არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები მარტოხელა მშობლებს

რჩევები მარტოხელა მშობლებს

რჩევები მარტოხელა მშობლებს

მსოფლიოში დღითი დღე მატულობს მარტოხელა მშობლების რიცხვი. მაგალითად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 13 მილიონზე მეტი მარტოხელა მშობელია, რომელთაგან უმეტესობა ქალია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების ნახევარს ადრე თუ გვიან ერთ მშობელთან მოუწევს ცხოვრება.

თუ მარტოხელა მშობელი ხართ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ოჯახი განწირულია. სცადეთ და გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები.

მოერიდეთ უარყოფით ლაპარაკს. ბიბლია გვეუბნება: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15). შეიძლება დალხენილი ცხოვრება არ გაქვთ, მაგრამ როგორც ამ მუხლიდან ჩანს, გული ამხიარულებს ადამიანს და არა გარემოება (იგავები 17:22). კარგს არაფერს მოგიტანთ იმაზე ფიქრი, რომ თქვენი შვილები განწირულები არიან და თქვენს ოჯახს არაფერი ეშველება. ასეთი აზრები დაგთრგუნავთ, რის გამოც გაგიჭირდებათ მშობლის მოვალეობის შესრულება (იგავები 24:10).

რჩევა: ჩამოწერეთ ის ნეგატიური ფრაზები, რომლებსაც თქვენი მძიმე ყოფის აღსაწერად იყენებთ და შემდეგ გვერდზე მიუწერეთ დადებითი განწყობის გამომხატველი ფრაზა. მაგალითად, „დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია!“ შეცვალეთ ფრაზით „მართალია მარტოხელა ვარ, მაგრამ ჩემს მოვალეობებს თავს გავართმევ“ (ფილიპელები 4:13).

განსაზღვრეთ, რაში დახარჯავთ ფულს. მარტოხელა მშობლების, განსაკუთრებით კი მარტოხელა დედების, ყველაზე დიდი საზრუნავი ფულია, თუმცა ზოგჯერ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესის შემცირება შემოსავლის კარგი განაწილებით შეიძლება. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). კარგი დაგეგმვისა და წინდახედულობის წყალობით თავიდან აიცილებთ ფინანსურ „კრახს“.

რჩევა: აწარმოეთ ხარჯთაღრიცხვა. ჩამოწერეთ თვიური ხარჯები და გაარკვიეთ, რაში გეხარჯებათ ფული. დაფიქრდით, როგორ ხარჯავთ შემოსავალს. სულ ნასესხებ ფულზე ხომ არ ხართ დაიმედებული? შვილებს სხვადასხვა ნივთით ხომ არ ანებივრებთ, მეორე მშობლის დანაკლისი რომ აუნაზღაუროთ? თუ თქვენი შვილები ძალიან პატარები არ არიან, დასხედით და ერთად იმსჯელეთ, რაში შეგიძლიათ დაზოგოთ ფული. ამ საკითხებზე მსჯელობა მათ სამომავლოდაც გამოადგებათ; არც ის არის გამორიცხული, რომ კარგი აზრები შემოგთავაზონ.

ნორმალური ურთიერთობა იქონიეთ ყოფილ მეუღლესთან. თუ ბავშვზე ორივე მშობელი ზრუნავთ, ნუ ილაპარაკებთ შვილთან ცუდად ყოფილ მეუღლეზე და ჯაშუშად ნუ გამოიყენებთ მას თქვენი ყოფილი ქმრის ან ცოლის ცხოვრების სიახლეების გასაგებად. * ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, ითანამშრომლოთ ყოფილ მეუღლესთან ისეთ საკითხებზე, რაც ბავშვის აღზრდასა და მის კეთილდღეობას ეხება. ბიბლიაში წერია: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). „ყველაში“ თქვენი ყოფილი მეუღლეც იგულისხმება.

რჩევა: როცა ყოფილ მეუღლესთან რამეზე ვერ შეთანხმდებით, ეცადეთ ისე მოექცეთ, როგორც თანამშრომელს მოექცეოდით. სამსახურში ალბათ ცდილობთ, ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ, ისეთებთანაც კი, ვინც გულზე დიდად არ გეხატებათ. თქვენს ყოფილ მეუღლესაც ასე მიუდექით. შეიძლება ყოველთვის საერთო ენა ვერ გამონახოთ, მაგრამ ეცადეთ, პატარა ნაპერწკალი ხანძრად არ აქციოთ (ლუკა 12:58).

იყავით კარგი მაგალითი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა ფასეულობები მინდა, რომ ჰქონდეთ ჩემს შვილებს? თავად მე რა ფასეულობებით ვცხოვრობ? მაგალითად, ოპტიმისტური განწყობა გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ზრდით შვილებს, თუ თქვენი მდგომარეობის გამო ყველაფერს მუქ ფერებში ხედავთ? ხომ არ გიღრღნით გულს იმაზე ფიქრი, რომ მეუღლე ცუდად მოგექცათ, თუ ცდილობთ, ვაჟკაცურად აიტანოთ უსამართლობა, რომელსაც თქვენ ვერ გამოასწორებთ? (იგავები 15:18). რასაკვირველია, ყველაფრის გათვალისწინება ადვილი არ არის და ყველაფერი სრულყოფილად ვერც გამოგივათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ შვილები თქვენ მოგბაძავენ.

რჩევა: ჩამოწერეთ სამი თვისება, რომლებიც გინდათ, თქვენს შვილებს ჰქონდეთ, როცა გაიზრდებიან. * თითოეულის გვერდზე მიუწერეთ, დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ შვილებს ეს თვისება გამოამუშავებინოთ.

თქვენს თავზეც იფიქრეთ. თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების დღევანდელ ტემპს, ადვილად შეიძლება ფიზიკურად და ემოციურად გადაიღალოთ. ნუ დაუშვებთ ამას! განსაკუთრებით სულიერ მოთხოვნილებებზე უნდა იზრუნოთ (მათე 5:3). გახსოვდეთ, რომ მანქანა საწვავის გარეშე შორს ვერ წავა. ვერც თქვენ წახვალთ შორს სულიერი „საწვავის“ გარეშე.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ არის „ტირილის დრო და სიცილის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). დასვენება არ არის დროის ფლანგვა. ის ძალას მოგცემთ, რომ კვლავ შეძლოთ თქვენი პასუხისმგებლობების შესრულება.

რჩევა: ჰკითხე სხვა მარტოხელა მშობლებს, როგორ ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას. თქვენ იცით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“, მაგრამ ხანდახან შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და სასიამოვნო საქმით დაკავდეთ (ფილიპელები 1:10). დაწერეთ, რისი გაკეთება გსურთ და სავარაუდოდ, როდის გამოყოფთ ამისთვის დროს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „გაყოფილი ოჯახი — ტრაგედია შვილებისთვის“ მე-18—21 გვერდებზე.

^ აბზ. 11 მაგალითად: პატივისცემა, გონიერება და მიმტევებლობა. ეს თვისებები განიხილება ამ ჟურნალის მე-6—8 გვერდებზე.