არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან უერთგულა თავის რწმენას

მან უერთგულა თავის რწმენას

სონგ-ჰი 11 წლის იყო, როდესაც დედამისმა მის ზურგზე უჩვეულო სიმრუდე შენიშნა. ექიმმა გოგონას სკოლიოზის დიაგნოზი დაუსვა, რაც ხერხემლის გამრუდებას ნიშნავს. ამ დროს ხერხემალი იღებს C-ის ან S-ის ფორმას. სონგ-ჰის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა, მაგრამ გოგონას სურდა, ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე გაეკეთებინათ. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისგან ინტერვიუ აიღო.

რა ზომებს მიმართეს ექიმებმა მას შემდეგ, რაც სკოლიოზის დიაგნოზი დაგისვეს?

სამი წლის განმავლობაში ორი ექიმის დაკვირვების ქვეშ ვიყავი, მაგრამ ჩემი ხერხემალი უფრო მრუდდებოდა. ის გულსა და ფილტვებზე მაწვებოდა და სუნთქვას მიძნელებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ ოპერაციას ვერ ავცდებოდი.

დათანხმდი ოპერაციაზე?

რასაკვირველია. თუმცა ექიმებმა ისიც მითხრეს, რომ ოპერაცია საკმაოდ რთული იქნებოდა, რადგან ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მწვავე იყო. ხერხემლის სვეტი 116 გრადუსით იყო გადახრილი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული ჩემი რელიგიური შეხედულების გამო უარს ვამბობდი სისხლის გადასხმაზე. *

იპოვეთ ისეთი ექიმი, რომელიც ასეთ ოპერაციაზე დაგთანხმდებოდათ?

მე და დედა ჩვენსავე ქალაქში, ტამპაში (ფლორიდა, აშშ), ერთ სპეციალისტთან მივედით და ვუთხარით, რომ ოპერაციის უსისხლოდ გაკეთება გვსურდა. მან გვიპასუხა, რომ ასეთ რთულ საქმეს სისხლის გადასხმის გარეშე არც ერთი ექიმი არ მოჰკიდებდა ხელს. უფრო მეტიც, მან დასძინა, რომ ოპერაციის გარეშე შეიძლება 20 წლამდეც ვერ მიმეღწია. მაშინ 14 წლისა ვიყავი.

აუხსენი ექიმს, რატომ ამბობდი უარს სისხლის გადასხმაზე?

დიახ. ექიმს ავუხსენი, რომ ჩემი შეხედულება ბიბლიაზე იყო დაფუძნებული და, რომ ღვთის თვალში სისხლი, როგორც ცხოველის, ისე ადამიანის, წმინდად ითვლებოდა. * ისრაელები სიკვდილით დაისჯებოდნენ, თუ სისხლს შეჭამდნენ. * ექიმს ბიბლიიდან საქმეების 15:19, 20 ამოვუკითხე. ეს მუხლები ქრისტიანებს მოუწოდებს, „მოერიდონ . . . სისხლს“, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლი ჩვენს ორგანიზმში არანაირი გზით არ უნდა მოხვდეს, არც საკვებიდან და არც ვენიდან.

რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ექიმს?

ექიმი დაჟინებით გვეუბნებოდა, რომ სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციას არ გამიკეთებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლოს ისიც კი მითხრეს, რომ თუ სისხლის გადასხმაზე დავთანხმდებოდი, ოპერაციას უფასოდ გამიკეთებდნენ.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შემოთავაზებაა; როგორ მოიქეცით?

მართალია, უსისხლო ქირურგიაზე არავინ გვთანხმდებოდა, მაგრამ მე და დედას მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენი რწმენის ერთგულები დავრჩენილიყავით. ამის შემდეგ საქმე კიდევ უფრო გართულდა. ვინაიდან არასრულწლოვანი ვიყავი და მდგომარეობაც კრიტიკული იყო, საქმე სასამართლომდე მივიდა. საბედნიეროდ, ფლორიდის შტატის სასამართლომ 30 დღე მოგვცა ისეთი ექიმის მოსაძებნად, რომელიც პატივს სცემდა ჩემს მრწამსს.

მიაგენით ასეთ ექიმს?

დიახ. იეჰოვას მოწმეების საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი დაუკავშირდა ერთ სპეციალისტს ნიუ-იორკში, რომელიც თანახმა იყო უსისხლო ქირურგიაზე. მათი დახმარებით სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაშიც ჩავეტიეთ. *

როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ხერხემლის გასასწორებლად ქირურგმა რობერტ ბერნშტაინმა ხერხემლის სვეტის ფიქსატორი ჩამიდგა. ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდა, ორკვირიანი ინტერვალით.

შეგიძლია აგვიხსნა, რატომ ჩაგიტარდა ოპერაცია ორ ეტაპად?

თუ პირველ ეტაპზე დიდი რაოდენობით სისხლს დავკარგავდი, დროის ეს ინტერვალი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ხელახლა წარმოქმნილიყო სისხლის წითელი უჯრედები, რაც შესაძლებლობას მისცემდა ექიმებს, შემდგომი ოპერაციის ჩასატარებლად. ექიმების მაღალი კვალიფიკაციის, კარგად შემუშავებული გეგმისა და საქმისადმი მათი გულმოდგინე დამოკიდებულების წყალობით ორივე ოპერაცია ისე წარიმართა, რომ ძალიან ცოტა სისხლი დავკარგე. გარდა ამისა, მალე გამოვჯანმრთელდი და თავიდან ავიცილე ის გართულებები, რასაც ალბათ სისხლის გადასხმის შემთხვევაში ვერ ავირიდებდი. *

კმაყოფილი იყო ექიმი შედეგით?

ექიმებმა პაციენტს ანგარიში უნდა გაუწიონ

დიახ, ექიმი ძალიან გახარებული იყო. მან თქვა: „პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მხოლოდ ოპერაციის გაკეთებას არ ნიშნავს“. როგორც მან აღნიშნა, ექიმებმა პაციენტს ანგარიში უნდა გაუწიონ და დააფასონ მისი რწმენა და ფასეულობები. ექიმის ასეთ თვალსაზრისს იეჰოვას მოწმეების გარდა, სხვაც ბევრი გაიზიარებდა.

^ აბზ. 7 სონგ-ჰის დედა იეჰოვას მოწმეა. დედის რწმენას სონგ-ჰიც იზიარებს, რომელიც 2012 წელს 16 წლის ასაკში მოინათლა.

^ აბზ. 17 საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები ეხმარებიან იეჰოვას მოწმე პაციენტებს, მოძებნონ ისეთი ექიმები, რომლებიც მზად არიან სისხლის გადასხმის გარეშე აღმოუჩინონ მოწმეებს საუკეთესო სამედიცინო დახმარება.

^ აბზ. 21 კვალიფიციურ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე დამკვირვებელი ერთი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს, ეწერა: „სისხლის გადასხმა იგივე ცოცხალი ქსოვილის გადანერგვაა. ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერ გადანერგილ ორგანოს ან ქსოვილს უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის მას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ“ (Clinical Excellence Commission, New South Wales, Australia Health).