დაბადება 30:1—43
30 რახელმა იაკობს შვილი რომ ვერ გაუჩინა, შეშურდა თავისი დის და უთხრა იაკობს: „მოვკვდები, თუ შვილებს არ გამაჩენინებ!“
2 გაბრაზდა იაკობი რახელზე და უთხრა: „ღმერთი არ გაძლევს შვილებს და მე რა შუაში ვარ?!“
3 მან მიუგო: „აი ჩემი მხევალი ბილჰა.+ დაწექი მასთან, რომ შვილები გამიჩინოს და მეც გავხდე დედა“.
4 მიუყვანა მას ბილჰა, თავისი მოახლე, და იაკობიც დაწვა მასთან.+
5 დაორსულდა ბილჰა და გაუჩინა ვაჟი იაკობს.
6 რახელმა თქვა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა, მომისმინა და მომცა ვაჟი“. ამიტომ მას დანი*+ დაარქვა.
7 კიდევ დაორსულდა ბილჰა, რახელის მოახლე, და იაკობს მეორე ვაჟი გაუჩინა.
8 რახელმა თქვა: „შევეჭიდე ჩემს დას და გავიმარჯვე!“ ამიტომ მას ნაფთალი*+ დაარქვა.
9 როცა დაინახა ლეამ, რომ შვილი აღარ უჩნდებოდა, იაკობს თავისი მოახლე ზილფა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო.+
10 ზილფამაც გაუჩინა ვაჟი იაკობს.
11 ლეამ თქვა: „კურთხეული ვარ!“ ამიტომ მას გადი*+ დაარქვა.
12 ლეას მოახლე ზილფამ მეორე ვაჟიც გაუჩინა იაკობს.
13 ლეამ თქვა: „რა ბედნიერი ვარ! ქალები ჩემზე იტყვიან, ბედნიერიაო“.+ ამიტომ მას აშერი*+ დაარქვა.
14 ერთხელ, ხორბლის მკის დროს, რეუბენმა+ მინდორში მანდრაგორები იპოვა და დედამისს, ლეას, მიუტანა. რახელმა ლეას სთხოვა: „მიწილადე შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორები“.
15 მან მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი,+ ახლა ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების წართმევაც გინდა?!“ რახელმა უთხრა: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვეს იაკობი“.
16 საღამოს, როცა იაკობი მინდვრიდან ბრუნდებოდა, ლეა გაეგება მას და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“. ისიც დაწვა მასთან იმ ღამით.
17 ისმინა ღმერთმა ლეას ლოცვა. დაორსულდა იგი და იაკობს მეხუთე ვაჟი გაუჩინა.
18 ლეამ თქვა: „ჩემს ქმარს ჩემი მოახლე რომ მივუყვანე, ღმერთმა დამაჯილდოვა“. ამიტომ მას ისაქარი*+ დაარქვა.
19 კიდევ დაორსულდა ლეა და მეექვსე ვაჟი გაუჩინა იაკობს.+
20 ლეამ თქვა: „ჯილდო მიბოძა ღმერთმა. ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი,+ რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“.+ ამიტომ მას ზებულონი*+ დაარქვა.
21 მერე გოგო გააჩინა და დინა+ დაარქვა.
22 ბოლოს მოხედა ღმერთმა რახელს, ისმინა მისი ლოცვა და მისცა შვილიერების უნარი.+
23 დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და თქვა, სირცხვილი მომაშორაო ღმერთმა!+
24 ამიტომ მას იოსები*+ დაარქვა; თქვა, იეჰოვამ კიდევ ერთი ვაჟი მომცაო.
25 როცა რახელმა იოსები გააჩინა, იაკობმა ლაბანს უთხრა: „გამიშვი, რომ წავიდე ჩემს მშობლიურ მხარეში, ჩემს ქვეყანაში.+
26 წავიყვან ჩემს ცოლებსა და შვილებს, რომელთა გულისთვისაც გემსახურე, და წავალ, რადგან კარგად იცი, როგორც გემსახურე“.+
27 ლაბანმა უთხრა მას: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, დარჩი. მისნობით მივხვდი, რომ იეჰოვა შენ გამო მაკურთხებს“.
28 მან განაგრძო: „მითხარი, რა მოგცე გასამრჯელოდ და მოგცემ“.+
29 იაკობმა მიუგო: „კარგად იცი, როგორ გემსახურებოდი და როგორ ვზრუნავდი შენს საქონელზე.+
30 ჩემ მოსვლამდე ცოტა გყავდა, მერე კი გაგიმრავლდა; იეჰოვამ გაკურთხა ჩემი მოსვლის შემდეგ. მე როდისღა მივხედო ჩემს ოჯახს?!“+
31 ლაბანმა ჰკითხა: „რა მოგცე?“ იაკობმა მიუგო: „არაფერი მინდა! თუ ერთ თხოვნას შემისრულებ, კიდევ დავმწყემსავ და ვუპატრონებ შენს ფარას.+
32 გავიაროთ დღეს შენს ფარაში. გამოაცალკევე ყველა წინწკლებიანი, ჭრელი და მუქი ყავისფერი ცხვარი და ყველა ჭრელი და წინწკლებიანი თხა. ამიერიდან ასეთები მომეცი გასამრჯელოდ.+
33 როცა ჩემი გასამრჯელოს შესამოწმებლად მოხვალ, დაინახავ ჩემს პატიოსნებას. თუ ჩემს თხებს შორის აღმოჩნდება ისეთი, რომელიც არ იქნება წინწკლებიანი და ჭრელი, ხოლო ცხვრებს შორის ისეთი, რომელიც არ იქნება მუქი ყავისფერი, მაშინ მოპარულად ჩამითვალე“.
34 ლაბანმა მიუგო: „კარგი! ისე იყოს, როგორც ამბობ“.+
35 იმ დღესვე გამოაცალკევა ფარიდან მან ზოლებიანი და ჭრელი ვაცები, დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხები, მუქი ყავისფერი ცხვრები, ყველა თეთრნარევი, და თავის ვაჟებს ჩააბარა.
36 შემდეგ სამი დღის სავალით დაშორდა იაკობს. მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ცხვარს.
37 აიღო იაკობმა სტირაქსის, ნუშისა და ჭადრის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ დათალა, რომ ჯოხებს თეთრი ადგილები დამჩნეოდა.
38 დათლილი ჯოხები ცხვრის ფარის დასარწყულებელ გეჯაში ჩააწყო, რათა წყლის დასალევად მისული ფარა ჯოხების წინ შეწყვილებულიყო.
39 როცა ფარა ჯოხების წინ შეწყვილდებოდა, ზოლიანებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს იგებდა.
40 აცალკევებდა იაკობი ახალმოგებულებს და ლაბანის დანარჩენ ფარას ზოლიანი და მუქი ყავისფერი ფარისკენ მიაბრუნებდა. თავის ფარას ლაბანის ფარაში არ ურევდა, ცალკე აყენებდა.
41 როცა ჯანსაღი ფარა ახურდებოდა, იაკობი ჯოხებს გეჯაში უწყობდა, რათა ჯოხების წინ შეწყვილებულიყვნენ.
42 თუ ფარა სუსტი იყო, ჯოხებს არ უწყობდა. ასე რომ, სუსტი ყოველთვის ლაბანს რჩებოდა, ჯანსაღი კი — იაკობს.+
43 მეტისმეტად გამდიდრდა იაკობი. ჰყავდა დიდი ფარა, მსახურები, აქლემები და ვირები.+
სქოლიოები
^ ნიშნავს „მოსამართლეს“.
^ ნიშნავს: „შევეჭიდე“.
^ ნიშნავს „კურთხევას“.
^ ნიშნავს „ბედნიერს“, „ბედნიერებას“.
^ ნიშნავს: „ის საზღაურია“.
^ ნიშნავს „მიღებას“.
^ „იოსიფიას“ შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: „იაჰმა შემატა“, „იაჰმა შემატოს“.