არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური სიბრძნე ფასს არასდროს კარგავს

ბიბლიური სიბრძნე ფასს არასდროს კარგავს

წარმოიდგინეთ, რომ მუზეუმში უძველეს ისტორიულ მონუმენტებს ათვალიერებთ. ბევრი მათგანი დაზიანებულია, ზოგისგან კი მხოლოდ ნაწილებია დარჩენილი. თუმცა ამჩნევთ, რომ ამ მონუმენტებიდან ერთი იდეალურადაა შემონახული და კარგად ჩანს მისი თითოეული დეტალი. გიდს ეკითხებით: „ეს შედარებით ახალი ძეგლია?“. ის გიხსნით, რომ ერთ-ერთი უძველესი ექსპონატია, თანაც რეკონსტრუქცია არასდროს დასჭირვებია. გაოცებული ეკითხებით: „კი მაგრამ, როგორ? სადმე განსაკუთრებულ ადგილას ხომ არ ინახავდნენ?!“. „სულაც არა, — გპასუხობთ გიდი. — მან ყველაზე ძლიერ წვიმებსა და ქარიშხლებს გაუძლო და, ამასთან, არაერთხელ უცდიათ მისი დაზიანება“. ალბათ, გაკვირვებული იკითხავთ: „ნეტავ რისგანაა გაკეთებული?!“.

ბიბლია ამ განსაკუთრებულ მონუმენტს ჰგავს. ის ერთ-ერთი უძველესი წიგნია. ცხადია, სხვა უძველესი წიგნებიც არსებობს, თუმცა დაზიანებული ძველი მონუმენტების მსგავსად, ჟამთა სვლამ მათ თავისი კვალი დააჩნია. მაგალითად, მეცნიერულ საკითხებზე მათში გამოთქმული აზრები წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე აღმოჩენებსა თუ ფაქტებთან, იქ მოცემული სამედიცინო რჩევების მიყოლა კი ხშირად უფრო სახიფათოა, ვიდრე სასარგებლო. მეტიც, ამ უძველესი ხელნაწერებიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, რადგან მათი დიდი ნაწილი დაიკარგა ან დაზიანდა.

ბიბლია სრულიად განსხვავდება ამ ხელნაწერებისგან. მისი წერა 3 500 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ის დღემდე უცვლელი სახითაა შემონახული. საუკუნეების მანძილზე ბიბლიას არაერთი მტერი ჰყავდა — მას წვავდნენ, კრძალავდნენ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ წიგნმა ყველაფერს გაუძლო. თანამედროვე აღმოჩენებმა ცხადყო, რომ სხვა უძველესი წიგნებისგან განსხვავებით, ბიბლია ყოველთვის წინ უსწრებდა დროს (იხილეთ ჩარჩო „მოძველებული წიგნია ბიბლია თუ წინ უსწრებს დროს?“).

დღემდე ღირებული პრინციპები

შესაძლოა გაინტერესებთ, არის კი ბიბლიური პრინციპები პრაქტიკული თანამედროვე რეალობაში? ამ კითხვაზე პასუხი რომ მიიღოთ, ჯერ დაფიქრდით: დღეს რა პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა? მათგან რომელია ყველაზე შემაშფოთებელი? ეს შეიძლება იყოს შეიარაღებული კონფლიქტები, გარემოს დაბინძურება, დამნაშავეობა და კორუფცია. შემდეგ დაფიქრდით ბიბლიაში ჩაწერილ რამდენიმე პრინციპზე და, ამავე დროს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუ ადამიანები ამ პრინციპებით იცხოვრებენ, გაუმჯობესდება მსოფლიოში მდგომარეობა?

მშვიდობისმოყვარეობა

„ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათე 5:9). „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

გულმოწყალება და მიმტევებლობა

„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ * გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

სხვადასხვა რასის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება

ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

დედამიწის რესურსების გაფრთხილება

„იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:15). ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18).

სიხარბისა და უზნეობისადმი სწორი დამოკიდებულება

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“ (ეფესოელები 5:3).

პატიოსნება და შრომისმოყვარეობა

„გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს“ (ეფესოელები 4:28).

გასაჭირში მყოფთა დახმარება

„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელები 5:14). „მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში“ (იაკობი 1:27).

ბიბლია მხოლოდ კი არ მოიხსენიებს ამ პრინციპებს, არამედ მათ ღირებულებასაც გვანახვებს და გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. განა არ გადაიჭრება მსოფლიოში არსებული არაერთი სერიოზული პრობლემა, თუ ადამიანები ზემოთ მოხსენიებული პრინციპებით იხელმძღვანელებენ?! აშკარაა, ბიბლიური პრინციპები არასდროს ყოფილა ისეთი გამოსადეგი, როგორც დღეს.

ბიბლიური რჩევები დღესვე გამოგადგებათ

დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე ბრძენმა ადამიანმა თქვა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). ალბათ, თქვენც ეთანხმებით მის ნათქვამს. სიბრძნეზე შედეგები მოწმობს. ამიტომ ლოგიკურია, გაგიჩნდეთ კითხვები: თუ ბიბლია ნამდვილად პრაქტიკული სახელმძღვანელოა, უკეთესობისკენ არ უნდა შეცვალოს ჩემი ცხოვრება? როგორ დამეხმარება ღვთის სიტყვა იმ პრობლემებთან გამკლავებაში, რომლებთანაც დღეს მიწევს ჭიდილი? მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთი ქალის შემთხვევა.

დორისი * საქმიანი ადამიანი იყო და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ მოულოდნელად მას ზედიზედ არაერთი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ ქალიშვილი დაეღუპა, შემდეგ ოჯახი დაენგრა, ბოლოს კი სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. „ყველაფერი დავკარგე — შვილი, ქმარი, სახლი. საშინელი სიცარიელის გრძნობა დამეუფლა; არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება“, — იხსენებს ის.

სასოწარკვეთილებაში მყოფმა დორისმა ბოლომდე გააცნობიერა, რომ სიმართლეს შეესაბამება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10).

ამ მძიმე წუთებში მან ბიბლიას მიმართა დახმარებისთვის. დორისმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობას საუკეთესო შედეგები მოაქვს. მომდევნო სამი სტატიიდან გავიგებთ, რომ დორისის მსგავსად, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც პრობლემებთან გასამკლავებლად ბიბლიური რჩევები გაითვალისწინეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მონუმენტის მსგავსად, ბიბლია განსაკუთრებულია. ის სრულიად განსხვავდება იმ წიგნებისგან, რომლებიც დრომოჭმული და გამოუსადეგარია. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? იმაში ხომ არა, რომ ბიბლიაში ღვთის აზრებია ჩაწერილი და არა ადამიანის?! (1 თესალონიკელები 2:13).

ალბათ, თქვენც ეთანხმებით იმას, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და სავსეა პრობლემებით. როცა ცხოვრებისეული ქარტეხილები თავს გატყდებათ, სად ეძებთ ნუგეშს, დახმარებას და სანდო რჩევებს?

განვიხილოთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლია . . .

  1. თავიდან აირიდოთ არაერთი პრობლემა.

  2. გადაჭრათ სირთულეები.

  3. გაუმკლავდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა შეცვლაც არ შეგიძლიათ.

ეს სამი საკითხი მომდევნო სტატიებში განიხილება.

^ აბზ. 10 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

^ აბზ. 24 ამ და მომდევნო სამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.