არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ ვსაჭიროებთ იეჰოვას ორგანიზაციას

ჩვენ ვსაჭიროებთ იეჰოვას ორგანიზაციას

ჩვენ ვსაჭიროებთ იეჰოვას ორგანიზაციას

გსმენიათ ოდესმე ვინმეს რომ ეთქვას: „მე მწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა არანაირი რელიგიური ორგანიზაციის“? მსგავს თვალსაზრისს ხშირად გამოთქვამენ ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ენთუზიაზმით დადიოდნენ ეკლესიებში, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ იმის გამო, რომ მათმა რელიგიამ ვერ დააკმაყოფილა მათი სულიერი მოთხოვნილებები. მთლიანობაში, რელიგიური ორგანიზაციების გამო გულგატეხილობის მიუხედავად, ბევრი ამბობს, რომ ჯერ კიდევ სურთ ღვთისადმი თაყვანისცემა. მაგრამ ისინი თვლიან, რომ უმჯობესია ღმერთს დამოუკიდებლად სცენ თაყვანი, ვიდრე ეკლესიასთან ან სხვა ორგანიზაციასთან ერთად.

როგორია ბიბლიის თვალსაზრისი? სურს თუ არა ღმერთს, რომ ქრისტიანები რაიმე ორგანიზაციასთან იყვნენ დაკავშირებული?

ადრინდელი ქრისტიანები კურთხეული იყვნენ ორგანიზებული მსახურებით

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ თავისი წმინდა სული გადმოაფრქვია არა რამდენიმე ცალკეულ მორწმუნეზე, არამედ მამაკაცებისა და ქალების ჯგუფზე, რომლებიც „ერთად იყვნენ“ შეკრებილი იერუსალიმში, ზემოთა ოთახში (საქმეები 2:1). იმ დროს ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. პირველი მოწაფეებისთვის ეს ნამდვილი კურთხევა აღმოჩნდა. რატომ? უპირველეს ყოვლისა მათ მნიშვნელოვანი დავალება მიეცათ — დროთა განმავლობაში „მთელს მსოფლიოში“ ექადაგათ კეთილი ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14). ახალმოქცეულებს კრებაში შეეძლოთ გამოცდილი თანამორწმუნეებისგან ესწავლათ, თუ როგორ წარემართათ სამქადაგებლო საქმიანობა.

მალე სამეფოს შესახებ ცნობა შორს გასცდა იერუსალიმის კედლებს. ახ. წ. 62—64 წლებში პეტრე მოციქულმა თავისი პირველი წერილი მისწერა ქრისტიანებს, „განთესილთ პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში“ —ყველა ეს მხარე ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიას მიეკუთვნება (1 პეტრე 1:1). მორწმუნეები პალესტინაში, ლიბანში, სირიაში, კვიპროსში, საბერძნეთში, კრეტასა და იტალიაშიც იყვნენ. როგორც პავლემ ახ. წ. 60—61 წლებში კოლასელებს მისწერა, კეთილი ცნობის ქადაგება მიმდინარეობდა ყოველი ქმნილებისთვის „ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

სხვა სარგებლობა, რაც ორგანიზაციასთან ურთიერთობას მოჰქონდა, იყო ის, რომ ქრისტიანებს ერთიმეორის გამხნევება შეეძლოთ. კრებაში ქრისტიანები შთამბეჭდავ საუბრებს ისმენდნენ, ერთად სწავლობდნენ საღვთო წერილს, ერთმანეთს უზიარებდნენ მსახურებასთან დაკავშირებულ რწმენის განმამტკიცებელ შემთხვევებს და ერთად ლოცულობდნენ (1 კორინთელთა, მე-14 თავი). ხოლო მოწიფულ მამაკაცებს შეეძლოთ ემწყემსათ „ღვთის სამწყსო“ (1 პეტრე 5:2).

ერთი კრების წევრმა ქრისტიანებმა გაიცნეს და შეიყვარეს კიდეც ერთმანეთი. ნაცვლად იმისა, რომ კრებასთან ურთიერთობა მძიმე ტვირთად ქცეოდათ, ადრინდელ ქრისტიანებს აღაშენებდა და აძლიერებდა (საქმეები 2:42; 14:27; 1 კორინთელთა 14:26; კოლასელთა 4:15, 16).

გაერთიანებული მსოფლიო კრება ანუ ორგანიზაცია ერთიანობის ხელშესაწყობადაც იყო საჭირო. ქრისტიანებმა ‘ერთი და იმავეს ლაპარაკი’ ისწავლეს (1 კორინთელთა 1:10). ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ იყო. განათლების დონითა და სოციალური წარმოშობით კრების წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და პიროვნულ თვისებებითაც აშკარად განირჩეოდნენ (საქმეები 2:1—11). დროდადრო მათი შეხედულებებიც არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგრამ ქრისტიანებს შორის ასეთი განსხვავებულობებისა თუ უთანხმოებების მოგვარება კრების შიგნით ხდებოდა (საქმეები 15:1, 2; ფილიპელთა 4:2, 3).

სერიოზული საკითხები, რომელთაც ადგილობრივი უხუცესები ვერ ართმევდნენ თავს, ისეთ მოწიფულ მიმომსვლელ ზედამხედველებს გადაეცემოდათ, როგორიც, მაგალითად, პავლე იყო. მოძღვრებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები იერუსალიმში მყოფ მთავარ ხელმძღვანელ საბჭოს გადაეცემოდა. ხელმძღვანელი საბჭო თავდაპირველად იესო ქრისტეს მოციქულებისგან შედგებოდა, მაგრამ მოგვიანებით მასში იერუსალიმის კრების უხუცესებიც შევიდნენ. ყოველი კრება აღიარებდა ხელმძღვანელი საბჭოსა და მისი წარმომადგენლებისათვის ღვთის მიერ ბოძებულ უფლებამოსილებას მსახურების ორგანიზებაში, მამაკაცებისთვის სამსახურებრივი დანიშნულებების მიცემასა და მოძღვრების საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებაში. როდესაც ხელმძღვანელი საბჭო რაიმე გადაწყვეტილებას იღებდა, კრებები ემორჩილებოდნენ მას და ‘ხარობდნენ ნუგეშისცემით’ (საქმეები 15:1, 2, 28, 30, 31).

დიახ, იეჰოვა ორგანიზაციას იყენებდა პირველ საუკუნეში. მაგრამ რას ვიტყოდით დღევანდელობაზე?

დღესაც გვესაჭიროება ორგანიზაცია

პირველ საუკუნეში მცხოვრები თავიანთი თანამორწმუნეების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები დღეს სერიოზულად ეკიდებიან სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების დავალებას. ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ისინი ასრულებენ ამ სამუშაოს, ბიბლიებისა და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ლიტერატურის გავრცელებაა. ასეთი საქმიანობა კი ორგანიზაციის არსებობას მოითხოვს.

ქრისტიანული პუბლიკაციები ყურადღებით უნდა მომზადდეს, საგულდაგულოდ შემოწმდეს, დაიბეჭდოს და შემდეგ კრებებს მიეწოდოს. თავის მხრივ, ქრისტიანებმა უნდა მიუტანონ ლიტერატურა მათ, ვისაც მისი წაკითხვა სურს. ამგვარად სამეფოს ცნობამ მილიონობით ადამიანს მიაღწია. კეთილი ცნობის მაუწყებლები ცდილობენ, თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობა მოწესრიგებულად შეასრულონ. ისინი უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ტერიტორიის რომელიმე ნაწილი არ იყოს ზედმეტად დამუშავებული, მაშინ როდესაც სხვა ადგილებს ჯერ არავინ სტუმრებია. ყოველივე ეს ორგანიზაციის მიერ ხელმძღვანელობას მოითხოვს.

ვინაიდან „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა უნდა ითარგმნოს (საქმეები 10:34). ამჟამად ეს ჟურნალი 132 ენაზე გამოიცემა, ხოლო მასთან ერთად გამომავალი „გამოიღვიძეთ!“ — 83-ზე. ეს მოითხოვს კარგად ორგანიზებული მთარგმნელობითი ჯგუფების არსებობას მთელ მსოფლიოში.

ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე დასწრებით კრების წევრები გამხნევებას იღებენ. ისინი გამამხნევებელ ბიბლიურ მოხსენებებს ისმენენ, ერთად სწავლობენ საღვთო წერილს, ერთმანეთს უზიარებენ მსახურებასთან დაკავშირებულ აღმშენებლობით შემთხვევებს და თანამორწმუნეებთან ერთად ისმენენ საჯარო ლოცვას. გარდა ამისა, პირველ საუკუნეში მცხოვრები თავიანთი ძმების მსგავსად, დიდ სარგებლობას იღებენ მოსიყვარულე მიმომსვლელი ზედამხედველების რწმენის განმამტკიცებელი მონახულებებისგან. ამგვარად, ქრისტიანები დღეს ერთიანდებიან „ერთ ფარაში“, რომელსაც ჰყავს „ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16).

რასაკვირველია, თავიანთი ადრინდელი თანამორწმუნეების მსგავსად არც იეჰოვას მოწმეები არიან სრულყოფილები. მიუხედავად ამისა, ისინი გაერთიანებულად შრომობენ. შედეგად, სამქადაგებლო საქმიანობა სამეფოს შესახებ ყველგან, მთელი დედამიწის ზურგზე, სრულდება (საქმეები 15:36—40; ეფესელთა 4:13).

[სურათი 31 გვერდზე]

ქრისტიანები დღეს ერთიანდებიან „ერთ ფარაში“, რომელსაც ჰყავს „ერთი მწყემსი“.