არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საიდუმლო სამსახურიდან წმინდა მსახურებამდე

საიდუმლო სამსახურიდან წმინდა მსახურებამდე

საიდუმლო სამსახურიდან წმინდა მსახურებამდე

მოგვითხრო ენდრიუ ჰოგმა

„თუ მოგვიწევს ჩვენი ბირთვული ძალის გამოყენება, — თქვა ჩვენი წყალქვეშა გემის კაპიტანმა, — მისია შეუსრულებელი დაგვრჩება. ამ სიტყვებს მოჰყვა ცხარე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებული იყო ომში ბირთვული იარაღის გამოყენება. ახლა გიამბობთ, როგორ მოვხვდი წყალქვეშა ფლოტში, რომელსაც საიდუმლო სამსახურსაც უწოდებდნენ“.

დავიბადე 1944 წელს ფილადელფიაში (პენსილვანია, აშშ). ბავშვობიდანვე მსურდა მამის, პაპისა და ბიძის კვალს გავყოლოდი, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ და ამას უდიდეს მიღწევად თვლიდნენ. ერთხელ, როცა პატარა ვიყავი, საზღვაო ფლოტი დავათვალიერე და პირველად მაშინ ვნახე წყალქვეშა დანაყოფი. იმ წუთიდან იქ მსახურება ოცნებად მექცა. დამამთავრებელ კლასში სწავლისას შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიიდან მოწვევა მივიღე. ეს სასწავლებელი ოთხი წლის შემდეგ, 1966 წლის ივნისში დავამთავრე.

გავიარე სამხედრო-საზღვაო წვრთნის სპეციალური პროგრამა ბირთვულ ინჟინერიასა და წყალქვეშა ოპერაციებში. 1967 წლის აპრილში დავქორწინდი მერი ლი კარტერზე. 1968 წლის მარტში ბავშვობის ოცნება ამიხდა — მიმიწვიეს ამერიკულ სამხედრო წყალქვეშა ნავზე, „ქარიყლაპიაზე“. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეგვეძინა გოგონა, რომელსაც ელისონი დავარქვით.

1971 წელს ამერიკული საზღვაო ხომალდის „ენდრიუ ჯექსონის“ მთავარი ინჟინერი გავხდი. სწორედ ამ გემის კაპიტანმა თქვა ის სიტყვები, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიე. როცა ამ სარაკეტო წყალქვეშა გემზე ვიყავით, მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, რაც ყოველთვის შიშს ჰგვრის მეზღვაურებს. შუაღამე ცოტა გადასული იყო და სხვა ოფიცრებთან ერთად ვისვენებდი. უცბად ხომალდი შეირყა, შემდეგ განგაში ატყდა და გაისმა ხმა: „ტექნიკური მოწყობილობების პირველ ოთახში ხანძარია!“

ამ გემის ყველა ტექნიკურ და ელექტრო სისტემებზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, ამიტომ სასწრაფოდ გავიქეცი ხანძრის კერისკენ. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ გენერატორს, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავებდა. ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დამეხმარა; ჩვენ სასწრაფოდ გავიკეთეთ აირწინაღები და აალებადი აირები მოვაშორეთ იქაურობას. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა ჩვენ-ჩვენ საქმეს დავუბრუნდით, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მთელი ეკიპაჟი კარგად იყო მომზადებული.

გადავწყვიტე, მშვიდობისმყოფელის შესახებ წამეკითხა

ჩვენ საკმაოდ დაძაბული სამუშაო გვქონდა, ამიტომ გვირჩევდნენ, რომ ყოველკვირა რამდენიმე საათით რაიმე შემეცნებითი საქმით დავკავებულიყავით. მე ძირითადად ცნობილი სამხედრო პირების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი. მაგრამ ერთხელაც გადავწყვიტე წამეკითხა იესო ქრისტეზე, რომელიც მშვიდობისმყოფელად იყო ცნობილი. დავიწყე სახარებების კითხვა იმ ბიბლიაში, რომელიც სამხედრო-საზღვაო აკადემიის დამთავრებისას გადმომცეს. კითხვის დროს ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. მივხვდი, რომ თუ არავინ დამეხმარებოდა, დამოუკიდებლად ბევრს ვერაფერს გავიგებდი.

საზღვაო სივრცის პატრულირების დასრულების შემდეგ ჩვენმა უფროსმა სათათბირო ოთახში დაგვიბარა და გვითხრა: „ბატონებო, ჩვენი ერთ-ერთი ინჟინერი შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ის უახლესი კლასის მოიერიშე წყალქვეშა გემის ინჟინერ-ოფიცერი იქნება“. გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა, როცა გავიგე, რომ ის მე მგულისხმობდა.

ახალი სამსახურის გამო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნიუპორტ-ნიუზში (ვირჯინია) მომიწია გადასვლა, სადაც „შეერთებული შტატების ლოს-ანჯელესის“ წყალქვეშა გემის მშენებლობა მიმდინარეობდა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა საინჟინრო სისტემების შემოწმება, ტექნიკური ჩანაწერების წარმოება და წვრთნის პროგრამის ხელმძღვანელობა. საქმე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამას კმაყოფილება მოჰქონდა ჩემთვის. ამასობაში ვაჟი შეგვეძინა, რომელსაც დრუ დავარქვით. ახლა ორი შვილის მამა გავხდი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ღმერთზე. გონებაში ასეთი კითხვები მიტრიალებდა: „რას ფიქრობს ღმერთი ომზე? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? არსებობს ჯოჯოხეთი?“.

როგორც იქნა ჩემს კითხვებზე პასუხები მივიღე

დაახლოებით ამ პერიოდში ჩემს მეუღლეს ორი იეჰოვას მოწმე აკითხავდა. ერთ დღეს, როცა სამსახურიდან სახლში დავრეკე, მერი ლიმ მითხრა: «ჩვენთან ორი „ბიბლიის ქალბატონია“ მოსული».

— რომელი ეკლესიიდან არიან? — ვკითხე მას.

— იეჰოვას მოწმეები არიან, — მიპასუხა მერი ლიმ.

წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ მოწმეები, თუმცა ბიბლიის გაგება მინდოდა. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მათ ერთ საღამოს კიდევ შემოევლოთ. ამის შემდეგ მალევე, ერთი მათგანი ქმართან ერთად მოვიდა ჩვენთან და მე და მერი ლიმ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ.

როგორც იქნა მივიღე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მაწუხებდა. მაგალითად, ბიბლიიდან გავიგე, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“; იესომ მათი მდგომარეობა ღრმა ძილს შეადარა (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—14). ამიტომ გარდაცვლილებს არც კარგის გაკეთება შეუძლიათ და არც ზიანის მოტანა, არამედ „სიკვდილის ძილით სძინავთ“ და აღდგომა ელით.

მე და მერი ლიმ ადგილობრივ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დავიწყეთ დასწრება. იქ იყვნენ სხვადასხვა კულტურის, განათლების და წარმომავლობის ადამიანები, რომელთა შორისაც მშვიდობა სუფევდა და რომლებიც ღმერთს გაერთიანებულად ემსახურებოდნენ. მე და ჩემმა ცოლმა დავინახეთ, რომ ბიბლიას მართლაც შეეძლო ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება! (ფსალმუნი 19:7—10).

გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ

1973 წელს, როდესაც არაბეთსა და ისრაელს შორის ომი დაიწყო, შეერთებული შტატების ატლანტის წყალქვეშა ფლოტი სრულ მზადყოფნაში იყო ბრძოლაში ჩასაბმელად. მდგომარეობა ყოველ წუთს შეიძლებოდა გამძაფრებულიყო. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ ღვთის სამეფოს გარდა არც ერთ ადამიანურ მთავრობას არ შეეძლო ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა. ადრე ხშირად ვლოცულობდი: ‘მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება დედამიწაზე’. ამ სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა (მათე 6:9, 10). მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მალე დაიწყებს მმართველობას მთელ დედამიწაზე და ბოლოს მოუღებს ბოროტებას (დანიელი 2:44; 7:13, 14).

ყველაზე მეტად 2 კორინთელების 10:3, 4 მუხლებმა დამაფიქრა. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ‘ხორციელად არ იბრძვიან. მათი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა’. გავიგე, რომ აქ საუბარია სულიერ იარაღზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის „სულის მახვილი“, ანუ ღვთის სიტყვა (ეფესოელები 6:17).

არჩევნის წინაშე დავდექი. ან კარიერა უნდა გამეგრძელებინა, რომელიც საკმაოდ შრომატევადი იყო, მაგრამ ამავე დროს სიამოვნებას მგვრიდა, ან ჩემი ცხოვრება ბიბლიური ნორმების თანახმად უნდა წარმემართა. არაერთი ლოცვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღვთის გზებით უნდა მევლო, თუ მსურდა, მშვიდობისმყოფელი ვყოფილიყავი.

ჩემი ახალი „მთავარსარდალი“

მე და მერი ლი ერთად ლოცვისა და მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველაზე დიდი „მთავარსარდლისთვის“, იეჰოვასთვის გვემსახურა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ცხოვრება მისთვის მიგვეძღვნა, ამიტომ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადება დავწერე. ვიდრე პასუხს მივიღებდი, საცხოვრებლად ნორფოკში (ვირჯინია) გადავედით. ჩემი თანამშრომლების უმრავლესობას გაუკვირდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ზოგი უარყოფითადაც კი განეწყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გულწრფელად დაინტერესდნენ, რატომ გავაკეთე ასეთი არჩევანი და დააფასეს კიდეც ჩემი გადაწყვეტილება.

1974 წელს დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა, რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი. იმავე წელს მე და ჩემი ცოლი ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლეთ იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთის განზრახვა“. ეს კონგრესი ჰემპტონში (ვირჯინია) ჩატარდა (მათე 28:19, 20). წინ ახალი ცხოვრება გველოდა.

სირთულეებთან გამკლავება

ჩვენ ორი პატარა ბავშვი გვყავდა, შემოსავალი კი აღარ გვქონდა. დანაზოგი მხოლოდ ორ თვეს გვეყოფოდა. პირადი მონაცემები რამდენიმე დაწესებულებაში გავგზავნე და შედეგი ღმერთს მივანდე. ცოტა ხანში ერთმა კომპანიამ სამუშაო შემომთავაზა. ანაზღაურება იმის ნახევარი მქონდა, რასაც საზღვაო-სამხედრო ფლოტში ვიღებდი, თუმცა ეს სამუშაო ამ ქალაქში დარჩენის შესაძლებლობას გვაძლევდა.

მე და ჩემმა ცოლმა სულიერად წინ წავიწიეთ და გვინდოდა, მეტი გაგვეკეთებინა იეჰოვას მსახურებაში. ჩვენი ნაცნობი მოწმეების ერთი ოჯახი ვირჯინიის ცენტრალურ ნაწილში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან იქ მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მათ თავისთან დაგვპატიჟეს. ერთი ჩასვლაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსახურების გასაფართოებლად იქ გადასვლაზე გვეფიქრა. უფროსს წერილობით ვთხოვე, რომ ცენტრალურ ვირჯინიაში ამავე კომპანიის ფილიალში მემუშავა. მან დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა და დამაწინაურა კიდეც! კომპანიამ ჩვენი გადასვლის ხარჯებიც კი დაფარა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს მათზე, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს (მათე 6:33).

ჩვენ ვჯერდებოდით იმას, რაც გვქონდა, ეს კი მე და მერი ლის შესაძლებლობას გვაძლევდა, სრული დროით გვემსახურა. გარდა ამისა, მოზარდი შვილებისთვისაც საკმარისი დრო გვრჩებოდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები, ელისონი და დრუ, „ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოანე 4; იგავები 23:24).

მართალია, იყო დრო, როცა ფინანსურად გვიჭირდა, გვქონდა ბინის, ჯანმრთელობისა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მხარში გვედგა. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ საიდუმლო სამსახური მივატოვე! როცა მე და მერი ლი განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მსახურება ყველაზე საპატიო და შეუდარებელი საქმეა (ეკლესიასტე 12:13).

[ჩანართი 14 გვერდზე]

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე დიდი „მთავარსარდლისთვის“ გვემსახურა

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „ლოს-ანჯელესი“

[საავტორო უფლება]

U.S. Navy photo

[სურათი 13 გვერდზე]

მე და მერი ლი დღეს