არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლომდე ღვთის მადლიერი დავრჩი — ბიბლია არაერთი ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა

ბოლომდე ღვთის მადლიერი დავრჩი — ბიბლია არაერთი ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა

ბოლომდე ღვთის მადლიერი დავრჩი — ბიბლია არაერთი ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა

მოგვითხრო ენრიკე კარაბაკა აკოსტამ

ეს მოხდა 1971 წლის 15 აპრილს. ფერმაში ჩემი ოჯახის სანახავად მივდიოდი. სახლიდან დიდი ხნის წასული ვიყავი, ამიტომ მოუთმენლად ველოდი მათთან შეხვედრას. ვფიქრობდი, იქნებოდნენ თუ არა ყველანი სახლში და პირველი ვინ შემომეგებებოდა. როგორც კი სახლში შევედი, ელდა მეცა — იატაკზე ოთხი ადამიანი ეგდო, მათ შორის დედაჩემი!

თავზარდაცემულმა ხმა ვერ ამოვიღე. არ ვიცოდი, რა მოხდა და როგორ მოვქცეულიყავი. გარშემო არავინ იყო. დაბნეული და სასოწარკვეთილი ვიყავი. სანამ ამბის თხრობას გავაგრძელებდე, ცოტას ჩემი წარსულის შესახებ გიამბობთ, რათა უკეთ გაიგოთ, რას ვგრძნობდი ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ამ და სხვა ტრაგედიების დროს.

ჩვენ ვიპოვეთ ჭეშმარიტება

დავიბადე კირიმანში, ქალაქ ნიკოიასთან ახლოს (კოსტა-რიკა). ჩემს მშობლებს ფერმა ჰქონდათ. თუმცა კათოლიკები ვიყავით, არასდროს გვაკმაყოფილებდა კათოლიკური ეკლესიის სწავლებები და მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გვქონდა.

1953 წელს, როცა 37 წლის ვიყავი, სახლში ერთი მამაკაცი, ანატოლიო ალფარო გვეწვია და ბიბლიის შესწავლა შემოგვთავაზა. მასთან ერთად ბევრი ბიბლიური მუხლი და სწავლება განვიხილეთ. მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, უმცროსი და და მისი მეგობარი, რომელიც ხშირად რჩებოდა ხოლმე ჩვენთან, ყურადღებით ვუსმენდით და კითხვას კითხვაზე ვაყრიდით.

ანატოლიო ჩვენთან ორი დღე დარჩა. მოსმენილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხს ის პირდაპირ ბიბლიიდან გვცემდა. მისმა საუბარმა ჩვენზე წარუშლელი კვალი დატოვა. ვფიქრობდით მოსმენილზე და დარწმუნებული ვიყავით, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ. ანატოლიომ ბიბლიაზე დაფუძნებული რამდენიმე ჟურნალი და წიგნი დაგვიტოვა. მთელი ოჯახი საღამოობით ერთად ვკითხულობდით და ვსწავლობდით ამ პუბლიკაციებს. ეს ადვილი არ იყო, რადგან ელექტროენერგია არ გვქონდა. როცა წასაკითხად ვსხდებოდით, ყველანი კარტოფილის ცარიელ ტომრებს ვიფარებდით ფეხებზე, რომ კოღოებს არ დავეკბინეთ.

ექვსი თვის შემდეგ ჩემი ოჯახიდან ხუთნი მოვინათლეთ, მათ შორის ჩემი მშობლები. სიხარულით შევუდექით კარდაკარ ქადაგებას. დაახლოებით ორი საათი გვჭირდებოდა ფეხით ქალაქ კარილოში ჩასასვლელად, სადაც იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფი იკრიბებოდა. ზოგჯერ შეხვედრებზე ცხენითაც მივდიოდით. ანატოლიო კვლავაც აგრძელებდა ჩვენთან ბიბლიის შესწავლას. მოგვიანებით კრების შეხვედრებს ჩვენს სახლში ვატარებდით, რომლებსაც დაახლოებით რვა ადამიანი ესწრებოდა. ყველანი მონათლული მაუწყებლები გახდნენ. მალე ჩვენი ჯგუფი 20 კაცამდე გაიზარდა და პატარა კრება ჩამოყალიბდა.

ვიწყებ სრული დროით ქადაგებას

იეჰოვას მოწმეთა კოსტა-რიკის ბეთელმა მოუწოდა ყველას, ვისაც შეეძლო, რომ ბიბლიის სწავლების საქმისთვის მეტი დრო დაეთმოთ. 1957 წელს სრული დროით მსახურებას შევუდექი. ეს დიდ სიხარულს მანიჭებდა. ხშირად მარტოს საათობით მივლია ფეხით, რომ მივარდნილ ადგილებში მცხოვრებთათვის მექადაგა. ზოგჯერ ხალხი მტრულად იყო განწყობილი. სულ მცირე, სამი შემთხვევა მახსოვს, როცა კაცები დანებით გამომივარდნენ, რომ გაერკვიათ, ვინ ვიყავი და რატომ დავდიოდი.

1950-იან წლებში გზები ჯერ არ იყო გაყვანილი და უმეტეს ადგილებში მხოლოდ ბილიკები გადიოდა, რაც მოსახლეობამდე მისვლას ართულებდა. ზოგ ადგილებამდე მიღწევა მხოლოდ ცხენებით იყო შესაძლებელი. ჩვენ მდინარეების გადაკვეთაც გვიწევდა. ზოგჯერ ღია ცის ქვეშ გვეძინა და კოღოები მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რომ გველებს არ დავეკბინეთ ან ნიანგების მსხვერპლი არ გავმხდარიყავით. ყველაფრის მიუხედავად, მთელი გულით ვმონაწილეობდი სამქადაგებლო საქმიანობაში და ხალხს იეჰოვა ღმერთის გაცნობაში ვეხმარებოდი. ყოველდღე ქადაგებას სიხარული და კმაყოფილება მოჰქონდა ჩემთვის, იეჰოვასადმი სიყვარული მიძლიერდებოდა და უფრო ვუახლოვდებოდი მას.

დროთა განმავლობაში სხვა პასუხისმგებლობებიც მომენდო. ათ წელზე მეტხანს სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობდი. ყოველკვირა ვინახულებდი და ვამხნევებდი სხვადასხვა კრებას. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ სახის მსახურების შეწყვეტა მომიწია, თუმცა სრული დროით მაინც ვქადაგებდი.

დატრიალდა საშინელი ტრაგედია

1971 წელს ნიკოიადან სახლში ვბრუნდებოდი. შევედი თუ არა სახლში, დავინახე, რომ ჩემი 80 წლის დედა იატაკზე ცოცხალმკვდარი ეგდო. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი და დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რამდენიმე წუთში მან ჩემს ხელში დალია სული. გარშემო მიმოვიხედე და დავინახე, რომ სამზარეულოში მკვდარი მზარეული ეგდო, რომელიც რვა თვის ფეხმძიმე იყო. დერეფანში ეგდო ერთი და ადგილობრივი კრებიდან, სააბაზანოში კი — მზარეულის უმცროსი ვაჟი. ყველანი მხეცურად იყვნენ დახოცილები. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა: ვინ ჩაიდინა ეს საშინელება და რატომ?

გარეთ გავვარდი და მამა დავინახე. მას ტყვია ჰქონდა თავში მოხვედრილი, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ იყო. გავიქეცი ჩემი უმცროსი ძმის სახლისკენ, რომელიც 15 წუთის სავალზე მდებარეობდა. იქ გავიგე, რომ კიდევ ერთი ქალი და მისი ვაჟი მოეკლათ. თავზარი დამცა იმის გაგებამ, რომ მკვლელი ჩემი 17 წლის დისშვილი იყო, რომელსაც ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდა. ის არ იყო იეჰოვას მოწმე. ჩემი დისშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მასზე ძებნა გამოცხადდა. ასეთი მასშტაბური ძებნა კოსტა-რიკაში მანამდე არ ყოფილა.

ამ ამბავმა პრესის ყურადღება მიიპყრო. შვიდი დღის შემდეგ პოლიციამ მკვლელის კვალს მიაგნო. მას დიდი დანა და 22-კალიბრიანი პისტოლეტი ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ ის ფსიქიკურად შეშლილი იყო, მაგრამ იარაღი მაინც მიჰყიდა ვიღაცამ. ის პოლიციას არ დანებდა, ამიტომ აყვანის დროს მას ცეცხლი გაუხსნეს. ის ადგილზევე მოკვდა.

სანამ ჩემი დისშვილი ჯერ კიდევ ძებნაში იყო, ბევრი მირჩევდა, იქაურობას გავცლოდი, რომ მას მეც არ მოვეკალი. ვლოცულობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. ამიტომ არსად არ წავედი; ვგრძნობდი, რომ ჩემი ოჯახისა და კრების წევრების გვერდით უნდა ვყოფილიყავი.

ერთ ტრაგედიას მეორე მოჰყვა

სამწუხაროდ, ამ ამბიდან ერთ წელიწადში მამა დაიღუპა. მომდევნო წელს ჩემი უმცროსი და, რომელიც იეჰოვას ერთგული მსახური იყო, სხვების ჩხუბს შეესწრო და სრულიად შემთხვევით მოკლეს. კიდევ ერთი ოჯახის წევრის დაკარგვამ საშინელ დღეში ჩაგვაგდო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რასაც მე და ჩემი ახლობლები განვიცდიდით. განსაცდელების დროს მთელი გულით ვიყავი იეჰოვაზე მინდობილი და გამუდმებით ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის.

1985 წელს ქრისტიანი უხუცესებისთვის განკუთვნილი სამდღიანი სწავლების კურსი გავიარე კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში, რამაც სულიერად კიდევ უფრო განმამტკიცა. ორშაბათ დილით ავტოსადგურში წავედი, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. სადგურისკენ მიმავალ გზაზე თავს დამესხნენ, ერთმა ყელში წამიჭირა ხელი, მეორემ კი ჯიბიდან ფული ამომაცალა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მათი სახეების დანახვა ვერ მოვასწარი. ამ შემთხვევის შემდეგ აღარ შემიძლია ბგერების ხმამაღლა წარმოთქმა. გუანაკასტეს პროვინციაში, სადაც მე ვცხოვრობ, კაცები ხმამაღალი შეძახილებით ესალმებიან ერთმანეთს. ადრე მეც ასე ვესალმებოდი სხვებს, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია ამის გაკეთება.

1979 წელს დავქორწინდი სელიაზე, რომელიც მეზობელ კრებაში მსახურობდა. სელიას ძალიან უყვარდა ბიბლიის კითხვა. ჩვენ ყოველდღე ერთად ვკითხულობდით და ვსწავლობდით ბიბლიას. სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი მეუღლე 2001 წლის ივლისში კიბოთი გარდაიცვალა. ზოგჯერ თავს მარტოდ ვგრძნობ, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაძლიერებს (იოანე 5:28, 29).

განსაცდელებმა სიხარული ვერ წამართვა

ცხოვრებაში ისეთ განსაცდელებს შევხვდი, როგორსაც ბევრი არ შეხვედრია. ამ სირთულეებს იმის შესაძლებლობად ვთვლიდი, რომ იეჰოვასადმი ერთგულება დამემტკიცებინა (იაკობი 1:13). საკუთარ თავს ყოველთვის შევახსენებ, რომ ყველა ჩვენგანზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“, რაც განსაცდელების დროს გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებაში მეხმარება (ეკლესიასტე 9:11). აგრეთვე არ ვივიწყებ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობ და გარშემო სასტიკი, მოძალადე და თავშეუკავებელი ადამიანები არიან (2 ტიმოთე 3:1—5). გარდა ამისა, ყოველთვის ვფიქრობ იობის მაგალითზე. მას მოუკვდა შვილები, შეერყა ჯანმრთელობა და დაკარგა ქონება, მაგრამ მან მაინც თქვა: „კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“. იეჰოვამ უხვად აკურთხა იობი ერთგულებისთვის (იობი 1:13—22; 42:12—15). მიუხედავად იმისა, რომ მრავალ განსაცდელს შევხვდი, ბიბლიაში ჩაწერილი გამამხნევებელი აზრები სიხარულის შენარჩუნებაში მეხმარება.

იეჰოვა ყოველთვის მხარში მედგა, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე მისი ნების შესრულება დამეყენებინა. ბიბლიის ყოველდღე კითხვა დიდ ნუგეშს მგვრის და განსაცდელების ასატანად ძალას მაძლევს. ლოცვის დროს ყოველთვის მეუფლება „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7). ეს შინაგან სიმშვიდეს მანიჭებს. აგრეთვე რწმენას მიძლიერებს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მათში მონაწილეობის მიღება (ებრაელები 10:24, 25).

მადლიერი ვარ, რომ ხანდაზმულსაც შემიძლია თანაქრისტიანებთან ერთად ქადაგება და ხალხისთვის ბიბლიის სწავლება. სხვებისთვის დახმარების გაწევა გულგატეხილობასთან გამკლავებაში მეხმარება. ტრაგედიების მიუხედავად, მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ შემიძლია მას ვემსახურო. *

[სქოლიო]

^ აბზ. 26 ამ ბიოგრაფიის დაწერიდან ორი წლის შემდეგ ძმა ენრიკე კარაბაკა აკოსტა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[ჩანართი 20 გვერდზე]

ბიბლიის ყოველდღე კითხვა დიდ ნუგეშს მგვრის და განსაცდელების ასატანად ძალას მაძლევს

[სურათი 19 გვერდზე]

ჩემი პირველი ბიბლიური მოხსენება

[სურათი 20 გვერდზე]

სამქადაგებლო მსახურების დროს