„იფიქრეთ ზეციერზე“
„იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე“ (კოლ. 3:2).
1, 2. ა) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ საუკუნეში კოლოსეს კრება საფრთხის წინაშე იდგა? ბ) რა გაფრთხილება მისცა პავლემ კოლოსელ ქრისტიანებს?
პირველ საუკუნეში კოლოსეს კრება საფრთხის წინაშე იდგა. ზოგი თანაქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა, რითაც განხეთქილებებს იწვევდა. ზოგიც ასკეტიზმის ფილოსოფიას ქადაგებდა, რაშიც საკუთარი თავის სრული უგულებელყოფა იგულისხმებოდა. სწორედ ამის გამო პავლემ კოლოსელებს მისწერა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8).
2 თუ ეს ცხებული ქრისტიანები ცხოვრებაში „ქვეყნიერების პრინციპებით“ იხელმძღვანელებდნენ, იეჰოვას აღარ დაუტოვებდნენ გზას, რომ ეხსნა ისინი (კოლ. 2:20—23). იმისათვის რომ კოლოსელები გაფრთხილებოდნენ თავიანთ ძვირფას ურთიერთობას ღმერთთან, პავლემ მათ მოუწოდა: „იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე“ (კოლ. 3:2). ნამდვილად, მათ, როგორც ქრისტეს ძმებს, ყოველთვის უნდა ეფიქრათ იმედზე, უხრწნელ მემკვიდრეობაზე, რომელიც მათთვის ზეცაში იყო შემონახული (კოლ. 1:4, 5).
3. ა) რისი იმედი აქვთ ცხებულ ქრისტიანებს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?
3 ცხებული ქრისტიანები დღესაც ფიქრობენ ღვთის ზეციერ სამეფოზე და იმაზე, რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ გახდებიან (რომ. 8:14—17). მაგრამ რას ვიტყვით მათზე, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ? რა მხრივ უკავშირდება პავლეს სიტყვები მათ? და როგორ შეუძლია „სხვა ცხვარს“, იფიქროს ზეციერზე? (იოან. 10:16). მოდი, ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია ძველ დროში მცხოვრები ერთგული მამაკაცებისგან, აბრაამისა და მოსესგან, რომლებიც სიძნელეების მიუხედავად, ყოველთვის ზეციერზე ფიქრობდნენ.
რას ნიშნავს ზეციერზე ფიქრი
4. როგორ შეუძლია „სხვა ცხვარს“, იფიქროს ზეციერზე?
4 მართალია, „სხვა ცხვარს“ ზეციური ცხოვრების იმედი არა აქვს, მაგრამ მათაც შეუძლიათ, იფიქრონ ზეციერზე, თუ პირველ ადგილზე დააყენებენ იეჰოვა ღმერთსა და მის სამეფოს (ლუკ. 10:25—27). სწორედ ამიტომ მივყვებით ქრისტეს მაგალითს (1 პეტ. 2:21). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც ვებრძვით სატანის ქვეყნიერებაში გავრცელებულ ცრუ სწავლებებს, ქვეყნიურ ფილოსოფიასა თუ მატერიალიზმს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:5). რაკიღა ქრისტეს ვბაძავთ, ჩვენც მასავით სიფხიზლე გვმართებს, რომ მოვიგერიოთ ყველა ის თავდასხმა, რამაც შესაძლოა ჩვენს სულიერობას შეუქმნას საფრთხე.
5. როგორ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი იმის განსასაზღვრავად, ახდენს თუ არა ჩვენზე გავლენას მატერიალიზმის სული?
5 ჩვენზეც ხომ არ ახდენს გავლენას ქვეყნიერებისთვის ესოდენ ჩვეული მატერიალიზმის სული? ბუნებრივია, როდესაც რაიმე გვიყვარს, ამაზე ჩვენი ფიქრები და საქციელიც მეტყველებს. გაიხსენეთ, რა თქვა ქრისტემ: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათ. 6:21). დროდადრო კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს გამოვიკვლევთ იმის განსასაზღვრავად, თუ რისკენ გვეწევა გული. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ხშირად ვფიქრობ ფინანსურ საკითხებზე? დროის უდიდესი ნაწილი ბიზნესის აწყობაზე, თანხის დაბანდებასა და კომფორტული ცხოვრების მოწყობაზე ფიქრს ხომ არ მიაქვს? თუ პირიქით, ვცდილობ, თვალი სუფთად შევინახო, რათა ის სულიერზე იყოს ფოკუსირებული? (მათ. 6:22). იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ ისინი, ვინც დედამიწაზე აგროვებენ განძს, საკუთარ სულიერობას საფრთხეში აგდებენ (მათ. 6:19, 20, 24).
6. როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში?
6 ჩვენი არასრულყოფილი სხეული ხშირად ხორცისთვის საამო საქმეების კეთებისკენ გვიბიძგებს (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25). რომ არა წმინდა სული, რითაც ღმერთი ცხოვრებაში გვხელმძღვანელობს, შესაძლოა „სიბნელის საქმეებს“ მივცემოდით; გვეცხოვრა „ღრეობითა და გადამეტებული სმით . . . უზნეობითა და თავაშვებულობით“ (რომ. 13:12, 13). ჩვენ ზეციერზე უნდა ვიფიქროთ, თუ გვსურს, გავიმარჯვოთ სურვილებზე, რომელიც სიამოვნებს ჩვენს ხორცს. ცხადია, ამას შრომა სჭირდება. სწორედ ამიტომ დაწერა მოციქულმა პავლემ: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორ. 9:27). უდავოდ, ჩვენ სიმტკიცე გვმართებს, რათა ბოლომდე დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე. ახლა განვიხილოთ ორი ერთგული მამაკაცის მაგალითი და ვნახოთ, რას აკეთებდნენ ისინი იმისათვის, რომ ესიამოვნებინათ ღვთისთვის (ებრ. 11:6).
აბრაამი ერწმუნა იეჰოვას
7, 8. ა) რა სირთულეებს ხვდებოდნენ აბრაამი და სარა? ბ) რაზე ფიქრობდა აბრაამი?
7 როდესაც იეჰოვამ აბრაამს მოუწოდა, რომ თავის სახლეულობასთან ერთად დაეტოვებინა მშობლიური მხარე და საცხოვრებლად ქანაანის მიწაზე გადასულიყო, მან ყურად იღო ღვთის მითითება. იეჰოვა ხედავდა აბრაამის რწმენას და აფასებდა მის მორჩილებას; ამიტომ მან აბრაამს შეთანხმება დაუდო: „დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ“ (დაბ. 12:2). წლები გადიოდა, აბრაამსა და სარას კი შვილი არა და არ უჩნდებოდათ. ნუთუ დაივიწყა იეჰოვამ აბრაამთან დადებული შეთანხმება? ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ქანაანში ცხოვრება მეტად რთული იყო. მათ შუამდინარეთში აყვავებული ქალაქი ური დატოვეს; ქანაანამდე 1 600 კილომეტრზე მეტი გაიარეს; კარვებში დამკვიდრდნენ; უწევდათ მძარცველთა მოგერიება და დროდადრო — შიმშილის ატანა (დაბ. 12:5, 10; 13:18; 14:10—16). და მაინც, მათ გულშიც კი არ გაუვლიათ, რომ კეთილმოწყობილ ქალაქ ურს დაბრუნებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 11:8—12, 15).
8 აბრაამს მტკიცედ სწამდა იეჰოვასი; იგი მიწიერზე არ ფიქრობდა (დაბ. 15:6). აბრაამი ყოველთვის ზეციერზე ფიქრობდა და გონებაში ღვთის დანაპირები უტრიალებდა. მისი რწმენა დაჯილდოვდა, როცა უზენაესი ღმერთი გამოეცხადა და მიმართა: «„ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“. შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“» (დაბ. 15:5). დაფიქრდით, როგორ განუმტკიცებდა ეს სიტყვები რწმენას აბრაამს! ყოველ ჯერზე, როცა იგი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედავდა, მოაგონდებოდა ღვთის დანაპირები, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავებივით ურიცხვი გახდებოდა. და მართლაც, ღვთისგან დათქმულ დროს აბრაამს მემკვიდრე შეეძინა (დაბ. 21:1, 2).
9. რა მხრივ გვეხმარება აბრაამის მაგალითი?
9 აბრაამის მსგავსად, ჩვენც ველოდებით დროს, როცა ღმერთი თავის დანაპირებს შეასრულებს (2 პეტ. 3:13). თუ ზეციერზე არ ვიფიქრებთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ღმერთი თავისი დანაპირების შესრულებას აყოვნებს; ამას გარდა, ამან შეიძლება სულიერი საქმეების კეთების ხალისიც წაგვართვას. მაგალითად, მოგიწიათ წარსულში მსხვერპლზე წასვლა იმისათვის, რომ სრული დროით გემსახურათ ან სხვა სახით გაგეფართოებინათ თქვენი მსახურება? თუ დიახ, ყოჩაღ! მაგრამ, საინტერესოა, დღესაც მსგავსი სულისკვეთება გაქვთ? გახსოვთ, რაზე ფიქრობდა აბრაამი? იგი ფიქრობდა „საძირკვლის მქონე ქალაქზე“ (ებრ. 11:10). ბიბლიაში ვკითხულობთ: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“ (რომ. 4:3).
მოსე „ხედავდა მას, ვინც უხილავია“
10. როგორ გარემოში ცხოვრობდა მოსე?
10 აბრაამის მსგავსად, მოსეც ზეციერზე ფიქრობდა. ახალგაზრდობისას მან „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ ისწავლა და ეს არ იყო ჩვეულებრივი განათლება. იგი ეგვიპტის სამეფო კარზე მაშინ იზრდებოდა, როცა ეგვიპტე ზესახელმწიფო იყო! გასაკვირი არაა, რომ მოსე „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“ (საქ. 7:22). მოსეს მართლაც დიდი მომავალი ჰქონდა! თუმცა იგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე, ღვთის ნების შესრულებაზე, ფიქრობდა!
11, 12. როგორ განათლებას ანიჭებდა მოსე უპირატესობას და საიდან ვიგებთ ამას?
11 მოსეს ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ბავშვობაში დედამისი, იოქებედი, ასწავლიდა. მისთვის ეგვიპტის მთელ სიმდიდრეზე ფასეული ღვთის შესახებ მიღებული ცოდნა გახდა. მან უარი თქვა იმ პრივილეგიებზე, რასაც იგი, როგორც ფარაონის ოჯახის წევრი, მიიღებდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27). დიახ, სულიერი აღზრდისა და იეჰოვასადმი რწმენის წყალობით მოსე ზეციერზე ფიქრობდა.
12 მოსემ იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. მაგრამ მას არ უცდია, რომ მიღებული განათლების მეშვეობით საზოგადოებაში ადგილი დაემკვიდრებინა, მოეხვეჭა სახელი და სიმდიდრე. შედეგად, მან „უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“. აშკარაა, მოსემ სულიერი განათლება იეჰოვას განზრახვის განსახორციელებლად გამოიყენა.
13, 14. ა) რამ შესძინა მოსეს საჭირო გამოცდილება, რაც მას ღვთის დავალების შესრულებაში დაეხმარა? ბ) რის გაკეთება გვმართებს ჩვენც მოსეს მსგავსად?
13 მოსეს გამუდმებით ეფიქრებოდა იეჰოვასა და მის ხალხზე. როცა 40 წლისა მოიყარა, მიხვდა, რომ იგი მზად იყო, ეგვიპტელთა მონობისგან გაეთავისუფლებინა ღვთის ხალხი (საქ. 7:23—25). თუმცა სანამ მოსე ღვთისგან ამ დავალებას მიიღებდა, მას უნდა განევითარებინა ისეთი თვისებები, როგორიცაა: თავმდაბლობა, მოთმინება, რბილი ხასიათი და თავშეკავება (იგავ. 15:33). მას სჭირდებოდა გამოცდილება, რომელიც მოსალოდნელ განსაცდელებსა და სირთულეებს გადაატანინებდა. სწორედ ამას მოემსახურებოდა სამწყესურში გატარებული რამდენიმე ათწლეული.
14 უდავოდ, მწყემსობის წლებმა მოსეს პიროვნებაში დიდი გარდატეხა მოახდინა. ღვთის სიტყვაში მის შესახებ ნათქვამია: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 12:3). მან შეიძინა თავმდაბლობა, რის წყალობითაც მოთმინებით უსმენდა უამრავი კატეგორიის ადამიანს, რომლებიც მასთან სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად მიდიოდნენ (გამ. 18:26). მოსეს მსგავსად, ჩვენც უნდა გამოვიმუშაოთ ღვთისმოსაწონი თვისებები, რაც დაგვეხმარება, გადავიტანოთ „დიდი გასაჭირი“ და დავიმკვიდროთ ახალი ქვეყნიერება (გამოცხ. 7:14). ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ გვიჭირს ხალხთან ურთიერთობა, მათ შორის ემოციურ და ძალზე მგრძნობიარე ადამიანებთან შეწყობა? კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ პეტრე მოციქულის სიტყვებს, რომლითაც მან თანაქრისტიანებს მიმართა: „პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17).
იფიქრეთ ზეციერზე
15, 16. ა) რატომაა მნიშვნელოვანი, ვიფიქროთ იმაზე, რაც სწორია? ბ) რატომ უნდა გამოირჩეოდნენ ქრისტიანები კარგი საქციელით?
15 ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან“ დროში ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). ამიტომ სულიერი სიფხიზლე რომ შევინარჩუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც სწორია (1 თეს. 5:6—9). მოდი, ქვემოთ ვნახოთ, რომელი სამი საშუალებით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
16 საქციელი. პეტრემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარგად მოქცევა. მან თქვა: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა . . . დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი“ (1 პეტ. 2:12). იმისდა მიუხედავად, სახლში ვიმყოფებით, ვმუშაობთ, სასწავლებელში ვართ, ვერთობით თუ ვმსახურობთ, ჩვენი მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ კარგი საქციელით იეჰოვა განვადიდოთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ და ვცდებით (რომ. 3:23). თუ „რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“ ფარ-ხმალს არ დავყრით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენ საკუთარ თავზე გავიმარჯვებთ (1 ტიმ. 6:12).
17. რა დაგვეხმარება იმაში, რომ ვირეკლავდეთ ქრისტეს აზროვნებას? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)
17 აზროვნება. თუ სწორი აზროვნება გვექნება, ეს ჩვენს ქცევებზეც აისახება. პავლე მოციქულმა დაწერა: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (ფილ. 2:5). როგორ აზროვნებდა ქრისტე? ის თავმდაბალი იყო, რაც დაეხმარა, რომ მსახურებაზე ყოფილიყო გადაგებული. მისთვის უპირველესი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო (მარ. 1:38; 13:10). იესო ღვთის სიტყვას ავტორიტეტად მიიჩნევდა (იოან. 7:16; 8:28). ის საგულდაგულოდ სწავლობდა წმინდა წერილებს, ამიტომაც შეეძლო იქიდან ციტირება, მასში მოცემული ინფორმაციის დაცვა და ახსნა-განმარტება. თავმდაბლობა, მსახურებაში გულმოდგინება და ბიბლიის პირადი შესწავლა დაგვეხმარება, რომ ვიაზროვნოთ ქრისტეს მსგავსად.
18. როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი იეჰოვას საქმეს?
18 მხარდაჭერა. იეჰოვას განზრახული აქვს, რომ „იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში [და] დედამიწაზე . . . არის“ (ფილ. 2:9—11). იესო, სამეფოს მეფის რანგშიც კი, თავმდაბლობას გამოავლენს და მამას დაემორჩილება; ჩვენ უნდა ვბაძავდეთ მას (1 კორ. 15:28). ისმის კითხვა: როგორ უნდა მივბაძოთ მას? ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და მთელი გულით უნდა დავუჭიროთ მხარი საქმეს, რომელიც იესომ დაგვავალა: „მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). ამას გარდა, ჩვენი სურვილია, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ — და-ძმებსა და მოყვასს (გალ. 6:10).
19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?
19 რაოდენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც ზეციერზე ფიქრისკენ მოგვიწოდებს! სწორედ ამიტომ გვმართებს, „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1). მოდი, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სულითა და გულით ვაკეთოთ „როგორც იეჰოვასთვის“ და ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ მას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი შრომა! (კოლ. 3:23, 24).