6. ზნეობრივი ფასეულობები
რა არის ზნეობრივი ფასეულობები?
ვისაც მაღალზნეობრივი ფასეულობები აქვს, კარგად იცის, როგორ გაარჩიოს სწორი არასწორისგან. მისი ფასეულობები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა განწყობა აქვს. პირიქით, მას კარგად აქვს გათავისებული ზნეობრივი ნორმები და მათით ხელმძღვანელობს მაშინაც, როცა ვერავინ ხედავს.
რატომ უნდა გააჩნდეს ბავშვს ზნეობრივი ფასეულობები?
დღეს ბავშვები ზნეობრივ ფასეულობებთან დაკავშირებით არაერთ დამახინჯებულ ინფორმაციას იღებენ თანასკოლელებისგან, მუსიკის მოსმენის დროს ან ფილმებისა თუ სატელევიზიო გადაცემების ყურების დროს. ეს ცოტა არ იყოს დამაბნეველია ბავშვისთვის, რადგან ვეღარ იგებს, სინამდვილეში რა არის სწორი და რა არასწორი.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდობის წლებში იჩენს თავს. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, მოზარდებს „უნდა ესმოდეთ, რომ თანატოლებიც და მასმედიაც დიდ გავლენას ახდენენ მათზე და ისეთი ქცევისკენ უბიძგებენ, რომ სხვების თვალში აღიარებულნი იყვნენ. მოზარდებმა უნდა ისწავლონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათ ზნეობრივ ფასეულობებს მაშინაც კი, თუ ამით თანატოლებს ვერ აამებენ“ (Beyond the Big Talk). როგორც ვხედავთ, მშობლებმა შვილებს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკამდე უნდა ჩაუნერგონ ზნეობრივი ფასეულობები.
როგორ ჩავუნერგოთ შვილს ზნეობრივი ფასეულობები?
ასწავლეთ სწორის არასწორისგან გარჩევა.
ბიბლიური პრინციპი: მოწიფული ადამიანები „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).
-
დაანახვეთ, რა არის სწორი და რა არასწორი. ისარგებლეთ ყოველდღიური სიტუაციებით და დაანახვეთ, რა არის პატიოსნება და რა — უპატიოსნობა; რა არის ერთგულება და რა — ორგულობა; რა არის სიკეთე და რა — ბოროტება. დროთა განმავლობაში თქვენი შვილი გაითავისებს, როგორი საქციელია სწორი და როგორი — არასწორი.
-
აუხსენით, რატომ არის ესა თუ ის საქციელი სწორი ან არასწორი. მაგალითად, ჰკითხეთ: „რატომაა უმჯობესი, პატიოსნად მოიქცე? თუ მეგობრებს მოატყუებ, როგორ აისახება ეს თქვენს ურთიერთობაზე? რატომ არის ცუდი ქურდობა?“. დაეხმარეთ შვილს, თავად შეძლოს საკუთარი საქციელის ავკარგიანობის შეფასება.
-
დაანახვეთ, რატომ არის კარგი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. შეგიძლიათ უთხრათ: „თუ პატიოსანი იქნები, სხვების ნდობას დაიმსახურებ“ ან „თუ სხვებს სიკეთეს გაუკეთებ, შენთან ურთიერთობა მოუნდებათ“.
დარწმუნდით, რომ მთელი ოჯახი მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობთ.
ბიბლიური პრინციპი: „შეამოწმეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5).
-
მთელ ოჯახს ერთნაირი ზნეობრივი ფასეულობები უნდა გაგაჩნდეთ, რათა თამამად თქვათ:
-
„ჩვენს ოჯახში არ იტყუებიან“.
-
„ჩვენ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ერთმანეთს და არც ვუყვირით“.
-
„სალანძღავი სიტყვებით არ მივმართავთ ერთმანეთს“.
-
თქვენი შვილი დაინახავს, რომ ეს უბრალოდ ფორმალური წესები კი არა, ზნეობრივი ფასეულობებია, რომელთა თანახმადაც მთელი ოჯახი ცხოვრობთ.
-
ხშირად ესაუბრეთ შვილებს თქვენი ოჯახის ფასეულობებზე. ისარგებლეთ ყოველდღიური სიტუაციებით, რათა ბავშვს ასწავლოთ. დაანახვეთ, როგორ განსხვავდება თქვენი ფასეულობები მათი ფასეულობებისგან, ვისაც სკოლაში ხვდებიან ან ტელევიზორში ხედავენ. ჰკითხეთ შვილს: „შენ როგორ მოიქცეოდი მათ ადგილას? როგორ გაართმევდა თავს ჩვენი ოჯახი მსგავს სიტუაციას?“.
გაუძლიერეთ სწორის კეთების სურვილი.
ბიბლიური პრინციპი: „სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16).
-
შეაქეთ კარგი საქციელისთვის. როცა თქვენი შვილი კარგად იქცევა, შეაქეთ და აუხსენით, რატომ იყო მისი საქციელი მოსაწონი. შეგიძლიათ უთხრათ: „ყოჩაღ, რომ გულახდილი იყავი. ვამაყობ შენით!“. თუ ბავშვი აღიარებს, რომ რაღაც დააშავა, ჯერ გულწრფელად შეაქეთ და შემდეგ მიეცით შენიშვნა.
-
დაეხმარეთ გამოსწორებაში. დაანახვეთ ბავშვს, რომ თავად უნდა იწვნიოს არასწორი საქციელის შედეგები. მან უნდა იცოდეს, რა იყო მის საქციელში არასწორი და როგორ დაარღვია ოჯახში დადგენილი ნორმები. ზოგი მშობელი თავს იკავებს შენიშვნის მიცემისგან, რადგან არ უნდა, ბავშვს გული გაუტყდეს. მაგრამ, თუ ბავშვს აუხსნით, რატომ იყო მისი საქციელი არასწორი, დაეხმარებით, გაწაფოს საკუთარი სინდისი და მომავალში სწორი არასწორისგან გაარჩიოს.