განგაშის მაუწყებელი სიგნალი, რომელსაც სიცოცხლის ხსნა შეუძლია
განგაშის მაუწყებელი სიგნალი, რომელსაც სიცოცხლის ხსნა შეუძლია
თევზსაჭერი გემი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ეკიპაჟის თითოეული წევრი სიკვდილს უყურებდა თვალებში. „კაპიტნის სწრაფი რეაგირება რომ არა, გემის Nautical Legacy კვალიც კი გაქრებოდა“, — განაცხადა სანაპირო დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. კანადის სანაპირო დაცვის სამსახურმა განგაშზე დროულად მოახდინა რეაგირება, რის შედეგად მთელი ეკიპაჟი გადაურჩა მოსალოდნელ უბედურებას. *
„MAYDAY! Mayday! Mayday!“ როცა ეს სიტყვები რადიომიმღებში გაისმება, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ვიღაცის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება და გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. რეაგირებს ვინმე ასეთ განგაშზე? მხოლოდ 2008 წელს ამერიკის სანაპირო დაცვა 24 000-ზე მეტჯერ გამოეხმაურა ასეთ განგაშს. ისინი 31 000 დაზარალებულს დაეხმარნენ და 4 910 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 13 ადამიანი გადაარჩინეს.
რატომ იყენებენ დღეს სახელწოდებას Mayday, როგორც განგაშის მომასწავებელ სიგნალს? როგორ ტეხდა განგაშს საფრთხის დროს გემის ეკიპაჟი, სანამ რადიოკავშირი იარსებებდა?
განგაშის ატეხვის ძველი მეთოდები
1588 წელს საშინელი შტორმის დროს ესპანური არმადის კუთვნილი გემის „სანტა-მარია-დე-ლა-როსას“ ეკიპაჟის წევრები ჰაერში შაშხანებს ისროდნენ, რათა ვინმეს შეემჩნია ისინი და დროულად მიშველებოდა. მაგრამ როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ამ ეკიპაჟის წევრთაგან არც ერთი არ გადარჩენილა. სხვა შემთხვევების დროს მეზღვაურები საფრთხის დროს დროშებს ჰაერში აღმართავდნენ და ამგვარად ტეხდნენ განგაშს. დღესაც კი საფრთხის წინაშე მყოფი გემის ეკიპაჟი თეთრ დროშას აღმართავს, რომელზეც წითელი დიაგონალური ჯვარია გამოსახული. ეს საერთაშორისო სიმბოლოა, რაც განგაშის მაცნეა.
მე-18 საუკუნის 60-იან წლებში მეზღვაურებმა დაიწყეს მხედველობითი სიგნალიზაციის გამოყენება, რომელიც სემაფორის სახელითაა ცნობილი. მხედველობითი სიგნალიზაცია ხორციელდება ხელების ან ალმების მდგომარეობის ცვლით, რაც საათის ისრების მოძრაობის მსგავსია. მისი ხელის თითოეული მოძრაობა, ვინც განგაშს ტეხდა, კონკრეტულ ასოს ან ციფრს შეესატყვისებოდა.
მაგრამ განგაშის ატეხვის ძველი მეთოდები არც ისე ეფექტური იყო, რადგან დროშებით, შაშხანებითა თუ მხედველობითი სიგნალიზაციით საფრთხის შესახებ შეტყობინება
მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუ მაშველი ძალა ახლოს იმყოფებოდა. ხშირად უკიდურესად რთულ სიტუაციაში მყოფი გემების გადარჩენის შანსი მინიმუმამდე მცირდებოდა. გაუმჯობესდა დღეს ამ მხრივ სიტუაცია?გაუმჯობესებული მეთოდები
მე-19 საუკუნის 40-იან წლებში საკომუნიკაციო ტექნიკის განვითარებამ არნახულ პროგრესს მიაღწია. სამუელ მორზემ გამოიგონა სატელეგრაფო კოდი, რამაც ოპერატორებს საშუალება მისცა, სატელეგრაფო ხაზის მეშვეობით გადაეცათ ცნობები. ეს აპარატი ტელეგრაფის გასაღების მეშვეობით ხელით იმართებოდა. როგორც კი ოპერატორი გასაღებს გადაატრიალებდა, ხაზის მეორე ბოლოს მყოფი ოპერატორი ელექტრონულ იმპულსს იღებდა. მორზე თითოეული ასოსა და რიცხვის გამოსახატავად წერტილებისა და ტირეებისგან შემდგარ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ კომბინაციებს იყენებდა, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ბგერებს გამოსცემდნენ. წერტილებით გამოიცემოდა მოკლე ბგერა, ხოლო ტირეებით — გრძელი.
მორზეს მიერ შექმნილი აპარატი რომ ზღვაზე გამოეყენებინათ, ასეთ ხერხს მიმართეს: მეზღვაურები ოპერატორებს ცნობებს გადასცემდნენ სინათლის კაშკაშა სხივის და არა ბგერების მეშვეობით, რომელიც ტელეგრაფით იგზავნებოდა. სინათლის მოკლე სხივი წერტილის სიმბოლო იყო, ხოლო გრძელი სხივი — ტირეს სიმბოლო. მალე საფრთხის მომასწავებელ ნიშნად იქცა მარტივი და ყველასთვის გასაგები სიგნალი — სამი წერტილი, სამი ტირე და კიდევ სამი წერტილი, რაც დღეს სამი ასოთი SOS-ით * გამოიხატება.
საბედნიეროდ, საფრთხის მომასწავებელი სიგნალის გადაცემა უფრო დიდ მანძილზე გახდა შესაძლებელი. 1901 წელს გულიელმო მარკონიმ გააგზავნა პირველი რადიოსიგნალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა. იმ პერიოდისთვის განგაშის დროს სინათლის სხივების ნაცვლად რადიოტალღებს იყენებდნენ, მაგრამ ხმოვან სიგნალს ვერ იღებდნენ. შესაძლებელი იყო თუ არა ხმოვანი სიგნალის გამოგონება? მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა განგაშის მაუწყებელი სიგნალი Mayday! Mayday! Mayday!
1906 წელს რეჯინალდ ფესენდენმა რადიოეთერით პირველად მიაწვდინა ხალხს ხმა და მუსიკის ჰანგებიც გააჟღერა. მეზღვაურებს 80 კილომეტრის დაშორებით შეეძლოთ რადიომიმღებით მოესმინათ ფესენდენის მიერ მომზადებული გადაცემები. 1915 წელს კი არლინგტონიდან (ვირჯინიის შტატი, აშშ) პარიზის ეიფელის კოშკამდე (საფრანგეთი) — 14 000 კილომეტრის მანძილზე — რადიოტალღების მეშვეობით ხალხს პირდაპირ ეთერში შეეძლო გადაცემის მოსმენა. ყველა გაოცებული უსმენდა რადიოს. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდათ გემ „ამერიკის“ ეკიპაჟის წევრებს, როდესაც პირველად 1922 წელს ღია ზღვიდან სანაპიროს მიაწვდინეს ხმა. ხმელეთიდან 600 კილომეტრით დაშორებული გემი „ამერიკა“ რადიოტალღების მეშვეობით დილ-ბიჩის სანაპიროს (ნიუ-ჯერზის შტატი, აშშ) დაუკავშირდა.
განგაშის მომასწავებელი სიგნალის საერთაშორისო სახელწოდება
მე-20 საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში რადიოოპერატორებს რადიოს მეშვეობით შეუფერხებლად შეეძლოთ ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ გემების ეკიპაჟის წევრები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, რის გამოც გემის კაპიტნისთვის რთული იყო ყველასთვის გასაგებ ენაზე ეცნობებინა საფრთხის შესახებ. ეს პრობლემა 1927 წელს საერთაშორისო რადიოტელეგრაფიის კონფერენციაზე გადაიჭრა, როცა გამოიგონეს განგაშის მომასწავებელი სიგნალის საერთაშორისო სახელწოდება Mayday. *
თუ საკომუნიკაციო ტექნიკა კიდევ უფრო განვითარდება, ბევრ კარგ საქმეს მოემსახურება. მაგალითად, თუ ძველად შაშხანების სროლითა და დროშების ქნევით ტეხდნენ განგაშს, დღეს უკვე სარადარო და ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემებით (GPS) სარგებლობენ. გარდა ამისა, საგანგაშო სიგნალს, ძირითადად, რადიოტალღების მეშვეობით გადასცემენ, სამაშველო სამსახურები კი უმალვე რეაგირებენ მიღებულ სიგნალზე. როგორც გემის Nautical Legacy შემთხვევაში მოხდა, არა აქვს მნიშვნელობა, სად ან როდის აღმოჩნდება გემი საფრთხის წინაშე, განგაშის მომასწავებელი სიგნალი Mayday! Mayday! Mayday! ვიღაცის ყურამდე მაინც მიაღწევს. თუ წარსულში ხალხს ღია ზღვაში გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა, დღეს შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საფრთხის დროს თქვენს გადასარჩენად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ეს რეალური ისტორია აღწერილია ერთ-ერთი წიგნში (True Stories of Rescue and Survival — Canada’s Unknown Heroes).
^ აბზ. 11 სახელწოდება SOS იმ მიზნით იქნა არჩეული, რომ მარტივად გასაგები და ადვილი გადასაცემია. მას თავდაპირველად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
^ აბზ. 15 განგაშის მაუწყებელი სიგნალი Mayday მეორდება სამჯერ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. ეს სიგნალი სამჯერ იმ მიზნითაც მეორდება, რომ სხვა მსგავს სიტყვაში არ აერიოთ.
[სურათი 27 გვერდზე]
ცეცხლის ალში გახვეული გემი Nautical Legacy
[საავტორო უფლება]
Courtesy Fisheries and Oceans Canada, reproduced with the permission of © Her Majesty the Queen in Right of Canada, 2010
[სურათი 28 გვერდზე]
მორზეს მიერ შექმნილი აპარატი ზღვაზე რომ გამოეყენებინათ, მეზღვაურები ოპერატორებს ცნობებს გადასცემდნენ სინათლის კაშკაშა სხივის და არა ბგერების მეშვეობით
[საავტორო უფლება]
© Science and Society/SuperStock