„შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ და ნუღარ მოიშორებთ მას
„შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლ. 3:10).
1, 2. ა) რატომ არ არის შეუძლებელი „ახალი პიროვნებით“ შემოსვა? ბ) „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი რომელი თვისებებია მოხსენიებული კოლოსელების 3:10—14-ში?
გამოთქმა „ახალი პიროვნება“ ორჯერ გვხვდება ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ეფეს. 4:24; კოლ. 3:10). ის მიუთითებს „ღვთის ნების თანახმად“ შექმნილ პიროვნებაზე. „ახალი პიროვნებით“ შემოსვა შეუძლებელი არ არის, რადგან იეჰოვამ თავის ანარეკლად შეგვქმნა და მისი შესანიშნავი თვისებების არეკვლის უნარი გვიბოძა (დაბ. 1:26, 27; ეფეს. 5:1).
2 ვინაიდან ჩვენი პირველი წინაპრებისგან არასრულყოფილება მემკვიდრეობით გადმოგვეცა, ხშირად არასწორი სურვილები გვიჩნდება. ჩვენზე დიდ გავლენას გარემოც ახდენს. მიუხედავად ამისა, იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია მისი მოსაწონი ადამიანები გავხდეთ. ამ მიზნის მისაღწევად განვიხილავთ „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელ რამდენიმე თვისებას, რომელთა შესახებაც პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:10—14). აგრეთვე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია მსახურების დროს ამ თვისებების გამოვლენა.
„ყველა ერთნი ხართ“
3. რომელია „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება?
3 მას შემდეგ, რაც „ახალი პიროვნებით“ შემოსვისკენ მოგვიწოდა, პავლემ აღწერა „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი შესანიშნავი თვისება — მიუკერძოებლობა. მან თქვა: „არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი“. * რატომ არ უნდა განასხვავებდნენ კრების წევრები ერთმანეთს რასის, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით? იმიტომ რომ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ერთნი არიან (კოლ. 3:11; გალ. 3:28).
4. ა) როგორ უნდა ეპყრობოდნენ იეჰოვას მსახურები სხვებს? ბ) რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ქრისტიანულ ერთობას?
4 ისინი, ვინც „ახალი პიროვნებით“ იმოსებიან, თანაქრისტიანებსაც და გარეშეებსაც, მათი სოციალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობის მიუხედავად, პატივისცემით ექცევიან (რომ. 2:11). თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ეს არც ისე ადვილია. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა დღემდე ისეთ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომლებიც ადრე დაყოფილი იყო თეთრკანიანთა და შავკანიანთა უბნებად ან ისეთ ტერიტორიებად, სადაც შერეული რასები ცხოვრობდნენ. ხელმძღვანელ საბჭოს სურდა, რომ იქაურ და-ძმებს ერთმანეთის კარგად გაცნობასა და „გაფართოებაში“ დახმარებოდა. ამ მიზნით 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყო სპეციალური ღონისძიება (2 კორ. 6:13). რა შედიოდა ამაში?
5, 6. ა) რა ღონისძიებას გაეწია ორგანიზება სამხრეთ აფრიკაში? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე) ბ) როგორი იყო შედეგი?
5 ორგანიზება გაეწია იმას, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ან სხვადასხვა რასის ადამიანებისგან შემდგარ ორ კრებას რამდენიმე შაბათ-კვირას ერთმანეთთან ეთანამშრომლათ. და-ძმები ერთად ქადაგებდნენ, ერთად ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს და ერთმანეთს სტუმრად ეპატიჟებოდნენ. ამ ღონისძიებაში ასობით კრება მონაწილეობდა. ამას არა მარტო ჩვენი ძმებისგან, არამედ გარეშეებისგანაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი რელიგიის მსახურმა თქვა: „მე იეჰოვას მოწმე არა ვარ, მაგრამ გაოცებული ვარ იმით, რომ ასე ორგანიზებულად ქადაგებთ და, რასობრივი განსხვავების მიუხედავად, ერთობას ინარჩუნებთ“. როგორ იმოქმედა ამან ადგილობრივ მოწმეებზე?
6 თავიდან კოსა ენაზე მოლაპარაკე დას, სახელად ნომას, ერიდებოდა თავის ღარიბულ სახლში ინგლისურენოვანი კრებიდან და-ძმების დაპატიჟება. მაგრამ თეთრკანიან მოწმეებთან მსახურებისა და მათთან სტუმრობის შემდეგ მიხვდა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ასე რომ, როცა მათ კრებას უნდა ემასპინძლა ინგლისურენოვანი კრებისთვის, მან და-ძმები სადილზე დაპატიჟა. სტუმრებს შორის თეთრკანიანი უხუცესიც იყო. „ძალიან გამიკვირდა, რომ მან პლასტმასის დაბალ ყუთზე დაჯდომა არ ითაკილა“, — თქვა ნომამ. ამ ღონისძიების შედეგად, რომელიც დღემდე გრძელდება, ბევრმა და-ძმამ ახალი მეგობრები შეიძინა და კვლავაც ცდილობენ გაფართოებას.
„შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით“
7. რატომ არის თანაგრძნობის გამოვლენა აუცილებელი?
7 სატანის ქვეყნიერების აღსასრულამდე მოგვიწევს ისეთ განსაცდელებთან გამკლავება, როგორიცაა უმუშევრობა, სერიოზული დაავადება, დევნა, სტიქიური უბედურებები, ქონების დაკარგვა და სხვა. ამ დროს თანაგრძნობა აღგვძრავს, რომ მხარში ეფეს. 4:32). „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი ეს თვისებები დაგვეხმარება, მივბაძოთ ღმერთს და ვანუგეშოთ სხვები (2 კორ. 1:3, 4).
დავუდგეთ ერთმანეთს. სწორედ თანაგრძნობა გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ (8. რა შედეგები მოაქვს კრების წევრების მიმართ თანაგრძნობისა და სიკეთის გამოვლენას? მოიყვანეთ მაგალითი.
8 როგორ შეგვიძლია განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ უცხოელებისა და გაჭირვებული თანაქრისტიანების მიმართ? ჩვენ უნდა დავუმეგობრდეთ ასეთებს და ვაგრძნობინოთ, რომ კრების ძვირფასი წევრები არიან (1 კორ. 12:22, 25). განვიხილოთ დენიკარლის შემთხვევა, რომელიც ფილიპინებიდან იაპონიაში გადავიდა. სამუშაოზე მას ისე კარგად არ ექცეოდნენ, როგორც ადგილობრივებს. მაგრამ იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე დასწრების შემდეგ დენიკარლმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა იაპონელი იყო, ისე თბილად მიმიღეს, თითქოს მათი ძველი ნაცნობი ვიყავი“. და-ძმების მიერ არაერთხელ გამოვლენილი სიკეთე მას სულიერ წინსვლაში დაეხმარა. ის მოინათლა და დღეს უხუცესად მსახურობს. სხვა უხუცესები დენიკარლისა და მისი ცოლის, ჯენიფერის, მათ კრებაში ყოფნას დიდ კურთხევად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ: „ეს წყვილი უბრალოდ ცხოვრობს; ორივე პიონერად მსახურობს და ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დაყენების შესანიშნავ მაგალითს აძლევს კრებას“ (ლუკ. 12:31).
9, 10. რა კურთხევები მოჰყვება მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენას? მოიყვანეთ მაგალითები.
9 როცა სხვებს სამეფოს ცნობას ვუზიარებთ, შესაძლებლობა გვეძლევა, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალ. 6:10). იმიგრანტებისადმი თანაგრძნობა აღძრავს ბევრ იეჰოვას მოწმეს, რომ მათი ენა ისწავლოს (1 კორ. 9:23). ამას არაერთი კურთხევა მოაქვს. მაგალითად, ერთმა ავსტრალიელმა პიონერმა დამ, ტიფანიმ, სუაჰილი ენა შეისწავლა, რათა ქალაქ ბრიზბენში არსებულ კრებას დახმარებოდა. თუმცა ამ ენის შესწავლა ადვილი არ იყო, ამან ტიფანის ცხოვრება გაამრავალფეროვნა. ის ამბობს: „თუ გინდათ, რომ უფრო საინტერესო მსახურება გქონდეთ, უცხოენოვან კრებაში უნდა გადახვიდეთ. ამ დროს თითქოს ქალაქიდან გაუსვლელად მოგზაურობთ. თქვენ იგრძნობთ, რომ საერთაშორისო საძმოს მიეკუთვნებით და საკუთარი თვალით დაინახავთ ამ საოცარ ერთობას“.
10 განვიხილოთ აგრეთვე იაპონიაში მცხოვრები ერთი ოჯახის მაგალითი. მათი ქალიშვილი საკიკო ამბობს: „1990-იან წლებში მსახურების დროს ხშირად ვხვდებოდით ბრაზილიელ იმიგრანტებს. როცა პორტუგალიური ბიბლიიდან ვაჩვენებდით გამოცხადების 21:3, 4-ს ან ფსალმუნის 37:10, 11, 29-ს, ისინი ყურადღებით კითხულობდნენ და ზოგჯერ თვალზე ცრემლიც კი ადგებოდათ“. მაგრამ ეს ოჯახი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. „როცა დავინახეთ, რამდენად იყვნენ მოწყურებულნი სულიერს, მთელმა ოჯახმა პორტუგალიური ენის შესწავლა დავიწყეთ“, — ამბობს საკიკო. მოგვიანებით მათ დიდი წვლილი შეიტანეს პორტუგალიურენოვანი კრების ჩამოყალიბებაში. წლების მანძილზე ისინი ბევრ იმიგრანტს დაეხმარნენ იეჰოვას გაცნობაში. „პორტუგალიური ენის შესწავლა ადვილი არ იყო, — ამბობს საკიკო, — მაგრამ კურთხევები ამ ძალისხმევად ღირდა. მადლობა იეჰოვას ამ კურთხევებისთვის“ (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35).
„შეიმოსეთ . . . თავმდაბლობით“
11, 12. ა) რატომ უნდა გვამოძრავებდეს სწორი მოტივები „ახალი პიროვნებით“ შემოსვის დროს? ბ) რა დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ თავმდაბლები?
11 „ახალი პიროვნებით“ შემოსვა იმიტომ კი არ უნდა გვინდოდეს, რომ ადამიანთაგან მივიღოთ დიდება, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა განვადიდოთ. გაიხსენეთ, რომ ერთ დროს სრულყოფილი სულიერი ქმნილება სიამაყემ ცოდვამდე მიიყვანა (შეადარეთ ეზეკიელის 28:17). რამდენად უფრო რთულია არასრულყოფილი ადამიანისთვის, რომ არ გაამაყდეს და არ გაამპარტავნდეს! მიუხედავად ამისა, თავმდაბლობით შემოსვა შესაძლებელია. რა დაგვეხმარება ამაში?
12 თავმდაბლობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე (კან. 17:18—20). განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ იესოს სწავლებებსა და მისი თავმდაბლობის შესანიშნავ მაგალითზე (მათ. 20:28). იესომ თავის მოციქულებს ფეხებიც კი დაბანა (იოან. 13:12—17). ამასთან ერთად, ხშირად უნდა ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში წმინდა სული, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეგვექმნას (გალ. 6:3, 4; ფილ. 2:3).
13. როგორ ჯილდოვდება თავმდაბლობა?
13 წაიკითხეთ იგავების 22:4. ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს მოეთხოვება თავმდაბლობის გამოვლენა, რასაც დიდი კურთხევები მოჰყვება. თავმდაბლობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას. თუ განვივითარებთ ამ თვისებას და გამოვავლენთ მას, ღვთის წყალობა არ მოგვაკლდება. პეტრე მოციქული ამბობს: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5).
„შეიმოსეთ . . . რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“
14. ვინ გვაძლევს სულგრძელობისა და რბილი ხასიათის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს?
14 დღეს ქვეყნიერებაში სულგრძელობასა და რბილ ხასიათს სისუსტედ მიიჩნევენ. ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს! ამ შესანიშნავ თვისებებს სამყაროში ყველაზე ძლიერი პიროვნება ავლენს. იეჰოვა ღმერთი სულგრძელობისა და რბილი ხასიათის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (2 პეტ. 3:9). გაიხსენეთ, რა უპასუხა მან ანგელოზების მეშვეობით აბრაამსა და ლოტს კითხვებზე (დაბ. 18:22—33; 19:18—21). გარდა ამისა, ის 1 500 წელზე მეტხანს უთმენდა ჯიუტ და ურჩ ისრაელს (ეზეკ. 33:11).
15. სულგრძელობისა და რბილი ხასიათის გამოვლენის რა მაგალითი მოგვცა იესომ?
15 იესოსაც რბილი ხასიათი ჰქონდა (მათ. 11:29). ის მოთმინებით ეკიდებოდა თავისი მიმდევრების სისუსტეებს. დედამიწაზე მსახურების განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა ის არაერთხელ გააკრიტიკეს უსამართლოდ. მან მაშინაც კი გამოავლინა სულგრძელობა და რბილი ხასიათი, როცა უსამართლოდ სჯიდნენ სიკვდილით. ძელზე დაკიდებულმა, აუტანელი ტკივილებით გატანჯულმა იესომ ლოცვაში სთხოვა იეჰოვას: „მამა, აპატიე მათ, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკ. 23:34). მან მართლაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა! (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21—23).
16. როგორ შეგვიძლია რბილი ხასიათისა და სულგრძელობის გამოვლენა?
16 ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ რბილი ხასიათი და სულგრძელობა? ამის ერთ-ერთ საშუალებაზე პავლე თანაქრისტიანებს სწერდა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). ამ მითითების გასათვალისწინებლად რბილი ხასიათი და სულგრძელობა გვჭირდება, კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად კი — მიმტევებლობა.
17. რატომ არის მნიშვნელოვანი რბილი ხასიათისა და სულგრძელობის გამოვლენა?
17 ქრისტიანებს მოგვეთხოვება რბილი ხასიათისა და სულგრძელობის გამოვლენა, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის (მათ. 5:5; იაკ. 1:21). რაც ყველაზე მთავარია, როცა ამ თვისებებს ვავლენთ, განვადიდებთ იეჰოვას და სხვებს ბიბლიური რჩევის გათვალისწინებაში ვეხმარებით (გალ. 6:1; 2 ტიმ. 2:24, 25).
„შეიმოსეთ სიყვარულით“
18. რა კავშირია სიყვარულსა და მიუკერძოებლობას შორის?
18 ზემოთ განხილული ყველა თვისება მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულს. მოწაფე იაკობმა რჩევა მისცა იმ ძმებს, რომლებიც მდიდრებს ღარიბებზე მაღლა აყენებდნენ. მან თქვა, რომ ასეთი საქციელით ირღვეოდა დიდებული კანონი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. შემდეგ უთხრა მათ: „თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას, ცოდვას სჩადიხართ“ (იაკ. 2:8, 9). სიყვარული აღგვძრავს, არ განვასხვავოთ ერთმანეთი განათლების, რასის ან სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მიუკერძოებლობა ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და არა უბრალოდ გარეგნული გამოხატულება.
19. რატომ არის მნიშვნელოვანი, შევიმოსოთ სიყვარულით?
19 „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. ის არასდროს ყოყოჩობს (1 კორ. 13:4). სულგრძელობა, სიკეთე და თავმდაბლობა გვეხმარება, რომ მოყვასს სასიხარულო ცნობა გადავცეთ (მათ. 28:19). ეს თვისებები დაგვეხმარება, რომ კრებაში ყველასთან გამოვნახოთ საერთო ენა. ასეთი სიყვარული ხელს უწყობს კრების ერთობას, განადიდებს იეჰოვას და ჭეშმარიტებისკენ იზიდავს გულწრფელ ადამიანებს. „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების აღწერას ბიბლია შემდეგი სიტყვებით აჯამებს: „გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14).
განიახლეთ „გონების აღმძვრელი ძალა“
20. ა) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ? ბ) როგორი მომავალი გველის წინ?
20 თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: კიდევ რის გაკეთება შემიძლია „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად? მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ღმერთს დახმარება და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ისეთი მიდრეკილებებისა თუ საქმეების მოსაშორებლად, რომლებიც ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში შეგვიშლის ხელს (გალ. 5:19—21). საკუთარ თავს აგრეთვე უნდა ვკითხოთ: კვლავაც ვცდილობ, განვიახლო „გონების აღმძვრელი ძალა“? (ეფეს. 4:23, 24). არასრულყოფილების გამო „ახალი პიროვნებით“ შემოსვა მუდმივად გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავი იქნება იმ ადამიანების გვერდით ცხოვრება, რომლებიც სრულყოფილად შეიმოსებიან „ახალი პიროვნებით“!
^ აბზ. 3 ბიბლიურ დროში სკვითებს ბარბაროსებად მიიჩნევდნენ და ზემოდან უყურებდნენ.