ჭეშმარიტება მომავლის შესახებ
ალბათ, გაინტერესებთ, რას გიქადით მომავალი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის, რაც მთელ კაცობრიობაზე დიდ გავლენას იქონიებს.
იესომ აგვიხსნა, რა მიგვახვედრებდა, რომ მოახლოვდა „ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31). მან იწინასწარმეტყველა, რომ ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად იქნებოდა მასშტაბური ომები, დიდი მიწისძვრები, საკვების უკმარისობა და ეპიდემიები — სწორედ ის, რისი მოწმენიც დღეს ვართ (ლუკა 21:10—17).
ბიბლიიდან, კერძოდ 2 ტიმოთეს 3:1—5-დან აგრეთვე ვიგებთ, თუ როგორი ხალხი იცხოვრებდა ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეებში. როდესაც ხედავ, რა დამოკიდებულებაა დღეს გაბატონებული და როგორ იქცევიან ადამიანები, შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმას, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება.
რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ახლოსაა ის დრო, როცა ღვთის სამეფო ძირეულ ცვლილებებს მოახდენს, რის შედეგადაც დედამიწაზე საგრძნობლად გაუმჯობესდება ცხოვრება (ლუკა 21:36). ახლა ბიბლიიდან გავიგოთ, ღვთის დანაპირების თანახმად, რა პირობები იქნება დედამიწაზე და როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ ადამიანთა ცხოვრება.
ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
„[იესოს] მიეცა ძალაუფლება, დიდება და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ დასრულდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘ 7:14).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მთელ მსოფლიოში ღვთის მიერ ჩამოყალიბებული ერთი ხელისუფლება იმმართველებს, რომლის სათავეშიც ღვთის ძე იქნება. სწორედ ამ ხელისუფლების მმართველობის დროს დატკბებით სიცოცხლით.
ᲙᲐᲠᲒᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ
„არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 33:24).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: არც ავად გახდებით და არც რაიმე ფიზიკური ნაკლი გექნებათ. თქვენ მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგეცემათ.
ᲡᲠᲣᲚᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ
„ის წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 46:9).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: აღარასდროს იარსებებს ომის საფრთხე და აღარ იწვნევთ ომის სავალალო შედეგებს.
ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲐᲘᲕᲡᲔᲑᲐ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲗ
„აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 37:10, 11).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მეტად აღარ იარსებებენ ბოროტი ადამიანები; დედამიწაზე მხოლოდ ისინი იცხოვრებენ, ვისაც ღვთის მორჩილების ძლიერი სურვილი ექნებათ.
ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲘᲥᲪᲔᲕᲐ
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 65:21, 22).
რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მთელი დედამიწა ულამაზეს ადგილად იქცევა. დიახ, ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვას და საბოლოოდ დედამიწაზე მისი ნება შესრულდება! (მათე 6:10).