კეთილად მოეპყარით უცხოელებს!
„ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას“ (ებრ. 13:2).
1, 2. ა) რა სირთულეებს აწყდება ბევრი უცხოელი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რისკენ მოგვიწოდებს მოციქული პავლე და რა კითხვები წამოიჭრება?
ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ ოსეი, [1] რომელიც მაშინ იეჰოვას მოწმე არ იყო, განადან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავიდა. ის იხსენებს: „მალევე მივხვდი, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის არაფერს წარმოვადგენდი. კლიმატიც ძალიან განსხვავებული იყო. როცა აეროპორტიდან გამოვედი და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სიცივე, ტირილი დავიწყე“. ენის არცოდნის გამო ის ერთ წელზე მეტხანს ნორმალურ სამუშაოს ვერ პოულობდა. ოჯახს მოწყვეტილი და ნოსტალგიით შეპყრობილი ოსეი მარტოსულად გრძნობდა თავს.
2 როგორ მოპყრობას ისურვებდით მსგავს სიტუაციაში? განა არ გაგიხარდებოდათ, თუ ეროვნებისა და კანის ფერის მიუხედავად თბილად მიგიღებდნენ სამეფო დარბაზში?! ბიბლია მოგვიწოდებს ქრისტიანებს: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას“ (ებრ. 13:2). სტუმართმოყვარეობად ნათარგმნი დედნისეული სიტყვა „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს. ასე რომ, წამოიჭრება კითხვები: რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ასეთი ადამიანების მიმართ? რატომ შეიძლება დაგვჭირდეს უცხოელების მიმართ თვალსაზრისის შეცვლა? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ კრებაში კარგად იგრძნონ თავი?
იეჰოვას დამოკიდებულება
3, 4. გამოსვლის 23:9-ის თანახმად, როგორ უნდა მოპყრობოდა ძველად ღვთის ხალხი უცხოელებს და რა იყო ამის მიზეზი?
3 ეგვიპტიდან გათავისუფლებულ თავის ხალხს იეჰოვამ კანონთა კრებული მისცა, საიდანაც ჩანდა, რომ ის ზრუნავდა ისრაელებთან ერთად ეგვიპტიდან წამოსულ უამრავ უცხოელზე (გამ. 12:38, 49; 22:21). ვინაიდან უცხოელები ძირითადად გაჭირვებულები იყვნენ, იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა მათზე, მაგალითად, აძლევდა მორჩენილი მოსავლის აღების უფლებას (ლევ. 19:9, 10).
4 ნაცვლად იმისა, რომ თავისი ხალხისგან უცხოელების პატივისცემა მოეთხოვა, იეჰოვამ თანაგრძნობისკენ მოუწოდა მათ (წაიკითხეთ გამოსვლის 23:9). ისრაელებმა იცოდნენ, რას ნიშნავდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. დამონებამდეც კი ეგვიპტელები, ალბათ, ეროვნული სიამაყის ან რელიგიური შეუწყნარებლობის გამო თავს არიდებდნენ ებრაელებთან ურთიერთობას (დაბ. 43:32; 46:34; გამ. 1:11—14). ვინაიდან ისრაელებს გამოცდილი ჰქონდათ ხიზნობის სიმწარე, იეჰოვა მოელოდა მათგან, რომ არ განასხვავებდნენ ხიზანს მკვიდრისგან (ლევ. 19:33, 34).
5. რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვას მსგავსად მოვეპყროთ უცხოელებს?
5 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას დღესაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან (კან. 10:17—19; მალ. 3:5, 6). თუ ვიფიქრებთ იმ სირთულეებზე, რასაც ისინი ხვდებიან, მაგალითად, დისკრიმინაციასა თუ ენის ბარიერზე, არ გაგვიჭირდება მათ მიმართ სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენა (1 პეტ. 3:8).
გვჭირდება თვალსაზრისის შეცვლა?
6, 7. საიდან ჩანს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა შეძლეს ღრმად გამჯდარი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა?
6 პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ებრაელმა ქრისტიანებმა შეძლეს სხვა ერების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა, რაც იუდეველებს ღრმად ჰქონდათ გამჯდარი. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში მცხოვრებმა ქრისტიანებმა სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს იმ ახალმოქცეული ქრისტიანების მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იყვნენ (საქ. 2:5, 44—47). თანამორწმუნეების მიმართ გამოვლენილი მზრუნველობით ებრაელმა ქრისტიანებმა ცხადყვეს, რომ ესმოდათ, რას ნიშნავდა სტუმართმოყვარეობა, ანუ „უცხოთა სიყვარული“.
7 ადრინდელი ქრისტიანული კრების ზრდასთან ერთად დისკრიმინაციამაც იჩინა თავი. ბერძნულენოვანმა იუდეველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათ ქვრივებს უსამართლოდ ექცეოდნენ (საქ. 6:1). ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოციქულებმა შვიდი კაცი აირჩიეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ უყურადღებოდ არავინ რჩებოდა. შვიდივე მამაკაცს ბერძნული სახელი ერქვა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მოციქულებს უნდოდათ, განემუხტათ წარმოშობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც შეიძლებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის ისევ ყოფილიყო (საქ. 6:2—6).
8, 9. ა) რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ წინასწარ შექმნილი აზრი ან ეროვნული სიამაყე გვაქვს? ბ) რა უნდა აღმოვფხვრათ ჩვენი გულიდან? (1 პეტ. 1:22).
8 თითოეულ ჩვენგანზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი კულტურა, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამას (რომ. 12:2). ამასთან, ალბათ, ვისმენთ იმ დამამცირებელ სიტყვებს, რომლებითაც მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები მოიხსენიებენ სხვა წარმოშობის, ეროვნების ან რასის ადამიანებს. ახდენს ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენზე გავლენას? როგორ ვრეაგირებთ, როცა ვინმე ჩვენს ერს დასცინის და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელ რომელიმე თვისებას აზვიადებს?
9 გარკვეული ხნის მანძილზე პეტრე მოციქულს არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა არაიუდეველების მიმართ, თუმცა თანდათანობით შეიცვალა აზროვნება (საქ. 10:28, 34, 35; გალ. 2:11—14). მსგავსად, თუ შევნიშნავთ, რომ ოდნავ მაინც გვაქვს ვინმეზე წინასწარ შექმნილი აზრი ან ეროვნული სიამაყე, ძალა არ უნდა დავიშუროთ მათ აღმოსაფხვრელად (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავინ ვიმსახურებთ გადარჩენას; ეროვნების მიუხედავად, ყველანი არასრულყოფილები ვართ (რომ. 3:9, 10, 21—24). მაშ, რატომ უნდა მიგვაჩნდეს საკუთარი თავი სხვაზე აღმატებულად?! (1 კორ. 4:7). ჩვენ უნდა ვიზიარებდეთ პავლე მოციქულის შეხედულებას, რომელმაც თანაქრისტიანებს შეახსენა, რომ „უცხოები და ხიზნები“ კი არა, უკვე „ღვთის ოჯახის წევრები“ იყვნენ (ეფეს. 2:19). თუ მთელი გულით შევეცდებით სხვა წარმოშობის ადამიანთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლას, გაგვიადვილდება ახალი პიროვნებით შემოსვა (კოლ. 3:10, 11).
გამოვავლინოთ სიკეთე
10, 11. როგორ ცხადყო ბოაზმა მოაბელი რუთისადმი დამოკიდებულებით, რომ უცხოელების მიმართ იეჰოვას თვალსაზრისს იზიარებდა?
10 მოაბელი რუთისადმი ბოაზის დამოკიდებულებიდან აშკარად ჩანს, რომ ის იზიარებდა უცხოელების მიმართ იეჰოვას თვალსაზრისს. მკის დროს თავისი ყანების დათვალიერებისას ბოაზს არ გამოჰპარვია მძიმედ მშრომელი უცხოელი ქალი, რომელიც მისი მომკელების კვალდაკვალ კრეფდა დაცვენილ თავთავებს. როცა გაიგო, რომ რუთმა თავთავების აკრეფის ნებართვა ითხოვა, რაც შეეძლო უკითხავადაც გაეკეთებინა, ბოაზმა გულუხვობა გამოიჩინა და ნება მისცა, რომ ძნებიდან ამოღებული თავთავებიც აეკრიფა (წაიკითხეთ რუთის 2:5—7, 15, 16).
11 მათ შორის გამართული საუბრიდან ჩანს, რომ ბოაზი გულწრფელ ინტერესს ავლენდა რუთის მიმართ და მისი, როგორც უცხოელის, არასახარბიელო მდგომარეობა აღელვებდა. მან უთხრა რუთს, რომ შეეძლო მის მოახლეებთან დარჩენილიყო, რათა ყანაში მომუშავე კაცებს არ შეეწუხებინათ. მან იმაზეც იზრუნა, რომ მოჯამაგირეების მსგავსად რუთსაც საკმარისი საჭმელ-სასმელი ჰქონოდა. ამასთან, ბოაზმა დამამცირებლად კი არ მიმართა ამ საწყალ უცხოელ ქალს, არამედ დაამშვიდა და გაამხნევა ის (რუთ. 2:8—10, 13, 14).
12. როგორ შეიძლება იმოქმედოს ახალჩამოსულ უცხოელებზე ჩვენმა სიკეთემ?
12 ბოაზზე მხოლოდ იმან კი არ იმოქმედა, რომ რუთს უანგაროდ უყვარდა თავისი დედამთილი ნაომი, არამედ იმანაც, რომ ის იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. ბოაზის სიკეთე, ფაქტობრივად, რუთის მიმართ ისრაელის ღვთის, იეჰოვას სიკეთის გამოხატულება იყო, რომლის ფრთებქვეშაც ის თავშესაფარს ეძებდა (რუთ. 2:12, 20; იგავ. 19:17). მსგავსად, კეთილი საქციელით ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ „ყველანაირ ადამიანს“, დაინახოს, სად არის ჭეშმარიტება და იგრძნოს, რა ძალიან უყვარს ის იეჰოვას (1 ტიმ. 2:3, 4).
13, 14. ა) რატომ არის საჭირო, მივესალმოთ უცხოელებს სამეფო დარბაზში? ბ) რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გერიდებათ სხვა კულტურის ადამიანთან საუბრის წამოწყება?
13 სამეფო დარბაზში გულთბილი მისალმებით შეგვიძლია სხვა ქვეყნებიდან ახალჩამოსულების მიმართ სიკეთე გამოვავლინოთ. შეიძლება შევნიშნეთ, რომ ზოგიერთი მათგანი მორცხვია და კონტაქტში არ შემოდის. თავიანთი აღზრდის ან სოციალური მდგომარეობის გამო მათ შეიძლება სხვა ეროვნების ან რასის ადამიანები საკუთარ თავზე მაღლა მდგომებად მიაჩნიათ. ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და მათ მიმართ სითბო და გულწრფელი ინტერესი გამოვხატოთ. თუ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომია აპლიკაცია „JW ენები“, შეგიძლიათ მათ მშობლიურ ენაზე ისწავლოთ მისალმება (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4).
14 შეიძლება თქვენც გერიდებათ სხვა კულტურის ადამიანთან საუბრის წამოწყება. ამაში დაგეხმარებათ საკუთარი თავის შესახებ რაიმეს მოყოლა. შეიძლება მალევე დაინახოთ, რომ უფრო მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე განსხვავება — იქნება ეს სინამდვილეში არსებული თუ თქვენს წარმოსახვაში შექმნილი, და მიხვდეთ, რომ ყველა კულტურას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
დაეხმარეთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი
15. რა დაგვეხმარება, გაგებით მოვეკიდოთ ახალჩამოსულებს?
15 სხვებს რომ დაეხმაროთ, კრებაში თავისუფლად იგრძნონ თავი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „უცხო ქვეყანაში რომ ვიყო, როგორ მოპყრობას ვისურვებდი?“ (მათ. 7:12). ახალჩამოსულებთან მოთმინება უნდა გამოვავლინოთ. თავიდან შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდეს, რატომ ფიქრობენ ან რეაგირებენ ისინი ამა თუ იმ საკითხზე სხვანაირად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მოვთხოვოთ, ჩვენს კულტურას მოერგონ, ხომ არ ჯობია ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან? (წაიკითხეთ რომაელების 15:7).
16, 17. ა) როგორ შეგვიძლია დავუახლოვდეთ სხვა კულტურის ადამიანებს? ბ) როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად დავეხმაროთ იმიგრანტებს ჩვენს კრებაში?
16 უცხოელებთან გაგვიადვილდება ურთიერთობა, თუ მათ ქვეყანასა და კულტურას გავეცნობით. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია იმ ხალხებზე, რომელთა წარმომადგენლებიც ჩვენი კრების შეხვედრებს ესწრებიან ან ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. კიდევ ერთი საშუალება მათთან დასაახლოებლად სახლში სადილად დაპატიჟებაა. იეჰოვამ „რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს“, ამიტომ ჩვენც უნდა გავუღოთ გულის კარი უცხოელებს, რომლებიც რწმენით ჩვენიანები არიან (საქ. 14:27; გალ. 6:10; იობ. 31:32).
17 თუ იმიგრანტი ოჯახისთვის დროს იგავ. 3:27).
გამოვყოფთ, უკეთ დავინახავთ, რამხელა ძალისხმევას ახმარენ, რომ ჩვენს კულტურას მოერგონ. ამასთან, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ენის შესასწავლად მათ დახმარება სჭირდებათ. შეგვიძლია აგრეთვე მოვაძებნინოთ ნორმალური საცხოვრებელი ან სამსახური. ასეთმა პრაქტიკულმა დახმარებამ შეიძლება ჩვენი თანამორწმუნის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს (18. როგორ შეუძლიათ იმიგრანტებს, მიჰბაძონ რუთის მაგალითს?
18 რა თქმა უნდა, იმიგრანტებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ახალ კულტურას მოერგონ. ამ მხრივ საყურადღებოა რუთის მაგალითი. უპირველესად, მან პატივისცემა გამოავლინა ისრაელში გავრცელებული წეს-ჩვეულებების მიმართ და დაცვენილი თავთავების აკრეფის ნებართვა ითხოვა (რუთ. 2:7). ის არ თვლიდა, რომ ამის უფლება თავისთავად ჰქონდა, თითქოს ვინმეს რაიმე ემართა მისი. ამასთან, ის მადლიერი იყო იმ სიკეთისთვის, რასაც მის მიმართ ავლენდნენ (რუთ. 2:13). თუ იმიგრანტებს მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ, დიდი ალბათობაა, რომ ისინი ადგილობრივი ხალხისა და თანამორწმუნეების პატივისცემას დაიმსახურებენ.
19. რატომ უნდა მივიღოთ თბილად ჩვენთან მოსული უცხოელები?
19 ჩვენ გვიხარია, რომ იეჰოვას წყალობის შედეგად ყველანაირი წარმოშობის ადამიანი ისმენს სასიხარულო ცნობას. შესაძლოა, ბევრს თავის ქვეყანაში არ ჰქონდა ბიბლიის შესწავლის ან იეჰოვას ხალხთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა. ახლა, როცა ჩვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ, გვინდა, დავეხმაროთ, რომ უცხოებად არ იგრძნონ თავი. მაშინაც კი, თუ დიდ მატერიალურ და პრაქტიკულ დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ, ჩვენ მიერ გამოვლენილი სიკეთე მათდამი იეჰოვას სიყვარულის გამოხატულება იქნება. მოდი მივბაძოთ ღმერთს და ყველანაირად ვეცადოთ, თბილად მივიღოთ ჩვენთან მოსული უცხოელები (ეფეს. 5:1, 2).
^ [1] (აბზაცი 1) სახელი შეცვლილია.