არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერვიუ | რაჯეშ კალარია

ნეირომეცნიერი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ნეირომეცნიერი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ნიუკასლის უნივერსიტეტის (ინგლისი) პროფესორი რაჯეშ კალარია 40 წელზე მეტია, რაც ადამიანის ტვინს იკვლევს. მას ერთ დროს ევოლუციის სწამდა, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა თვალსაზრისი. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ რაჯეშ კალარიას რამდენიმე კითხვა დაუსვა მისი საქმიანობისა და რელიგიური შეხედულებების შესახებ.

რომელ რელიგიას მიეკუთვნებოდნენ თქვენი მშობლები?

მამაჩემი ინდოეთში დაიბადა, დედაჩემი კი — უგანდაში, თუმცა წარმოშობით ისიც ინდოელია. ჩემი მშობლები ინდუსები იყვნენ და მკაცრად იცავდნენ ინდუსთა ტრადიციებს. სამი დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი. კენიის დედაქალაქ ნაირობიში ვცხოვრობდით, სადაც ბევრი ინდუსი სახლობდა.

რატომ დაინტერესდით მეცნიერებით?

მიყვარს ცხოველები, ამიტომ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი სალაშქროდ და ვაკვირდებოდი ველურ ბუნებას, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებდა ჩემზე. თავიდან ვეტერინარობა მინდოდა, მაგრამ ნაირობიში ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ინგლისში გადავედი და ლონდონის უნივერსიტეტში პათოლოგიური ანატომიის შესწავლა დავიწყე. მოგვიანებით ჩემი კვლევის ძირითადი საგანი თავის ტვინი გახდა.

მოახდინა ნასწავლმა გავლენა თქვენს რელიგიურ შეხედულებებზე?

დიახ. რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მეცნიერულ ფაქტებს, მით უფრო დაუჯერებელი მეჩვენებოდა ინდუსთა მითოლოგია და მათი ტრადიციები, მაგალითად ცხოველების და გამოსახულებების თაყვანისცემა.

რატომ ირწმუნეთ ევოლუციის თეორია?

მოზარდი რომ ვიყავი, ჩემ გარშემო ბევრს სჯეროდა, რომ ადამიანის ევოლუციის პროცესი აფრიკაში დაიწყო. ამ საკითხზე სკოლაში ხშირად ვსაუბრობდით. გარდა ამისა, მასწავლებლები და უნივერსიტეტის პროფესორები ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნიდნენ, რომ თითქოს ყველა ცნობილ და მოაზროვნე მეცნიერს ევოლუციის სწამდა.

რატომ დააყენეთ ეჭვქვეშ ევოლუციის გზით სიცოცხლის წარმოშობის იდეა?

რამდენიმე წელი ბიოლოგიასა და ანატომიას ვსწავლობდი. ერთხელ თანაკურსელმა გამიზიარა ის აზრები, რასაც ბიბლიის შესახებ იეჰოვას მოწმეებისგან სწავლობდა. ამან ცნობისმოყვარეობა აღმიძრა და იეჰოვას მოწმეების კონგრესს დავესწარი, რომელიც ნაირობიში, ჩვენი უნივერსიტეტის დარბაზში, გაიმართა. მოგვიანებით ორმა მისიონერმა ზოგ ბიბლიურ სწავლებაში გამარკვია; მათ ამიხსნეს, რომ არსებობს შემოქმედი, რომელიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე გვცემს პასუხს. მათი შეხედულებები ინდუსთა მითოლოგიისგან განსხვავებით საკმაოდ ლოგიკური მეჩვენა.

მიღებულმა განათლებამ ხელი ხომ არ შეგიშალათ, შემოქმედის არსებობა დაგეჯერებინათ?

არა, პირიქით. ანატომიის შესწავლის დროს დავინახე, თუ რაოდენ უნიკალური და რთული აგებულებისაა ცოცხალი ორგანიზმები. მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, სიცოცხლის ასეთი რთული ფორმები უმართავი პროცესების შედეგად გაჩენილიყო.

შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?

1970-იანი წლების დასაწყისიდან თავის ტვინს შევისწავლი, რომელიც დღემდე გაოცებას იწვევს ჩემში. ტვინი არის ნერვული სისტემისა და ორგანიზმის მაკონტროლებელი ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის აზროვნებასა და მეხსიერებაზე. ტვინი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით გამუდმებით იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც გარემოსა და ორგანიზმში ხდება; შემდგომ კი მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და გარდაქმნის შედეგად ადამიანს სხვადასხვა შეგრძნება ეუფლება.

ტვინში მიმდინარე ამ პროცესებს, დიდწილად, განაპირობებს მისი ქიმიური შემადგენლობა და რთული აგებულების ნეირონული ქსელი. თავის ტვინი, უმთავრესად, სწორედ ნერვული უჯრედებისგან შედგება, რომელთა რაოდენობაც მილიარდებს აღწევს. ამ უჯრედებს ერთმანეთთან აკავშირებს გრძელი ნერვული ბოჭკოები, რომლებსაც აქსონები ეწოდება. თითოეული ნეირონი სხვა ნეირონებთან ათასობით კავშირს წარმოქმნის დატოტვილი ნერვული ბოჭკოების, დენდრიტების საშუალებით. მთლიანობაში ტვინში აურაცხელი კავშირი იქმნება! მეტიც, ეს ნეირონული ბოჭკოები, აქსონები და დენდრიტები, რომლებიც სადენებს ჰგვანან, ქაოსურად კი არა, საოცარი სიზუსტით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

შეგიძლიათ განგვიმარტოთ?

ნეირონული კავშირები ყველაზე ზუსტად და თანმიმდევრულად პრენატალურ, ანუ ბავშვის მუცლად ყოფნის და პოსტნატალურ, ანუ მისი დაბადების შემდგომი პერიოდის განმავლობაში იქმნება. ნერვული უჯრედები ბოჭკოვანი ქსოვილების მეშვეობით უკავშირდებიან სხვა ნეირონებს, რომლებიც შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრითაც კი იყოს მათგან დაშორებული, რაც პაწაწინა ნერვული ბოჭკოებისთვის საკმაოდ დიდი მანძილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნერვული ბოჭკოების სამიზნე შეიძლება არა მხოლოდ კონკრეტული უჯრედი, არამედ ამ უჯრედის გარკვეული ნაწილიც კი იყოს.

უჯრედიდან გამომავალი ნერვული ბოჭკოების მიმართულებას განაპირობებს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ერთგვარი საგზაო ნიშნების როლს ასრულებს. ისინი, ასე ვთქვათ, კარნახობენ ნერვულ ბოჭკოს, როდის გაჩერდეს, გააგრძელოს სვლა ან შეცვალოს მიმართულება. რომ არა ასეთი ზუსტი ინფორმაცია, რომელიც თავიდანვე დნმ-შია ჩაწერილი, ნერვული ბოჭკოები ვერ მიაღწევდნენ სამიზნემდე და ეს პროცესიც ასეთი საოცარი სიზუსტით ვერ წარიმართებოდა.

ჩვენთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება და ფუნქციონირებს ტვინი, როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას, როგორ წარმოშობს ემოციებსა და ფიქრებს. პირადად ჩემთვის მხოლოდ ის ფაქტი, რომ ასეთი უნიკალური ორგანო გვაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ მასში მიმდინარე ურთულეს პროცესებზე, საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებობს უმაღლესი ინტელექტის მქონე შემოქმედი.

რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?

მოწმეებმა არაერთი სარწმუნო მტკიცებულება მომიყვანეს, რამაც დამარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მართალია, ეს წიგნი არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო, მაგრამ, როცა ის მეცნიერულ საკითხებს ეხება, უშეცდომოა. მასში აგრეთვე ჩაწერილია უტყუარი წინასწარმეტყველებები. მეტიც, ვინც კითხულობს ამ წიგნს და ითვალისწინებს მის რჩევებს, გაცილებით აზრიანად ცხოვრობს. ჩემი ცხოვრება სწორედ ამის დასტურია. 1973 წელს იეჰოვას მოწმეთა რიგებს შევუერთდი. მას შემდეგ ბიბლია ჩემთვის სამაგიდო წიგნი გახდა. ზუსტად ამ წიგნის დამსახურებაა, რომ ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა!