არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტასმანიის ველური ბუნების უცნაური არსებები

ტასმანიის ველური ბუნების უცნაური არსებები

ტასმანიის ველური ბუნების უცნაური არსებები

ჯუნგლებში დღე საკმაოდ ჩუმი და წყნარია. ღამით საგრძნობლად იცვლება სურათი — მთელ ტყეში შემზარავი ღმუილი და კივილი ექოსავით გაისმის. რა ღმუის ან რა გაჰკივის ასე ყურისწამღებად? ეს არის ტყის ერთობ აგრესიული და ანჩხლი ჩანთოსანი ბინადარი, რომლისთვისაც ვიღაცას, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო სახელი დაურქმევია. მოკლედ, გაიცანით ჩვენი ტასმანიური ეშმაკი. ამ შეუპოვარ და უშიშარ ცხოველს ძალზე მრისხანე გამომეტყველება აქვს და შემზარავ ხმებსაც გამოსცემს, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ლეშზე ნადიმობს“. მაგრამ, ხომ გაგიგიათ გამოთქმა, როგორც ქუხს ისე არა წვიმსო — ტასმანიური ეშმაკი არც ისეთი საშიშია, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეს ეშმაკები საოცარი სისწრაფით ასუფთავებენ ტყეს ლეშისგან. ძლიერი ყბებითა და კბილებით თითქმის ყველანაირი მძორის დაღეჭვა და გადაყლაპვა შეუძლიათ თავის კანიან ძვლიან ყველაფრიანად. ჭამენ ბევრს და თანაც სწრაფად. ნახევარ საათში შეუძლიათ თავიანთი წონის 40 პროცენტს გაადინონ ბრდღვნა. ეს მართლა საგმირო საქმეა. აბა, რომელი ადამიანი შეჭამს ერთ ჭამაზე 25 კილო ხორცს?!

ახლა, ნება გვიბოძეთ, გაგაცნოთ ჯუნგლების შედარებით უწყინარი ბინადარი — საყვარელი, მშვიდი და ფუმფულა ცხოველი — ჩვეულებრივი ვომბატი. როგორც ყველა ჩანთოსანი, დედა ვომბატი ნაშიერს ჩანთით ატარებს და ძუძუს აწოვებს. თუმცა არის პატარა განსხვავება — ვომბატების ჩანთა სხეულის უკანა ნაწილში იხსნება. ასე პატარა სრულიად დაცულია მტვრისა და ჭუჭყისგან მაშინ, როცა „დედიკო“ წინა თათებით მიწას თხრის ბუნაგისთვის. ვომბატებს მუდმივად მზარდი კბილები აქვთ, რისი მეშვეობითაც მიწაში ყველაფერს იოლად ღრღნიან და აქუცმაცებენ. მიუხედავად ტლანქი გარეგნობისა, ჩვეულებრივი ვომბატები საოცრად მოქნილები და მოხერხებულები არიან. ისინი სუფთად და აკურატულად კრეფენ მცენარეებს მიწიდან წინა თათებით და გემრიელად შეექცევიან.

ტასმანიური ეშმაკის კიდევ ერთი უცნაური „მეზობელია“ იხვნისკარტა. ამ უჩვეულო არსებას იხვის მსგავსი ბრტყელი ნისკარტი და აპკიანი ფეხები აქვს. სხეულით და ქურქით წავს წააგავს, კუდით კი — თახვს. ქათამივით კვერცხს დებს, ვომბატივით მიწას თხრის და დათვივით ძუძუს აწოვებს შვილებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ პირველმა მეცნიერმა, ვინც იხვნისკარტას აკვირდებოდა, ბოლომდე ვერ გაიგო, რასთან ჰქონდა საქმე.

რატომ მოვყავართ აღტაცებაში ასეთ საინტერესო არსებებთან შეხვედრას? პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი შემოქმედის ნება იყო ასეთი. ბიბლიაში პირდაპირ წერია, თუ რა უთხრა ერთხელ ღმერთმა ადამს და ევას: „თქვენ გემორჩილებოდეთ . . . ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). ასეთ ცხოველებზე დაკვირვება თავიანთ ბუნებრივ გარემოში, ალბათ, ყველას იმისკენ უნდა აღგვძრავდეს, რომ სრულად შევასრულოთ ეს ღვთიური დავალება.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

ბუმბერაზების ჩრდილში

თუ ზომებზე მიდგება საქმე, ძალიან ცოტა ცოცხალი არსება თუ შეედრება ტასმანიის უშველებელ შთამბეჭდავ ხეებს. ამ ხეებს შორის სიმაღლით გამოირჩევა ყვავილოვანი ცირცელი (Eucalyptus regnans), რომელიც ჩვეულებრივ 75 მეტრამდე იზრდება. თუმცა ტასმანიის ტყეში დგას ერთი გიგანტი ცირცელი, რომელიც 99,6 მეტრიდან გადმოჰყურებს არემარეს. ის სულ რაღაც 16 მეტრით დაბალია მსოფლიოში ყველაზე მაღალ მამონტის ხეზე, რომელიც კალიფორნიაში ხარობს.

აქაური ველური ბუნების კიდევ ერთი მკვიდრია ფიჭვის ერთ-ერთი სახეობა Dacrydium franklinii-ა. მართალია, ის ცირცელს „წელამდეც“ ვერ სწვდება, მაგრამ სამაგიეროდ მასზე 6-ჯერ მეტხანს ცოცხლობს. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფიჭვს შეუძლია 3 000 წელზე მეტი იცოცხლოს. ასე რომ, ის ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი ხეა პლანეტაზე. ტასმანიის ამ „პრინცის“ მასალა საკმაოდ ძვირად ფასობს. მისგან ამზადებენ როგორც ავეჯს, ისე სხვადასხვა სახის ნავებს. ეს ზეთოვანი ყვითელი ხე ადვილი დასამუშავებელია და შეიცავს ეთეროვან ზეთს, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესოდ ინახავს ხეს. ის ასევე მწერების საწინააღმდეგო უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს. ორგანული ნივთიერებებით გაჯერებულ ნიადაგზე დაგდებული ამ ფიჭვის ზოგიერთი მორის გამოყენება ასობით წლის შემდეგაც თავისუფლად შეგიძლიათ.

[სურათი 10 გვერდზე]

ტასმანიური ეშმაკი

[საავტორო უფლება]

© J & C Sohns/age fotostock

[სურათი 11 გვერდზე]

ჩვეულებრივი ვომბატი

[სურათი 11 გვერდზე]

იხვნისკარტა

[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]

Wombat and platypus: Tourism Tasmania; giant tree: Tourism Tasmania and George Apostolidis