რუთი 2:1—23
2 ნაომის ქმარს, ელიმელექს, ერთი ძალიან მდიდარი ნათესავი ჰყავდა. მას ბოაზი+ ერქვა.
2 მოაბელმა რუთმა ნაომის სთხოვა: „წავალ და თავთავებს ავკრეფ+ იმის ყანაში, ვინც მოწყალე თვალით შემომხედავს“. მან მიუგო: „წადი, შვილო!“
3 ისიც წავიდა ყანაში, მომკელების კვალდაკვალ თავთავების აკრეფა დაიწყო და მიადგა მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნოდა ბოაზს,+ კაცს ელიმელექის+ საგვარეულოდან.
4 მოვიდა ბოაზი ბეთლემიდან და მომკელებს უთხრა: „იეჰოვა შეგეწიოთ!“ მათ მიუგეს: „იეჰოვამ გაკურთხოს!“
5 შემდეგ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მომკელებს მეთვალყურეობდა, ბოაზმა ჰკითხა: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“
6 მან უპასუხა: „მოაბელია,+ ნაომის გამოჰყვა მოაბიდან;+
7 მთხოვა, მომკელების კვალდაკვალ ავკრეფ ძირს დაცვენილ თავთავებსო.+ დილას აქეთ არ დაუსვენია. ახლაღა ჩამოჯდა ქოხში ცოტა ხნით“.
8 მაშინ ბოაზმა რუთს უთხრა: „მისმინე, შვილო! ნუ გადახვალ სხვა ყანაში თავთავების ასაკრეფად და ნურც სხვაგან წახვალ; ჩემს მოახლეებთან იყავი,+
9 მათთან იტრიალე, იქ, სადაც ჩემი მომკელები მუშაობენ. ბიჭები გავაფრთხილე, რომ არ შეგაწუხონ. როცა მოგწყურდება, მიდი ჭურჭელთან და მათი მოტანილი წყალი დალიე“.
10 მაშინ რუთმა მუხლი მოიყარა, პირქვე დაემხო და უთხრა: „რით მოვიპოვე წყალობა შენს თვალში, რომ უცხოტომელს ყურადღება მომაქციე?“+
11 ბოაზმა მიუგო: „ყველაფერი შევიტყვე, რაც დედამთილისთვის გაგიკეთებია შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ; როგორ დატოვე დედ-მამა და სამშობლო, რომ წამოსულიყავი იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი.+
12 იეჰოვამ გადაგიხადოს ამისთვის+ და სრულად მოგაგოს საზღაური ისრაელის ღმერთმა, იეჰოვამ, რომლის ფრთებქვეშაც პოვე თავშესაფარი!“+
13 უთხრა რუთმა: „ნეტავ კვლავ ვპოვო წყალობა შენს თვალში, ბატონო, რადგან მანუგეშე და დამამშვიდე, თუმცა შენი მოახლეც კი არ ვარ“.
14 ჭამის დრომ რომ მოაწია, ბოაზმა რუთს უთხრა: „მოდი, ჭამე პური და ამოაწე ლუკმა ძმარში“. ისიც დაჯდა მომკელებთან. ბოაზმა მოხალული მარცვლეული მიაწოდა. მანაც ჭამა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდეც მორჩა.
15 როცა რუთი თავთავების ასაკრეფად წამოდგა,+ ბოაზმა ბიჭებს უთხრა: „კიდევ ააკრეფინეთ ძირს დაცვენილი თავთავები და ხელი არ შეუშალოთ!+
16 ძნებიდანაც ამოაძვრეთ თავთავები და დაუტოვეთ; ნუ დაუშლით აკრეფას!“
17 საღამომდე კრეფდა რუთი თავთავებს ყანაში.+ შემდეგ გაცეხვა, რაც აკრეფილი ჰქონდა, და ქერი 1 ეფამდე* გამოვიდა.
18 აიღო ქერი, შინ დაბრუნდა და ანახა დედამთილს, რაც აკრიფა. რუთმა მორჩენილი საჭმელიც+ მისცა დედამთილს.
19 ჰკითხა მას დედამთილმა: „სად აკრიფე თავთავები, სად იმუშავე? კურთხეული იყოს ის, ვინც შენზე იზრუნა!“+ მან უამბო დედამთილს, ვისთანაც იმუშავა: „ბოაზი ჰქვია იმ კაცს, რომლის ყანაშიც დღეს ვიმუშავე“.
20 ნაომიმ მიუგო თავის რძალს: „აკურთხოს იგი იეჰოვამ, რომლის სიყვარულიც ურყევია* ცოცხლებისა თუ მკვდრების მიმართ!“+ მან ესეც დასძინა: „ჩვენი ნათესავია ეგ კაცი,+ ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“.+
21 რუთმა უთხრა: „მან ისიც მითხრა, მოდი, იყავი ჩემს მომკელებთან ერთად, ვიდრე მოსავალს მთლიანად არ აიღებენო“.+
22 ნაომიმ მიუგო რუთს, თავის რძალს: „კარგია, შვილო, მის მოახლეებთან ერთად რომ იქნები; სხვის ყანაში არ მოგიწევს გადასვლა და არავინ შეგაწუხებს“.
23 რუთი ბოაზის მოახლეებთან ერთად აგროვებდა თავთავებს ქერისა და ხორბლის მკის დამთავრებამდე.+ ცხოვრობდა იგი დედამთილთან ერთად.+
სქოლიოები
^ დაახლ. 13 კგ. იხ. დანართი ბ14.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).