არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ განვამტკიცოთ ქორწინება

როგორ განვამტკიცოთ ქორწინება

პრობლემა

ქორწილის დღეს აღთქმა დადეთ, რომ მთელი ცხოვრება მეუღლეს უერთგულებდით და ჭირში თუ ლხინში მის გვერდით იქნებოდით.

მაგრამ წლების მანძილზე წამოჭრილმა პრობლემებმა თქვენ შორის ურთიერთობა დაძაბა. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ქორწინება უწინდებურად მტკიცე აღარ არის?

რა უნდა იცოდეთ

ვალდებულება ღუზასავითაა, რომელიც განამტკიცებს ქორწინებას

აღებული ვალდებულების შესრულება პრობლემიდან გამოსავალია და არა თავად პრობლემა. დღეს ბევრი წყვილი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს იმ ვალდებულების შესრულებას, რასაც ქორწინება აკისრებს მათ. ზოგიერთი მას ბორკილს ადარებს, რომელიც ზღუდავს და გასაქანს არ აძლევს. სინამდვილეში კი ვალდებულება ღუზასავითაა, რომელიც განამტკიცებს ქორწინებას. ერთი ქალი, სახელად მეგანი ამბობს: „ოჯახური პრობლემების დროს წყვილს ყველაზე მეტად იმაში დარწმუნება ამშვიდებს, რომ ერთმანეთს არ მიატოვებენ“. * მაშინაც კი, როდესაც ცოლ-ქმარს პრობლემები აქვს, იმის ცოდნა, რომ რაც უნდა მოხდეს ოჯახი არ დაინგრევა, მათ პრობლემების მოგვარების საფუძველს აძლევს (იხილეთ ჩარჩო „ ვალდებულება და ერთგულება“).

დასკვნა: პრობლემების დროს თქვენი ქორწინება კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დააყენოთ, არამედ განამტკიცეთ ის. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

რის გაკეთება შეგიძლიათ

შეამოწმეთ თქვენი დამოკიდებულება. „მუდმივი კავშირი“ — გაშინებთ ეს სიტყვები, თუ თავს დაცულად გაგრძნობინებთ? პრობლემების დროს ხომ არ ფიქრობთ, რომ განქორწინება საუკეთესო გამოსავალია? ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად მნიშვნელოვანია, ქორწინებას უყუროთ, როგორც მუდმივ კავშირს (ბიბლიური პრინციპი: მათე 19:6).

დაფიქრდით თქვენს წარსულზე. შესაძლოა ქორწინებისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა მშობლების მაგალითმა მოახდინა. „ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა ჩემი მშობლები განქორწინდნენ, — ამბობს ლია. — ვშიშობ, რომ მათმა მაგალითმა ქორწინებაზე უარყოფითი შეხედულება შემიქმნა“. დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ თქვენი ქორწინების სხვაგვარად წარმართვას. არ იფიქროთ, რომ თქვენც მშობლების ხვედრს გაიზიარებთ (ბიბლიური პრინციპი: გალატელები 6:4, 5).

დაფიქრდით, რას ამბობთ. მეუღლესთან გაცხარებული კამათის დროს, მოერიდეთ ისეთი რამის თქმას, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. მაგალითად, ნუ ეტყვით: „შენგან მივდივარ!“ ან „ისეთ ადამიანს ვიპოვი, რომელიც დამაფასებს!“. ასეთი სიტყვები ძირს უთხრის ქორწინებას და იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოგვარდეს, ცოლ-ქმარი შეტევაზე გადადის. გულსატკენი სიტყვების ნაცვლად კარგი იქნება, თქვათ: „ორივენი გაბრაზებული ვართ. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 12:18).

დაანახვეთ სხვებს, რომ სერიოზულად ეკიდებით ქორწინებას. სამსახურში მეუღლის სურათი გამოსაჩენ ადგილას დადეთ. სხვებთან დადებითად ისაუბრეთ თქვენს ქორწინებაზე და სადაც არ უნდა იყოთ მეუღლის გარეშე, მიზნად დაისახეთ, რომ ყოველდღე დაურეკოთ მას. საუბრისას ხშირად გამოიყენეთ სიტყვა „ჩვენ“ და ისეთი ფრაზები, როგორიცაა, „მე და ჩემი ცოლი“ ან „მე და ჩემი ქმარი“. ასე მოქმედებით, საკუთარ თავსაც შეახსენებთ და სხვებსაც დაანახვებთ, რომ პასუხისმგებლობა გაკისრიათ მეუღლის წინაშე.

მიჰბაძეთ სამაგალითო წყვილებს. დააკვირდით გამოცდილ წყვილებს, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან ქორწინებაში წამოჭრილ პრობლემებს და ჰკითხეთ, თუ რას ნიშნავს მათთვის აღებული ვალდებულების შესრულება და როგორ ეხმარება ის ცოლქმრული კვანძების განმტკიცებაში. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ბიბლიური პრინციპი და მოუსმინეთ მათ რჩევებს, ვისაც წარმატებული ქორწინება აქვს.

^ აბზ. 7 ბიბლია განქორწინების უფლებას წყვილს მხოლოდ მრუშობის შემთხვევაში აძლევს. ამავე ჟურნალში იხილეთ სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი — მრუშობა“.