ორცხობილა ტერიერებისთვის
«2014 წლის გაზაფხულზე ჩემს ორ ტერიერთან ერთად ქალაქის ცენტრში ვსეირნობდი ხოლმე“, — გვწერს ნიკი, რომელიც ორეგონის შტატში (აშშ) ცხოვრობს. «ქალაქის ცენტრში ხშირად ვხედავდი კოხტად გამოწყობილ მოწმეებს, რომლებიც თავიანთ სტენდებთან იდგნენ და გამვლელ-გამომვლელს ღიმილით ესალმებოდნენ.
მოწმეები არა მარტო გამვლელების მიმართ იჩენდნენ ყურადღებას, არამედ ჩემი ძაღლების მიმართაც. ერთხელ ილეინმა, რომელიც სტენდთან იდგა, ჩემს ძაღლებს ორცხობილა მისცა. ამის შემდეგ სეირნობის დროს ჩემი ძაღლები ყოველთვის სტენდისკენ იწევდნენ, სადაც ორცხობილა ეგულებოდათ.
ასე გადიოდა თვეები. ჩემი ტერიერები ორცხობილებს შეექცეოდნენ, ამასობაში კი მე მოწმეებთან მოკლედ ვსაუბრობდი. ვერიდებოდი მათთან ზედმეტად დაახლოებას. ერთი ის, რომ უკვე 70-ს ვიყავი გადაცილებული, მეორეც, წესიერად არც კი ვიცოდი, რა სწამდათ მოწმეებს. პროტესტანტულ რელიგიებზე გული მქონდა აცრუებული და ვფიქრობდი, რომ აჯობებდა, თუ ბიბლიას ჩემით გამოვიკვლევდი.
მოწმეებს სტენდებთან ქალაქის სხვა ადგილებშიც ვხედავდი. ისინიც ყოველთვის მეგობრულები იყვნენ, კითხვებზეც ბიბლიიდან მპასუხობდნენ, რამაც მათდამი ნდობით განმაწყო.
ერთხელ ილეინმა მკითხა: „თქვენი აზრით ღმერთმა ცხოველები ჩვენი ბედნიერებისთვის შექმნა?“. „კი, რა თქმა უნდა“, — ვუპასუხე მე. შემდეგ ილეინმა ესაიას 11:6—9 წამიკითხა. მას შემდეგ სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეგო, მაგრამ ლიტერატურის აღებისგან მაინც თავს ვიკავებდი.
მას მერე ილეინთან და მის მეუღლე ბრენტთან მოკლე და საინტერესო საუბრები მქონდა. მათ სახარებებისა და „მოციქულთა საქმეების“ წაკითხვა მირჩიეს, რომ უკეთ გამეგო, რას ნიშნავს იყო ქრისტეს მიმდევარი. ასეც მოვიქეცი. მალევე, 2016 წლის ზაფხულში მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე.
სიამოვნებით ვსწავლობდი ბიბლიას და მიხაროდა კრების შეხვედრებზე დასწრება. ძალიან გამაბედნიერა იმის გაგებამ, რას გვასწავლის სინამდვილეში ბიბლია. დაახლოებით ერთ წელიწადში მოვინათლე კიდეც. ახლა 79 წლის ვარ და ზუსტად ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ. იეჰოვამ მაკურთხა იმით, რომ თავის მსახურთა დიდ ოჯახში მიმიღო».