არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მივმართოთ ლოცვით „წმინდანებს“?

უნდა მივმართოთ ლოცვით „წმინდანებს“?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა მივმართოთ ლოცვით „წმინდანებს“?

მარის და ტერეზას, როგორც ღრმად მორწმუნე კათოლიკეებს, „წმინდანების“ სჯეროდათ. მარი ფიქრობდა, რომ შეეძლო დახმარება ეთხოვა მათთვის. ტერეზაც რეგულარულად მიმართავდა ლოცვით არა მარტო თავისი სოფლის მფარველ „წმინდანს“, არამედ იმ „წმინდანსაც“, რომლის სახელიც ერქვა.

მარისა და ტერეზას მსგავსად, დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი „წმინდანებს“ სთხოვს წყალობას. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „წმინდანები ადამიანებს ღმერთთან შუამდგომლობენ, ამიტომ ჩვენ უნდა ვევედროთ მათ . . . ღვთისგან წყალობის მისაღებად“.

როგორ უყურებს ღმერთი ამ საკითხს? მოსწონს მას, როცა შუამდგომლობისთვის „წმინდანებს“ მივმართავთ ლოცვით? განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ.

უნდა ვევედროთ „წმინდანებს“?

„წმინდანად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ზოგ თარგმანში გვხვდება, როგორც „წმინდა“. ბიბლიაში ნახსენებ არც ერთ ღვთის ერთგულ თაყვანისმცემელს არ მიუმართავს ლოცვით „წმინდანისთვის“. რატომ? „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ გვიხსნის, რომ „წმინდანთა, როგორც შუამავალთა როლი, მე-3 საუკუნისთვის გამოიკვეთა“. ეს მოხდა იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ. ამგვარად ეს შეხედულება არც იესოსგან მომდინარეობს და არც ბიბლიის იმ დამწერებისგან, რომლებმაც იესოს მსახურება წერილობითი სახით შემოგვინახეს. რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა?

ბიბლიაში არაერთხელ არის გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ ლოცვით მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ იესო ქრისტეს სახელით. იესომ თქვა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ (იოანე 14:6, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იესოს ეს არაორაზროვანი სიტყვები შეესაბამება მათეს 6:9—13-ში ჩაწერილ მის სიტყვებს. ლოცვის შესახებ მან თავის მიმდევრებს ასეთი რამ უთხრა: „ასე ილოცეთ: ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). აქედან გამომდინარე, ლოცვით მხოლოდ ჩვენს ზეციერ მამას უნდა მივმართოთ. ეს ჭეშმარიტება ერთ უცვლელ ბიბლიურ პრინციპს ეფუძნება.

ლოცვა — თაყვანისცემის ნაწილი

ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ლოცვა არის მოწიწებული სიტყვები ან ფიქრები, რომელიც მიმართულია ღმერთის, ღმერთების, ქალღმერთების ან თაყვანისცემის სხვა ობიექტების მიმართ . . . ლოცვა თაყვანისმცემლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია თითქმის ყველა რელიგიაში“ (კურსივი ჩვენია). დაფიქრდით: რამდენად მართებულია, რომ ჩვენი შემოქმედისა და სიცოცხლის მომცემის ნაცვლად, სხვას მივმართოთ ლოცვით მუხლმოდრეკილებმა? (ფსალმუნი 36:9). იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ შემოქმედი ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (კანონი 4:24; 6:15).

განვიხილოთ მოციქულ იოანეს მაგალითი. ბიბლიის ერთ-ერთ წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი შთამბეჭდავი ხილვების ნახვის შემდეგ გაოგნებული მოციქული თაყვანსაცემად დაემხო ანგელოზის ფეხებთან, რომელმაც ეს ხილვები უჩვენა. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ანგელოზს? „იცოდე, ნუ იზამ ამას! — უთხრა მან იოანეს. — მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ [და] შენი ძმები . . . ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 22:8, 9). ამ ბიბლიური მონაკვეთიდანაც კარგად ჩანს, რომ თაყვანისცემას მხოლოდ იეჰოვა ღმერთი იმსახურებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ ღმერთს ეწოდება „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2). როგორც ყოვლისშემძლეს, მხოლოდ მას აქვს უფლება, უნარი და ძალა უპასუხოს მისდამი აღვლენილ ყველა მართებულ ლოცვას (იობი 33:4). თვითონ იესო ქრისტემაც აღიარა ის, რომ მას ყველაფრის უფლება არა აქვს (მათე 20:23; 24:36). მიუხედავად ამისა, იესო უდიდეს ძალაუფლებას ფლობს. მის პასუხისმგებლობაში ისიც შედის, რომ კაცობრიობას ღმერთთან უშუამდგომლოს.

თანამგრძნობი შუამავალი

ბიბლიაში იესოზე ნათქვამია: „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრაელები 7:25). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო თანაგრძნობით შუამდგომლობს მათ, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდება ღმერთს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოცვით იესოს უნდა მივმართოთ, რათა მან, ასე ვთქვათ, ჩვენი ლოცვა ღმერთს გადასცეს. ლოცვით ღმერთს უნდა მივმართოთ იესოს სახელით, რითაც ვაჩვენებთ, რომ ვაღიარებთ იესოს ძალაუფლებას. რატომ არის იესო საუკეთესო შუამავალი?

იესომ დედამიწაზე იცხოვრა, როგორც ადამიანმა, ამიტომ მისთვის უცხო არ არის ადამიანთა ტანჯვა (იოანე 11:32—35). ის ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აცოცხლებდა და მასთან მისულებს ღვთის გაცნობაში ეხმარებოდა, რითაც ადამიანებს თავისი სიყვარული დაუმტკიცა (მათე 15:29, 30; ლუკა 9:11—17). ის ხალხს ცოდვებსაც პატიობდა (ლუკა 5:24). ეს იმაში გვარწმუნებს, რომ თუ შევცოდავთ, „გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1).

იესოს სიყვარული და თანაგრძნობა ჩვენთვისაც სამაგალითოა. მართალია, ჩვენ ვერავის ვუშუამდგომლებთ, მაგრამ შეგვიძლია ვილოცოთ სხვებისთვის. ამისკენ სიყვარულმა უნდა აღგვძრას. მოწაფე იაკობი წერდა: „ილოცეთ ერთმანეთისთვის . . . მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16).

სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ტერეზამ და მარიმ ბიბლიის პირადი გამოკვლევით გაიგეს ჭეშმარიტება. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის გამოკვლევაში, რადგან იესომ თქვა: „[ღვთის] თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24).

გიფიქრიათ?

● იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, მხოლოდ ვის უნდა მივმართოთ ლოცვით? (მათე 6:9)

● რა პასუხისმგებლობა აკისრია იესოს? (ებრაელები 7:25)

● შეგვიძლია სხვებისთვის ვილოცოთ? (იაკობი 5:16)