არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი პირველი

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი პირველი

ბედნიერი ოჯახების მაგალითები — ნაწილი პირველი

როგორც ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ამ სპეციალური ნომრიდან დაინახეთ, ბედნიერ ოჯახებსაც აქვთ პრობლემები და ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენ, როგორც ბიბლია ამბობს, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ყველა ოჯახში ესა თუ ის პრობლემა აუცილებლად იჩენს თავს.

ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება იდეალურ პირობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ოჯახები, რომლებიც სულიერს ეწაფებიან და ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობენ, მძიმე პირობების მიუხედავად, ბედნიერები არიან. განვიხილოთ ზოგი მაგალითი.

ინვალიდი შვილი. ბიბლიის თანახმად, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მეტადრე მათზე, ვინც ამას განსაკუთრებით საჭიროებს, უაღრესად მნიშვნელოვანია. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).

ამ ჟურნალის მე-15 გვერდზე სამხრეთ აფრიკელი ვიქტორი გვიამბობს, როგორ ზრუნავენ ის და მისი მეუღლე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინვალიდ შვილზე.

ნაშვილების განცდები. ბიბლიური პრინციპები ეხმარება ადამიანს, ჰქონდეს ღირსების გრძნობა მაშინაც კი, თუ მშობლებმა მიატოვეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთი უმამო ბავშვის შემწეა (ფსალმუნი 10:14).

მე-16 გვერდზე ამერიკელი ახალგაზრდა ქალი კენიატა გვიზიარებს, მშობლებისგან მიტოვებული, როგორ მოერია ემოციურ ტკივილს.

მშობლის სიკვდილი. დედის ან მამის სიკვდილი შეიძლება მოუშუშებელ ჭრილობად დარჩეს. მაგრამ ბიბლიას ამ მხრივაც შეუძლია დახმარება. მისი ავტორი, იეჰოვა „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3).

მე-17 გვერდზე ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალი ანჯელა გვიამბობს, როგორ აატანინა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობამ მამის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.

როგორც ვხედავთ, ყველა ოჯახს უწევს ამა თუ იმ სირთულესთან ჭიდილი. მომდევნო გვერდებზე მოცემული ქრისტიანების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ მათ აპოვნინა გასაღები, რომლის წყალობითაც არაერთ პრობლემას ართმევენ თავს.

[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

ინვალიდი შვილი

მოგვითხრო ვიქტორ მეინსმა (სამხრეთი აფრიკა)

„ენდრუ დაბადებიდან ჩვენზეა დამოკიდებული; ჩვენ მას ვაცმევთ, ვბანთ და ზოგჯერ ვაჭმევთ კიდეც. ახლა ის 44 წლისაა“.

ენდრუს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დავეჭვდით, რომ მას რაღაც სჭირდა, რადგან ფეხი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ადგმული. ერთხელაც მას კრუნჩხვა დაემართა და საავადმყოფოში გავაქანეთ. იქ გვითხრეს, რომ ეპილეფსია ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ენდრუ გონებრივად არ ვითარდებოდა.

არაერთი მკურნალობის მეთოდის მოსინჯვის შემდეგ შევძელით ეპილეფსიური შეტევის გაკონტროლება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ენდრუს დღეში სამჯერ ოთხ სხვადასხვა მედიკამენტს ვაძლევდით. ცხადია, გონებრივ ჩამორჩენილობას ვერანაირი წამალი ვერ შველის. ენდრუ უკვე 44 წლისაა, მაგრამ ხუთი-ექვსი წლის ბაშვივით აზროვნებს.

ექიმებმა გვირჩიეს, ენდრუ სპეციალურ დაწესებულებაში გადაგვეყანა. ჩვენ მისი ოჯახში დატოვება ვარჩიეთ, რადგან შესაძლებლობა გვქონდა, მისთვის სათანადო ყურადღება მიგვექცია, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ სირთულეებს ვერ გავექცეოდით.

ენდრუზე ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს; ჩვენი ორი ქალიშვილი და ვაჟი დიდ დახმარებას გვიწევენ, რისთვისაც ძალიან ვემადლიერები. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ და კრების წევრების მხრიდანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ისინი ზოგჯერ საჭმელს გვიმზადებენ და ენდრუსთანაც კი რჩებიან, როცა საქადაგებლად მივდივართ ან სხვა საქმეებს ვაკეთებთ.

არასდროს გვავიწყდება ესაიას 33:24-ში ჩაწერილი ღვთის დანაპირები, რომ ერთ მშვენიერ დღეს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. ღრმად გვწამს, რომ ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას და დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, სადაც ყოველგვარი ავადმყოფობის კვალი გაქრება (2 პეტრე 3:13). მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ენდრუ გამოჯანმრთელდება. დარწმუნებული ვართ იესოს სიტყვებში, რომ თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ ღვთის სამეფოს, სხვა დანარჩენი შეგვემატება (მათე 6:33). ღმერთი მართლაც ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება; მისი შეწევნით არასდროს არაფერი მოგვკლებია.

მართალია, ყველას არ შეუძლია, სახლში მოუაროს ინვალიდ ოჯახის წევრს, მაგრამ მათ, ვინც ამას აკეთებს, ვურჩევდი: პირველი, გამუდმებით და მხურვალედ ილოცონ (1 პეტრე 5:6, 7). მეორე: რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გამოავლინონ ინვალიდი შვილის მიმართ და ნურასდროს იფიქრებენ, რომ ის ვერ შეძლებს იეჰოვას შეყვარებას (ეფესოელები 6:4). მესამე: ოჯახის ყველა წევრი დაიხმარონ. და მეოთხე: ახსოვდეთ, რომ ბავშვი სიყვარულს ყველაზე მეტად ოჯახში უნდა გრძნობდეს. ცხადია, ყველას მდგომარეობა ერთნაირი არ არის, თუმცა ჩვენ არასდროს გვინანია, რომ ენდრუს სახლში დატოვება ვარჩიეთ. ჩემთვის ენდრუ არის ყველაზე საყვარელი შვილი — ყველაზე კარგი კაცი.

[ჩარჩო⁄სურათები 16 გვერდზე]

ნაშვილების განცდები

მოგვითხრო კენიატა იანგმა (აშშ)

„თუ გერი ხარ, ერთი ღვიძლი მშობელი მაინც გყავს, მაგრამ თუ ნაშვილები ხარ, არაფერი გაკავშირებს მშობლებთან; ისიც კი არ იცი, შენი ნამდვილი ოჯახის რომელ წევრს ჰგავხარ“.

წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის მამაჩემი, და არც ის ვიცი, ვინ გამაჩინა. დედაჩემი ჩემზე ორსულად რომ იყო, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს იღებდა. დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში მოვხვდი და ორ წლამდე, სანამ გამაშვილებდნენ, არაერთი ბავშვთა სახლი გამოვიცვალე.

მამობილისგან გავიგე, რომ როგორც კი ჩემი სურათი უნახავს, მაშინვე გადაუწყვეტია ჩემი შვილება. რაც შეეხება დედობილს, დანახვისთანავე მომეწონა, მაშინვე დედათი მივმართე და ვუთხარი, რომ მინდოდა, სახლში გავყოლოდი.

ბავშვობაში ყოველთვის იმის შიში მქონდა, რომ თუ ცუდად მოვიქცეოდი, მაშინვე ბავშვთა სახლში დამაბრუნებდნენ. ვფიქრობდი, რომ არ მქონდა ცუდ ხასიათზე ყოფნის, ან სხვა ბავშვებივით, ავად გახდომის უფლება; იმასაც კი ვცდილობდი, რომ არ გავცივებულიყავი. მშობლები თავიანთ სიყვარულში მარწმუნებდნენ და მპირდებოდნენ, რომ არ მიმატოვებდნენ.

ახლაც კი, ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ თითქოს მე ისე არ მაფასებენ, როგორც ნამდვილი მშობლების გაზრდილ შვილებს. როგორც კი მოვერევი ხოლმე ამ გრძნობებს, ვიღაც მეუბნება: „შენ ძალიან მადლიერი უნდა იყო ასეთი კარგი მშობლებისთვის, რომლებმაც გიშვილეს!“ მე მადლიერი ვარ, მაგრამ ასეთი სიტყვები იმას მაფიქრებინებს, რომ არ ვვარგივარ და ვიღაცას დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება ჩემი შეყვარება.

მიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი ნამდვილი მამის ვინაობას ვერასდროს გავიგებ. ზოგჯერ გული მტკივა იმის გამო, რომ დედაჩემმა არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ მივეტოვებინე, თითქოს არც კი ღირდა ჩემთვის ბრძოლა. მაგრამ ზოგჯერ სიბრალულსაც ვგრძნობ მის მიმართ. ხშირად მიფიქრია: თუ ოდესმე შევხვდები, მინდა ვუთხრა, რომ ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემ გამო დამნაშავედ იგრძნოს თავი.

ჩემი დედობილ-მამობილი იეჰოვას მოწმეები არიან. მათგან მიღებული ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი ბიბლიური ცოდნაა. ყოველთვის მანუგეშებს ფსალმუნის 27:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“. ჩემ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა. ბევრ დადებითს ვხედავ, მაგალითად, მოხიბლული ვარ ადამიანებით, მათი წარმომავლობითა და ცხოვრების წესით, ალბათ, იმიტომ, რომ არაფერი ვიცი საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მე მიყვარს ადამიანები, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ქრისტიანულ მსახურებაში. ღირსების გრძნობას მიმაღლებს და ჩემს ცხოვრებას აზრს სძენს იეჰოვას შესახებ სხვებთან საუბარი. როცა სევდა მომეძალება, სახლიდან გავდივარ და სხვებს ვეხმარები. როცა სხვებს ბიბლიას ვასწავლი, ვხვდები, რომ შემძლებია ადამიანებთან ურთიერთობა. ყველას თავისი საინტერესო ისტორია აქვს.

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

მშობლის სიკვდილი

„მამა რომ დამეღუპა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს საყრდენი გამომეცალა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ და ყოველმხრივ მეხმარებოდა“.

მოგვითხრო ანჯელა რეტჯერზმა (ავსტრალია)

მამა ათი წლის წინ დამეღუპა, როცა მოზარდი ვიყავი. სიკვდილამდე ექვსი თვით ადრე ოპერაცია გაიკეთა. მამა ჯერ კიდევ რეანიმაციაში იყო, როცა ექიმი მოვიდა და გვითხრა, რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. სასოწარკვეთილი დედაჩემი სულმოუთქმელად ელოდა, კიდევ რას იტყოდა ექიმი. ჩემმა ძმამ გონება დაკარგა, ჩემს გულში კი ცეცხლი ტრიალებდა. ექვსი თვის შემდეგ მამა ხელიდან გამოგვეცალა.

ვერ აღგიწერთ, რა რთული პერიოდი გამოვიარე. გაურკვევლობაში ვიყავი — ერთი მხრივ, მინდოდა, ჩემს მეგობრებს სცოდნოდათ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ შევცოდებოდი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი განცდები დამემალა. მეორე მხრივ, ვფიქრობდი, თუ მათთან ერთად გავერთობოდი, იფიქრებდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იყო. მხოლოდ ახლა ვხვდები, რამდენს მითმენდნენ ჩემი მეგობრები.

ყველაფერთან ერთად დანაშაულის გრძნობაც მოსვენებას მიკარგავს. ვნანობ, რომ ხშირად არ ვეუბნებოდი მამას, როგორ მიყვარდა. ნეტავ, ხშირად ჩავხუტებოდი, ან ერთად მეტი დრო გვეტარებინა. არაერთხელ ვცადე თავი დამერწმუნებინა, რომ მამას არ ენდომებოდა, ასე მეფიქრა, მაგრამ ამაოდ.

მე იეჰოვას მოწმე ვარ და ძალიან მანუგეშებს ბიბლიაში ჩაწერილი დაპირება მკვდრეთით აღდგომის შესახებ (იოანე 5:28, 29). ვცდილობ, წარმოვიდგინო, რომ მამაჩემი საზღვარგარეთ გაემგზავრა, და ერთ მშვენიერ დღესაც სახლში დაბრუნდება, მაგრამ როდის, ზუსტად არ ვიცი. თავიდან არ მანუგეშებდა, როცა მეუბნებოდნენ, მამაშენი აღდგებაო; მინდოდა, მამაჩემი იმ დღესვე მენახა ცოცხალი. მაგრამ საზღვარგარეთ გამგზავრების მაგალითმა დანაკლისით განცდილი ტკივილი შემიმსუბუქა.

თანაქრისტიანებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მახსოვს, ერთმა მითხრა, რომ ძალიან ეუხერხულებოდა მამის სიკვდილზე საუბარი, მაგრამ ისიც მითხრა, რომ მე და ჩემი ოჯახი მისი საფიქრალი ვიყავით. მისი ნათქვამი გულში ჩამრჩა და მაშინ, როცა არავინ არაფერს მეუბნებოდა, ვიცოდი, რომ ჩვენზე ფიქრობდნენ. რომ იცოდეთ, ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავდა!

მამის დაღუპვიდან ოთხი თვის შემდეგ დედა მსახურებაში გააქტიურდა; ვხედავდი, რამხელა სიხარულს ანიჭებდა ეს საქმე. მალე მეც შევუერთდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიმსუბუქებს მდგომარეობას, როცა სხვებს ვეხმარები! ამან იეჰოვას დაპირებების მიმართ რწმენა განმიმტკიცა და დღესაც მეხმარება, რომ საწუხარმა არ მშთანთქას და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიფიქრო.