სამუელი — წიგნი პირველი 25:1—44
25 მოკვდა სამუელი.+ მთელი ისრაელი შეიკრიბა მის დასატირებლად და დამარხეს ის რამაში თავის სახლთან.+ ადგა დავითი და წავიდა ფარანის უდაბნოში.
2 მაონში+ იყო ერთი კაცი, რომელსაც საქონელი ჰყავდა ქარმელში*;+ ძალიან მდიდარი კაცი იყო, 3 000 ცხვარი ჰყავდა და 1 000 თხა. ის ქარმელში იყო წასული ცხვრის გასაპარსად.
3 მას ნაბალი ერქვა,+ მის ცოლს — აბიგაილი.+ აბიგაილი გამჭრიახი და ლამაზი ქალი იყო, მისი ქმარი კი — უხეში და ავისმქნელი.+ ნაბალი ქალებ იეფუნეს ძის+ შთამომავალი იყო.
4 გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ნაბალი ცხვარს პარსავდა.
5 გაგზავნა დავითმა ათი ყმაწვილკაცი და დაავალა: «ჩემი სახელით მიდით ქარმელში ნაბალთან, მომიკითხეთ
6 და ასე უთხარით: „დღეგრძელი იყავი! მშვიდობა შენ, მშვიდობა მთელ შენს სახლეულობას და მთელ შენს საბადებელს!
7 გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. როცა შენი მწყემსები ჩვენთან იყვნენ, არაფერი დაგვიშავებია მათთვის,+ არც არაფერი დაჰკარგვიათ მათ ქარმელში ყოფნისას.
8 გამოჰკითხე შენს კაცებს და გეტყვიან. იქნებ მოწყალე თვალით შეხედო ჩემს ხალხს, რადგან მხიარულების დროს მოვედით. ერთს გთხოვ: მიეცი შენს მსახურებსა და შენს შვილს, დავითს, რისი მიცემაც შეგიძლია“».+
9 მივიდნენ დავითის კაცები ნაბალთან დავითის სახელით და ყველაფერი მოახსენეს. საუბარს რომ მორჩნენ,
10 ნაბალმა დავითის მსახურებს უთხრა: „ვინ არის დავითი?! ვინ არის იესეს ვაჟი?! მომრავლებულან ბატონებისგან გაქცეული მსახურები.+
11 უნდა ავიღო ჩემი პური, წყალი და მპარსველებისთვის გამზადებული ხორცი და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?!“
12 უკან დაბრუნდნენ დავითის კაცები და ყველაფერი მოახსენეს დავითს.
13 მაშინვე უთხრა დავითმა თავის ხალხს: „მახვილები შემოირტყით!“+ მათაც შემოირტყეს მახვილები, მახვილი შემოირტყა დავითმაც; გაჰყვა დავითს დაახლოებით 400 კაცი, 200 კაცი კი ბარგთან დარჩა.
14 ერთმა მსახურმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს, ამბავი მიუტანა: „დავითმა უდაბნოდან მაცნეები გამოგზავნა და ჩვენს ბატონს სიკეთე უსურვა, მან კი უყვირა მათ და გამოლანძღა.+
15 ძალიან კარგად გვექცეოდა ის ხალხი, ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ და არაფერი დაგვკარგვია, სანამ მათ გვერდით ვიყავით მინდორში.+
16 დღედაღამ კედელივით იყვნენ ჩვენ ირგვლივ აღმართული მთელი ის დრო, როცა მათ სიახლოვეს ვმწყემსავდით ცხვარს.
17 ახლა თავად განსაჯე, როგორ მოიქცე, რადგან უბედურება არ ასცდება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულობას;+ თვითონ ისეთი უვარგისი კაცია,+ რომ მასთან ლაპარაკი შეუძლებელია“.
18 არ დააყოვნა აბიგაილმა,+ აიღო 200 პური, 2 დიდი დოქი ღვინო, 5 დაკლული ცხვარი, 5 სეა* მოხალული მარცვლეული და 100 ქიშმიშისა და 200 ლეღვის კვერი*, და ვირებს აჰკიდა.+
19 შემდეგ თავის მსახურებს უთხრა: „წინ წამიძეხით, მე უკან გამოგყვებით“, თავისი ქმრისთვის, ნაბალისთვის, კი არაფერი უთქვამს.
20 ვირზე მჯდომი აბიგაილი თავქვე მიდიოდა, დავითი და მისი ხალხიც მისკენ ეშვებოდნენ, მაგრამ მთა ეფარებოდათ და ვერ ხედავდნენ მას. გზად ერთმანეთს შეხვდნენ.
21 დავითი ამბობდა: „სულ ტყუილად ვიცავდი ამ კაცის ავლადიდებას უდაბნოში. არაფერი დაჰკარგვია,+ ის კი სიკეთეს ბოროტებით მიხდის.+
22 ღმერთი გაუსწორდეს დავითის მტრებს*, თუ დილამდე ერთი კაცი* მაინც დავუტოვო ნაბალს ცოცხალი!“
23 დავითის დანახვისთანავე აბიგაილი ჩამოხტა ვირიდან და პირქვე დაემხო მის წინაშე,
24 ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემო ბატონო, მე მომკითხე პასუხი მომხდარის გამო! ალაპარაკე შენი მხევალი და მოუსმინე შენს მხევალს.
25 ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უვარგის კაცს, ნაბალს,+ რადგან, რაც სახელი აქვს, თვითონაც ის არის, ნაბალი* ჰქვია და უგუნურია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ხალხი.
26 ჩემო ბატონო, ცოცხალ ღმერთ იეჰოვასა და შენს თავს ვფიცავ, რომ იეჰოვამ შეგაკავა+ სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ თავად გეძია შური! ნაბალს დაემსგავსონ ჩემი ბატონის მტრები და მისთვის ავის მსურველნი!
27 ეს ძღვენი,+ შენმა მხევალმა რომ მიართვა ჩემს ბატონს, ჩემი ბატონის მხლებლებისთვისაა.+
28 გთხოვ, აპატიე ცოდვა შენს მხევალს! იეჰოვა აუშენებს ჩემს ბატონს მტკიცე სახლს*,+ რადგან იეჰოვას ომებს ეწევა ჩემი ბატონი+ და მთელი თავისი სიცოცხლე ცუდი არაფერი გაუკეთებია.+
29 როცა ვინმე დაგედევნება მოსაკლავად, იეჰოვა, შენი ღმერთი, სიცოცხლის ქისაში შეინახავს ჩემი ბატონის სიცოცხლეს, შენი მტრების სიცოცხლეს კი ქვასავით მოისვრის შურდულით.
30 როცა შეუსრულებს იეჰოვა ჩემს ბატონს იმ ყოველივეს, რასაც დაჰპირდა და ისრაელის წინამძღოლად დანიშნავს,+
31 გული მსჯავრს არ დასდებს ჩემს ბატონს უმიზეზოდ დაღვრილი სისხლისა და იმის გამო, რომ თავად იძია შური.+ როცა იეჰოვა სიკეთეს უზამს ჩემს ბატონს, გაიხსენე შენი მხევალი“.
32 დავითმა აბიგაილს მიუგო: „დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც დღეს ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა!
33 დაილოცოს შენი გონიერება! დალოცვილი იყავი, რომ შემაკავე სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ თავად მეძია შური!
34 ისრაელის ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, რომელმაც შემაკავა და ცუდი არაფერი გამაკეთებინა შენთვის,+ დროულად რომ არ შემხვედროდი,+ დილამდე ნაბალს ერთი კაციც არ დარჩებოდა ცოცხალი“.+
35 გამოართვა დავითმა აბიგაილს მისთვის მირთმეული, და უთხრა: „მშვიდობით წადი სახლში! აი, მოგისმინე და შეგისრულებ სათხოვარს!“
36 მივიდა აბიგაილი ნაბალთან, რომელსაც მეფური ნადიმი გაემართა სახლში; გამხიარულებულიყო ნაბალი, თან გვარიანად გამომთვრალიყო. აბიგაილს დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის.
37 დილით, როცა ნაბალი გამოფხიზლდა, ცოლი ყველაფერს მოუყვა. მკვდარს დაემსგავსა* ნაბალი; ქვასავით გაუნძრევლად იწვა.
38 ათიოდე დღის შემდეგ იეჰოვამ სიცოცხლე მოუსწრაფა ნაბალს. ასე მოკვდა იგი.
39 როცა დავითმა ნაბალის სიკვდილის ამბავი შეიტყო, თქვა: „დიდება იეჰოვას, რომელიც გამომესარჩლა+ ნაბალისგან შეურაცხყოფილს+ და შეაკავა თავისი მსახური, რომ ცუდი არაფერი გაეკეთებინა;+ ნაბალს კი იეჰოვამ საკადრისი მიუზღო ბოროტების გამო!“ მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა.
40 მივიდნენ დავითის მსახურები აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რადგან შენი ცოლად შერთვა სურს“.
41 აბიგაილი მაშინვე წამოდგა, პირქვე დაემხო და უთხრა: „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, ჩემი ბატონის მსახურებს ფეხები რომ დაჰბანოს“.+
42 არ დააყოვნა აბიგაილმა,+ შეჯდა ვირზე და თავის ხუთ მოახლესთან ერთად გაჰყვა დავითის მაცნეებს. ასე გახდა ის დავითის ცოლი.
43 დავითს უკვე ჰყავდა ცოლად იზრეელელი+ ახინოამი;+ ორივენი მისი ცოლები იყვნენ.+
44 საულმა თავისი ასული მიქალი,+ დავითის ცოლი, ფალტის+ მიათხოვა, გალიმელი ლაიშის ვაჟს.
სქოლიოები
^ ქალაქი იუდაში და არა ქარმელის მთა.
^ სეა იყო იმდენი, რამდენიც 7,33–ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
^ იგულისხმება დაპრესილი და გამომშრალი ლეღვი და ქიშმიში.
^ ან შესაძლოა: „დავითს“.
^ სიტყვასიტყვით — „კედელთან მშარდავი“. მამაკაცის აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი ებრაული იდიომი.
^ ნიშნავს „უგუნურს“.
^ იგულისხმება სამეფო შტო.
^ სიტყვასიტყვით — „გული ჩაუკვდა“.