არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშვიდობა — როგორ მივაღწიოთ მას?

მშვიდობა — როგორ მივაღწიოთ მას?

ვინაიდან მშფოთვარე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, მშვიდობის მისაღწევად დიდი შრომა გვჭირდება. მაშინაც კი, როცა თავს შედარებით მშვიდად ვგრძნობთ, მშვიდობის შენარჩუნება დიდი ძალისხმევის ფასად გვიჯდება. როგორ დაგვეხმარება ღვთის სიტყვა ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის მოპოვებაში? ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ მხრივ სხვების დახმარება?

რა არის საჭირო ნამდვილი მშვიდობისთვის?

ნამდვილი მშვიდობა რომ გვქონდეს, თავს უსაფრთხოდ და უშფოთველად უნდა ვგრძნობდეთ. ამასთანავე, გვჭირდება მეგობრები და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება, რომ ჩვენმა მშვიდობამ დიდხანს გასტანოს. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

ცხოვრებისეული საზრუნავი ბევრს აკარგვინებს მშვიდობას

როდესაც ვემორჩილებით ღვთის სამართლიან მოთხოვნებსა და პრინციპებს, ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას და გვსურს მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს მასთან (იერ. 17:7, 8; იაკ. 2:22, 23). თავის მხრივ, ისიც გვიახლოვდება და შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს. ესაიას 32:17-ში ვკითხულობთ: „მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე. სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი სამარადისოდ“. ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს მაშინ ვიგრძნობთ, თუ იეჰოვას მთელი გულით დავემორჩილებით (ეს. 48:18, 19).

გარდა ამისა, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა ჩვენი ზეციერი მამისგან ბოძებული ძვირფასი ძღვნის, წმინდა სულის მეშვეობით არის შესაძლებელი (საქ. 9:31).

ღვთის წმინდა სული მშვიდობის მიღწევაში გვეხმარება

„სულის ნაყოფის“ ჩამონათვალში პავლე მოციქული მშვიდობას მესამე ადგილზე მოიხსენიებს (გალ. 5:22, 23). ვინაიდან ნამდვილ მშვიდობას ღვთის წმინდა სული წარმოშობს, მას საშუალება უნდა მივცეთ, რომ იმოქმედოს ჩვენზე. განვიხილოთ ორი მხარე, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ღვთის სული მშვიდობის მიღწევაში.

პირველი, შინაგანი სიმშვიდის მიღწევაში ღვთივშთაგონებული სიტყვის რეგულარული კითხვა გვეხმარება (ფსალმ. 1:2, 3). როცა ვფიქრობთ წაკითხულზე, წმინდა სულის დახმარებით ვწვდებით იეჰოვას თვალსაზრისს მრავალ საკითხზე. მაგალითად, ვიგებთ, როგორ ინარჩუნებს ის მშვიდობას და რატომ არის მშვიდობა მისთვის ასე მნიშვნელოვანი. როცა ღვთის სიტყვიდან ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ, უფრო მშვიდად ვცხოვრობთ (იგავ. 3:1, 2).

მეორე, ღმერთს ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ (ლუკ. 11:13). იეჰოვა გვპირდება, რომ, თუ დახმარებისთვის მივმართავთ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს . . . [ჩვენს] გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). როცა ხშირად ვლოცულობთ და იეჰოვას წმინდა სულს ვთხოვთ, ღმერთი გვავსებს მშვიდობით, რომელიც მხოლოდ მის მეგობრებს აქვთ (რომ. 15:13).

განვიხილოთ, როგორ დაეხმარა ზოგს ბიბლიური რჩევები საჭირო ცვლილებების მოხდენაში, რათა შინაგანი სიმშვიდე ეგრძნოთ და იეჰოვასა და მოყვასთან მშვიდობიანი ურთიერთობა განევითარებინათ.

როგორ მიაღწიეს მათ ნამდვილ მშვიდობას

დღეს ქრისტიანულ კრებაში არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე ადვილად რისხდებოდნენ, მაგრამ ახლა უფრო გულისხმიერი, კეთილი, მომთმენი და მშვიდობისმოყვარე ადამიანები გახდნენ (იგავ. 29:22). * სწორედ ასე მოხდა ორი მაუწყებლის შემთხვევაში. ყურადღება მიაქციეთ, რა დაეხმარა მათ, მოეშორებინათ ბრაზი და მშვიდობიანი ურთიერთობა განევითარებინათ სხვებთან.

ბიბლიური პრინციპების გამოყენება და ღვთისთვის წმინდა სულის თხოვნა მშვიდობის მოპოვებაში დაგვეხმარება

სხვების მიმართ დეივიდის უარყოფითი განწყობა მის მეტყველებაში აისახებოდა. სანამ იეჰოვას მსახური გახდებოდა, ის ხშირად აკრიტიკებდა სხვებს და ოჯახის წევრებს უხეშად ელაპარაკებოდა. დროთა განმავლობაში დეივიდი მიხვდა, რომ უნდა შეცვლილიყო და მშვიდობისმოყვარე გამხდარიყო. რა დაეხმარა მას? ის ამბობს: „ბიბლიური პრინციპების თანახმად დავიწყე ცხოვრება. შედეგად, ჩვენს ოჯახში ურთიერთპატივისცემამ დაისადგურა“.

რეიჩელის წარსულმა გავლენა მოახდინა სხვებისადმი მის დამოკიდებულებაზე. ის ამბობს: „დღემდე მიწევს რისხვის დაოკება, რადგან ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც რისხვის გადმონთხევა ჩვეულებრივი რამ იყო“. რა დაეხმარა მას, რომ მშვიდობიანი გამხდარიყო? როგორც თავად ამბობს, ამაში მას ლოცვა და იეჰოვაზე მინდობა დაეხმარა.

დეივიდისა და რეიჩელის შემთხვევებიდან ჩანს, რომ წმინდა წერილებში ჩაწერილი პრინციპების გამოყენებასა და ღვთისთვის წმინდა სულის თხოვნას მშვიდობა მოაქვს. იმის მიუხედავად, რომ მტრულად განწყობილ მსოფლიოში ვცხოვრობთ, შეგვიძლია გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე, რომელიც ხელს უწყობს ოჯახში და თანაქრისტიანებთან მშვიდობიან ურთიერთობას. იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ მშვიდობიანები ვიყოთ ყველასთან (რომ. 12:18). ნუთუ მართლა შესაძლებელია ეს?! რა იქნება შედეგი, თუ ძალისხმევას არ დავაკლებთ მშვიდობის შენარჩუნებას?

ესწრაფეთ მშვიდობას სხვებთან ურთიერთობის დროს

სამქადაგებლო მსახურების დროს ხალხს სამეფოს შესახებ მშვიდობის ცნობას ვუზიარებთ (ეს. 9:6, 7; მათ. 24:14). საბედნიეროდ, ბევრი ეხმაურება ამ მოწვევას. შედეგად, ისინი აღარც სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და აღარც რისხდებიან იმის გამო, რაც გარშემო ხდება. ნაცვლად ამისა, მათ აქვთ მომავლის იმედი, ეძებენ მშვიდობას და მისკენ ისწრაფვიან (ფსალმ. 34:14).

მაგრამ ჩვენი ცნობის მიმართ ყველა არ არის კეთილგანწყობილი; ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც (იოან. 3:19). მიუხედავად ამისა, ღვთის წმინდა სული გვეხმარება, რომ სასიხარულო ცნობა მათაც მშვიდად და პატივისცემით გადავცეთ. ამ მხრივ ვითვალისწინებთ მათეს 10:11—13-ში ჩაწერილ მითითებას, რომელიც იესომ მსახურებასთან დაკავშირებით მოგვცა. იქ ვკითხულობთ: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას, ხოლო თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ“. როცა მივყვებით იესოს რჩევას, მშვიდობას არ ვკარგავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანი შემდეგში მოისმენს სასიხარულო ცნობას.

ჩვენ მშვიდობას მაშინაც ვუწყობთ ხელს, როცა მთავრობის წარმომადგენლებს პატივისცემით ვესაუბრებით, მათ შორის მათაც, ვინც ჩვენს საქმიანობას ეწინააღმდეგება. მაგალითად, აფრიკის ერთ ქვეყანაში მთავრობამ წინასწარშექმნილი აზრის გამო მოწმეებს სამეფო დარბაზების აშენების უფლება არ მისცა. იმ იმედით, რომ საქმე მშვიდობიანად მოგვარდებოდა, ერთ ძმას, რომელიც მანამდე ამ ქვეყანაში მისიონერად მსახურობდა, დაევალა, რომ ლონდონში ამ ქვეყნის ელჩს შეხვედროდა და აეხსნა, რომ აფრიკის ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები მშვიდობიან საქმიანობას ეწეოდნენ. რით დასრულდა ეს შეხვედრა?

ძმა იხსენებს: „მიმღებში რომ მივედი, რეგისტრატორის ჩაცმულობით მივხვდი, რომ ის იმ ტომიდან იყო, რომლის ენაც ვიცოდი. ასე რომ, მას მშობლიურ ენაზე მივესალმე. გაკვირვებულმა ქალმა მისვლის მიზეზი მკითხა. თავაზიანად ვუთხარი, რომ ელჩის ნახვა მინდოდა. მან დაურეკა ელჩს, რომელიც გამოვიდა და თავის ენაზე მომესალმა. ელჩი ყურადღებით მისმენდა, როცა იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი საქმიანობის შესახებ ვუყვებოდი“.

ძმის მიერ გამოვლენილმა პატივისცემამ ელჩს ჩვენი საქმიანობის შესახებ წინასწარშექმნილი ბევრი არასწორი აზრი გაუქარწყლა. რაღაც დროის შემდეგ აფრიკის ამ ქვეყანაში მთავრობამ სამეფო დარბაზების მშენებლობის ნებართვა მოგვცა. ძმებმა გაიხარეს, რომ ეს საქმე მშვიდობიანად დასრულდა. აშკარაა, როცა სხვებს პატივისცემით ვეპყრობით, ბევრ კარგ შედეგს ვაღწევთ, მათ შორის მშვიდობას.

დატკბით უსასრულო მშვიდობით

დღეს იეჰოვას ხალხი ხარობს სულიერ სამოთხეში არსებული მშვიდობით. თქვენც შეუწყობთ ხელს მშვიდობას, თუ იმუშავებთ ამ თვისების განვითარებაზე, რომელიც სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვას მოწონებას მიიღებთ და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული მშვიდობით გაიხარებთ (2 პეტ. 3:13, 14).

^ აბზ. 13 თვისება სიკეთე ამ სტატიათა სერიის ერთ-ერთ სტატიაში იქნება განხილული.