არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად გაქრა პატივისცემა სხვების მიმართ?

სად გაქრა პატივისცემა სხვების მიმართ?

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲔᲞᲧᲠᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲗ?

სადაც პატივისცემაა, იქ სიტუაცია ადვილად განიმუხტება.

  • ბიბლიაში ნათქვამია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვები რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1). უპატივცემულო საქციელი ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს.

  • იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34). უპატივცემულო საუბრის მიღმა ხშირად უფრო სერიოზული პრობლემა დგას. თუ ვინმე ასე ლაპარაკობს, შეიძლება ეს იმის ნიშანი იყოს, რომ უარყოფითად არის განწყობილი სხვა ეროვნების, რასის ან სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ.

    28 ქვეყანაში 32 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მათგან 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხალხს ისეთი უპატივცემულო დამოკიდებულება არასდროს ჰქონია ერთმანეთის მიმართ, როგორიც დღეს აქვს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲮᲐᲢᲝᲗ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ

ყველას პატივისცემით მოეპყარით იმ შემთხვევაშიც, თუ არ იზიარებთ მათ შეხედულებებს. ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რაშიც ეთანხმებით. ეს დაგეხმარებათ, ნაკლებად კრიტიკულები იყოთ მათ მიმართ.

„ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ“ (მათე 7:1).

სხვებს ისე მოეპყარით, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდით. თუ სხვებს კეთილად და სამართლიანად მოექცევით, დიდი ალბათობით, ისინიც ასე მოგექცევიან.

„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).

აპატიეთ. ავტომატურად ნუ დაასკვნით, რომ სხვებს შეგნებულად უნდოდათ თქვენი წყენინება.

„გამჭრიახობა რისხვას აცხობს; დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ ᲞᲐᲢᲘᲕᲡ ᲕᲪᲔᲛᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ

სამსახურში თუ სამეზობლოში იეჰოვას მოწმეები ყველას პატივისცემით ვექცევით.

ბიბლიურ რჩევებს ყველას ვუზიარებთ, მაგრამ არ ვცდილობთ, რომ ვინმეს ეს რჩევები თავს მოვახვიოთ. უფრო მეტიც, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპი და ყველას რბილად და პატივისცემით მოვეპყროთ (1 პეტრე 3:15; 2 ტიმოთე 2:24).

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ყველას მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილი და ყველანაირ ადამიანს ვეპატიჟებით ჩვენს შეხვედრებზე, ვისაც სურს, რომ მეტი გაიგოს ბიბლიის შესახებ (1 პეტრე 2:17).

პატივს ვცემთ და ვემორჩილებით ხელისუფლების წარმომადგენლებს (რომაელები 13:1). ვიცავთ კანონებს, ვიხდით გადასახადებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას. მართალია, პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებთ, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემთ სხვების უფლებებს და გვესმის, რომ ყველა თავად აკეთებს არჩევანს.