მეფეები — წიგნი მეორე 9:1—37
9 ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ძეთაგან ერთ-ერთს და უთხრა: «კალთები აიკეცე, აიღე დოქით ზეთი და წადი გალაადის რამოთში.+
2 იქ რომ მიხვალ, ნიმშის ვაჟის, იეჰოშაფატის, ვაჟი იეჰუ+ მოძებნე; მიდი, გამოიხმე იგი თავისი მოძმეებისგან და შიდა ოთახში შეიყვანე.
3 აიღე დოქით ზეთი, თავზე დაასხი და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მე გცხებ ისრაელის მეფედ!“+ მერე გააღე კარი და გაიქეცი, არ გაჩერდე!»
4 გაემართა წინასწარმეტყველის მსახური გალაადის რამოთისკენ.
5 იქ მისულმა ერთად მსხდომი ჯარის მეთაურები ნახა და თქვა: „მეთაურო, შენთვის სიტყვა მაქვს სათქმელი!“ იეჰუმ ჰკითხა: „ვისთვის?“ მან მიუგო: „შენთვის, მეთაურო!“
6 იეჰუ ადგა და სახლში შევიდა. წინასწარმეტყველის მსახურმა მას თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხებ იეჰოვას ხალხის, ისრაელის, მეფედ.+
7 უნდა გაანადგურო შენი ბატონის, ახაბის, სახლეულობა. შური უნდა ვიძიო იზებელზე ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა და იეჰოვას ყველა მსახურის სისხლის გამო.+
8 ამოწყდება ახაბის მთელი სახლეულობა. ამოვუწყვეტ ახაბს ყველა მამაკაცს*, უმწეოსაც და უსუსურსაც ისრაელში.+
9 ახაბის სახლეულობას ნებატის ვაჟის, იერობოამის,+ სახლეულობასა და ახიას ვაჟის, ბააშას,+ სახლეულობას დავამსგავსებ.
10 ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეელის მიწაზე+ და დამმარხავი არავინ ეყოლება!“» უთხრა ეს, გააღო კარი და გავარდა.+
11 მივიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; მათ ჰკითხეს: „ხომ მშვიდობაა? რა უნდოდა მაგ შეშლილს?“ მან მიუგო: „კარგად იცნობთ მაგ კაცს და ისიც იცით, როგორი ლაპარაკი იცის“.
12 მათ უთხრეს: „ტყუილს ამბობ! გვითხარი, რა გითხრა!“ მან მიუგო: „აი, რა მითხრა, ასე ამბობს იეჰოვა, შენ გცხებო ისრაელის მეფედ“.+
13 ამის თქმა იყო და ხელი დაავლეს მოსასხამებს, საფეხურებზე დაუფინეს,+ საყვირს ჩაჰბერეს და დაიძახეს: „იეჰუ გამეფდა!“+
14 აუჯანყდა იეჰუ,+ ნიმშის ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი, იეჰორამს.
იეჰორამი გალაადის რამოთში+ იყო ისრაელის ლაშქართან ერთად, სირიის მეფე ხაზაელისგან+ რომ დაეცვათ თავი.
15 დაბრუნდა მეფე იეჰორამი იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა.+
იეჰუმ თქვა: „თუ თანახმანი ხართ, არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეელში ამბის ჩასატანად“.
16 თავის ეტლში ჩაჯდა იეჰუ და იზრეელში წავიდა, რადგან იქ იყო დაჭრილი იეჰორამი. იუდას მეფე ახაზია იეჰორამის სანახავად იყო ჩასული.
17 იზრეელში გუშაგი იდგა კოშკზე; მან დაინახა დიდძალ ხალხთან ერთად მომავალი იეჰუ და შესძახა: „დიდძალ ხალხს ვხედავ!“ იეჰორამმა უთხრა: „მხედარი გაგზავნე, რომ შეეგებოს და ჰკითხოს, ხომ სამშვიდობოდ ხართო მოსული“.
18 წავიდა მხედარი, შეეგება მათ და უთხრა: „მეფემ შემოგითვალათ, ხომ სამშვიდობოდ ხართო მოსული“. იეჰუმ მიუგო: „არაა ეგ შენი საქმე, უკან მომყევი!“
გუშაგმა მეფეს შეატყობინა, მივიდა მაცნე მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულაო.
19 მეორე მხედარიც გაგზავნა, ისიც მივიდა მათთან და უთხრა: „მეფემ შემოგითვალათ, ხომ სამშვიდობოდ ხართო მოსული“. იეჰუმ მასაც მიუგო: „არაა ეგ შენი საქმე, უკან მომყევი!“
20 გუშაგმა კვლავ შეატყობინა მეფეს: „მივიდა იგი მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ნიმშის შვილიშვილის, იეჰუს, ჭენებას ჰგავს, გიჟივით მოაჭენებს“.
21 იეჰორამმა ბრძანა: „ეტლი მომიმზადეთ!“ მოუმზადეს საომარი ეტლი; თავ-თავიანთი ეტლებით გავიდნენ ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია+ იეჰუსთან შესახვედრად. ისინი მას იზრეელელი ნაბოთის მიწის ნაკვეთთან+ შეხვდნენ.
22 როგორც კი დაინახა იეჰორამმა იეჰუ, ჰკითხა: „ხომ სამშვიდობოდ ხარ მოსული, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობაზე მელაპარაკები, გარყვნილი და ჯადოქარი+ დედაშენის, იზებელის ხელში?!“+
23 მოატრიალა იეჰორამმა ეტლი გასაქცევად და ახაზიას უთხრა: „ღალატია, ახაზია!“
24 მოზიდა იეჰუმ მშვილდი, ზურგში ესროლა იეჰორამს, ისარმა გულში გაუარა მას და თავის საომარ ეტლში ჩაიკეცა.
25 უთხრა იეჰუმ ბიდკარს, თავის მხლებელს: «აიღე მისი გვამი და იზრეელელი ნაბოთის მინდორში გადააგდე!+ გახსოვს, მე და შენ მამამისს, ახაბს, მივყვებოდით ეტლებით, იეჰოვამ ასეთი განაჩენი რომ გამოუტანა მას:+
26 „სადაც გუშინ ნაბოთისა და მისი ვაჟების სისხლი+ ვიხილე, — თქვა იეჰოვამ, — სწორედ იმ მიწაზე მოგიზღავ სამაგიეროს“,+ — ამბობს იეჰოვა. ჰოდა, შენც აიღე და იეჰოვას სიტყვისამებრ იქ გადააგდე მისი გვამი!»+
27 ამის დანახვაზე იუდას მეფე ახაზია+ დიდ ბაღში შევარდა და გაიქცა (მოგვიანებით იეჰუ მასაც დაედევნა და თქვა: „ეგეც მოკალით!“ დაჭრეს იგი მისსავე ეტლში, გურის გზაზე, იბლეამთან;+ თუმცა მან მაინც მიაღწია მეგიდომდე, სადაც მოკვდა.
28 მისმა მსახურებმა ის ეტლით იერუსალიმში წაასვენეს და დავითის ქალაქში, თავის სამარხში დამარხეს, თავისი მამა-პაპის გვერდით.+
29 ახაბის ვაჟის, იეჰორამის მეფობის მე-11 წელს გამეფდა ახაზია+ იუდაზე).
30 შეიტყო იზებელმა,+ რომ იეჰუ იზრეელში+ იყო. თვალები შავად შეიღება, თავი გაილამაზა და სარკმლიდან გადმოიხედა.
31 შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, იზებელმა გადმოსძახა: „მოემართა ხელი ზიმრის, თავისი ბატონის მკვლელს?!“+
32 ახედა იეჰუმ სარკმელს და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეს?“+ ამის გაგონებაზე ორმა-სამმა კარისკაცმა გადმოხედა.
33 მან შესძახა: „გადმოაგდეთ ეგ ქალი!“ მათაც გადმოაგდეს და მისი სისხლი კედელსა და ცხენებს შეესხა, იეჰუმ კი გადათელა იგი.
34 შემდეგ შევიდა, ჭამა, სვა და თქვა: „მიხედეთ მაგ წყეულს, დამარხეთ, რაც არ უნდა იყოს, მეფის ასულია!“+
35 გავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვეღარაფერი იპოვეს თავის ქალის, ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების გარდა.+
36 როცა მივიდნენ და მოახსენეს, მან თქვა: «აი, შესრულდა იეჰოვას სიტყვა,+ თავისი მსახურის, თიშბელი ელიას პირით ნათქვამი: „ძაღლები შეჭამენ იზებელის ხორცს იზრეელის მიწაზე.+
37 ნეხვივით ეგდება იზებელის გვამი მინდორში იზრეელის მიწაზე და ვეღარავინ იტყვის, ეს იზებელიაო!“»
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „კედელთან მშარდავს“. მამაკაცის აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი ებრაული იდიომი.