საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან უსამართლობას ვხედავდი
დავიბადე 1965 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ერთ ღარიბ ოჯახში. გავიზარდე ლონდონდერის საგრაფოში. იმ ხანებში კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მძვინვარებდა, რაც 30 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. უმცირესობაში მყოფი კათოლიკეები დისკრიმინაციას განიცდიდნენ პროტესტანტების მხრიდან. კათოლიკეები პროტესტანტებს ადანაშაულებდნენ წინასაარჩევნო მაქინაციების მოწყობასა და მკაცრი კანონების გატარებაში, აგრეთვე დასაქმების სფეროში კათოლიკეების შევიწროებასა და ბინების უსამართლოდ განაწილებაში.
საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან უსამართლობასა და უთანასწორობას ვხედავდი. აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ მცემეს, რამდენჯერ გადმომათრიეს მანქანიდან და იარაღი დამადეს. არაერთხელ დამაპატიმრეს და დაკითხვები მომიწყვეს. ვგრძნობდი, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავი. ან მდგომარეობას უნდა შევგუებოდი, ან ბოლომდე უნდა მებრძოლა.
მონაწილეობას ვიღებდი 1972 წლის „სისხლიანი კვირის“ მსვლელობებში, რომლებიც ეძღვნებოდა ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ მოკლული 14 ადამიანის ხსოვნას. ამასთანავე, ვუერთდებოდი ხოლმე იმ მოშიმშილეთა რიგებს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ 1981 წელს შიმშილობის აქციის შედეგად დაღუპულ პატიმრებს. არაერთხელ აღმიმართავს ჩრდილოეთ ირლანდიის დროშები, რომლებიც აკრძალული იყო. ყველგან, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ანტი-ბრიტანულ წარწერებსა და ნახატებს ვაკეთებდი. მთავრობა ყოველთვის სასტიკად უსწორდებოდა და ზოგჯერ კლავდა კიდეც კათოლიკეებს, რაც საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ხდებოდა. ჩვეულებრივი პარადი და მარში ხშირად გადაზრდილა ფართომასშტაბიან არეულობაში.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გარემოს დასაცავად მებრძოლ სტუდენტთა ჯგუფს შევუერთდი. მოგვიანებით ლონდონში გადავედი და სოციალისტებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლებში, რადგან მათი პოლიტიკა ღარიბების ხარჯზე საზოგადოების მაღალი ფენის გამდიდრებას ემსახურებოდა. შევუერთდი პროფკავშირელების აქციებსაც, რომლებიც აპროტესტებდნენ ხელფასების შემცირებას. 1990 წელს მონაწილეობა მივიღე სულადობრივი გადასახადების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლაში, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მთლიანად გააპარტახეს ტრაფალგარის მოედანი.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედგაცრუებული დავრჩი. საპროტესტო აქციები ხშირად ვერ აღწევდა თავის მიზანს და მას უფრო მეტი დაპირისპირება და სიძულვილი მოჰყვებოდა.
იმ პერიოდში ერთმა მეგობარმა იეჰოვას მოწმეები გამაცნო. მათ ბიბლიიდან ამიხსნეს, რომ ჩვენი ტანჯვა ღვთისთვის შეუმჩნეველი არ რჩება და ერთ დღესაც ის ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს (ესაია 65:17; გამოცხადება 21:3, 4). გავიგე, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს, ადამიანს არ ძალუძს უსამართლობისა და უთანასწორობის აღმოფხვრა. მსოფლიო პრობლემების უკან უხილავი ძალები დგანან. ღვთის ჩარევისა და მისი ძალის გარეშე მათი მოსპობა შეუძლებელია (იერემია 10:23; ეფესოელები 6:12).
ახლა ვხვდები, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ჩემი ბრძოლა სრული აბსურდი იყო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, გემი იძირებოდეს, შენ კი წაქცეულ სკამებს ასწორებდე. აფორიაქებული სული დამიწყნარდა, როცა გავიგე, რომ მალე დედამიწიდან აღმოიფხვრება უსამართლობა და ყველა ადამიანი მართლა თანასწორი იქნება.
ბიბლია გვასწავლის, რომ, იეჰოვა ღმერთი „სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). ეს ერთ-ერთი მიზეზია იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი აღადგენს სამართალს, რასაც ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს (დანიელი 2:44). თუ გსურთ, ამ საკითხზე მეტის გაგება დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.mr1310.com.
რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს, ადამიანს არ ძალუძს უსამართლობისა და უთანასწორობის აღმოფხვრა