არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

„როცა დედა დამეღუპა, მარტოობას და სიცარიელეს ვგრძნობდი. ის ჩვენი ოჯახის ბურჯი იყო“ (კარინი). *

მშობლის სიკვდილი ძალიან მწარეა. ერთია, რომ საშინელი ტკივილი გტანჯავს, და ამას ისიც ემატება, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც გინდოდა, რომ ყოფილიყო.

შეიძლება ფიქრობდი, რომ, როცა სკოლას დაამთავრებდი ან ოჯახს შექმნიდი, მშობელი გვერდით გეყოლებოდა და შენს სიხარულს გაიზიარებდა. მაგრამ შენი მოლოდინი არ გამართლდა. ახლა იმედგაცრუებული, გულგატეხილი და გაღიზიანებული ხარ. როგორ შეგიძლია, მოერიო მშობლის სიკვდილით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს?

„ნორმალურია, რასაც ვგრძნობ?“

როცა მშობელი გიკვდება, საშინელი რეალობის წინაშე დგები. ამ დროს სხვადასხვა, შეიძლება შენთვის აქამდე უცხო გრძნობა გეუფლება. ბრაიანი 13 წლის იყო, როცა მამა ინფარქტით დაეღუპა. ის იხსენებს: „იმ საღამოს ყველანი ვტიროდით და ერთმანეთს ვეხვეოდით“. ნატალი, რომელიც 10 წლის იყო, როცა მამა კიბოთი დაეღუპა, ამბობს: „გაოგნებული ვიყავი და არ ვიცოდი, რა მექნა“.

სიკვდილზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „თითოეულმა იცის თავისი უბედურება და ტკივილი“ (2 მატიანე 6:29). დაფიქრდი, შენზე როგორ იმოქმედა მშობლის სიკვდილმა. ქვემოთ დაწერე: 1) რა იგრძენი, როცა მშობლის სიკვდილის შესახებ გაიგე, 2) და რას გრძნობ დღეს. *

1․․․․․

2․․․․․

შენს პასუხებში შეიძლება დაინახო, რომ მეტ-ნაკლებად მოერიე უარყოფით გრძნობებს. ეს სრულიად ნორმალურია და იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი დაგავიწყდა. შეიძლება პასუხებმა დაგანახვოს, რომ იმავეს გრძნობ ან კიდევ უფრო გაგიმძაფრდა განცდები. შეიძლება გრძნობები ტალღებივით მიდის და მოდის, ზოგჯერ კი მოულოდნელად მთელი სიმძაფრით გატყდება თავს. მსგავსი რამ ნორმალურია, თუნდაც მშობლის სიკვდილიდან საკმაო დრო იყოს გასული. მაგრამ კითხვა კითხვადვე რჩება: როგორ უნდა გაუმკლავდე ტკივილს, როგორიც არ უნდა იყოს ის?

გამოსავალი

ნუ შეიკავებ ცრემლებს! ტირილი ტკივილს შეგიმსუბუქებს. მაგრამ, შეიძლება ისეთი გრძნობები დაგეუფლოს, როგორიც ალისიას ჰქონდა, რომელიც 19 წლის იყო, როცა დედა დაეღუპა. ის იხსენებს: „მეგონა, თუ გრძნობებს გასაქანს მივცემდი, სხვები იფიქრებდნენ, რომ რწმენა მაკლდა“. მაგრამ იესოც კი აცრემლდა, როცა მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულყოფილი იყო და ღვთისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა (იოანე 11:35). ასე რომ, ცრემლების ნუ მოგერიდება. თუ ტირი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა გაკლია. ალისია ამბობს: „ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ბევრი ვიტირე. ყოველდღე ვტიროდი“. *

დანაშაულის გრძნობას გულში ნუ ჩაიტოვებ. „ყოველთვის ავდიოდი დედასთან მეორე სართულზე და ძილის წინ ვკოცნიდი, — ამბობს კარინი, რომელიც 13 წლის იყო, დედა რომ მოუკვდა. — მხოლოდ ერთხელ არ ავედი დედასთან და მეორე დილით ის დაიღუპა. შეიძლება ვცდები, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იმ საღამოს დედასთან რომ არ ავედი. სინდისი სხვა რამის გამოც მაწუხებს. მამაჩემი მივლინებაში წავიდა და მე და ჩემს დას გვთხოვა, დედისთვის მიგვეხედა. მაგრამ ჩვენ გვიანობამდე გვეძინა. როცა დედასთან საძინებელში შევედი, ის აღარ სუნთქავდა. თავზარი დამეცა, რადგან მამის წასვლამდე ის კარგად იყო“.

კარინის მსგავსად შეიძლება შენც იდანაშაულებ თავს იმის გამო, რომ რაღაც არ გააკეთე ან თავს იტანჯავ იმაზე ფიქრით, რომ შეგეძლო სხვანაირად მოქცეულიყავი. შესაძლოა ფიქრობ: „ნეტავ, მამა ექიმთან წამეყვანა“, „ნეტავ, დედისთვის დროზე მიმექცია ყურადღება“. თუ ასეთი ფიქრები სულს გიშფოთებს, გახსოვდეს: სავსებით ნორმალურია წუხდე იმის გამო, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე, როგორც გინდოდა. ფაქტია, წინასწარ რომ გცოდნოდა, რა მოხდებოდა, სხვანაირად მოიქცეოდი. მაგრამ ჩვენ ბევრი რამის წინასწარ განსაზღვრა არ შეგვიძლია. ამიტომ დანაშაულის გრძნობას გული არ დაამძიმებინო. შენ დამნაშავე არა ხარ მშობლის სიკვდილში! *

საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები. იგავების 12:25-ში ნათქვამია: „კეთილი სიტყვა გულს ახალისებს“. თუ დარდს გულში ჩაიკლავ, გაგიჭირდება მწუხარებასთან გამკლავება. მაგრამ, თუ გრძნობებს ახლობელ ადამიანს გაუზიარებ, შენც მოისმენ კეთილ სიტყვებს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება. შეიძლება შენთვისაც პრაქტიკული აღმოჩნდეს ქვემოთ მოცემული რჩევები.

ესაუბრე მეორე მშობელს. ალბათ, არც შენი მშობლისთვისაა ადვილი მეუღლის დაკარგვა, მაგრამ მას შენი დახმარების სურვილი მაინც ექნება. გული გადაუშალე მას. ასეთი საუბრები ტკივილს შეგიმსუბუქებს და უფრო მეტად დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

თუ საუბრის დაწყება გიჭირს, ფურცელზე დაწერე ორი ან სამი საკითხი, რაც დაღუპული მშობლის შესახებ გაინტერესებს და ერთ-ერთ მათგანზე ესაუბრე მეორე მშობელს. *

․․․․․

ესაუბრე მეგობრებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნამდვილი მეგობარი „გასაჭირისთვის [არის] დაბადებული“ (იგავები 17:17). „ყველაზე ნაკლებად ვისგანაც ელი დახმარებას, გასაჭირში შეიძლება ყველაზე მეტად ის დაგეხმაროს. ასე რომ, არ მოგერიდოს ლაპარაკი“, — ამბობს ალისია. შეიძლება საუბარი ორივეს გაგიჭირდეთ, რადგან ამ დროს ძნელია შესაფერისი სიტყვების პოვნა. მაგრამ საბოლოო ჯამში სხვებთან საუბარი ტკივილს შეგიმსუბუქებს. დეივიდი 9 წლის იყო, როცა მამა გულის შეტევით დაეღუპა. ის იხსენებს: „გრძნობებს გულში ვიკლავდი. სხვებთან რომ მესაუბრა, ტკივილს უფრო ადვილად გავუმკლავდებოდი“.

ესაუბრე ღმერთს. გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს, თუ ლოცვაში გულს გადმოუღვრი იეჰოვა ღმერთს (ფსალმუნი 62:8). მხოლოდ იმიტომ არ უნდა ილოცო, რომ თავი კარგად იგრძნო. უნდა გახსოვდეს, რომ ლოცვისას შენ უახლოვდები „ყოველგვარი ნუგეშის მამას, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).

ერთი საშუალება, რითაც ღმერთი გვანუგეშებს, წმინდა სულია. მას შეუძლია მოგცეს ძალა, რომელიც „ჩვეულებრივს აღემატება“, რაც ტკივილს დაგიამებს (2 კორინთელები 4:7). ღმერთი აგრეთვე „წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით“ გვანუგეშებს (რომაელები 15:4). ასე რომ, სთხოვე ღმერთს წმინდა სული და გამოყავი დრო ბიბლიაში ჩაწერილი გამამხნევებელი აზრების წასაკითხად (2 თესალონიკელები 2:16, 17). შეგიძლია ამოწერო და თან გქონდეს ის მუხლები, რომლებიც მალამოდ ედება შენს გულს. *

მალე ტკივილი აღარ იქნება

ტკივილი ერთ დღეში არ ქრება. „შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით ყველაფრის დავიწყება, — ამბობს ბრიენი, რომელსაც 16 წლისას დაეღუპა დედა. — ბევრჯერ ტირილშიც ჩამძინებია. ვცდილობ, ვიფიქრო იეჰოვას დანაპირებზე, როცა ღმერთი სამოთხეში დედას შემახვედრებს“.

ბიბლია გვარწმუნებს, რომ სამოთხეში, რომელზეც ბრიენი საუბრობდა, „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4). ამ იმედზე ფიქრი, შენც მოგცემს ძალებს, რომ გაუმკლავდე მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 8 თუ ახლა გიმძიმს გრძნობების ფურცელზე გადმოტანა, ამის გაკეთება მოგვიანებით სცადე.

^ აბზ. 13 ნუ იფიქრებ, რომ ტირილი აუცილებელია მწუხარების გამოსახატად. ადამიანები სხვადასხვანაირად გამოხატავენ ტკივილს. ერთი რამ უნდა გახსოვდეს: თუ ცრემლები მოგადგება, ესე იგი „ტირილის დრო“ ყოფილა (ეკლესიასტე 3:4).

^ აბზ. 15 თუ ასეთი ფიქრები გტანჯავს, გრძნობები შენს მშობელს ან სხვა უფროს მეგობარს გაუზიარე. დროთა განმავლობაში შეძლებ, რომ სხვა თვალით შეხედო ყველაფერს.

^ აბზ. 18 თუ მარტოხელა მშობელი გზრდიდა ან მეორე მშობელთან არ გაქვს კავშირი, შეგიძლია რომელიმე მოწიფულ ადამიანს დაელაპარაკო.

^ აბზ. 22 შეიძლება შენთვის მანუგეშებელი იყოს შემდეგი მუხლები: ფსალმუნის 34:18; 102:17; 147:3; ესაიას 25:8; იოანეს 5:28, 29.

დაფიქრდი

▪ ამ სტატიაში მოცემულ რომელ რჩევებს გამოიყენებ? ․․․․․

▪ დაწერე რამდენიმე მუხლი, რომლებიც მწუხარებისას განუგეშებს. ․․․․․

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ტირილისგან თავი არ შეუკავებიათ:

აბრაამს (დაბადება 23:2)

იოსებს (დაბადება 50:1)

დავითს (2 სამუელი 1:11, 12; 18:33)

მარიამს, ლაზარეს დას (იოანე 11:32, 33)

იესოს (იოანე 11:35)

მარიამ მაგდალელს (იოანე 20:11)

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

აწარმოე დღიური

მშობლის სიკვდილით გამოწვეული მწუხარების დაძლევაში ძალიან დაგეხმარება გრძნობების ქაღალდზე გადმოტანა. შეგიძლია ბევრი რამ დაწერო, მაგალითად:

▪ სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც შენს მშობელს უკავშირდება.

▪ რისი თქმა გინდოდა მისთვის, სანამ ცოცხალი იყო.

▪ წარმოიდგინე, რომ გყავს უმცროსი და ან ძმა, რომელიც მშობლის სიკვდილის გამო თავს იდანაშაულებს. დაწერე, როგორ ანუგეშებდი მას. ეს შენც დაგეხმარება, რომ არ დაიდანაშაულო თავი.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

რჩევები მშობლისთვის

მეუღლის დაღუპვა ძალიან მტკივნეული და მძიმე ასატანია. და მაინც, ამ დროს თქვენს შვილს ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი დახმარება. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს მწუხარების გადატანაში ისე, რომ საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ?

არ დამალოთ გრძნობები. შვილი ბევრ რამეს სწავლობს მშობლისგან. ამ მხრივ, არც დარდთან გამკლავება იქნება გამონაკლისი. ნუ მოაჩვენებთ შვილს თავს ისე, თითქოს ძალიან არ განიცდით მეუღლის სიკვდილს. ასეთნაირად, შვილს მხოლოდ იმას ასწავლით, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს. თუ თქვენს გრძნობებს არ დამალავთ, ის დაინახავს, რომ დარდის გულში ჩაკვლას ჯობია მისი გამოხატვა და აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ადამიანი ამ დროს დადარდიანებული, იმედგაცრუებული და გაღიზიანებულია.

დაეხმარეთ შვილს, რომ გული გადაგიშალოთ. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეეცადეთ, რომ თქვენმა შვილმა გაგიზიაროთ თავისი გულისნადები. თუ მას ამის სურვილს ვერ ატყობთ, შეგიძლიათ ეს სტატია მასთან ერთად განიხილოთ. მასთან ერთად გაიხსენეთ ის სასიამოვნო შემთხვევებიც, რომლებიც თქვენს დაღუპულ მეუღლესთან გაკავშირებთ. უთხარით, რომ არც თქვენთვის არის ადვილი ამ დანაკლისთან შეგუება. თუ თქვენი შვილი დაინახავს, რომ თავისუფლად ლაპარაკობთ თქვენს გრძნობებზე, ისიც ასე მოიქცევა.

მეტისმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. უდავოა, ამ მძიმე წუთებში გინდათ, შვილს მხარში ამოუდგეთ. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ საყვარელი მეუღლის სიკვდილი თქვენთვისაც არანაკლები დარტყმა იყო. ალბათ, ემოციურად და ფიზიკურად, თქვენც ძალაგამოცლილი ხართ (იგავები 24:10). ამიტომ, შეიძლება აჯობოს, რომ დახმარება სთხოვოთ ოჯახის სხვა წევრებს ან მეგობრებს. ამის გაკეთება მართლაც გონივრულია, რადგან იგავების 11:2-ში წერია: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“.

მაგრამ საუკეთესო დახმარებას მაინც იეჰოვა ღმერთი გაგიწევთ, რომელიც თავის მიმდევრებს ჰპირდება: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13).

[სურათი 11 გვერდზე]

მწუხარება ზოგჯერ ტალღასავით მოულოდნელად, მთელი სიმძაფრით გატყდება თავს