არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიწისძვრა ჰაიტიზე საქმით დამტკიცებული რწმენა და სიყვარული

მიწისძვრა ჰაიტიზე საქმით დამტკიცებული რწმენა და სიყვარული

მიწისძვრა ჰაიტიზე საქმით დამტკიცებული რწმენა და სიყვარული

სამშაბათს, 2010 წლის 12 იანვარს 16 საათსა და 53 წუთზე ეველინს გუგუნის ხმა შემოესმა, თითქოს მიწიდან თვითმფრინავი უნდა ამოფრინდესო, რასაც მიწის რყევა მოჰყვა. ბეტონის ბოძები ხმაურით დაიბზარა და შენობები ჩამოიქცა. როცა რყევა შეწყდა, ეველინი მაღლა აცოცდა და იქაურობას თვალი მოავლო. ყოველი მხრიდან ხალხის გმინვა ისმოდა. ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის თავზე მტვრის ღრუბელი იდგა.

წამებში სახლები, სამთავრობო შენობები, ბანკები, საავადმყოფოები და სკოლები მიწასთან გასწორდა. მიწისძვრამ არავინ დაინდო — 220 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 300 000 დაშავდა.

გადარჩენილები გაოგნებულნი მდუმარედ ისხდნენ თავიანთი დანგრეული სახლების წინ. ზოგი შიშველი ხელებით მთელი მონდომებით ცდილობდა ნანგრევებიდან ნათესავებისა თუ ახლობლების ამოყვანას. ელექტროენერგია გაითიშა, მალე დაბნელდა კიდეც. სამაშველო სამუშაოების გაგრძელება მაშველებს ფანრისა და სანთლის შუქზე მოუწიათ.

ქალაქ ჟაკმელში 11 წლის რალფენდი ნახევრად დანგრეული შენობის ნანგრევებში იყო მომწყვდეული. საათების განმავლობაში ქალაქის სამაშველო ჯგუფი შეუსვენებლივ ცდილობდა მის გადარჩენას. განმეორებითი ბიძგების დროს ისინი იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ ძებნა, რადგან ეშინოდათ, გაბზარული ჭერი თავზე არ ჩამონგრეოდათ. მაგრამ ფილიპს, ერთ იეჰოვა მოწმე მისიონერს არ შეუწყვეტია მუშაობა. „რალფენდის ამ ნანგრევებში ვერ მივატოვებ სასიკვდილოდ!“ — განაცხადა მან.

ფილიპი და კიდევ სხვა სამი კაცი ნანგრევებში ძლივძლივობით შეძვრნენ. ისინი ფრთხილად და ნელა მიიკვლევდნენ გზას იმ ადგილისკენ, სადაც რალფენდი ეგულებოდათ. მას ფეხი ნანგრევების ქვეშ ჰქონდა მოყოლილი. ისინი თითქმის მთელი ღამე ფრთხილად ასუფთავებდნენ გამოსასვლელს. ყოველი მოძრაობისას მათ ზემოდან ბეტონის გაბზარვის ხმა ესმოდათ. დილის 5 საათისთვის, მიწისძვრიდან 12 საათის შემდეგ, მათ რალფენდი ამოიყვანეს.

სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ასეთი წარმატებით არ დასრულებულა. ქალაქი ლეოგანი საკმაოდ სერიოზულად დაზარალდა. როჟერმა და მისმა უფროსმა ვაჟმა კლიდმა, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, მოასწრეს სახლის ჩამონგრევამდე იქიდან გამოსვლა. მაგრამ მისი უმცროსი ვაჟი კლარენსი დაიღუპა. როჟერის მეუღლე კლანა გადარჩა, მაგრამ თავი ჩამონგრეული ჭერის ნანგრევებში გაეჭედა. როჟერი და მისი მეგობარი თავდაუზოგავად ცდილობდნენ მის ამოყვანას. „ჩქარა! — იძახდა კლანა ნანგრევებიდან. — ძალა მეკარგება და სუნთქვა მიჭირს!“. სამი საათის შემდეგ მაშველები მოვიდნენ და კლანა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო.

ოთხშაბათი, 13 იანვარი, მე-2 დღე

დღის სინათლეზე კარგად გამოჩნდა, რამდენად მასშტაბური იყო ნგრევა. პორტ-ო-პრენსის უმეტესი ნაწილი ნანგრევებად იქცა. მსოფლიომ მალევე გაიგო ამ უბედურების შესახებ. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა და მრავალმა მოხალისემ მაშინვე მზადყოფნა გამოავლინეს დაზარალებულთა დასახმარებლად. დომინიკელთა რესპუბლიკის იეჰოვას მოწმეთა ფილიალი ეპიცენტრიდან დაახლოებით 300 კილომეტრით იყო მოშორებული, მაგრამ ბიძგები იქ მომსახურე მოხალისეებმაც იგრძნეს. მიწისძვრის ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პორტ-ო-პრენსთან ახლოს იყო, სადაც ჰაიტის ცხრა მილიონიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობდა. როგორც კი ეს ამბავი დომინიკელმა მოწმეებმა გაიგეს, მაშინვე დახმარების გეგმა შეიმუშავეს.

ბოლოს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ჰაიტიზე 150 წლის წინ მოხდა. ამის გამო ჰაიტიზე ძირითადად ისეთ შენობებს აშენებდნენ, რომლებიც ქარიშხლებსა და წყალდიდობებს უძლებდა, მაგრამ არა მიწისძვრებს. ამიტომ ბლოკით ნაშენი კედლებისა და ბეტონის სახურავების უმეტესობა 7-ბალიან მიწისძვრაზე არ იყო გათვლილი. იეჰოვას მოწმეთა ჰაიტის ფილიალი, რომლის მშენებლობაც 1987 წელს დასრულდა, სეისმური სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა პორტ-ო-პრენსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ის თითქმის არ დაზიანებულა.

ერთ ღამეში ჰაიტის ფილიალი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრად იქცა. სატელეფონო და ინტერნეტ კავშირების გაწყვეტის გამო, ინფორმაციის გასაგზავნად ფილიალიდან მოხალისეებს დომინიკელთა რესპუბლიკის საზღვრამდე ორჯერ მოუწიათ მისვლა. ამასობაში მრავალი დაზარალებული, რომელთაგან ბევრი სერიოზულად იყო დაშავებული, ჰაიტის ფილიალს მიაწყდა. ბევრი იმ თითო-ოროლა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ამის გამო საავადმყოფოებში ტევა აღარ იყო.

საავადმყოფოების ირგვლივ მიწაზე მრავალი დაშავებული იწვა, რომლებსაც ჭრილობებიდან სისხლი სდიოდათ. ყველგან მათი კვნესა და ყვირილი ისმოდა. მათ შორის იყო მარლა, რომელსაც რვა საათი მოუწია შენობის ნანგრევებში ყოფნა. მას ფეხები წაერთვა და ვეღარ მოძრაობდა. მეზობლებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. იეჰოვას მოწმე ექიმი ევანი, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩამოვიდა, მის ძებნას შეუდგა მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მარლას სახელი იცოდა.

მიწისძვრის შემდეგ უკვე 24 საათზე მეტი იყო გასული, თან დაღამდა კიდეც. ევანი საავადმყოფოს ირგვლივ მიმოფანტულ გვამებს შორის მიაბიჯებდა, გულში ლოცულობდა და ხმამაღლა მარლას სახელს იძახდა. ბოლოს მას ვიღაცის ხმა შემოესმა. მარლა მას გაბრწყინებული სახით შესცქეროდა. გაოცებულმა ევანმა ჰკითხა: „რა გიხარია?“ მარლამ მიუგო: „ახლა მე ჩემს სულიერ ძმასთან ვარ“. ევანმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ხუთშაბათი, 14 იანვარი, მე-3 დღე

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო, რომელიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს, ამავე დროს კანადის, დომინიკელთა რესპუბლიკის, საფრანგეთის, გერმანიის, გვადელუპის, მარტინიკისა და სხვა ქვეყნების ფილიალები ხელმძღვანელობას უწევდნენ სამაშველო სამუშაოებს, რათა ორგანიზებულად მომხდარიყო საკვების, წყლის, მედიკამენტებისა თუ სხვა აუცილებელი ნივთების განაწილება. ისინი იმაზეც ზრუნავდნენ, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები, თანხები და მუშახელი. სხვა მრავალ მოხალისესთან ერთად დასახმარებლად 78 იეჰოვას მოწმე ექიმი ჩამოვიდა. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალიდან 6 804 კილოგრამი საკვებით, წყლით, მედიკამენტებითა თუ სხვა აუცილებელი ნივთებით დატვირთული პირველი მანქანა დაიძრა.

როცა იმავე დღეს მოგვიანებით ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, ჰაიტის ფილიალის წევრები მაშინვე შეუდგნენ ტვირთის განაწილებას. ქურდებს გასაყიდად რომ არ მოეპარათ საკვები, მოხალისეებმა ტვირთი შენიღბეს. ისინი დღედაღამ მუშაობდნენ და დაზარალებულებისთვის საკვებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს პატარ-პატარა ჩანთებში აწყობდნენ. მომდევნო თვეების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა სულ 450 000 კილოგრამზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს, მათ შორის 400 000-ზე მეტი ულუფა საჭმელი მოამზადეს.

პარასკევი, 15 იანვარი, მე-4 დღე

შუადღისთვის დომინიკელთა რესპუბლიკიდან და გვადელუპიდან ჰაიტიზე 19 იეჰოვას მოწმე ექიმი, მედდა და სხვა მედიცინის მუშაკი ჩავიდა. მათ სასწრაფოდ გახსნეს პირველადი დახმარების კლინიკა, სადაც დაშავებულებს მკურნალობდნენ, მათ შორის ბავშვებს ობოლთა თავშესაფრიდან. ამას გარდა მოწმეებმა ბავშვთა თავშესაფარი საკვებითა და ბრეზენტით მოამარაგეს. „მადლობელი ვარ იეჰოვას მოწმეების, — ამბობს ეტიენი, ობოლთა თავშესაფრის დირექტორი. — არ ვიცი, მათ გარეშე რას გავაკეთებდით“.

დაკარგულის პოვნა

მიწისძვრის დროს შვიდი წლის ისლანდმა გარეთ გაიხედა და დაინახა, როგორ დაწყდა ელექტროხაზები და როგორ წამოვიდა ნაპერწკლების წვიმა. შემდეგ კედლები დაიბზარა და ბლოკები ჩამოცვივდა. ისლანდს ფეხი ნანგრევებში მოუყვა და მოსტყდა. ის სერიოზულად დაზიანდა. მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მამამისმა ჯონიმ ისლანდი დომინიკელთა საზღვარზე გადაიყვანა და საავადმყოფოში მიიყვანა. იქიდან ბავშვი ქვეყნის დედაქალაქ სანტო-დომინგოში გადაიყვანეს. მოგვიანებით საავადმყოფოში მისულ ჯონის ისლანდი იქ აღარ დახვდა.

ორი დღის განმავლობაში ჯონი უშედეგოდ ეძებდა ისლანდს. ის სხვა საავადმყოფოში გადაეყვანათ. ერთხელ საავადმყოფოში მომუშავე ერთ-ერთმა მოხალისემ ყური მოჰკრა, როგორ მიმართავდა ისლანდი ლოცვით იეჰოვას (ფსალმუნი 83:18). მან ისლანდს ჰკითხა: „გიყვარს იეჰოვა?“ „დიახ“, — მიუგო თვალცრემლიანმა ბავშვმა. „ნუ გეშინია, იეჰოვა დაგეხმარება“, — დაამშვიდა ბავშვი მოხალისემ.

ჯონიმ დახმარება დომინიკელთა რესპუბლიკის იეჰოვას მოწმეების ფილიალს სთხოვა. ბავშვის მოძებნის სურვილი ერთმა მოწმემ, მელანიმ გამოთქვა. როცა მელანი ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა ისლანდის მოსაძებნად, მოხალისემ, რომელმაც ისლანდის ლოცვა მოისმინა, მელანი მასთან მიიყვანა. მალე ისლანდი თავის ოჯახს დაუბრუნდა.

ოპერაციები და რეაბილიტაცია

დაშავებულებისთვის იეჰოვას მოწმეების კლინიკაში მიყვანამდე თითქმის არ აღმოუჩენიათ დახმარება, რის გამოც ბევრს კიდურების განგრენა დაეწყო. ხშირ შემთხვევაში მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება კიდურის ამპუტაცია იყო. მიწისძვრის პირველ დღეებში ქირურგიული ინსტრუმენტების, მედიკამენტებისა და საანესთეზიო საშუალებების დეფიციტი იყო. სიტუაცია ექიმებისთვისაც კი მძიმე იყო. „ნეტავ, ღმერთმა დამავიწყოს ის, რაც ვნახე და მოვისმინე“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ ევროპიდან ჩამოვიდნენ ის მოწმეები, რომლებსაც სამედიცინო გამოცდილება და შესაბამისი ინსტრუმენტები ჰქონდათ რთული და სასწრაფო ოპერაციების ჩასატარებლად. ამ ექიმების ჯგუფმა 53 ოპერაცია და ათასობით სხვა სამედიცინო მანიპულაცია ჩაატარა. 23 წლის იეჰოვას მოწმე, ვიდელინი, პორტ-ო-პრენსში მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა. მიწისძვრის შედეგად მას მარჯვენა მკლავი დაუზიანდა, რის გამოც ადგილობრივ საავადმყოფოში მას მკლავი მოჰკვეთეს. მოგვიანებით ნათესავებმა ის თავიანთ სახლთან ახლოს, შვიდი საათის სავალზე მოშორებულ, პორ-დე-პეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგრამ ვიდელინის მდგომარეობა გაუარესდა. მედპერსონალს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა და მის მკურნალობას თავი ანებეს.

როცა მისი მდგომარეობის შესახებ პორტ-ო-პრენსში მოწმეების სამედიცინო ჯგუფის წევრებმა გაიგეს, ისინი ვიდელინის ჩამოსაყვანად წავიდნენ. პაციენტებმა ტაში შემოჰკრეს, როცა დაინახეს, რომ ვიდელინის სულიერი ძმები მის წასაყვანად მივიდნენ. ოჯახისა და კრების დახმარებით ვიდელინი ნელ-ნელა ეგუება თავის ახალ მდგომარეობას.

დომინიკელთა რესპუბლიკაში მოწმეებმა დაიქირავეს სახლები, რომლებიც სარეაბილიტაციო ცენტრებად აქციეს. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოხალისე მოწმეთა ჯგუფები, რომლებშიც ექიმები, ექთნები, ფიზიოთერაპევტები და ავადმყოფის მომვლელები შედიოდნენ. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

რწმენა, იმედი და სიყვარული

ჰაიტიზე მიწისძვრის ზონაში არსებული იეჰოვას მოწმეთა 56 სამეფო დარბაზიდან სერიოზულად მხოლოდ 6 დაზიანდა. სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეების უმეტესობამ თავი გადარჩენილ დარბაზებს შეაფარა, ზოგი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. მოწმეებმა, რომლებიც ჩვეულებრივ ერთად იკრიბებიან, ამჯერადაც მოახერხეს ერთად შეკრება.

„ჩვენ კვლავ ვატარებთ შეხვედრებს და მივყვებით სულიერ პროგრამას, რაც ყველას, ახალგაზრდასა თუ ხნიერს, მხნეობის შენარჩუნებაში გვეხმარება“, — ამბობს ჟან-კლოდი, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ზედამხედველი. რა შედეგები მოჰყვა ამას? ერთმა კაცმა აღნიშნა: „მიხარია, როცა ვხედავ, კვლავაც როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები. თქვენ რომ არ გხედავდეთ, ყველაფერი უფრო საშინლად მოგვეჩვენებოდა“.

მოწმეები ხალხს ანუგეშებდნენ. ერთ-ერთი მოწმე ამბობს: „თითქმის ყველას, ვისაც ვესაუბრეთ, ჰგონია, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო. ჩვენ ვარწმუნებთ მათ, რომ მიწისძვრა სტიქიური უბედურებაა და არა ღვთის რისხვა. ვუკითხავთ დაბადების 18:25-ს. ამ მუხლში აბრაამი ამბობს, რომ შეუძლებელია, ღმერთმა კეთილი და ბოროტი ერთად გაანადგუროს. ჩვენ მათ ლუკას 21:11-საც ვუკითხავთ. მასში მოცემულია იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები, რომ იქნებოდა დიდი მიწისძვრები. მათ იმასაც ვუხსნით, რომ მალე იესო მკვდრებს აღადგენს და მოსპობს ყოველგვარ ტანჯვას. ბევრი მადლიერებას გამოხატავს ამ მანუგეშებელი ცნობისთვის“. *

მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ექიმი ჟან-ემანუელი აღნიშნავს: „მთავარი უბედურება მიწისძვრა იყო, ახლა მის შედეგებთან გვიწევს ბრძოლა. იმ უამრავ დაავადებას, რომელმაც თავი იჩინა გადავსებულ, უსუფთაო და წვიმით გაჟღენთილ ბანაკებში, ემოციური ტრავმაც ემატება, რომელსაც ადვილად ვერ მოვერევით“.

მიწისძვრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კლინიკაში ერთი მოწმე მივიდა, რომელიც აუტანელ თავის ტკივილსა და უძილობას უჩიოდა. ეს სიმპტომები სტიქიის შემდეგ ბევრს აწუხებდა. „თავში რამე ხომ არ მოგხვდა?“ — ჰკითხა მას მოწმე ექთანმა. მან მტკიცედ უპასუხა: „არა. ცოლი დამეღუპა. ჩვენ ერთად 17 წელი ვცხოვრობდით. მაგრამ იესომ ხომ თქვა, რომ ასეთი რამეები მოხდებოდა“.

ექთანი მიხვდა, სავარაუდოდ რა იყო მისი პრობლემა. ამიტომ უთხრა: „მაგრამ შენ ხომ ცხოვრების თანამგზავრი დაკარგე. ეს საშინელებაა! ასეთ სიტუაციაში გლოვა და ტირილი ნორმალურია. იესოც ხომ ატირდა, როცა მისი მეგობარი ლაზარე დაიღუპა?!“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გულმოკლული კაცი აქვითინდა.

ამ ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი მოწმეა. მათგან 154 მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. როგორც ვარაუდობენ, პორტ-ო-პრენსის მოსახლეობის 92 პროცენტზე მეტს მიწისძვრის დროს ერთი ან მეტი ახლობელი დაეღუპა. იეჰოვას მოწმეები აკითხავენ ფიზიკურად თუ ემოციურად ტრავმირებულებს. ამგვარად, ხალხს საშუალება ეძლევა, სანდო ადამიანებს გული გადაუშალონ. მართალია იმ მოწმეებმა, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, იციან, რომ იქნება აღდგომა და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, მაგრამ თანაქრისტიანების თანაგრძნობა და გამამხნევებელი სიტყვები მათაც სჭირდებათ.

აწმყო და მომავალი

მოციქული პავლე წერდა: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორინთელები 13:13). სწორედ ეს სამი რამ ეხმარება ჰაიტელ მოწმეებს, შეეგუონ თავიანთ მდგომარეობას, გაამხნეონ სხვები და მომავალს შიშის გარეშე დაელოდონ. სწორედ ჭეშმარიტი რწმენა, ერთიანობა და სიყვარული უდევს საფუძვლად იმას, რაც ყველას ძალისხმევით თანამორწმუნეთა დასახმარებლად კეთდება. „სიყვარულის ასეთი გამოვლინება არასდროს მინახავს. ბევრი ვიტირე, მაგრამ ჩემი ცრემლები უფრო სიხარულით იყო გამოწვეული, ვიდრე გულისტკივილით“, — ამბობს გერმანელი იეჰოვას მოწმე, ექიმი პეტრა, რომელიც ჰაიტიზე დასახმარებლად იყო ჩასული.

„უოლ-სტრიტ ჯორნელმა“ 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას „რაღაც კუთხით ერთი ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურება“ უწოდა. მაგრამ ამ მოვლენის შემდეგ მსოფლიო, ადამიანის თუ ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული, კიდევ არაერთი კატასტროფის მოწმე გახდა. მოეღება ამას ოდესმე ბოლო? იეჰოვას მოწმეები როგორც ჰაიტიზე, ისე მთელ მსოფლიოში, დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ღმერთი შეასრულებს ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ დაპირებას: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

[სქოლიო]

^ აბზ. 31 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი, „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 15 გვერდზე]

„რალფენდის ამ ნანგრევებში ვერ მივატოვებ სასიკვდილოდ!“

[ჩანართი 19 გვერდზე]

„მიხარია, როცა ვხედავ, კვლავაც როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები“

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

სახლები დაზარალებულთათვის

მიწისძვრიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმ მოწმეებმა, რომლებიც პროფესიით ინჟინერ-მშენებლები იყვნენ, დაიწყეს იმის შემოწმება, რომელი სახლები ივარგებდა საცხოვრებლად. ბევრს, ვინც უსახლკაროდ დარჩა, მუდმივი საცხოვრებლის პოვნამდე დროებითი თავშესაფარი სჭირდებოდა.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების გამოცდილების საფუძველზე ჩვენ დავაპროექტეთ იაფი, ადვილად ასაწყობი საცხოვრებლები, რომლებიც თითქმის დაზარალებულთა ძველი სახლების ზომისაა, — ამბობს ჯონი, ჰაიტის ფილიალის წევრი. — ეს საცხოვრებლები ოჯახს წვიმისა და ქარისგან იცავს. ეს სახლები განმეორებითი ბიძგების შემთხვევაში რომც დაინგრეს, ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის“. მიწისძვრიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ ჰაიტელებისა და საერთაშორისო მოხალისეებისგან შემდგარმა ბრიგადამ დროებითი საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყო.

ქუჩებში ხალხი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო მანქანებს. ჰაიტის საბაჟოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც მოწმეებს სამშენებლო მასალის შემოტანის ნებართვა მისცა, აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ხალხის დასახმარებლად საზღვარი გადმოკვეთეს. ისინი სიტყვის კი არა, საქმის ხალხია“. მიწისძვრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში უსახლკაროდ დარჩენილთათვის მოწმეებმა 1 500 სახლი ააშენეს.

[რუკა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჰაიტი

პორტ-ო-პრენსი

ლეოგანი

ეპიცენტრი

ჟაკმელი

დომინიკელთა რესპუბლიკა

[სურათი 16 გვერდზე]

მარლა

[სურათი 16 გვერდზე]

ისლანდი

[სურათი 16 გვერდზე]

ვიდელინი

[სურათი 18 გვერდზე]

ჰაიტელი იეჰოვას მოწმეების ჯგუფი მიდის სტიქიის დროს დაზარალებულთა სანუგეშებლად

[სურათი 18 გვერდზე]

ექიმი იეჰოვას მოწმეების კლინიკაში მკურნალობს ბიჭს