სწამთ იეჰოვას მოწმეებს „ძველი აღთქმის“?
მკითხველები გვეკითხებიან
სწამთ იეჰოვას მოწმეებს „ძველი აღთქმის“?
იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ, და სწამთ, რომ ბიბლია არ არსებობს არც ძველი და არც ახალი აღთქმის გარეშე. მაგრამ უპირატესობას უფრო ზუსტ სახელწოდებებს ანიჭებენ. ისინი „ძველ აღთქმას“ „ებრაულ წერილებს“ უწოდებენ, ახალს კი — „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს“, რადგან ერთი, ძირითადად, ებრაულ ენაზე, მეორე კი ბერძნულ ენაზე დაიწერა.
ზოგი, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, „ძველ აღთქმას“ ეჭვის თვალით უყურებს. ისინი ამბობენ, რომ „ძველი აღთქმის“ ღმერთი მრისხანე, ბრძოლისმოყვარე და სისხლისმღვრელია, რაც სრულიად არ ჰგავს „ახალ აღთქმაში“ წარმოდგენილ მოსიყვარულე და მართალ ღმერთს. მათი აზრით, „ძველი აღთქმა“, ძირითადად, ებრაელებისთვისაა დაწერილი და ქრისტიანებს არ ეხებათ. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ კანონის 12:32-ს, სადაც ღმერთი ამბობს, რომ მის სიტყვას არც უნდა მოვაკლოთ რამე და არც უნდა დავუმატოთ, შეიძლება გამართლება მოეძებნოს ზემოთ მოყვანილ თვალსაზრისს და უარვყოთ ბიბლიის თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი?
ახ. წ. დაახლოებით 50 წელს თესალონიკეში (საბერძნეთი) ყოფნისას მოციქული პავლე იქაურებთან „ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო“ (საქმეები 17:1—3). ზოგმა მათგანმა ქრისტიანობა მიიღო. მოგვიანებით პავლემ შეაქო ისინი: „თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ, რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13). როცა თესალონიკელებმა პავლესგან პირველად მოისმინეს ღვთის სიტყვა, 27 წიგნისგან შემდგარი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან“, როგორც ჩანს, მაშინ მხოლოდ მათეს სახარება იყო დაწერილი. ასე რომ, „წმინდა წერილებში“, რომლის საფუძველზეც პავლე მსჯელობდა, აშკარად „ებრაული წერილები“ იგულისხმება.
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ დამწერები 320-ჯერ ციტირებდნენ ებრაული წერილებიდან და გაცილებით მეტჯერ იმეორებდნენ ებრაულ წერილებში მოყვანილ აზრებს საკუთარი სიტყვებით. რა იყო ამის მიზეზი? „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ასე რომ, ვისაც მთელი ბიბლიის სწამს, კურთხეულია.
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ „ებრაული წერილების“ საფუძველზე დაიწერა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა; ისინი ნათელს ჰფენს „ებრაულ წერილებში“ გაცხადებულ ღვთის განზრახვას და არანაირად არ ჩრდილავს მას. კემბრიჯის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ჰერბერტ ფარმერი ამბობს: «შეუძლებელია [სახარების] გაგება იმ ხალხის ისტორიის გარეშე, რომლებსაც ღმერთმა აღთქმა დაუდო, და ვის შესახებაც „ძველ აღთქმაში“ ვკითხულობთ».
ღვთის სიტყვაში შესასწორებელი არაფერი იყო, მაგრამ მასში ჩაიწერა: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“ (იგავები 4:18). ღმერთმა წმინდა წერილებს „ქრისტიანული-ბერძნული წერილები“ იმიტომ დაუმატა, რომ მათი წყალობით ნელ-ნელა მოჰფენოდა ნათელი მისი განზრახვების შესრულებას; თუმცა ამით „ებრაული წერილების“ მნიშვნელობა არ შეუმცირებია. როგორც ებრაული, ისე „ქრიტიანული-ბერძნული წერილები“ იეჰოვას სიტყვის განუყოფელი ნაწილია და „მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:24, 25).