვთქვი: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო, ხელი მომიმართე. 43  წყაროსთან ვდგავარ, გამოვიდეს წყლის ამოსაღებად ქალწული+ და ვთხოვ, შენი დოქიდან ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი, 44  მან კი მითხრას, შენც დალიე და აქლემებსაც ამოვუღებო წყალს. აი ის იყოს იეჰოვას მიერ ჩემი ბატონის ვაჟისთვის არჩეული ქალი“.+ 45  ჯერ გულში ლაპარაკი არ მქონდა დამთავრებული, რომ გამოჩნდა რებეკა, მხარზე დოქშემოდგმული. ჩავიდა წყაროსთან და ამოიღო წყალი. ვთხოვე, დამალევინე-მეთქი.+ 46  მანაც სწრაფად ჩამოიღო დოქი მხრიდან და მითხრა, შენც დალიე+ და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. 47  ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი. მან მომიგო, ნახორისა და მილქას ვაჟის, ბეთუელის, ასული ვარო. გავუკეთე ცხვირზე რგოლი და ხელებზე — სამაჯურები.+ 48  მუხლი მოვიყარე და პირქვე დავემხვე იეჰოვას წინაშე და განვადიდე იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის,+ ღმერთი, რომელმაც სწორი გზით მატარა, ჩემი ბატონის ძმის ასული რომ წამეყვანა მისი ვაჟისთვის. 49  ახლა კი მითხარით, გამოიჩენთ თუ არა სიკეთესა* და ერთგულებას ჩემი ბატონისადმი; თუ არ გამოიჩენთ, მითხარით და ჩემს გზას დავადგები».+ 50  ლაბანმა და ბეთუელმა მიუგეს: „იეჰოვას ნება ყოფილა და ჩვენ რაღა გითხრათ?! 51  აი რებეკა. წაიყვანე და წადი; გახდეს ის შენი ბატონის ვაჟის ცოლი, როგორც ეს იეჰოვას უთქვამს“. 52  ამ სიტყვების გაგონებაზე აბრაამის მსახური პირქვე დაემხო იეჰოვას წინაშე. 53  ამოიღო ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი, აგრეთვე ტანსაცმელი, და მისცა რებეკას. ძვირფასი ნივთები მის ძმას და დედასაც მისცა. 54  ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფებმა; ღამეც იქ გაათიეს. ადგა დილით და თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“. 55  ამაზე რებეკას ძმამ და დედამ მიუგეს: „ათი დღე მაინც დარჩეს ჩვენთან ეს ყმაწვილი ქალი და მერე წამოგყვეს“. 56  მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან იეჰოვამ მომიმართა ხელი. გამიშვით, წავალ ჩემს ბატონთან“. 57  მათ მიუგეს: „მაშინ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მას ვკითხოთ“. 58  დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „წაჰყვები ამ კაცს?“ მან უპასუხა: „წავყვები“. 59  გააცილეს რებეკა,+ მისი ძიძა,+ აბრაამის მსახური და მისი თანმხლებნი. 60  დალოცეს მათ რებეკა: „ჩვენო დაო, დიდად გამრავლდი; შენი შთამომავალი თავის მოძულეთა კარიბჭეს დაეუფლოს“.+ 61  ადგნენ რებეკა და მისი მოახლეები, შესხდნენ აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. ასე წაიყვანა მან რებეკა და გაუდგა გზას. 62  ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ გზით მოსულიყო, რადგან ნეგების+ მიწაზე ცხოვრობდა. 63  საღამო ხანს იგი მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა.+ გაიხედა და დაინახა, რომ აქლემები მოდიოდნენ. 64  რებეკამაც გაიხედა, და თვალი რომ მოჰკრა ისაკს, აქლემიდან სწრაფად ჩამოხტა. 65  შემდეგ მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“ მან მიუგო: „ჩემი ბატონია“. აიღო ქალმა თავსაბურავი და ჩამოიფარა. 66  მსახური ისაკს ყველაფერს მოუყვა. 67  შეიყვანა ისაკმა რებეკა დედამისის, სარას,+ კარავში და ასე შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი+ და ნუგეში პოვა დედის სიკვდილის შემდეგ.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
შესაძლოა იგულისხმებოდეს ლაბანი.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).