მეფეები — წიგნი პირველი 8:1—66
8 შეკრიბა+ სოლომონმა ისრაელის უხუცესები — ისრაელის ტომთა და შტოთა თავკაცები.+ ჩავიდნენ ისინი იერუსალიმში მეფე სოლომონთან, რათა სიონიდან,+ დავითის+ ქალაქიდან, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი წამოეღოთ.
2 ისრაელებმა თავი მოიყარეს მეფე სოლომონთან დღესასწაულზე* მე-7 თვეს ანუ ეთანის თვეში.+
3 მოვიდნენ ისრაელის უხუცესები და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი.+
4 წაიღეს იეჰოვას კიდობანი, შეხვედრის კარავი+ და წმინდა ნივთები, რაც კარავში იყო; მღვდლებმა და ლევიანებმა წაიღეს ისინი.
5 შეთანხმებისამებრ, მეფე სოლომონი და მთელი ისრაელი კიდობნის წინ შეიკრიბნენ და იმდენი ცხვარ-ძროხა შესწირეს,+ რომ თვლა არ ჰქონდა.
6 ამის შემდეგ მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი თავის ადგილზე,+ ტაძრის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში, შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ მოათავსეს.+
7 ქერუბიმებს ფრთები კიდობნის ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და ფრთებით კიდობანსა და მის კეტებს ფარავდნენ.+
8 კეტები+ ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, რომელიც შიდა ოთახის წინ იყო, თუმცა გარედან კეტები არ ჩანდა. ისინი დღემდე იქ არის.
9 კიდობანში არაფერი იდო ქვის იმ ორი ფილის გარდა,+ რომლებიც მოსემ ჩადო+ ხორებთან ყოფნისას მაშინ, როცა ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ+ და იეჰოვამ შეთანხმება დაუდო მათ.+
10 გამოვიდნენ მღვდლები წმინდა ადგილიდან და იეჰოვას ტაძარი+ ღრუბელმა+ აავსო.
11 ვერ შეძლეს მღვდლებმა მსახურების გაგრძელება, რადგან იეჰოვას დიდებას აევსო იეჰოვას ტაძარი.+
12 მაშინ თქვა სოლომონმა: „იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში+ დამკვიდრდებოდა.
13 მე აგიშენე დიდებული ტაძარი, ადგილი, სადაც მარადიულად დაივანებ“.+
14 შემდეგ მეფე მიტრიალდა ხალხისკენ და დალოცა მთელი ისრაელი. ამ დროს ფეხზე იდგა მთელი ხალხი.+
15 მან თქვა: «დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელიც დაჰპირდა მამაჩემ დავითს და შეუსრულა კიდეც ნათქვამი:
16 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან ისრაელის ტომთა სამკვიდროებს შორის არ ამირჩევია ქალაქი ჩემთვის ტაძრის ასაშენებლად, სადაც ჩემს სახელს დავავანებდი,+ მაგრამ ამოვირჩიე დავითი ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად“.
17 გულით სურდა მამაჩემ დავითს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, სახელზე ტაძრის აშენება,+
18 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „გულით მოისურვე ჩემს სახელზე ტაძრის აშენება და კარგია, რომ ეს გულით მოისურვე,
19 მაგრამ შენ არ ააშენებ ტაძარს, შენი ვაჟი ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე“.+
20 შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირება, რომ მამაჩემის, დავითის, შემდეგ მე ავიდოდი ისრაელის ტახტზე, როგორც ეს იეჰოვამ თქვა. ტაძარიც ავაშენე იეჰოვას, ისრაელის ღვთის, სახელზე,+
21 და იქ დავდგი კიდობანი, რომელშიც იეჰოვას შეთანხმება დევს,+ ჩვენს მამა-პაპას ეგვიპტიდან გამოყვანისას რომ დაუდო».
22 შემდეგ დადგა სოლომონი იეჰოვას სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის წინაშე, ხელები ზეცად აღაპყრო+
23 და თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი+ არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას და ურყევია შენი სიყვარული*+ შენს მსახურთა მიმართ, რომლებიც მთელი გულით გემსახურებიან.+
24 შენ შეუსრულე შენს მსახურს, მამაჩემ დავითს, დანაპირები; დაჰპირდი და შეასრულე კიდეც დღეს.+
25 ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის, მიცემული დანაპირები: „ყოველთვის იმეფებს შენი შთამომავალი ისრაელზე, თუ შენი ვაჟები დაუკვირდებიან თავიანთ გზებს და შენსავით მემსახურებიან“.+
26 ისრაელის ღმერთო, გთხოვ, შესრულდეს შენი დანაპირები, რაც მამაჩემს, შენს მსახურ დავითს, აღუთქვი!
27 ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე?!+ აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა,+ და ჩემი აშენებული ტაძარი როგორღა დაგიტევს?!+
28 ისმინე შენი მსახურის ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვს, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას.
29 დღედაღამ თვალი გეჭიროს ამ ტაძარზე, ადგილზე, რომელზეც თქვი, რომ შენს სახელს დაავანებდი,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული.+
30 ისმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის, ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვენ ამ ადგილისკენ მობრუნებული და მოუსმინე შენი ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ მოუსმინე და აპატიე!+
31 თუ კაცს მოძმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაედება ბრალი და დააფიცებენ*, დაფიცებული კი მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ ტაძარში,+
32 მაშინ ისმინე ზეციდან, იმოქმედე და განსაჯე შენი მსახურები, დამნაშავედ გამოაცხადე ბოროტი და საკადრისი მიუზღე, მართალი კი უდანაშაულოდ ცანი და მისი სიმართლისამებრ გადაუხადე.+
33 თუ შენი ხალხი, ისრაელი, თავისი ცოდვების სიმრავლის გამო მტერთან დამარცხდება,+ მერე კი მობრუნდება, განადიდებს შენს სახელს,+ ილოცებს და წყალობას გთხოვს ამ ტაძარში,+
34 მოუსმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მიეცი.+
35 როცა მათი ცოდვების სიმრავლის გამო+ ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ მერე კი ამ ადგილისკენ მობრუნდებიან, ილოცებენ, განადიდებენ შენს სახელს და მეტად აღარ შეგცოდავენ, რადგან დაამდაბლე ისინი,+
36 მოუსმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ წაუძღვები მათ სწორ გზაზე,+ რომლითაც უნდა იარონ, და აწვიმე შენს მიწას,+ რომელიც სამკვიდროდ მიეცი შენს ხალხს.
37 თუ ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდება,+ ჭირი, ხორშაკი ან ჭრაქი გაჩნდება,+ გუნდ-გუნდად შეესევა მას კალია ან გაუმაძღარი კალიები ააოხრებენ, ანდა მტერი მოაქცევს ალყაში მათ ქალაქებს, რა უბედურება და სნეულებაც არ უნდა იყოს,+
38 თუკი ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი (ვინაიდან თითოეულმა უწყის თავისი გულისტკივილი),+ გამოიწვდის ხელს ამ ტაძრისკენ და ლოცვითა და სათხოვრით მოგმართავს წყალობის მისაღებად,+
39 მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ აპატიე+ და იმოქმედე; თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცნობ კარგად კაცის გულს),+
40 რათა ეშინოდეთ შენი, სანამ ცოცხლები არიან იმ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი.
41 თუ უცხოტომელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, მოვა შორეული ქვეყნიდან შენი სახელის გამო+
42 (რადგან გაიგებენ შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის შესახებ), მოვა და ილოცებს ამ ტაძრისკენ მობრუნებული,
43 მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ და შეუსრულე უცხოტომელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი და ისე ეშინოდეს შენი,+ როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს ტაძარი, რომელიც ავაშენე.
44 იეჰოვა, თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად, რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით მოგმართავს+ მობრუნებული ამ ქალაქისკენ, რომელიც შენ ამოირჩიე,+ და ტაძრისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
45 ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვენ, და სამართალი გაუჩინე მათ.
46 თუ ისინი შეგცოდავენ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი)+ და შენ განრისხდები მათზე, მტერს ჩაუგდებ ხელში და ტყვედ წაასხამენ მათ შორეულ თუ მეზობელ ქვეყნებში,+
47 ისინი კი გონს მოეგებიან ტყვეობაში,+ მობრუნდებიან,+ წყალობას გთხოვენ+ და იტყვიან, შევცოდეთ, დავაშავეთ და ბოროტება ჩავიდინეთო,+
48 თავიანთი მტრების მიწაზე ტყვეობაში მყოფნი მთელი სულითა და გულით მობრუნდებიან შენკენ,+ ილოცებენ იმ მიწისკენ პირშებრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, მომზირალნი შენ მიერ არჩეული ქალაქისკენ და ტაძრისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
49 ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ მათი ლოცვა და სათხოვარი, წყალობას რომ გთხოვენ, სამართალი გაუჩინე მათ
50 და აპატიე შენს ხალხს ცოდვები, ყველა დანაშაული აპატიე მათ. შეაბრალე ისინი მათ დამატყვევებლებს, და ისინიც შეიბრალებენ+
51 (ისინი ხომ შენი ხალხი და შენი საკუთრება არიან,+ რომლებიც ეგვიპტიდან,+ რკინის საწრთობი ღუმლიდან, გამოიყვანე).+
52 თვალი მიაპყარი შენს მსახურს და შენს ხალხს, ისრაელს, წყალობას რომ გთხოვენ,+ და მოუსმინე ყოველთვის, როცა შემოგღაღადებენ.+
53 უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ გამოარჩიე ისინი დედამიწის მკვიდრთაგან და შენს საკუთრებად აქციე,+ როგორც შენს მსახურ მოსეს უთხარი, როცა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამოგყავდა».
54 როცა დაამთავრა სოლომონმა იეჰოვასადმი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, წამოდგა იგი იეჰოვას სამსხვერპლოს წინ, სადაც მუხლმოყრილს ხელები ზეცად აღეპყრო,+
55 დადგა და ხმამაღლა დალოცა მთელი ისრაელი:
56 „დიდება იეჰოვას, რომელმაც დაასვენა თავისი ხალხი ისრაელი თავისი დაპირებისამებრ!+ არცერთი დანაპირები, რომელიც მან თავისი მსახურის, მოსეს პირით მისცა ისრაელს მის სასიკეთოდ, არ გამტყუნებულა.+
57 ჩვენთან იყოს იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო.+ ნუ მიგვატოვებს და ზურგს ნუ შეგვაქცევს.+
58 თავისკენ მიმართოს ჩვენი გულები,+ რომ ვიაროთ მისი გზებით, დავიცვათ მისი მცნებები, წესები და სამართალი, რომლის დაცვაც ჩვენს მამა-პაპას უბრძანა.
59 არასდროს დაავიწყდეს იეჰოვას, ჩვენს ღმერთ იეჰოვას, ჩემი ვედრება, წყალობა რომ ვთხოვე, და ყოველთვის გაუჩინოს სამართალი თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს,
60 რათა გაიგოს დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ხალხმა, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინაა მის გარდა.+
61 მთელი გულით იყავით იეჰოვასთან,+ თქვენს ღმერთთან, და დაიცავით მისი წესები და მცნებები, როგორც აკეთებთ კიდეც!“
62 მეფემაც და მთელმა ხალხმაც უამრავი შესაწირავი შესწირეს იეჰოვას.+
63 სოლომონმა იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად+ 22 000 მოზვერი და 120 000 ცხვარი შესწირა; ასე აღნიშნეს მეფემ და მთელმა ისრაელმა იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნა.+
64 იმ დღეს განწმინდა მეფემ შუა ეზო იეჰოვას ტაძრის წინ, რომ იქ შეეწირა დასაწვავი მსხვერპლი, მარცვლეული შესაწირავი და სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, რადგან ვეღარ იტევდა იეჰოვას წინაშე მდგარი სპილენძის სამსხვერპლო+ დასაწვავ მსხვერპლს, მარცვლეულ შესაწირავსა და სამშვიდობო მსხვერპლის ქონს.+
65 7 დღე და კიდევ 7 დღე, სულ 14 დღე, იდღესასწაულეს+ ჩვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად შეკრებილმა მთელმა ისრაელმა, დიდძალმა ხალხმა, ლებო-ხამათიდან ეგვიპტის ხევამდე+ მცხოვრებმა მთელმა ხალხმა.
66 მომდევნო* დღეს სოლომონმა შინ გაუშვა ხალხი; დალოცეს მათ მეფე და წავიდნენ თავ-თავიანთ სახლებში გახარებულები და გულმხიარულები იმ ყოველივე კარგის გამო,+ რაც იეჰოვამ გაუკეთა თავის მსახურ დავითსა და თავის ხალხს, ისრაელს.
სქოლიოები
^ იგულისხმება კარვობის დღესასწაული. იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „დაწყევლიან“. ეს იმას ნიშნავდა, რომ, თუკი ის ტყუილად დაიფიცებდა, წყევლა ეწეოდა.
^ სიტყვასიტყვით — „მერვე“; იგულისხმება მეორე შვიდდღიანი მონაკვეთის მომდევნო დღე.