არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელახლა შობა როგორ ხდება ის?

ხელახლა შობა როგორ ხდება ის?

ხელახლა შობა როგორ ხდება ის?

ნიკოდემესთან საუბრისას იესომ არა მხოლოდ ის აღნიშნა, თუ რატომ არის ხელახლა შობა მნიშვნელოვანი, ვისგან ხდება ის და რა მიზანს ემსახურება, არამედ ისიც, თუ როგორ ხდება ხელახლა შობა. იესომ თქვა: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“ (იოანე 3:5). ამგვარად, ადამიანი წყლისა და სულისგან იბადება ხელახლა. მაგრამ რას ნიშნავს გამოთქმა „წყლისა და სულისგან“ დაბადება?

რას ნიშნავს „წყალი და სული“?

ნიკოდემე იუდეველთა რელიგიური წინამძღოლი იყო. უდავოა, მას კარგად ეცოდინებოდა, რომ ებრაულ წერილებში გამოყენებული გამოთქმა „ღვთის სული“ მიუთითებდა ღვთის მოქმედ ძალაზე, რომლის გავლენითაც ადამიანებს საოცარი საქმეების გაკეთება შეეძლოთ (დაბადება 41:38; გამოსვლა 31:3; 1 სამუელი 10:6). ასე რომ, იესოს მიერ სიტყვა „სულის“ ხსენებისას ნიკოდემესთვის გასაგები იქნებოდა, რომ იესო წმინდა სულს, ღვთის მოქმედ ძალას გულისხმობდა.

რა იგულისხმება სიტყვა „წყალში“? სახარებებში ვკითხულობთ, რომ იესოსთან ნიკოდემეს მისვლამდე და მათი საუბრის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი და იესოს მოწაფეები ხალხს წყალში ნათლავდნენ (იოანე 1:19, 31; 3:22; 4:1—3). იერუსალიმში ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა წყალში ნათლობა. ამიტომ წყლის ხსენებაზე ნიკოდემე მიხვდებოდა, რომ იესო უბრალოდ წყალზე კი არა, წყალში ნათლობაზე ლაპარაკობდა.

„წმინდა სულით“ მონათვლა

თუ ‘წყლისგან დაბადება’ წყალში ნათლობაზე მიუთითებს, მაშინ რას ნიშნავს ‘სულისგან დაბადება’? ვიდრე ნიკოდემე იესოსთან მივიდოდა, იოანე ნათლისმცემელი ხალხს ეუბნებოდა, რომ ნათლობისას არა მხოლოდ წყალი, არამედ სულიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. „მე წყლით მოგნათლეთ, ის [იესო] კი წმინდა სულით მოგნათლავთ“, — ამბობდა იოანე (მარკოზი 1:7, 8). სახარების დამწერი მარკოზი გვამცნობს, როდის მოხდა ასეთი ნათლობა: „იმ დღეებში გალილეის ნაზარეთიდან მოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა. ამოვიდა თუ არა წყლიდან, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“ (მარკოზი 1:9, 10). როდესაც იესო წყალმა დაფარა, ის წყლით მოინათლა; ამავე დროს, მასზე სული გადმოვიდა ზეციდან და ის წმინდა სულითაც მოინათლა.

თავისი ნათლობიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ იესომ მოწაფეებს უთხრა: „მალე წმინდა სულით მოინათლებით“ (საქმეები 1:5). როდის მოხდა ეს?

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში ერთ სახლში იყო შეკრებილი. „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს . . . [და] აღივსო ყველა წმინდა სულით“ (საქმეები 2:1—4). იმავე დღეს იერუსალიმში მრავალი მოინათლა წყალში. პეტრე მოციქულმა უთხრა შეკრებილ ხალხს: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“. როგორ მოიქცა ხალხი? „ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა და იმ დღეს დაახლოებით სამი ათასი სული შეემატათ“ (საქმეები 2:38, 41).

ორმაგი ნათლობა

რა კავშირშია ეს ორი ნათლობა ხელახლა შობასთან? ხელახლა შობა ამ ორი ნათლობით ხდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო პირველად წყალში მოინათლა, შემდეგ წმინდა სული მიიღო. პირველი მოწაფეებიც ჯერ წყალში მოინათლნენ (მათგან ზოგი იოანე ნათლისმცემელმა მონათლა), შემდეგ კი წმინდა სული მიიღეს (იოანე 1:26—36). მსგავსად მოხდა 3 000 მოწაფის შემთხვევაშიც.

დღეს როგორღა ხდება ხელახლა შობა? ზუსტად ისე, როგორც ეს იესოს მოციქულებისა და მოწაფეების შემთხვევაში მოხდა. თავდაპირველად, ადამიანი ინანიებს ცოდვებს, ტოვებს არასწორ გზას, თავს უძღვნის იეჰოვას, რომ მას ემსახუროს, და ამას სახალხოდ აღიარებს წყალში ნათლობით. შემდეგ კი, თუ ღმერთი თავის სამეფოში მმართველად აირჩევს, მას წმინდა სულით სცხებს. პირველი ნათლობა (წყალში მონათვლა) ადამიანის სურვილით ხდება, მეორე ნათლობა კი (სულით მონათვლა) — ღვთის ნებით. ხელახლა შობილი ის არის, ვინც ამ ორი ნათლობით ინათლება.

მაგრამ, რატომ ახსენა იესომ ნიკოდემესთან საუბარში „წყლისა და სულისგან დაბადება“? იმიტომ, რომ წყლითა და სულით მონათლული ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ხდება. ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

[სურათი 9 გვერდზე]

იოანე წყალში ნათლავდა ისრაელებს, რომლებიც ცოდვებს ინანიებდნენ