არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ცდუნება

ცდუნება

დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა, სინდისის ქენჯნა — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება ხშირად ცდუნების აყოლას. როგორ ავარიდოთ თავი ამ მახეს?

რა არის ცდუნება?

ადამიანი ცდუნების წინაშე შეიძლება მაშინ დადგეს, როცა რაღაც განსაკუთრებით იზიდავს. დავუშვათ, საყიდლებზე სიარულის დროს ვინმემ სასურველი ნივთი დაინახა; ამ დროს შესაძლოა მას იმდენად მოუნდეს ეს ნივთი, რომ მისი მოპარვის სურვილი გაუჩნდეს, თუმცა შეიძლება გონს მოეგოს, რადგან სინდისმა არ დართოს ამის ნება. შედეგად, ის თავიდან მოიცილებს უარყოფით აზრს და არ აჰყვება ცდუნებას.

რას ამბობს ბიბლია:

 

თუ გრძნობთ, რომ არასწორმა სურვილმა შეგიპყროთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველანი ვდგებით ცდუნების წინაშე (1 კორინთელები 10:13). სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვიქცევით, როცა ცდუნების წინაშე ვართ. ზოგი აგრძელებს ფიქრს და ადრე თუ გვიან აჰყვება ხოლმე ცდუნებას. ზოგი კი უმალვე იშორებს თავიდან არასწორ ფიქრებს.

„თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14).

რატომ არის გონივრული დაუყოვნებლივ მოქმედება?

ბიბლია გვიხსნის, რამ შეიძლება მიგვიყვანოს არასწორ საქციელამდე. იაკობის 1:15-ში ვკითხულობთ: „[არასწორი] სურვილი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. მარტივად რომ ვთქვათ, როცა არასწორი სურვილი გვიჩნდება და გამუდმებით ვფიქრობთ მასზე, სავალალო შედეგი ისეთივე გარდაუვალია, როგორც ორსული ქალის შემთხვევაში მშობიარობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია არ დავემონოთ არასწორ სურვილებს და ვიბატონოთ მათზე.

როგორ გვეხმარება ბიბლია:

 

სინამდვილეში ჩვენზეა დამოკიდებული, გასაქანს მივცემთ არასწორ სურვილებს თუ თავიდან მოვიშორებთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ, მაგალითად დავკავდებით რაღაც საქმით, მეგობარს გავუზიარებთ გულისნადებს ან ვიფიქრებთ ისეთ რამეზე, რაც კარგის კეთებისკენ გვიბიძგებს (ფილიპელები 4:8). ამ დროს შედეგებზე ფიქრიც დაგვეხმარება — თუ ცდუნებას ავყვებით, ამან შეიძლება ემოციური, ფიზიკური და სულიერ ზიანი მოგვაყენოს (კანონი 32:29). ლოცვასაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. იესო ქრისტემ მოგვიწოდა: „განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათე 26:41).

„ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

როგორ შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას?

რეალობა:

 

ცდუნება მიმზიდველი სატყუარასავითაა, რომელიც თავის მახეში აბამს უგუნურებს, გულუბრყვილოებს და წინდაუხედავებს (იაკობი 1:14). ხშირად ადამიანები ცდუნების წინაშე მაშინ დგებიან, როცა უმართებულო სექსუალური სურვილები უჩნდებათ. სამწუხაროდ, ვინც ასეთ სურვილებს აჰყვება ხოლმე, სავალალო შედეგებს იმკის (იგავები 7:22, 23).

როგორ გვეხმარება ბიბლია:

 

იესო ქრისტემ გვირჩია: „თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათე 5:29). რა თქმა უნდა, იესო პირდაპირი გაგებით თვალის ამოთხრას არ გულისხმობდა. მას უნდოდა, ჩვენთვის დაენახვებინა, რომ, თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ და მარადიულად ვიცოცხლოთ, ასე ვთქვათ, უნდა ჩავკლათ ჩვენი „სხეულის ნაწილები“, როცა ისინი ცუდისკენ გვიბიძგებენ (კოლოსელები 3:5). ეს იმას ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ არასწორი ფიქრები. ერთმა ღვთის ერთგულმა მამაკაცმა ასეთი რამ სთხოვა ღმერთს: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).

ცხადია, საკუთარი თავის კონტროლი რთულია. ბიბლიაში ნათქვამია: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათე 26:41). ასე რომ, შეცდომებს კვლავაც დავუშვებთ. მაგრამ, როდესაც გულწრფელად ვინანიებთ ჩვენს საქციელს და ყველანაირად ვცდილობთ, ჩვევაში არ გადაგვეზარდოს ცუდის კეთება, ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ (ფსალმუნი 103:8). მართლაც რა მანუგეშებელი აზრია!

„დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმუნი 130:3).