არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?

რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?

„ადიდეთ იაჰი, . . რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება“ (ფსალმ. 147:1).

სიმღერები: 104, 152

1—3. ა) სავარაუდოდ, როდის დაიწერა 147-ე ფსალმუნი? ბ) რას ვსწავლობთ ამ ფსალმუნიდან?

ჩვეულებრივ, მათ ვაქებთ ხოლმე, ვინც კარგად ასრულებს დაკისრებულ საქმეს ან ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენს. თუ ადამიანები იმსახურებენ ჩვენგან ქებას, მით უმეტეს იეჰოვა ღმერთი იმსახურებს ამას. ჩვენ შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა განუზომელი ძალისთვის, რაც მის საოცარ ქმნილებებში ვლინდება, და ადამიანებისადმი გამოვლენილი უდიდესი სიყვარულისთვის, რაზეც გამოსასყიდი მეტყველებს.

2 ასორმოცდამეშვიდე ფსალმუნის დამწერი აღძრული იყო, განედიდებინა იეჰოვა. ის სხვებსაც მოუწოდებდა, მასთან ერთად შეესხათ ხოტბა ღვთისთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:1, 7, 12).

3 ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ამ ფსალმუნის ავტორი; სავარაუდოდ, ის მაშინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონში გადასახლებული ისრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ (ფსალმ. 147:2). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად ღვთის ხალხის სამშობლოში დაბრუნება აღძრავდა მას, განედიდებინა იეჰოვა. თუმცა ფსალმუნმომღერალმა ღვთის განდიდების სხვა მიზეზებიც მოიხსენია. რა მიზეზები მოიყვანა მან? თქვენ რა მიზეზები გაქვთ იეჰოვას განსადიდებლად?

იეჰოვა კურნავს გულგატეხილებს

4. მეფე კიროსის ბრძანების გაგების შემდეგ რას იგრძნობდნენ ისრაელები და რატომ?

4 წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ გადასახლებაში მყოფი ისრაელები. ბაბილონელები დასცინოდნენ მათ და ეუბნებოდნენ: „გვიმღერეთ სიონის რომელიმე სიმღერა“. იმ დროისთვის მათი სიხარულის მთავარი მიზეზი — იერუსალიმი — გაპარტახებული იყო (ფსალმ. 137:1—3, 6). ისრაელებს არ ემღერებოდათ, რადგან გულგატეხილები იყვნენ და ნუგეში სჭირდებოდათ. იეჰოვას არ დავიწყებია თავისი ხალხი. წინასწარმეტყველების თანახმად, სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი, გაათავისუფლა ისრაელები და ბრძანა: „იეჰოვამ . . . დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში . . . თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, იეჰოვა, მისი ღმერთი იყოს მასთან, დაე, წავიდეს!“ (2 მატ. 36:23). ეს მანუგეშებელი იქნებოდა ბაბილონში მცხოვრები ისრაელებისთვის!

5. რა თქვა ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას შესახებ ფსალმუნის 147:3-ში?

5 იეჰოვა არა მხოლოდ მთელ ერს ანუგეშებდა და ეხმარებოდა, არამედ ისრაელიდან თითოეულს. ეს ასეა დღესაც. ფსალმუნმომღერალმა ღვთის შესახებ თქვა: „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3). მნიშვნელობა არა აქვს, ღვთის ხალხს ფიზიკური დახმარება სჭირდება თუ ემოციური, იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს. მას ძალიან სურს, გვანუგეშოს და ემოციური ჭრილობები მოგვიშუშოს (ფსალმ. 34:18; ეს. 57:15). ღმერთი საჭირო სიბრძნესა და ძალას გვაძლევს, რომ ნებისმიერ სირთულეს გავართვათ თავი (იაკ. 1:5).

6. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ ფსალმუნის 147:4-დან? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

6 შემდეგ ფსალმუნმომღერალს ყურადღება გადააქვს ციურ სხეულებზე და ისე ჩანს, თითქოს თემას ცვლის. ის ამბობს, რომ იეჰოვა ითვლის ვარსკვლავებს და „ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს“ (ფსალმ. 147:4). რატომ გადაიტანა ფსალმუნის დამწერმა ყურადღება ციურ სხეულებზე? მას შეეძლო დაენახა ვარსკვლავები, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, სინამდვილეში რამდენი ვარსკვლავი არსებობდა. დღეს გაცილებით ბევრი ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი. ზოგის აზრით, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში, მილიარდობით ვარსკვლავია, სამყაროში კი შესაძლოა ტრილიონობით გალაქტიკა იყოს. ფაქტია, ჩვენთვის ვარსკვლავების დათვლა შეუძლებელია, შემოქმედი კი თითოეულ მათგანს სახელს არქმევს და ერთმანეთისგან განასხვავებს (1 კორ. 15:41). ღმერთმა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული ვარსკვლავის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, პირადად თქვენ შესახებაც იცის ყველაფერი — სად ხართ, რას გრძნობთ და მოცემულ მომენტში რა გჭირდებათ!

7, 8. ა) რას ითვალისწინებს იეჰოვა, როცა თავის ხალხს განსაცდელებთან გამკლავებაში ეხმარება? ბ) როგორ ეხმარება იეჰოვა არასრულყოფილ ადამიანებს თანაგრძნობით? მოიყვანეთ მაგალითი.

7 იეჰოვა არა მხოლოდ თითოეული ადამიანით არის დაინტერესებული, არამედ ძალაც აქვს და სურვილიც, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:5). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად რთულია, ჩვენი ტვირთი კი — მეტისმეტად მძიმე. ღმერთს ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). არასრულყოფილების გამო ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ. ძალიან ვნანობთ ხოლმე, როცა ენა წინ გვისწრებს, ჩვენი ხორციელი სისუსტეები იჩენს თავს ან ვინმეს მიმართ შური გვიჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შეცდომებს არასდროს უშვებს, მას შესანიშნავად ესმის ჩვენი, რადგან განუზომელია მისი წვდომის უნარი (ეს. 40:28).

8 შეიძლება არაერთხელ გამოგიცდიათ სირთულეების დროს იეჰოვას მხარდაჭერა (ეს. 41:10, 13). მაგალითად, ერთ პიონერ დას, კიოკოს, ახალ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ გულგატეხილობა დაეუფლა. საიდან ჩანდა, რომ იეჰოვას მისი ესმოდა? ახალ ტერიტორიაზე კიოკოს გარშემო ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც კარგად ესმოდა მისი. მას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს იეჰოვა ეუბნებოდა: „მხოლოდ იმიტომ კი არ მიყვარხარ, რომ პიონერი ხარ, არამედ იმიტომაც, რომ ჩემი შვილი ხარ და მე მომიძღვენი თავი. მინდა, რომ სიხარულით მემსახურო და ბედნიერი იყო!“. თქვენს შემთხვევაში როგორ ცხადყოფს ყოვლისშემძლე ღმერთი, რომ ბოლომდე ესმის თქვენი?

იეჰოვა ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე

9, 10. რაზე ზრუნავს იეჰოვა უპირველესად, როცა დახმარება გვჭირდება? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ზოგჯერ შეიძლება ჩვენი საწუხარი ფიზიკური საჭიროებები იყოს. მაგალითად, შეიძლება გვაფიქრებდეს, გვექნება თუ არა ხვალ საკმარისი საკვები. მაგრამ განა იეჰოვამ არ შექმნა მოსავლის მოსაყვანად საჭირო ბუნებრივი ციკლები და განა ის არ აპურებს „ყორნის აჩხავლებულ ბახალებს“?! (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:8, 9). თუ იეჰოვა ზრუნავს ყორნებზე, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ის თქვენს მატერიალურ საჭიროებებზეც იზრუნებს (ფსალმ. 37:25).

10 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვა სულიერ დახმარებას გვიწევს და გვაძლევს „მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). განვიხილოთ ერთი იაპონელი ძმის შემთხვევა. 2011 წელს იაპონიაში მომხდარი ცუნამის დროს მან და მისმა ცოლმა საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას მხარდაჭერა. ცუნამის დროს ისინი თავიანთი სახლის სახურავზე აძვრნენ და ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. იმ დღეს მათ თითქმის ყველაფერი დაკარგეს. ის ცივი და ბნელი ღამე მათ თავიანთი დაზიანებული სახლის მეორე სართულზე გაათენეს. სულიერად რომ გამხნევებულიყვნენ, ინათა თუ არა, პუბლიკაციების ძებნა დაიწყეს. ერთადერთი წიგნი, რაც მათ იპოვეს, 2006 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“ იყო. ძმის ყურადღება მაშინვე მიიპყრო სათაურმა „ყველაზე გამანადგურებელი ცუნამი“. სტატია ეხებოდა 2004 წელს სუმატრაში მომხდარ მიწისძვრას, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ცუნამი გამოიწვია. ამ შემთხვევების კითხვის დროს ცოლ-ქმარი გულამოსკვნით ტიროდა. მათ იგრძნეს, რომ იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა მათზე და ზუსტად იმით გაამხნევა, რაც ამ დროს სჭირდებოდათ. იეჰოვამ მათზე მატერიალურადაც იზრუნა. თანაქრისტიანებმა მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი კრებაში ფილიალის წარმომადგენლების სტუმრობამ გაამხნევა. ეს ძმა ამბობს: „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იეჰოვა გვერდში გვედგა და ზრუნავდა ჩვენზე. ეს ძალიან მანუგეშებელი იყო!“. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უპირველესად ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავს, მას ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებებიც არ რჩება მხედველობიდან.

მიენდეთ ყოვლისშემძლე ღმერთს

11. რის გაკეთება გვმართებს ღვთისგან დახმარების მისაღებად?

11 იეჰოვა ყოველთვის მზად არის, თვინიერებს მხარში დაუდგეს (ფსალმ. 147:6ა). მაგრამ რის გაკეთება გვმართებს მისგან დახმარების მისაღებად? ჩვენ ახლო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან. ამისთვის საჭიროა, თვინიერები ვიყოთ (სოფ. 2:3). თვინიერები ელოდებიან, რომ ღმერთი აღმოფხვრის ნებისმიერ უსამართლობას და ბოლოს მოუღებს მათ ტანჯვას. ასეთი ადამიანები იეჰოვას მოწონებას იმსახურებენ.

12, 13. ა) რას უნდა მოვერიდოთ, რომ ღმერთი დაგვეხმაროს? ბ) ვინ ახარებს იეჰოვას?

12 მეორე მხრივ, ღმერთი „ბოროტებს მიწამდე ამცირებს“ (ფსალმ. 147:6ბ). ეს ყურადსაღები სიტყვებია! იეჰოვა რომ სიყვარულით მოგვეპყროს და მისი რისხვა არ დავიტეხოთ, უნდა შევიძულოთ ყველაფერი, რაც მას სძულს (ფსალმ. 97:10). მაგალითად, უნდა გვძულდეს უზნეობა. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც უზნეობამდე მიგვიყვანდა, მათ შორის პორნოგრაფიის ყურებას (ფსალმ. 119:37; მათ. 5:28). ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ იეჰოვას კურთხევა ნებისმიერ ძალისხმევად ღირს.

13 არასწორ სურვილებთან ბრძოლის დროს მხოლოდ იეჰოვას უნდა მივენდოთ. მოეწონება მას, თუ საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების იმედი გვექნება? არა, რადგან ის „არც ცხენის სიძლიერით ხარობს და არც ადამიანის ფეხმარდობა სიამოვნებს“ (ფსალმ. 147:10). ამიტომ დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ. გამუდმებითაც რომ ვთხოვდეთ დახმარებას, ადამიანებისგან განსხვავებით ის არასდროს დაიღლება ჩვენი მოსმენით. „იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ, ისინი, ვინც მის სიკეთეს მოელიან“ (ფსალმ. 147:11). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება და არასწორი სურვილების დაძლევაში დაგვეხმარება.

14. რა ამხნევებდა ფსალმუნმომღერალს?

14 იეჰოვა გვარწმუნებს, რომ პრობლემების დროს აუცილებლად დაგვეხმარება. როცა იერუსალიმის აღდგენაზე ფიქრობდა, ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას შესახებ თქვა: „მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები, მან გიკურთხა ძეები. მშვიდობას აძლევს შენს მხარეს“ (ფსალმ. 147:13, 14). ფსალმუნმომღერალს ამხნევებდა იმაზე ფიქრი, რომ ღმერთი ამაგრებდა ქალაქის კარიბჭეებს თავისი თაყვანისმცემლების დასაცავად.

როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა, როცა განსაცდელები ძალას გვაცლის? (იხილეთ აბზაცები 15—17)

15—17. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა განსაცდელების დროს თავისი სიტყვის მეშვეობით? ბ) ახსენით, რა გაგებით მიქრის იეჰოვას სიტყვა?

15 თქვენც შეიძლება გაგიჩინოთ საწუხარი სირთულეებმა. იეჰოვა მოგცემთ სიბრძნეს, რომ დაძლიოთ ისინი. ფსალმუნის დამწერი ამბობს, რომ იეჰოვა „თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე, მიქრის მისი სიტყვა. თოვლს მატყლივით იძლევა, ნაცარივით ფანტავს თრთვილს. ნამცეცებივით ყრის ყინულს“. შემდეგ სვამს კითხვას: „ვინ გაუძლებს მის სუსხს?“. ის დასძენს, რომ იეჰოვა „აგზავნის თავის სიტყვას და ადნობს მათ“ (ფსალმ. 147:15—18). ჩვენს ყოვლადბრძენ და ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელსაც ძალაუფლება აქვს ყინვასა და თოვლზე, შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლება გადაგალახვინოთ.

16 დღეს იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვხელმძღვანელობს. მისი სიტყვა იმ გაგებით მიქრის, რომ დაუყოვნებლივ გვიწევს საჭირო სულიერ ხელმძღვანელობას. იფიქრეთ იმაზე, როგორ გეხმარებათ ღვთის სიტყვის კითხვა, ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების შესწავლა, JW მაუწყებლობის ყურება, ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა, უხუცესებთან საუბარი და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა (მათ. 24:45). ალბათ, ამ დროს გრძნობთ, რომ იეჰოვა დაუყოვნებლივ გხელმძღვანელობთ.

17 ერთმა დამ საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სიტყვის ძალა. მას იმდენად აწუხებდა უღირსობის გრძნობა, რომ ფიქრობდა, ღმერთი მისნაირ ადამიანს არასდროს მოიწონებდა. მიუხედავად ამისა, გულგატეხილობის დროს ის არ წყვეტდა ლოცვას და ევედრებოდა იეჰოვას, დახმარებოდა. ამ პერიოდში ის გულმოდგინედ იკვლევდა ბიბლიას. ეს და ამბობს: „არასდროს ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ მეგრძნო იეჰოვას ძალა და ხელმძღვანელობა“. ეს დაეხმარა მას, რომ შეძლებისდაგვარად დადებითი განწყობა შეენარჩუნებინა.

18. რატომ თვლით, რომ ღვთისგან კურთხეული ხართ და რატომ გინდათ, განადიდოთ იეჰოვა?

18 ფსალმუნმომღერალმა იცოდა, რამხელა პატივი ხვდა წილად ძველ ისრაელს. ის ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ღვთის სიტყვა, „წესები და სამართალი“ ჰქონდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:19, 20). დღეს ჩვენ კურთხეული ხალხი ვართ, რადგან მთელ დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ ვიწოდებით ღვთის სახელით. გული მადლიერებით გვაქვს სავსე, რომ ვიცნობთ იეჰოვას, ვხელმძღვანელობთ მისი სიტყვით და ვხარობთ მასთან ახლო ურთიერთობით. 147-ე ფსალმუნის დამწერის მსგავსად, ჩვენც უამრავი მიზეზი გვაქვს, ვადიდოთ იეჰოვა და სხვებსაც მოვუწოდოთ ამისკენ.