არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სულით აენთეთ“!

„სულით აენთეთ“!

„სულით აენთეთ“!

„საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“ (რომ. 12:11).

1. რატომ სწირავდნენ ისრაელები ღმერთს ცხოველურ თუ სხვა სახის შესაწირავს?

იეჰოვა აფასებს მსხვერპლს, რომელსაც მისი მსახურები იღებენ ღვთისადმი სიყვარულისა და მორჩილების ნიშნად. ძველად ღმერთი იწონებდა ცხოველურ თუ სხვა სახის შესაწირავს. მოსეს კანონის თანახმად ისრაელებს შესაწირავები უნდა გაეღოთ, რათა ღმერთს მათთვის ცოდვები ეპატიებინა; შესაწირავების გაღება ღვთისადმი მადლიერების გამოხატვის საშუალებაც იყო. დღეს იეჰოვა ქრისტიანებისგან აღარ ითხოვს ცხოველურ შესაწირავს. მაგრამ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის მე-12 თავში, პავლე მოციქული აღნიშნავს, რომ გარკვეული სახის შესაწირავი ქრისტიანებისგანაც მოითხოვება. განვიხილოთ, რას გულისხმობდა პავლე.

ცოცხალი მსხვერპლი

2. რისთვის უნდა იყოს ქრისტიანი მზად და რა შედის ამაში?

2 წაიკითხეთ რომაელების 12:1, 2. წერილის დასაწყისში პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუდეველი თუ არაიუდეველი ცხებული ქრისტიანები ღვთის თვალში მართლებად იყვნენ აღიარებულნი რწმენით და არა საქმეებით (რომ. 1:16; 3:20—24). მე-12 თავში პავლე გვიხსნის, რომ ქრისტიანები მზად უნდა ვიყოთ, ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეთ და ამგვარად გამოვხატოთ მადლიერება ღვთისადმი. ამისთვის კი გონების განახლება გვჭირდება. ჩვენ „ცოდვისა და სიკვდილის კანონს“ ვექვემდებარებით, რადგან არასრულყოფილება მემკვიდრეობით გადმოგვეცა (რომ. 8:2). ამიტომ ჩვენ უნდა გარდავიქმნათ, „განვიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა“ ანუ რადიკალურად შევიცვალოთ აზროვნება (ეფეს. 4:23). ამას მხოლოდ ღვთისა და მისი წმინდა სულის დახმარებით შევძლებთ. თუმცა ჩვენი მხრიდან გააზრებული ძალისხმევაც აუცილებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად ვეცადოთ, აღარ ვიცხოვროთ „ქვეყნიერების ყაიდაზე“, რაშიც ამ ქვეყნიერებაში გავრცელებული დაცემული ზნეობა, ბინძური გართობა და უკუღმართი აზროვნება იგულისხმება (ეფეს. 2:1—3).

3. რატომ ვმონაწილეობთ ქრისტიანულ მსახურებაში?

3 პავლე აგრეთვე მოგვიწოდებს, გააზრებული გვქონდეს, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“. რატომ ვკითხულობთ ბიბლიას ყოველდღიურად? რატომ ვფიქრობთ წაკითხულზე? რატომ ვლოცულობთ და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს? რატომ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ? არა იმიტომ, რომ ამისკენ უხუცესები მოგვიწოდებენ. მართალია ჩვენ ვაფასებთ მათ დროულ შეხსენებებს, მაგრამ ქრისტიანულ მსახურებაში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ ღვთის სულითა და მისი სიყვარულით ვართ აღძრულნი. ჩვენ პირადად დავრწმუნდით, რომ ჩვენთვის ღვთის ნება სწორედ ასეთი მსახურების შესრულებაა (ზაქ. 4:6; ეფეს. 5:10). გვახარებს და კმაყოფილებას გვგვრის იმის გაანალიზება, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებით იეჰოვას მოსაწონები ვხდებით.

სხვადასხვა ძღვენი

4, 5. როგორ უნდა გამოიყენონ ქრისტიანმა უხუცესებმა თავიანთი ძღვენი?

4 წაიკითხეთ რომაელების 12:6—8, 11. პავლე აღნიშნავს, რომ „ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით სხვადასხვა ძღვენი გვაქვს“. ზოგი ძღვენი, რომელსაც პავლე მოიხსენიებს, მაგალითად შეგონება და ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით საყურადღებოა ქრისტიანი უხუცესებისთვის, რომლებმაც „ეს საქმე მთელი მონდომებით“ უნდა აკეთონ.

5 როგორც პავლე ამბობს, ასეთივე მონდომებას უნდა ავლენდნენ ზედამხედველები, როცა ასწავლიან ან მსახურობენ. კონტექსტიდან ჩანს, რომ პავლე „მსახურებაში“ გულისხმობს მსახურებას, რომელსაც ზედამხედველები კრებაში ანუ „ერთ სხეულში“ ეწევიან (რომ. 12:4, 5). სწორედ ამ მსახურებაზეა საუბარი საქმეების 6:4-შიც, სადაც ჩაწერილია მოციქულების სიტყვები: „ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“. რას მოიცავს ასეთი მსახურება? ქრისტიანი უხუცესები თავიანთ ძღვენს კრების წევრების გასაძლიერებლად იყენებენ. უხუცესები ასრულებენ ასეთ მსახურებას, როცა მონდომებით ასწავლიან კრებას ღვთის სიტყვიდან და ზრუნავენ სამწყსოზე. ამაში მათ ღვთის სიღრმეების ლოცვით გამოკვლევა ეხმარება. ზედამხედველებმა კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენონ თავიანთი ძღვენი და „ხალისით“ იზრუნონ ცხვარზე (რომ. 12:7, 8; 1 პეტ. 5:1—3).

6. როგორ შეგვიძლია მივყვეთ რომაელების 12:11-ში, ამ სტატიის წამყვან მუხლში ჩაწერილ რჩევას?

6 პავლე განაგრძობს: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“. თუ ვატყობთ, რომ მსახურების ხალისი დავკარგეთ, უნდა დავუკვირდეთ, როგორი პირადი შესწავლა გვაქვს, უფრო ხშირად და მხურვალედ ვილოცოთ იეჰოვას წმინდა სულისთვის, რაც ძველი შემართების დაბრუნებაში დაგვეხმარება (ლუკ. 11:9, 13; გამოცხ. 2:4; 3:14, 15, 19). პირველ ქრისტიანებს წმინდა სული აძლევდა იმის ძალას, რომ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ელაპარაკათ (საქ. 2:4, 11). წმინდა სული ჩვენც დაგვეხმარება, რომ სულით ავენთოთ და გულმოდგინედ ვიმსახუროთ.

თავმდაბლობა და მოკრძალებულობა

7. რატომ უნდა ვიმსახუროთ თავმდაბლურად და მოკრძალებით?

7 წაიკითხეთ რომაელების 12:3, 16. ნებისმიერი ძღვენი იეჰოვას წყალობით გვაქვს. სხვა მუხლში პავლე აღნიშნავს: „ღმერთი გვხვდის გამოსადეგს“ (2 კორ. 3:5). აქედან გამომდინარე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა შევიქმნათ. თავმდაბლურად უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი ჩვენი წარმატება ღვთის კურთხევაა და არა ჩვენი დამსახურება (1 კორ. 3:6, 7). ამ აზრის მხარდასაჭერად პავლემ თქვა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ღირსების გრძნობა არ უნდა გვქონდეს და ღვთის მსახურება სიხარულსა და კმაყოფილებას არ უნდა გვანიჭებდეს. მოკრძალებულობა ანუ საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება, თავდაჯერებულობისგან დაგვიცავს. ჩვენ გვსურს, რომ საღად ვიაზროვნოთ.

8. რა დაგვიცავს იმისგან, რომ გონიერი არ გვეგონოს „საკუთარი თავი“?

8 საკუთარი წარმატებებით ტრაბახი უგუნურებაა, რადგან ყველაფერს ღმერთი ზრდის (1 კორ. 3:7). პავლემ აღნიშნა, რომ ღმერთმა კრების თითოეულ წევრს უბოძა რწმენა. ნაცვლად იმისა, რომ სხვებზე უკეთესად ჩავთვალოთ თავი, უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებას ყველა იმ რწმენის შესაბამისად აღწევს, რაც ღმერთმა მას უწილადა. პავლე დასძენს: „სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე“. სხვა წერილში მოციქული ამბობს: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3). ნამდვილი თავმდაბლობა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო იმის გასათვითცნობიერებლად, რომ თითოეული ჩვენი და-ძმა ამა თუ იმ კუთხით ჩვენზე აღმატებულია. თავმდაბლობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ „საკუთარი თავი“ გონიერი არ გვეგონოს. გარკვეული პასუხისმგებლობების გამო შეიძლება ყურადღების ცენტრში ვართ, მაგრამ სხვებისთვის შეუმჩნეველ, „თავმდაბლობის მაჩვენებელ“ საქმეებსაც სიხარულით უნდა ვასრულებდეთ (1 პეტ. 5:5).

ჩვენი ქრისტიანული ერთობა

9. რატომ შეადარა პავლემ სულითცხებული ქრისტიანები სხეულის ნაწილებს?

9 წაიკითხეთ რომაელების 12:4, 5, 9, 10. პავლე ცხებულ ქრისტიანებს ადარებს სხეულის ნაწილებს, რომლებიც სხეულის თავს, ქრისტეს ემორჩილებიან (კოლ. 1:18). პავლე მათ შეახსენებს, რომ სხეულს სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალი ნაწილი აქვს, მაგრამ ისინი „ერთი სხეული“ არიან „ქრისტესთან ერთობაში“. ამიტომ მოუწოდებდა პავლე ეფესოელ ცხებულებს: „ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე. მისგან მთელი სხეული, თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული საჭირო სახსრების მეშვეობით, თითოეული ნაწილის თავისი ზომით მოქმედების შესაბამისად იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულში“ (ეფეს. 4:15, 16).

10. ვის უფლებამოსილებას უნდა აღიარებდეს „სხვა ცხვარი“?

10 მართალია „სხვა ცხვარი“ ქრისტეს სხეულის ნაწილი არ არის, მაგრამ ეს მაგალითი მათთვისაც საყურადღებოა (იოან. 10:16). პავლე ამბობს, რომ იეჰოვამ „ყველაფერი მას [ქრისტეს] დაუმორჩილა ფეხქვეშ და იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში“ (ეფეს. 1:22). „ყველაფერში“, რაც იეჰოვამ თავის ძეს დაუმორჩილა, „სხვა ცხვარიც“ იგულისხმება. ისინი არიან „ქონების“ ნაწილი, რომელიც ქრისტემ „ერთგულ და გონიერ მონას“ მიანდო (მათ. 24:45—47). ამიტომ დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეები ქრისტეს თავიანთ თავად აღიარებენ და ემორჩილებიან „ერთგულ და გონიერ მონას“, აგრეთვე ხელმძღვანელ საბჭოსა და კრებაში დანიშნულ ზედამხედველებს (ებრ. 13:7, 17). ამის წყალობითაა ქრისტიანებს შორის ერთიანობა.

11. რას ეფუძნება ჩვენი ერთიანობა და რას გვირჩევს პავლე?

11 ეს ერთიანობა ეფუძნება სიყვარულს, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14). რომაელების მიმართ მიწერილი წერილის მე-12 თავში პავლე ხაზგასმით ამბობს, რომ ჩვენი სიყვარული უთვალთმაქცო უნდა იყოს და ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები უნდა გამოვავლინოთ. ეს კი, თავის მხრივ, ურთიერთპატივისცემას უწყობს ხელს. პავლე ამბობს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. მაგრამ სიყვარული შემწყნარებლობაში არ უნდა აგვერიოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრებაში სიწმინდე შევინარჩუნოთ. სიყვარულთან დაკავშირებული რჩევის შემდეგ პავლე დასძენს: „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“.

გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

12. გულუხვობის რა მაგალითი დაგვიტოვეს მაკედონელმა ქრისტიანებმა?

12 წაიკითხეთ რომაელების 12:13. ძმების სიყვარული აღგვძრავს, რომ „წმინდებს მათი საჭიროების“ და ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით გავუზიაროთ ყველაფერი. თუნდაც ბევრი არაფერი გვქონდეს, შეგვიძლია სხვებს ის გავუზიაროთ, რაც გვაქვს. მაკედონელ ქრისტიანებზე პავლე წერდა: „დიდი გამოცდისას, როცა გაჭირვება დაატყდათ თავს, მათი სიხარულის სიუხვითა და მათი სიღატაკით უხვი გახდა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრე. ვადასტურებ, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს და უფრო მეტიც. თვითონვე გვევედრებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი გვებოძებინა და [იუდეაში მცხოვრებ] წმინდათა მომსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა“ (2 კორ. 8:2—4). მაკედონელი ქრისტიანები გულუხვები იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც უჭირდათ. იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული თანამორწმუნეების დახმარებას ისინი დიდ პატივად თვლიდნენ.

13. რას ნიშნავს, გამოვიჩინოთ სტუმართმოყვარეობა?

13 ბერძნულიდან ნათარგმნ ფრაზაში, „სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“, იგულისხმება ინიციატივის გამოვლენა. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს ფრაზა ასე ჟღერს: „ეძებეთ სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესაძლებლობები“ (The New Jerusalem Bible). როცა ვინმეს სტუმრად ვეპატიჟებით და ვუმასპინძლდებით, სტუმართმოყვარეობას ვავლენთ. კარგია, თუ ამას სიყვარულით ვაკეთებთ. მაგრამ ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება. თუ იმის სახსრები ან ჯანმრთელობა არა გვაქვს, რომ ვინმეს თუნდაც ერთი კერძით გავუმასპინძლდეთ, სტუმართმოყვარეობა იქნება ისიც, თუ მას ჩაით, ყავით ან სხვა სასმელით ვუმასპინძლებთ.

14. ა) რას ნიშნავს „სტუმართმოყვარეობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა? ბ) როგორ გამოვავლინოთ უცხოელების მიმართ სტუმართმოყვარეობა?

14 ბევრი რამ ჩვენს თვალსაზრისზეა დამოკიდებული. „სტუმართმოყვარეობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან — სიყვარული და უცნობი. რა გრძნობები გვაქვს უცხოების ან უცხოელების მიმართ? შეიძლება ითქვას, რომ ის ქრისტიანები, რომლებიც უცხო ენებს სწავლობენ, რათა სასიხარულო ცნობა მათი კრების ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებს უქადაგონ, სტუმართმოყვარეობას ავლენენ. მართალია ყველანი ვერ შევძლებთ უცხო ენის სწავლას, მაგრამ ის კი ყველას შეგვიძლია, რომ უცხოელებთან საუბრისას გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, რომელშიც ბიბლიის ცნობა მრავალ ენაზეა მოცემული. შეიძლება გქონიათ კიდეც საინტერესო შემთხვევები ამ ბროშურით ქადაგებისას.

იყავით გულისხმიერნი

15. როგორ გვაჩვენა იესომ პრაქტიკულად, რას ნიშნავს რომაელების 12:15-ში ჩაწერილი სიტყვები?

15 წაიკითხეთ რომაელების 12:15. პავლეს ეს რჩევა ორი სიტყვით ასე შეიძლება შევაჯამოთ: იყავით თანამგრძნობნი. სხვების გაგებას და მათი გრძნობების გათვალისწინებას სწავლა სჭირდება. თუ სულით ანთებულები ვართ, იქიდან გამოჩნდება, რამდენად გვესმის სხვისი სიხარული ან მწუხარება. ერთხელ ქრისტეს 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა. როცა ისინი ქრისტეს თავიანთ წარმატებაზე მოუყვნენ, მან „დიდად გაიხარა წმინდა სულით“ (ლუკ. 10:17—21). იესომ მათი სიხარული გაიზიარა. მაგრამ, როცა მისი მეგობარი ლაზარე დაიღუპა, იესომ მოტირალებთან იტირა (იოან. 11:32—35).

16. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ თანაგრძნობა და განსაკუთრებით ვის მართებთ ამის გაკეთება?

16 ჩვენ გვინდა, იესოს მსგავსად თანამგრძნობნი ვიყოთ. როცა თანაქრისტიანს უხარია, ჩვენც უნდა გვიხაროდეს. სათანადოდ მაშინაც უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ჩვენს დას ან ძმას რაღაც აწუხებს. დამწუხრებულ თანამორწმუნეს ტკივილს შევუმსუბუქებთ, თუ თანაგრძნობით მოვუსმენთ. მისი სატკივარი შეიძლება ისე შეეხოს ჩვენს გულს, რომ ცრემლებიც კი წამოგვცვივდეს (1 პეტ. 1:22). პავლეს ამ რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ.

17. რას ეხებოდა რომაელების მე-12 თავიდან განხილული მუხლები და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 მუხლები, რომლებიც ახლა განვიხილეთ რომაელების მე-12 თავიდან, ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობას ეხება. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ სხვა მუხლებს ამავე თავიდან. მათში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას, მათ შორის ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მდევნელებს.

გასამეორებლად

• როგორ ვაჩვენებთ, რომ სულით ვართ ანთებული?

• რატომ უნდა ვემსახუროთ ღმერთს თავმდაბლობითა და მოკრძალებით?

• როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა თანამორწმუნეების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 4 გვერდზე]

რატომ ვმონაწილეობთ თაყვანისმცემლობის სხვადასხვა სფეროში?

[სურათი 6 გვერდზე]

როგორ ვუქადაგოთ უცხოელებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა?