„გამანადგურებელი აპარატების“ წარმოშობა
„გამანადგურებელი აპარატების“ წარმოშობა
„ადამიანის ბოროტი გონება, ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ნიჭი იმისთვის გამოიყენოს, რომ დაიმონოს, გაანადგუროს და მოატყუოს სხვები“ (ჰორას უოლპოული, მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერალი).
ავიაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის. მიუხედავად ამისა, მართლაც მართლდება ჰორას უოლპოულის მიერ თქმული ზემოხსენებული სიტყვები! ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ადამიანები „ცას დაიპყრობდნენ“, ისინი უკვე მრავალმხრივ ფიქრობდნენ იმაზე, რომ საფრენი აპარატები საომარ იარაღად გამოეყენებინათ.
1670 წელს, ას წელზე მეტი ხნით ადრე, სანამ ადამიანი პირველ მართულ აეროსტატს გამოიგონებდა, იტალიელმა იეზუიტმა ფრანჩესკო ლანამ საფრენი აპარატის გამოგონების შესაძლებლობაზე თქვა: „ღმერთი არასოდეს დაუშვებს ასეთი აპარატის [საჰაერო ხომალდის] შექმნას, რომ მან არ მოიტანოს ცუდი შედეგები, რაც შეაშფოთებდა როგორც ხალხს, ისე სახელმწიფოს“. ის წინასწარ მიხვდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას და დაამატა: „განა რთული მისახვედრია, რომ არც ერთი ქალაქი არ იქნება დაცული მოულოდნელი თავდასხმებისგან, რადგან საჰაერო ხომალდი შეიძლება ნებისმიერ წუთს გამოჩნდეს ქალაქის ბაზრის ტერიტორიის თავზე და ეკიპაჟი გადმოსხას? იგივე შეიძლება მოხდეს საკუთარი სახლების ეზოებსა და ზღვაში გასულ გემებზე . . . მას [საჰაერო ხომალდს] შეუძლია მიწაზე დაუჯდომლად სტყორცნოს რკინის ნაჭრები ხომალდებს, გადააბრუნოს ისინი, დახოცოს ადამიანები და ჭურვებითა და ბომბებით გადაბუგოს გემები“.
მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც ცხელი ჰაერითა და წყალბადით სავსე აეროსტატი გამოიგონეს, უოლპოული შიშობდა, რომ ის სწრაფად იქცეოდა „კაცობრიობის გამანადგურებელ აპარატად“. 1794 წლის ბოლოსთვის საფრანგეთის არმიის გენერლები აეროსტატებს (რომლებიც წყალბადით იყო სავსე) იყენებდნენ მტრის დასაზვერად და ჯარის გადასაადგილებლად. აეროსტატები აგრეთვე გამოიყენეს ამერიკის სამოქალაქო ომში და 1870—1871 წლებში საფრანგეთ-პრუსიის კონფლიქტის დროს. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ამერიკა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ინტენსიურად იყენებდნენ აეროსტატებს დაზვერვის მიზნით.
აეროსტატი სიკვდილის იარაღად იქცა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც იაპონიამ ბომბებით სავსე 9 000 არამართული აეროსტატი გაუშვა შეერთებული შტატების მიმართულებით. ფეთქებადი ნივთიერებით სავსე 280-ზე მეტმა აეროსტატმა ჩრდილოეთ ამერიკამდე ჩააღწია.
საჰაერო სამხედრო ხომალდის გამოჩენა
თვითმფრინავი თავიდანვე საბრძოლო აპარატად მიიჩნიეს. 1907 წელს ალეგზანდერ გრეიამ ბელმა თქვა: „ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ახლოს დგას ამერიკა იმ საკითხის გადაჭრასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში უდიდეს ცვლილებას მოახდენს ომის წარმოებაზე — მე ვგულისხმობ საჰაერო სამხედრო ხომალდის შექმნას. იმავე წელს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ დაიბეჭდა აერონავტის, კაპიტან ტომას ლოველასის სიტყვები: „2—5 წელიწადში ყველა დიდ სახელმწიფოს ეყოლება სამხედრო დირიჟაბლი და დირიჟაბლის
გამანადგურებელი, ისევე როგორც დღეს ჰყავთ ტორპედოს კატერები და ტორპოდოს კატერების გამანადგურებლები“.ზუსტად სამი თვის შემდეგ ძმებმა რაიტებმა ხელშეკრულება დადეს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ არმიასთან, რომ შეექმნათ პირველი სამხედრო თვითმფრინავი. 1908 წლის 13 სექტემბრის „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ახსნილი იყო, თუ რატომ იყო არმია დაინტერესებული ასეთი თვითმფრინავის შექმნით: „თვითმფრინავიდან ჩამოგდებული ჭურვები სამხედრო-საზღვაო ხომალდის საკვამურში ჩაიყრება, საიდანაც ის მთელ მექანიზმს დააზიანებს და ამის შედეგად ხომალდის ბოილერები აფეთქდება“.
ბელის სიტყვები გამართლდა. თვითმფრინავის გამოგონებამ „მთელ მსოფლიოში გარდატეხა მოახდინა ომის წარმოებაში“. 1915 წლისთვის საფრენი აპარატების მწარმოებლებმა გამოიგონეს ტყვიამფრქვევი, რომელიც პროპელერის ფრთებს შორის არსებული ხვრელებიდან ისროდა. თვითმფრინავ-გამანადგურებლებს მალე ბომბდამშენებიც დაემატა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომისთვის უფრო დიდი და უფრო მძლავრი გახდა. 1945 წლის 6 აგვისტოს ბომბდამშენმა B-29-მ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული ომში. ქალაქი მიწასთან გასწორდა. ბომბმა მთლიანობაში დაახლოებით 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მანამდე სულ რაღაც ორი წლით ადრე, 1943 წელს, ორვილ რაიტმა პირად საუბარში წუხილი გამოთქვა თვითმფრინავის გამოგონების გამო. როგორც მან აღნიშნა, ორივე მსოფლიო ომში ეს გამოგონება მართლაც საშინელ იარაღად იქცა. იმ დროიდან მოყოლებული უფრო და უფრო რთული მართული რაკეტების გამოგონება კიდევ უფრო ზრდის მათ მომაკვდინებელ პოტენციალს, რადგან „ერი ერის წინააღმდეგ“ მიდის და ერთმანეთთან საბრძოლველად ისინი ამ საშინელ იარაღს იყენებენ (მათე 24:7).
[სურათები 22, 23 გვერდებზე]
1. ბომბის გადამტანი არამართული აეროსტატი
2. გადამღობი აეროსტატი
[საავტორო უფლება]
Library of Congress, Prints & Photographs Division, FSA/OWI Collection, LC-USE6-D-004722
3. B-29 ტიპის ზემძლავრი ბომბდამშენი
[საავტორო უფლება]
USAF photo
4. გამანადგურებელ- ბომბდამშენი F/A-18C Hornet
5. „სტელსის“ ტიპის გამანადგურებელი F-177A
[საავტორო უფლება]
U.S. Department of Defense