ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში
ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში
„წამომყევით სერ, ნახეთ რამხელა ყვავილია, ნახეთ რა ლამაზი და რა მშვენიერია!“, — აღტაცებას ვერ მალავდა ჯოზეფ არნოლდის გიდი. ბატონი არნოლდი ექსპედიციის ჩასატარებლად გახლდათ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. ამ ბრიტანელმა ბოტანიკოსმა, როგორც თვითონ ამბობს, მართლაც საოცარი რამ ნახა. ეს იყო უჩვეულო სანახაობა. თითქმის 200 წელი გავიდა ამ ექსპედიციის შემდეგ, რომელიც 1818 წელს განხორციელდა, და ჯერაც არ აღმოჩენილა მსოფლიოში ამაზე დიდი ყვავილი. ამ საოცრებას რაფლეზია დაერქვა.
რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში ხარობს. დღემდე ხდება ახალ-ახალი სახეობების აღმოჩენა. ამ „მრავალშვილიანი“ ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია რაფლეზია არნოლდი. ამ ყვავილს ეს სახელი ჯოზეფ არნოლდისა და მისი ექსპედიციის პარტნიორის, სერ თომას სტემფორდ რაფლესის საპატივცემულოდ ეწოდა. სხვათა შორის, თომას რაფლესი გახლდათ სინგაპურის დამაარსებელი და მმართველი. ჰო მართლა, რამდენადაც ლამაზია ეს ყვავილი, იმდენად რთულია მისი დაკრეფა და თაიგულად შეკვრა.
პირველ რიგში, გავითვალისწინოთ მისი ზომა. რაფლეზიის ყვავილის დიამეტრი 1 მეტრამდე აღწევს, თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ავტობუსის საბურავი. * წონით 11 კილოგრამამდე იწონის. აქვს ხუთი მოვარდისფრო-მოყავისფრო ხორციანი ფურცელი, დაწინწკლული მეჭეჭისმაგვარი მკრთალი კოპლებით. შუაგული, თითქოს ქოთანიაო მასში ჩადგმული, იმდენადაა ჩაღრმავებული, რომ თავისუფლად ჩაეტევა 6 ლიტრი წყალი.
ზომასთან ერთად მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი სუნიც. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, რაფლეზიას „კამეჩის უკიდურესად გახრწნილი ლეშის სუნი ასდის“. სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ * ყვავილის ძირითადი დამმტვერავები ლეშის მოყვარული ბუზები არიან, რომელთაც ყვავილი თავისი „სურნელით“ იზიდავს.
მას მეტსახელად „გახრწნილი ყვავილი“ და „გახრწნილი ლილია“ უწოდეს.რაფლეზიას არა აქვს არც ღერო, არც ფოთლები და არც ფესვები. ის ერთგვარი პარაზიტი მცენარეა, რადგან ზედ ვაზის ფესვზე ამოდის. რაფლეზიის თესლის ღივი მასპინძელი ვაზის ქერქში ხვრელს იკეთებს, შემდეგ დაახლოებით ათი თვე სჭირდება საიმისოდ, რომ გაიზარდოს და დიდი კომბოსტოს ფორმა მიიღოს. ამის მერე იწყება რამდენიმე საათიანი პროცესი — ყვავილი შლის უზარმაზარ ფურცლებს და საბოლოო დიდებასაც სწორედ მაშინ აღწევს. ამ მსოფლიო გიგანტს ღია შუაგულში მრავალი წანაზარდი აქვს ამოშვერილი, რომელთა დანიშნულებაც ბოლომდე არავინ უწყის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ წანაზარდებიდან ყვავილი სითბოს გამოყოფს და ირგვლივ მეტად არასასიამოვნო სუნს აფრქვევს.
სამწუხაროდ, ყვავილის ეს უჩვეულო სილამაზე მეტად ხანმოკლეა. რამდენიმე დღეში ყვავილი კვდება, ლპება და საბოლოოდ მისგან მხოლოდ შავი ლორწოვანი მასაღა რჩება.
„რაფლეზია არნოლდი“ გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მცენარეა. მიზეზი: ტრადიციული მედიცინა და საამო დელიკატესების მოყვარული გურმანები. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები ერთად უნდა იზრდებოდნენ, რათა მოხდეს მათი ჯვარედინი დამტვერვა. სამწუხაროდ, ადამიანთა წყალობით კვირტების უმეტესობა ვერ ასწრებს ზრდას და ყვავილობას. ამის გამო რაფლეზია სულ უფრო და უფრო იშვიათი სანახაობა ხდება ველურ ბუნებაში. მისი ასეთი მასიური განადგურება ნოტიო ტროპიკულ ტყეებს სხვა საფრთხესაც უქმნის.
დასკვნა: რაფლეზიის ხილვა საოცრად დიდი პატივია ადამიანისთვის. მას, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ბუმბერაზი მცენარე, არასდროს დაავიწყდება მისი ზომა, ფორმა, შთამბეჭდავი ფერები და საშინლად „ტკბილი სურნელება“. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ეს უდიდესი ყვავილი ჩვენი შემოქმედის უთვალავი ნახელავიდან ერთ-ერთია. ფსალმუნის 104:24 სწორად შენიშნავს: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 არსებობს რაფლეზიის ისეთი სახეობაც, რომლის ყვავილის დიამეტრი მხოლოდ 10 სანტიმეტრია.
^ აბზ. 5 მყრალი ყვავილის სახელით აგრეთვე ცნობილია ამორფოფალუსი. ის ხშირად რაფლეზიაში ერევათ. იხილეთ 2000 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 31 (ინგლ.).
[რუკა 17 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მალაიზია
სუმატრა
[სურათი 17 გვერდზე]
გაშლამდე