არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ დავძლიოთ გულისწყრომა

როგორ დავძლიოთ გულისწყრომა

პრობლემა

ვერაფრით ივიწყებთ მეუღლის ნათქვამ გულსატკენ სიტყვებსა და საქციელს. მის უხეშ სიტყვებსა და დაუფიქრებელ ქცევებს გონებიდან ვერ იგდებთ. ნელ-ნელა თქვენს გულში სიყვარულის ნაცვლად გულისწყრომა ისადგურებს. ფიქრობთ, რომ სხვა გზა არა გაქვთ — უსიყვარულოდ უნდა იცხოვროთ და ამის გამოც მეუღლეზე მოგდით ბრაზი.

გჯეროდეთ, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. თავდაპირველად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე გულისწყრომა?

რა უნდა იცოდეთ

გულისწყრომის გულში ჩატოვება ისეთ სირთულეებს წარმოშობს, რაც არღვევს ოჯახურ იდილიას

გულისწყრომამ შეიძლება ქორწინება შეიწიროს. გულისწყრომა გვაკარგვინებს ისეთ ძვირფას თვისებებს, როგორიცაა: სიყვარული, ნდობა და ერთგულება, რაც ქორწინებას უნდა ედოს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, გულისწყრომა ოჯახური უთანხმოების შედეგი კი არ არის, არამედ, თვითონ გულისწყრომა იწვევს ოჯახში უთანხმოებებს. ამიტომაც ბიბლია გვირჩევს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა“ (ეფესოელები 4:31).

თუ სიბრაზეს გულში იტოვებთ, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებთ. ასე მოქცევით, თითქოს საკუთარ თავს სილას აწნავთ და გინდათ, რომ ტკივილი სხვამ იგრძნოს. „შეიძლება ოჯახის ის წევრი, ვისზეც გაბრაზებული ხართ, თავს მშვენივრად გრძნობს, ხარობს ცხოვრებით და შესაძლოა ვერც კი ხვდება, რა ხდება თქვენს გულში“, — აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი მარკ ზიკელი თავის წიგნში (Healing From Family Rifts). დასკვნის სახით ის დასძენს: „გულისწყრომით საკუთარ თავს უფრო მეტად ვნებთ, ვიდრე იმ ადამიანს, ვისზეც გაბრაზებული ხართ“.

თუ სიბრაზეს გულში იტოვებთ, ეს ისეა, თითქოს საკუთარ თავს სილას აწნავთ და გინდათ, რომ ტკივილი სხვამ იგრძნოს

გულისწყრომა ერთადერთი საპასუხო რეაქცია არ არის. ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ აზრს და თქვას: „გაბრაზებამდე და განრისხებამდე მეუღლეს მივყავარ“. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი აზროვნებით ადამიანს ყურადღება იმაზე გადააქვს, რისი გაკონტროლებაც არ შეუძლია, კერძოდ, სხვისი მოქმედებების. ბიბლია გამოსავალს გვთავაზობს. ის გვირჩევს: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს“ (გალატელები 6:4). ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ სხვის ქცევებსა და სიტყვებს, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ სხვის მოქმედებებზე ჩვენი რეაქცია ვაკონტროლოთ. ასე რომ, გულისწყრომა ერთადერთი გამოსავალი არ არის.

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

სძლიეთ რისხვას. მეუღლის დადანაშაულება ადვილია. მაგრამ გახსოვდეთ, თქვენზეა დამოკიდებული, განრისხდებით თუ არა. ასევეა პატიებაც. შეგიძლიათ შემდეგი ბიბლიური რჩევა გაითვალისწინოთ: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). პატიების სული დაგეხმარებათ, წამოჭრილ პრობლემას სხვა თვალით შეხედოთ (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:13).

გულწრფელად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი ადამიანი „ადვილად რისხდება“ (იგავები 29:22). თქვენზეც იგივე ხომ არ ითქმის? ჰკითხეთ საკუთარ თავს: ადვილად ვმწარდები? ადვილია ჩემი განაწყენება? უმნიშვნელო საკითხებს ხომ არ ვაზვიადებ ხოლმე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს“ (იგავები 17:9; ეკლესიასტე 7:9). ამის საშიშროება ოჯახშიც შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ, თუ ადვილად რისხდებით, დაფიქრდით: შეგიძლიათ უფრო მომთმენი იყოთ მეუღლის მიმართ? (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 4:8).

დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). საჭირო არ არის, ყოველთვის როცა განაწყენდებით, ეს თემა განხილვის საგნად აქციოთ. ზოგჯერ სათქმელი „გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“ (ფსალმუნი 4:4). როცა ფიქრობთ, რომ ვეღარ გაჩუმდებით, მანამ მოიცადეთ, სანამ გაღიზიანება არ გადაგივლით. ერთი ქალი, სახელად ბეატრისი, ამბობს: „როცა რაღაც მწყინს, ვცდილობ, ჯერ დავმშვიდდე. მოგვიანებით ვაცნობიერებ, რომ საგანგაშო არაფერი ყოფილა და უკვე აღარ მიჭირს სათქმელი პატივისცემით გამოვთქვა“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 19:11).

ბოლომდე ჩასწვდით სიტყვა პატიების მნიშვნელობას. ბიბლიაში „პატიებად“ ნათარგმნი სიტყვა ზოგჯერ დედნისეულ ენაზე ნიშნავს რაღაცის გაშვებას ან თავიდან მოშორებას. აქედან გამომდინარე, პატიება ისეთი პოზიციის დაკავებას არ ნიშნავს, თითქოს არაფერი მომხდარა. გულისწყრომის თავიდან მოშორებაში იმის გაცნობიერება დაგეხმარებათ, რომ გულისწყრომას უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისე ქორწინებისთვის, ვიდრე იმ ფაქტს, რამაც გაგაღიზიანათ.