რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ „აშკარაა“, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს, რაზეც „შეიძლება დანამდვილებით ითქვას“, რომ ადამიანია პასუხისმგებელი (INTERGOVERNMENTAL PANEL ON CLIMATE CHANGE (IPCC), შვეიცარია).
▪ გერმანიაში 1,4 მილიონიდან 1,9 მილიონამდე ადამიანი „წამლებზეა დამოკიდებული“. ამან იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ეს შეიძლება შევადაროთ იმ პრობლემას, რასაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება იწვევს (TAGESSCHAU, გერმანია).
▪ დიდ ბრიტანეთში ერთ წლამდე ასაკის ბავშვები მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთა მოკვლის რისკი, როგორც ჩანს, ყველაზე მაღალია (დიდ ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“).
▪ შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის არსებული საზღვრის ნაწილი ისეა ბალახებში ჩაფლული, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს „უჭირთ იმის გარჩევა, თუ სად არის საზღვარი“. „თუ მისი პოვნა შეუძლებელია, მის გაკონტროლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“, — ამბობს დენის შორნაკი, საზღვრის საერთაშორისო კომისიის წარმომადგენელი (აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“-ი).
სხეულს საკუთარი თავის განკურნების უნარი აქვს
„ადამიანის ორგანიზმს აქვს იმის უნარი, რომ თავად განკურნოს საკუთარი თავი დაავადებათა 60—70 პროცენტისგან“, — ამბობს ესენის (გერმანია) მაღაროს საავადმყოფოს მთავარი კონსულტანტი, პროფესორი გუსტავ დობოსი. როგორც ამბობენ, ორგანიზმი წარმოქმნის დაახლოებით 30—40 „მედიკამენტს“, მაგალითად, კორტიზონს და ისეთ ნივთიერებებს, რაც ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას. მეცნიერებს გარკვეულწილად ესმით, თუ რა პროცესების წყალობით ხდება ორგანიზმის ბუნებრივად განკურნება, მაგრამ მათთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მათი აზრით ორგანიზმის ბუნებრივად განკურნებას ხელს უწყობს „ჰორმონების რთული ურთიერთქმედება, იმუნური სისტემის მოქმედება და კილერების ფუნქციონირება. გარდა ამისა, ემოციებიც და განწყობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამაში“, — ნათქვამია ერთ-ერთ გაზეთში (Vital). მაგრამ, ამავე გაზეთში შემდეგ აღნიშნულია, რომ ხანგრძლივ სტრესსა და პირად პრობლემებს შეუძლია „იმუნური სისტემა საგრძნობლად დაასუსტოს“.
როგორ არის განაწილებული მსოფლიო სიმდიდრე?
«მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების 1 პროცენტი პლანეტის სიმდიდრის 40 პროცენტს ფლობს, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „გარდიანი“. — ამ მდიდრებიდან უმრავლესობა ახორციელებს ინვესტიციებს და ინტერნეტ-ბიზნესს ეწევა», — ნათქვამია ამავე გაზეთში. გაეროს მონაცემების თანახმად ყველაზე მდიდარი ადამიანების 37 პროცენტი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 27 პროცენტი — იაპონიაში და 6 პროცენტი — დიდ ბრიტანეთში. დედამიწის მოსახლეობის ღარიბთა 50 პროცენტი მსოფლიო სიმდიდრის მხოლოდ 1 პროცენტს ფლობს. ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ხელმძღვანელმა დუნკან გრინმა აღნიშნა, რომ „ასეთი უთანასწორობა შემაძრწუნებელია . . . შეუძლებელია გამართლება მოუძებნო იმას, რომ ასე ცოტა ადამიანი ამდენ სიმდიდრეს ფლობს, მაშინ როცა 800 მილიონი ყოველდღე მშიერი იძინებს“ (Oxford Committee for Famine Relief).
გენდერული შეფარდება ჩინეთში
2005 წელს ჩინეთში ყოველი 218 ახალშობილიდან 118 ბიჭი იყო. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში „ბიჭების რიცხვმა 130-ს მიაღწია, გოგონების რიცხვი კი უცვლელი დარჩა“, — ნათქვამია გაზეთ „ჩაინა დეილიში“. ასეთი შეფარდების მიზეზი ის არის, რომ მომავალი დედები აბორტს იკეთებენ, როცა იგებენ, რომ გოგო ეყოლებათ. ოფიციალური პირების აზრით, ეს გამოწვეულია ოჯახის დაგეგმარების პოლიტიკით, რადგან უმეტეს ქალაქებში მცხოვრებ წყვილებს ეკრძალებათ ერთ შვილზე მეტის ყოლა. „2020 წლისთვის საქორწინო ასაკის მამაკაცების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონით მეტი იქნება ქალების რაოდენობაზე“, — ნათქვამია ზემოაღნიშნულ გაზეთში. ასეთი უთანასწორობა კი „გავლენას მოახდენს სოციალურ სტაბილურობაზე“.