არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო

გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო

გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო

20 წლის კათრინი სამსახურში კომპიუტერთან მუშაობს. სახლშიც ყოველთვის ინტერნეტშია შესული — ათვალიერებს სხვადასხვა საიტსა და ინტერნეტ-მაღაზიას და პასუხობს უამრავ იმეილს. მიუხედავად ამისა, ის გაცილებით ნაკლებ დროს უთმობს ინტერნეტს, ვიდრე მასზე უფრო ახალგაზრდა თანამშრომლები. კათრინი ამბობს: „რატომ მიგზავნიან 24 საათის განმავლობაში ამდენ უაზრო ტექსტურ შეტყობინებას? არ შეუძლიათ, უბრალოდ დამირეკონ?“

კათრინის სიტყვებზე შეიძლება გაგეღიმათ, რადგან არც ტელეფონით მყარდება ადამიანთან უშუალო კავშირი. თუმცა მის სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი: მრავალი მოწყობილობა ადამიანთა დასაკავშირებლად გამოიგონეს, მაგრამ ისინი ვერასდროს შეცვლის პირისპირ საუბარს, რადგან ამ დროს ადამიანები საუკეთესოდ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. შემდეგი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ, რომ ტექნიკა გონივრულად გამოიყენოთ.

„ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). როცა მობილურის ან კომპიუტერის გამოყენების დროს იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ვითვალისწინებთ, სხვებისადმი პატივისცემას ვავლენთ. ერთი ქალბატონი, სახელად ანა გვიყვება: «მე და ჩემი მეუღლე რესტორანში ვიყავით. გვერდით მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა. ერთი მათგანი განუწყვეტლივ მობილურზე საუბრობდა. ჩვენ შეგვეცოდა მეორე მამაკაცი, რომელსაც „მარტოს“ უწევდა სადილობა». თქვენ რას იგრძნობდით მის ადგილზე? განაწყენდებოდით? მართალია, მობილური ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე უნდა მოვიქცეთ. კარგი იქნება, თუ არასდროს დაგვავიწყდება ზემოთ მოყვანილი პრინციპი.

„კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ (ეფესოელები 5:15, 16). დრო ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ძღვენია, ამიტომ არ უნდა გავფლანგოთ ის. ფაქტია, ტექნიკა დროს გვიზოგავს. მაგალითად, ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია რაიმე საკითხის სწრაფად გამოკვლევა, საბანკო ოპერაციების განხორციელება და ყიდვა-გაყიდვა. მაგრამ ინტერნეტი ჩვენს დროსაც იპარავს, თუ საათობით უმიზნოდ „ვხეტიალობთ“ მასში.

დროის კიდევ ერთი ქურდი ერთდროულად ბევრი რამის კეთებაა. კომპიუტერზე მუშაობამ, ტელევიზორის ყურებამ, ტელეფონზე საუბარმა, საიტიდან საიტზე გადასვლამ ან ელ-ფოსტისა თუ სხვა პროგრამების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება უფრო მეტი დრო წაგართვათ, ვიდრე დაგიზოგოთ. რატომ შეიძლება ერთდროულად ბევრი რამის კეთებამ სასურველი შედეგი არ გამოიღოს?

„ერთდროულად ბევრი რამის კეთების დროს თითქმის შეუძლებელია ამა თუ იმ საკითხის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის შეძენა“, — ამბობს ნევროლოგი ჯორდან გრაფმენი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე რამეზე კონცენტრირება — რაღაცა ყოველთვის დაზარალდება, საქმე ხარისხიანად არ გაკეთდება და ნასწავლი დიდხანს არ გაგვყვება. გარდა ამისა, როცა ადამიანს ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადააქვს ყურადღება, გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს და „საქმის დასასრულებლად ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მაშინ, როცა ის საქმეებს თანამიმდევრულად აკეთებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. ამიტომ, კარგად დაფიქრდი, სანამ „დროის მოსაგებად“ რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდები!

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). რაც არ უნდა დიდი ქონების მფლობელი იყოთ, ეს არც სიცოცხლეს გაჩუქებთ და არც ნამდვილ ბედნიერებას მოგიტანთ. თქვენთვის ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). მეორე მხრივ, დღევანდელი კომერციული სამყარო ბედნიერებას მატერიალურ ნივთებთან აიგივებს. ხშირად ისმის მოწოდება: „შეიძინეთ! იყიდეთ! თქვენ უახლესი მოდელი უნდა გქონდეთ!“. ნუ მოტყუვდებით და გამოავლინეთ გონიერება! სანამ ამა თუ იმ ნივთში ოფლით ნაშოვნ ფულს დახარჯავთ, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ უახლესი მოდელი მალე ძველმოდური გახდება. ასე რომ, თუ გარკვეული ნივთის ყიდვა გსურთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: „აუცილებლად უახლესი მოდელი უნდა მქონდეს? გამოვიყენებ კი ყველა იმ ფუნქციას, რომელიც მას ექნება?“

თქვენზეა დამოკიდებული, ტექნიკა „კურთხევა იქნება თუ წყევლა“

ზემოთ მოხსენიებულმა კათრინმა აღარ იცოდა, რა ექნა, როცა სახლში კომპიუტერი გაუფუჭდა. ის ამბობს: „თავიდან შოკში ჩავვარდი, მაგრამ მისი შეკეთება სამომავლოდ გადავდე. ერთი თვის შემდეგ ვიგრძენი, რომ ნერვები დამიწყნარდა და კითხვისთვის მეტი დრო მქონდა. ახლა კომპიუტერს მხოლოდ სამსახურში ვიყენებ, ამიტომ სამუშაოს შემდეგ მეგობრებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო მრჩება. ტექნიკაზე აღარ ვარ დამოკიდებული. ის მეტად აღარ მართავს ჩემს ცხოვრებას“.

რა თქმა უნდა, მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლა ბევრ კარგ საქმეს ემსახურება — გვიზოგავს დროსა და ენერგიას. ამიტომ თუ გჭირდებათ, გამოიყენეთ ტექნიკა, ოღონდ ეს გონივრულად გააკეთეთ. ნუ დააყენებთ მას ადამიანებზე წინ; ნუ გაფლანგავთ ძვირფას დროს და ფულს ისეთი მოწყობილობებისა და პროგრამების შესაძენად, რომლებიც არ გჭირდებათ; ნუ გამოიყენებთ ინტერნეტსა და ტელევიზორს გარყვნილი და ძალადობის ამსახველი სიუჟეტების საყურებლად; ნუ გახდებით ტექნიკაზე დამოკიდებული; იყავით გონიერი — გამოიყენეთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი პრინციპები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო! მართლაც, „იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ (იგავები 2:6).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

გაითვალისწინეთ სხვები მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას

ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას სხვებისადმი პატივისცემა გამოავლინოთ.

▪ ნუ ილაპარაკებთ მობილურზე ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სხვები შეაწუხოთ. საჭიროების შემთხვევაში გამორთეთ ტელეფონი.

▪ როცა მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრებით ვინმეს და ამ დროს ტელეფონი რეკავს, ნუ უპასუხებთ ზარს, თუ აუცილებელი არ არის.

▪ ტელეფონზე საუბრისას ყურადღებით უსმინეთ მოსაუბრეს.

▪ ნუ გადაუღებთ თქვენი მობილურით ვინმეს ფოტოს, თუ მას არ სურს ან უხერხულად გრძნობს თავს.

▪ ნუ გადაუგზავნით სხვებს თქვენთვის „საინტერესო“ იმეილს. მათ შეიძლება სათანადოდ არ დააფასონ ის.