არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით იესოსავით თავმდაბალი და გქონდეთ მასავით რბილი ხასიათი

იყავით იესოსავით თავმდაბალი და გქონდეთ მასავით რბილი ხასიათი

„ქრისტე . . . თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).

1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესოს უკეთ გაცნობა იეჰოვასთან დაგვაახლოებს?

ჩვენ, როგორც წესი, ვბაძავთ მას, ვინც პიროვნულადაც მოგვწონს და საქციელითაც. აქედან გამომდინარე, ვის უნდა მივბაძოთ თუ არა იესოს, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს?! რატომ ვამბობთ ამას? ერთხელ იესომ საკუთარ თავზე თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). იესო ისე ირეკლავს ზეციერი მამის ხასიათსა თუ თვისებებს, რომ მისი პიროვნების შესწავლა მამის გაცნობის ტოლფასია. მაშასადამე, თუ ვბაძავთ იესოს, ამით უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას, სამყაროს უზენაეს შემოქმედს, რაც უდიდესი პატივია თითოეული ჩვენგანისთვის.

2, 3. ა) რატომ იზრუნა იეჰოვამ, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს საუკეთესოდ დაეხატა იესოს პორტრეტი და მოელის იგი ჩვენგან, რომ სრულყოფილად მივბაძავთ მის ძეს? ბ) რომელ თვისებებს განვიხილავთ წინამდებარე და მომდევნო სტატიებში?

2 ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია გავიცნოთ იესო? ბიბლია მისი პიროვნების შესახებ სრულ სურათს გვაწვდის. იეჰოვას სურდა, რომ გაგვეცნო მისი ძე და მიგვებაძა მისთვის; სწორედ ამიტომ მან იზრუნა იმაზე, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს საუკეთესოდ დაეხატა მისი პორტრეტი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21). იესოს მიერ დედამიწაზე  განვლილი ცხოვრების გზა ბიბლიაში ნაკვალევთანაა შედარებული. ასეთი შედარებით ღმერთს ჩვენთვის იმის თქმა სურდა, რომ იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ცოდვილები და არასრულყოფილები ვართ, იესომ კი სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. თუმცა იეჰოვა არ ელის ჩვენგან, რომ მის ძეს სრულყოფილად მივბაძავთ. მას სურს, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ძალ-ღონე არ დავიშუროთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, მივბაძოთ იესოს.

3 მოდი, მიმოვიხილოთ იესო ქრისტეს ის თვისებები, რომლებიც გულგრილს არავის გვტოვებს. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ თავმდაბლობასა და რბილ ხასიათზე, ხოლო შემდეგ სტატიაში — გაბედულებასა და გამჭრიახობაზე. ზემოთ მოხსენიებული თვისებების განხილვისას პასუხს გავცემთ სამ კითხვას: როგორ განიმარტება თითოეული მათგანი? როგორ ავლენდა მათ იესო? და, ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ მხრივ მივბაძოთ მას?

იესო თავმდაბალი იყო

4. რა არის თავმდაბლობა?

4 რა არის თავმდაბლობა? ამ გაყოყოჩებულ ქვეყნიერებაში ზოგი ფიქრობს, რომ თავმდაბლობა სისუსტისა და საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელია. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თავმდაბლობის გამოვლენას შინაგანი ძალა და გამბედაობა სჭირდება. თავმდაბლობა შეიძლება განვმარტოთ როგორც „სიამაყისა და ამპარტავნობის ანტონიმი“ (ფილ. 2:3). ვართ თუ არა თავმდაბლები, ამაზე ის მეტყველებს, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „თავმდაბლობა იმის გაცნობიერებაა, თუ ღმერთთან შედარებით რამდენად დაბალ საფეხურზე ვიმყოფებით“. თუ ღვთის წინაშე თავს გულწრფელად ვიმდაბლებთ, ჩვენსავით რიგით მოკვდავთ არ გავუყოყოჩდებით და არ ვაგრძნობინებთ, რომ მათზე რაიმეთი ვუპირატესობთ (რომ. 12:3). არასრულყოფილი ადამიანებისთვის მართლა რთულია თავმდაბლობის გამოვლენა. მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რაოდენ დაბალი მდგომარეობა გვიკავია ღმერთთან შედარებით და იმავდროულად, მივბაძავთ მისი ძის მაგალითს, შევძლებთ, ვიყოთ თავმდაბლები.

5, 6. ა) ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი? ბ) როგორ გამოავლინა მიქაელ მთავარანგელოზმა თავმდაბლობა?

5 როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას? მას არასდროს უჭირდა ამ თვისების გამოვლენა. იგი თავმდაბალი იყო როგორც ზეცაში ყოფნის დროს, ისე დედამიწაზე ცხოვრებისას. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

6 იესოს განწყობა: ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იუდამ, მოიხსენია შემთხვევა, რომელიც ჯერ კიდევ იესოს განკაცებამდე მოხდა (წაიკითხეთ იუდას 9). მიქაელ მთავარანგელოზი, იესო, „არ ეთანხმებოდა ეშმაკს და . . . ეკამათებოდა“. ისინი, როგორც ჩანს, „მოსეს სხეულის გამო“ დავობდნენ. გაიხსენეთ ბიბლიიდან მოსეს სიკვდილის ეპიზოდი. სიკვდილის შემდეგ მოსე თავად ღმერთმა დამარხა ყველასთვის უცნობ ადგილზე (კან. 34:5, 6). სავარაუდოდ, ეშმაკს სურდა, რომ მოსეს ნეშტისთვის ხალხს პატივი მიეგო და ამგვარად, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებისთვის ხელი შეეწყო. რა მუხთალი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა სატანა ეშმაკს, ფაქტი ერთია, მიქაელმა გაბედულება გამოავლინა და იგი დროულად შეაჩერა. ერთი ნაშრომის თანახმად, ბერძნული ზმნები „არ ეთანხმებოდა“ და „ეკამათებოდა“ იურიდიული ხასიათისაა და შესაძლოა ნიშნავდეს შემდეგს: „მიქაელ მთავარანგელოზმა დაანახვა ეშმაკს, რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა, მიეთვისებინა მოსეს ცხედარი“. თუმცა მთავარანგელოზი მიქაელის საქციელიდან ისიც გამოჩნდა, რომ განაჩენის აღსრულება მისი კომპეტენციის ზღვარს სცდებოდა. მან საქმე განსახილველად უზენაეს მოსამართლეს, იეჰოვა ღმერთს, გადასცა. მიქაელს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია, თუმცა იგი შესაძლოა ეშმაკის ანკესს წამოგებოდა. მართლაც, მთავარანგელოზმა მიქაელმა თავმდაბლობის უნიკალური მაგალითი დაგვიტოვა!

7. როგორ გამოჩნდა იესოს სიტყვა-პასუხიდან თუ საქმეებიდან, რომ თავმდაბალი იყო?

7 დედამიწაზე მსახურების დროს იესოს  სიტყვა-პასუხი თუ საქციელი მის თავმდაბლობაზე მეტყველებდა. იესოს საუბარი: იგი არ ცდილობდა, რომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ხალხს განედიდებინა. ქრისტე მთელ დიდებას ყოველთვის თავმდაბლურად მამისკენ მიმართავდა (მარ. 10:17, 18; იოან. 7:16). ის არასდროს ესაუბრებოდა თავის მოციქულებს აგდებულად და არასდროს ამცირებდა მათ. პირიქით, იესო ყოველთვის პატივს სცემდა მათ და ნდობას უცხადებდა; გარდა ამისა, არც ქების სიტყვებს იშურებდა, როცა კარგს ამჩნევდა მათში (ლუკ. 22:31, 32; იოან. 1:47). იესოს საქმეები: იგი უბრალოდ ცხოვრობდა და ბევრი რამ აკლდა (მათ. 8:20). ის მზად იყო, ისეთი საქმეც კი გაეკეთებინა, რის კეთებაც ბევრს ეთაკილებოდა (იოან. 13:3—15). იესო მორჩილი იყო და ესეც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:5—8). ამაყი მმართველებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც მორჩილება უცხო ხილი იყო, ის თავმდაბლად ასრულებდა ღვთის ნებას და „მორჩილი იყო სიკვდილამდე“. ნუთუ ეს ყველაფერი იმაზე არ მოწმობს, რომ იესო, კაცის ძე, „გულით თავმდაბალი“ იყო?! (მათ. 11:29).

მიჰბაძეთ იესოს და იყავით თავმდაბლები

8, 9. როგორ შეგვიძლია თავმდაბლობის გამოვლენა?

8 როგორ შეგვიძლია, რომ იესოს მსგავსად თავმდაბალნი ვიყოთ? ჩვენი განწყობა: თუკი თავმდაბლები ვიქნებით, არასდროს გადავაჭარბებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას. თუ ბოლომდე გვექნება შეგნებული, რომ გასამართლების უფლება არ გვაქვს, არც არავის გავაკრიტიკებთ და არც არავის მოტივებს დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ (ლუკ. 6:37; იაკ. 4:12). თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ არ ვიყოთ „მეტისმეტად მართალი“ და ზემოდან არ დავუწყოთ ყურება მათ, ვინც ჩვენთან შედარებით ნაკლებ პასუხისმგებლობას ფლობს ან ესა თუ ის უნარი არ გააჩნია (ეკლ. 7:16). მაგალითად, თავმდაბალი უხუცესები არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინებენ კრების წევრებს, რომ თითქოსდა, რაიმეთი მათზე მაღლა დგანან. ისინი „სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად“ თვლიან და იქცევიან როგორც „უმცირესი“ (ფილ. 2:3; ლუკ. 9:48).

9 განვიხილოთ ერთი ჩვენი ძმის, ვოლტერ თორნის, მაგალითი. იგი 1894 წლიდან პილიგრიმად (მაშინ ასე უწოდებდნენ მიმომსვლელ ზედამხედველებს) მსახურობდა. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ იგი ჩვენი საზოგადოების მეურნეობაში მიიწვიეს, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. ვოლტერი საქათმეში მუშაობდა. მან თქვა: «როცა საკუთარ თავზე ზედმეტად მეფიქრებოდა, თავს ვიტუქსავდი: „შე მტვრის პატარა ნაწილაკო! რა გაქვს ისეთი, რის გამოც ყოყოჩობ?“» (წაიკითხეთ ესაიას 40:12—15). მართლაც, ამ ძმამ თავმდაბლობის გასაოცარი მაგალითი დაგვიტოვა!

10. როგორ ცხადვყოფთ ჩვენი სიტყვა-პასუხითა თუ საქმეებით, რომ თავმდაბლები ვართ?

10 ჩვენი საუბარი: თუ ჭეშმარიტად გულით თავმდაბალნი ვართ, ეს ჩვენს მეტყველებაზეც აისახება (ლუკ. 6:45). მაგალითად, სხვებთან ურთიერთობისას გამუდმებით არ ვისაუბრებთ ჩვენს პასუხისმგებლობებსა თუ მიღწევებზე (იგავ. 27:2). ნაცვლად ამისა, და-ძმებში შევნიშნავთ კარგ თვისებებს, გამორჩეულ უნარებსა თუ მიღწევებს და ამის გამო შევაქებთ (იგავ. 15:23). ჩვენი საქმეები: თავმდაბალი ქრისტიანები ქვეყნიერებაში სახელის მოხვეჭას არ ცდილობენ. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და იეჰოვასთვის რომ საუკეთესო გაიღონ, არც ისეთ ფიზიკურ სამუშაოს თაკილობენ, რასაც სხვები დამამცირებლად მიიჩნევენ (1 ტიმ. 6:6, 8). რაც ყველაზე მთავარია, ისინი მორჩილები არიან და ესეც მათ თავმდაბლობაზე მოწმობს. ეს თვისება ნამდვილად საჭიროა, რომ „გავუგონოთ მათ, ვისაც . . . [ჩვენ] შორის ხელმძღვანელობა აკისრია“ და მივყვეთ ორგანიზაციიდან მიღებულ მითითებებს (ებრ. 13:17).

იესო რბილი ხასიათისა იყო

11. განმარტეთ, რას ნიშნავს რბილი ხასიათი.

11 რა არის რბილი ხასიათი? ადამიანი, რომელსაც რბილი ხასიათი აქვს, ყველასადმი მზრუნველობასა და სითბოს იჩენს. რბილი ხასიათი სიყვარულის ერთგვარი გამოვლინებაა  და თავის თავში სხვა სათუთ გრძნობებს — თანაგრძნობასა და მოწყალებასაც — მოიაზრებს. ბიბლია იხსენიებს ისეთ სიტყვებსაც, როგორიცაა: „თანაგრძნობა“, „უდიდესი თანაგრძნობა“ და „სათუთი გრძნობები“ (ლუკ. 1:78; 2 კორ. 1:3; ფილ. 1:8). ერთ-ერთი სახელმძღვანელო ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „თანაგრძნობას“ ამგვარად განმარტავს: „ამ სიტყვაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ გაჭირვებულებისადმი თანაგრძნობის გამოვლენა და მათზე წუხილი. ეს სიტყვა ქმედითია; იგი იმასაც გულისხმობს, რომ შეჭირვებულთ დახმარების ხელი გაუწოდო და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო“. მართლაც, რბილი ხასიათი აღმძვრელი ძალაა! რბილი ხასიათის ადამიანი მზადაა, რომ სხვას ცხოვრება გაუუმჯობესოს.

12. ა) საიდან ჩანს, რომ იესო თანაუგრძნობდა სხვებს? ბ) რისკენ აღძრავდა იესოს რბილი ხასიათი?

12 როგორ ავლენდა იესო რბილ ხასიათს? სათუთი გრძნობები და თბილი მოპყრობა: იესო სხვების მიმართ თანამგრძნობი იყო. როდესაც იხილა, თუ როგორ დასტიროდნენ მისი მეგობარი მარიამი და სხვები ლაზარეს, ის აცრემლდა (წაიკითხეთ იოანეს 11:32—35). მას ისეთივე სიბრალულის განცდა დაეუფლა, როგორიც მაშინ, როცა ნაინელი ქვრივის ვაჟის დაკრძალვას შეესწრო და მკვდრეთით აღადგინა იგი — მან ლაზარესაც დაუბრუნა სიცოცხლე! (ლუკ. 7:11—15; იოან. 11:38—44). იესოს მიერ გამოვლენილმა თანაგრძნობამ ლაზარეს მომავალი ძირფესვიანად შეცვალა — როგორც ჩანს, მას ახლა არა მიწიერი, არამედ უკვე ზეციური ცხოვრების იმედი ექნებოდა! ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე იესოს გული სიბრალულით აევსო, როცა თავისთან მისული უამრავი ხალხი დაინახა. იესოს მათზე გული დაეწვა და „დაუწყო . . . მრავალი რამის სწავლება“ (მარ. 6:34, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მართლაც, მათ ცხოვრებაში, ვინც იესოს ქადაგება ყურად იღო, ძირეული გარდატეხა მოხდა! იესოს მაგალითმა დაგვანახვა, რომ რბილი ხასიათი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ სათუთი გრძნობების ქონას. სწორედ რბილი ხასიათი კარნახობდა მას, რომ სხვების დასახმარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა (მათ. 15:32—38; 20:29—34; მარ. 1:40—42).

13. როგორ საუბრობდა იესო ხალხთან? (იხილეთ სურათი მე-5 გვერდზე)

13 თბილი სიტყვები: იესოს თანაგრძნობა აღძრავდა, თბილად ესაუბრა სხვებთან, განსაკუთრებით კი, დაჩაგრულებთან. ამიტომაც დაუკავშირა მას მოციქულმა მათემ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (ეს. 42:3; მათ. 12:20). იესოს საუბარი გულზე მალამოდ ედებოდა სულგამწარებულთ, რომლებიც გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ. იესო იმედის შთამნერგავი ცნობით „ჭრილობებს უხვევდა გულგატეხილთ“ (ეს. 61:1). იგი თავისთან იწვევდა „მძიმედ მშრომელთ და ტვირთმძიმეთ“, რათა გამოეცოცხლებინა ისინი (მათ. 11:28—30). ის არწმუნებდა თავის მიმდევრებს, რომ ღვთისთვის ძვირფასი იყო თითოეული მისი თაყვანისმცემელი, მათ შორის ისინიც, რომელთაც ქვეყნიერების თვალში ფასი არ ჰქონდათ (მათ. 18:12—14; ლუკ. 12:6, 7).

მიჰბაძეთ იესოს და გამოავლინეთ რბილი ხასიათი

14. რა დაგვეხმარება სათუთი გრძნობების გამოვლენაში?

14 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და გამოვავლინოთ რბილი ხასიათი? სათუთი გრძნობები: სათუთი გრძნობები დაბადებიდან არავის დაგვყოლია, მაგრამ ბიბლია მათი შეძენისკენ მოგვიწოდებს. ასეთი გრძნობები იმ ახალი პიროვნების ნაწილი უნდა იყოს, რომლითაც შემოსვა ყველა ქრისტიანს მართებს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:9, 10, 12). რა დაგვეხმარება, რომ სხვების მიმართ სათუთი გრძნობებით განვიმსჭვალოთ? ჩვენ გულები უნდა „გავიფართოვოთ“ (2 კორ. 6:11—13). გულისყურით მოუსმინეთ, როცა ვინმე თავის გულისტკივილსა თუ საწუხარს გიზიარებთ (იაკ. 1:19). შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: მის ადგილას რომ ვიყო, როგორ ვიგრძნობდი თავს ან როგორი მოპყრობა მესიამოვნებოდა? (1 პეტ. 3:8).

15. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომლებიც შესაძლოა გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ?

 15 თბილი მოპყრობა: რბილი ხასიათი აღგვძრავს, დავეხმაროთ სხვებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც შესაძლოა გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ. როგორ შევძლებთ ამას? „მოტირალებთან იტირეთ“, — ვკითხულობთ რომაელების 12:15-ში. სასოწარკვეთილთ სიტყვებზე მეტად შეიძლება თანაგრძნობა სჭირდებოდეთ. ერთი ჩვენი და, რომელიც ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ თანაქრისტიანებმა ანუგეშეს, გვიზიარებს: „ჩემთვის ისიც კი ბევრს ნიშნავდა, რომ თანაქრისტიანები მოდიოდნენ და ჩემთან ერთად ტიროდნენ“. ჩვენ საქციელითაც შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები გვაქვს. იცნობთ ქვრივ დას, რომლის სახლიც ხელის შევლებას საჭიროებს? ან ისეთ მოხუცებულ თანაქრისტიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და კრების შეხვედრაზე, მსახურებაში ან ექიმთან წასაყვანად ავტომობილით მომსახურება სჭირდება? ჩვენ მიერ გამოვლენილი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სიკეთითაც კი შესაძლოა დიდად დავეხმაროთ ასეთებს (1 იოან. 3:17, 18). გარდა ამისა, სხვების მიმართ თბილი გრძნობებით რომ ვართ განმსჭვალულნი, იმითაც ცხადვყოფთ, რომ მსახურებაში ბოლომდე ვიხარჯებით. ეს მართლაც უნიკალური საშუალებაა, რომ გულწრფელი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!

გულწრფელად გაღელვებთ თანაქრისტიანების მდგომარეობა? (იხილეთ მე-15 აბზაცი)

16. როგორ გავამხნეოთ სასოწარკვეთილნი?

16 თბილი სიტყვები: სათუთი გრძნობები აღგვძრავს, რომ „ვანუგეშოთ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14). რის თქმა შეგვიძლია მათ გასამხნევებლად? მაგალითად, ვუთხრათ, რომ გვაღელვებს მათი მდგომარეობა და ვწუხვართ მათზე. ამასთანავე, შევაქოთ ისინი და ამგვარად დავეხმაროთ, რომ საკუთარ თავში შენიშნონ დადებითი თვისებები, ნიჭი თუ უნარი. აგრეთვე შევახსენოთ, რომ იეჰოვამ ისინი თავისი ძისკენ მიიზიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდად აფასებს მათ (იოან. 6:44). ამასთანავე, დავარწმუნოთ ისინი, რომ იეჰოვას ნამდვილად შესტკივა გული თავის მსახურებზე, რომლებიც „გულმოდრეკილნი“ და „სულგამწარებულნი არიან“ (ფსალმ. 34:18). თბილი სიტყვებით ჭრილობებს შევუხორცებთ მათ, ვისაც ნუგეში ესაჭიროება (იგავ. 16:24).

17, 18. ა) რას მოელის იეჰოვა უხუცესებისგან — როგორ უნდა მოეპყრონ ისინი მის ცხვარს? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

17 უხუცესებო, იეჰოვა თქვენგან მოელის, რომ მის „ცხვარს“ სათუთად მოეპყრობით (საქ. 20:28, 29). ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღმერთმა თავისი „ცხვრები“ თქვენ ჩაგაბარათ, რომ გამოკვებოთ, საჭიროების შემთხვევაში, გაამხნეოთ და გამოაცოცხლოთ (ეს. 32:1, 2; 1 პეტ. 5:2—4). ამიტომ თანამგრძნობი უხუცესი „ცხვარს“ ყოველ ფეხის ნაბიჯს არ უკონტროლებს, თვითნებურ წესებს არ უდგენს, გამუდმებულ წნეხში არ ამყოფებს და იმაზე მეტს არ სთხოვს, ვიდრე მას ძალუძს. პირიქით, თბილი და მოსიყვარულე მწყემსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამწყსოსთვის სიხარულის წყარო იყოს; ის ნდობას უცხადებს კრების წევრებს და დარწმუნებულია, რომ იეჰოვასადმი სიყვარულით აღძრული „ცხვარი“ საუკეთესოს გაიღებს იეჰოვას მსახურებაში (მათ. 22:37).

18 იმაზე ფიქრი, თუ რამდენად თავმდაბალი და რბილი პიროვნება იყო იესო, აღგვძრავს, რომ ყოველთვის მივყვეთ მის ნაკვალევს. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ იესოს კიდევ ორ ძვირფას თვისებას — გაბედულებასა და გამჭრიახობას.