არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გონიერი ქალი

გონიერი ქალი

მიჰბაძეთ მათ რწმენას

გონიერი ქალი

აბიგაილს ერთი ახალგაზრდა კაცი შეწუხებული ელაპარაკებოდა. ის შეშინებული იყო, ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი. უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 400 შეიარაღებული მეომარი აბიგაილის ქმრის, ნაბალის სახლისკენ მოემართებოდა, რათა ყველა იქ მცხოვრები მამაკაცი ამოეწყვიტათ. რატომ ჩაცვივდნენ ისინი ამ დღეში?

ყველაფერი ნაბალის გამო მოხდა. ის სასტიკი და უხეში კაცი იყო. მაგრამ ამჯერად მან ისეთ კაცს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელსაც კარგად შეიარაღებული, ერთგული ჯარი ჰყავდა და თავისი მეომრების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. აბიგაილთან სალაპარაკოდ ახალგაზრდა მსახური, შესაძლოა ნაბალის ფარის მწყემსი, სწორედ იმ იმედით მივიდა, რომ მისი ქალბატონი რაიმეს იღონებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაგრამ, რას გახდებოდა ერთი ქალი შეიარაღებულ ჯართან?

მოდი, ჯერ გავიგოთ, ვინ იყო აბიგაილი? რატომ წამოიჭრა ეს პრობლემა? რატომ არის სამაგალითო მისი რწმენა?

„ძალიან გონიერი და ლამაზი ქალი“

აბიგაილი და ნაბალი ნამდვილად არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს. ნაბალი აბიგაილზე უკეთეს ცოლს ვერ მოიყვანდა, აბიგაილი კი ნაბალზე უარეს კაცს ვერსად შეხვდებოდა. ნაბალის ერთადერთი „ღირსება“ სიმდიდრე იყო. ამიტომაც მოჰქონდა თავი დიდ ვინმედ. მაგრამ საინტერესოა, სხვებს როგორი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე? ბიბლიაში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ნაბალივით უარყოფითად რომ იყოს დახასიათებული. მისი სახელი ნიშნავს უგუნურს ან სულელს. ჩვენთვის უცნობია, ეს სახელი მას დაბადებისას შეარქვეს თუ მოგვიანებით. როგორც უნდა ყოფილიყო, ნაბალი ამართლებდა თავის სახელს. ის „უხეში და ავისმქმნელი“ იყო. არავის უყვარდა ეს შარიანი და ლოთი კაცი (1 სამუელი 25:2, 3, 17, 21, 25).

აბიგაილი ქმრისგან სრულიად განსხვავდებოდა. მისი სახელი ნიშნავს „გაიხარა მამაჩემმა“. ყველა მამას უხარია, როცა ლამაზი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ გონიერ მამას შვილის შინაგანი სილამაზე უფრო ახარებს. ხშირად კარგი გარეგნობის ადამიანები აღარ ცდილობენ ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა გონიერება, გამჭრიახობა, გამბედაობა და რწმენა. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით აბიგაილზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ძალიან გონიერი და ლამაზი ქალი იყო“ (1 სამუელი 25:3).

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ გაჰყვა ასეთი ჭკვიანი ქალი ასეთ უვარგის კაცს. ბიბლიურ დროში ბევრი ქორწინება გარიგებით ხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში მშობლების სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩვენ არ ვიცით, მშობლების სურვილით მოხდა მათი ქორწინება თუ არა. არც ის ვიცით, მშობლები სიღარიბემ აიძულა თუ არა, შვილი მდიდარ ნაბალზე გაეთხოვებინათ. ნაბალს ფული კი ჰქონდა, მაგრამ როგორც ქმარი, არაფრად ვარგოდა.

გონიერი მშობლები შვილებს სწორ წარმოდგენას უქმნიან ქორწინებაზე. ისინი შვილებს არც ფულის გამო აქორწინებენ და არც იმას აიძულებენ, რომ ნაადრევად მოეკიდონ ოჯახს (1 კორინთელები 7:36). მაგრამ აბიგაილს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ის უკვე ნაბალის ცოლი იყო და ისღა დარჩენოდა, მდგომარეობას შეგუებოდა.

„ყვირილით გაისტუმრა ისინი“

ნაბალმა შეურაცხყოფა მიაყენა დავითს და ამგვარი უგუნურებით კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო აბიგაილი. დავითი იეჰოვას ერთგული მსახური იყო, რომელიც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფედ სცხო. ის საულის შემდეგ უნდა გამეფებულიყო (1 სამუელი 16:1, 2, 11—13). დავითი 600 ერთგულ მეომართან ერთად უდაბნოში ემალებოდა შურითა და მისი მოკვლის სურვილით შეპყრობილ მეფე საულს.

ნაბალი მაონში ცხოვრობდა და, როგორც ჩანს, სამუშაო და მამულები იქვე ახლოს, ქარმელში ჰქონდა. * ამ მთაგორიან ქალაქებში კარგი საძოვრები მოიძებნებოდა ნაბალის 3 000 ცხვრისთვის. ირგვლივ უდაბური ტერიტორია იყო. სამხრეთით ფარანის უდაბნო ესაზღვრებოდა. აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვისკენ მიმავალი გზა ხევებით დასერილ უდაბურ ტერიტორიაზე გადიოდა. ამ ადგილას ბევრი გამოქვაბულიც იყო. დავითი თავის მეომრებთან ერთად აქ აფარებდა თავს. მათ ალბათ მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და ნადირობით თავის რჩენა. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ნაბალის ფარის მწყემსებს.

როგორ ეპყრობოდნენ მწყემსებს დავითის მეომრები? მათ ადვილად შეეძლოთ დროდადრო ფარიდან ცხვარი გაეტაცათ, მაგრამ ეს არასდროს გაუკეთებიათ. პირიქით, კედელივით ედგნენ გვერდში ნაბალის მსახურებს და ფარას იცავდნენ (1 სამუელი 25:15, 16). მწყემსებს ბევრი რამ უქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, მტაცებელი ცხოველები. გარდა ამისა, ისრაელის სამხრეთი საზღვარი ახლოს იყო, ამიტომ უცხოტომელი ყაჩაღები და ქურდები ხშირად ესხმოდნენ თავს დაუცველ მწყემსებს. *

დავითი თავს ვალდებულად თვლიდა, ეზრუნა თავისი მეომრების გამოკვებაზე. ერთხელ მან 10 კაცი გაგზავნა ნაბალთან და დახმარება სთხოვა. საამისოდ დავითმა კარგი დრო შეარჩია, რადგან ნაბალი ცხვარს პარსავდა. ამ დროს ტრადიციულად დიდი ლხინი იმართებოდა და ძღვენსაც გულუხვად გასცემდნენ. დავითმა სიტყვებიც სწორად შეარჩია და ნაბალს სათქმელი თავაზიანად შეუთვალა. იმის ნიშნად, რომ პატივს სცემდა ნაბალის ასაკს, მან საკუთარ თავს მისი შვილი უწოდა. რა პასუხით გამოისტუმრა ნაბალმა დავითის კაცები? (1 სამუელი 25:5—8)

ნაბალი განრისხდა. „[მან] ყვირილით გაისტუმრა ისინი“, — ასე აღუწერა ნაბალის რეაქცია აბიგაილს ზემოხსენებულმა ახალგაზრდა მსახურმა. ძუნწი ნაბალი წუწუნს მოჰყვა პურის, წყლისა და საკლავის გამო. მან დასცინა დავითს და ბატონისგან გაქცეული მსახური უწოდა. ნაბალის თვალსაზრისი არაფრით განსხვავდებოდა დავითის მოძულე საულის თვალსაზრისისგან. მაგრამ მათი შეხედულება მცდარი იყო, რადგან დავითი ღმერთს უყვარდა და მას ურჩ მონად კი არა, ისრაელის მომავალ მეფედ თვლიდა (1 სამუელი 25:10, 11, 14).

დავითი განრისხდა, როცა მას ყველაფერი მოახსენეს. „მახვილები შემოირტყით!“ — უბრძანა მან თავის მეომრებს. დავითმა გადაწყვიტა, 400 მეომართან ერთად თავს დასხმოდა ნაბალს და მის სახლში ყველა მამაკაცი გაეწყვიტა (1 სამუელი 25:12, 13, 21, 22). დავითს ნამდვილად ჰქონდა განრისხების მიზეზი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არ იყო სწორი. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკობი 1:20). მაგრამ, რა უნდა ეღონა აბიგაილს თავისი სახლეულის გადასარჩენად?

„კურთხეული იყოს შენი გონიერება“

ნაბალისგან განსხვავებით, აბიგაილს მოსმენა შეეძლო. რომ არა ეს თვისება, ის სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ახალგაზრდა მსახურმა ნაბალზე თქვა: „თვითონ უვარგისი კაცია, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“ (1 სამუელი 25:17). * სამწუხაროდ, გაყოყოჩებული ნაბალი არავის თვლიდა მოსმენის ღირსად. ასეთ ქედმაღალ ადამიანებს დღესაც ხშირად ვხვდებით. ახალგაზრდა მსახურმა იცოდა, რომ აბიგაილი არ ჰგავდა თავის ქმარს და ამიტომ მივიდა მასთან სალაპარაკოდ.

აბიგაილს დრო არ დაუკარგავს და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. „არ დააყოვნა აბიგაილმა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში. ბიბლიაში ოთხჯერ არის ნათქვამი, რომ მან სწრაფად იმოქმედა. აბიგაილმა გულუხვად მოუმზადა ძღვენი დავითსა და მის კაცებს. ამ ძღვენში შედიოდა პური, ღვინო, ცხვარი, ქუმელი, ქიშმიშისა და ლეღვის კვერები. აბიგაილი კარგი მეოჯახე იყო და კარგად იცოდა, რა ჰქონდა სახლში. მას ზუსტად შეეფერება ის სიტყვები, რაც იგავების წიგნში მარჯვე ცოლზეა ნათქვამი (იგავები 31:10—31). აბიგაილმა სანოვაგით დატვირთული მსახურები წინ გაუშვა, თვითონ კი უკან გაჰყვა. „ნაბალისთვის კი, თავისი ქმრისთვის, არაფერი უთქვამს“ (1 სამუელი 25:18, 19).

აბიგაილის საქციელი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ის ქმარს ოჯახისთავად არ აღიარებდა და არ ემორჩილებოდა. ნაბალი ძალიან ცუდად მოექცა იეჰოვას ცხებულ მსახურს, რასაც შესაძლოა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა. დაედებოდა აბიგაილსაც ბრალი, ასე რომ არ მოქცეულიყო? რთულია ამის თქმა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას ღვთის მორჩილება ქმრის მორჩილებაზე წინ უნდა დაეყენებინა.

ცოტა ხანში აბიგაილი დავითსა და მის ხალხს შეხვდა. ის დაუყოვნებლივ ჩამოხტა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე (1 სამუელი 25:20, 23). მან მთელი გულით შესთხოვა თავისი ქმრისა და ოჯახის შეწყალება. რა უთხრა აბიგაილმა დავითს?

მან საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და პირადად ითხოვა პატიება. აბიგაილმა უთხრა დავითს, რომ მისი ქმარი უგუნური იყო, რასაც მისი სახელიც მოწმობდა. ამით შესაძლოა იმის თქმა უნდოდა, რომ დავითისთვის დამამცირებელი იქნებოდა ასეთ უვარგის კაცზე ხელის აღმართვა. მან აღიარა, რომ დავითი ღვთის წარმომადგენელი იყო და „იეჰოვას ომებს“ ეწეოდა. „იეჰოვა . . . დაგნიშნავს ისრაელის წინამძღოლად“, — აბიგაილის ამ სიტყვებიდან გამოჩნდა იმის რწმენა, რომ დავითი იეჰოვას დაპირებისამებრ გამეფდებოდა. მან სთხოვა დავითს, თავი შეეკავებინა სისხლისღვრისგან, რათა მომავალში საკუთარ გულს არ დაედო მისთვის მსჯავრი ანუ სინდისს არ შეეწუხებინა (1 სამუელი 25:24—31). აბიგაილმა ნამდვილად გონივრულად შეარჩია სიტყვები.

როგორ იმოქმედა დავითზე მისმა სიტყვებმა? დავითმა შეისმინა აბიგაილის თხოვნა და უთხრა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან“. დავითმა შეაქო ის, რომ იჩქარა მის შესახვედრად და შეაკავა სისხლის ღვრისგან. შემდეგ კი უთხრა: „წადი სახლში მშვიდობით, მოგისმინე და ანგარიში გაგიწიე“ (1 სამუელი 25:32—35).

„მოახლედ წამოვა შენი მხევალი“

აბიგაილი ადვილად ვერ დაივიწყებდა ამ შეხვედრას. მან კარგად დაინახა, რამდენად განსხვავდებოდა ერთგული და კეთილი დავითი მისი სასტიკი და უხეში ქმრისგან. მაგრამ ამაზე ფიქრი მას დიდხანს არ გაუგრძელებია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მივიდა აბიგაილი ნაბალთან“. ის დაბრუნდა ქმართან, რათა კვლავაც ღირსეულად შეესრულებინა ცოლის მოვალეობა. მას ქმრისთვის უნდა ეთქვა, რომ დავითსა და მის ხალხს ძღვენი მიართვა. ის ოჯახისთავი იყო და ეს უნდა სცოდნოდა. ვიდრე ნაბალი თავისდა სამარცხვინოდ სხვისგან გაიგებდა, რა საფრთხეს გადაურჩა მისი ოჯახი, მისთვის ეს აბიგაილს უნდა ეთქვა. მაგრამ ნაბალთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მას მეფური ნადიმი გაემართა სახლში და გალეშილი იყო (1 სამუელი 25:36).

აბიგაილი ამჯერადაც გონივრულად მოიქცა და დილამდე, ვიდრე ნაბალი არ გამოფხიზლდა, მისთვის არაფერი უთქვამს. გამოფხიზლებულთან უფრო შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, უფრო სარისკო იყო. აბიგაილი ყველაფერს მოუყვა მას. ის ელოდა, რომ ნაბალი გაცეცხლდებოდა და რისხვას ცოლზე გადმოანთხევდა, მაგრამ რატომღაც ის გაქვავებული იჯდა (1 სამუელი 25:37).

„გული ჩაუკვდა ნაბალს და გაქვავდა კაცი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში. შესაძლოა მას გულმა უმტყუნა. ათი დღის შემდეგ ნაბალი მოკვდა და ამის მიზეზი გულის შეტევა არ ყოფილა. „დაჰკრა იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა“ (1 სამუელი 25:38). ღვთის სამართლიანი სასჯელით აბიგაილის ტანჯვას ბოლო მოეღო. მართალია, დღეს იეჰოვა სასწაულებრივად არ ერევა ვინმეს ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება ოჯახური ძალადობა. თავის დროზე იეჰოვა აღასრულებს სამართალს.

აბიგაილმა მტარვალ ქმარსაც დააღწია თავი და ღვთისგან სხვა კურთხევაც მიიღო. როცა დავითმა შეიტყო ნაბალის სიკვდილის ამბავი, აბიგაილს შეუთვალა, რომ ცოლად თხოულობდა. „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რათა ჩემი ბატონის მსახურებს ფეხები დაბანოს“, — უთხრა აბიგაილმა დავითს. აბიგაილი ასეთი შეთავაზების შემდეგაც არ გაამაყებულა. ის იმაზეც თანახმა იყო, რომ დავითის მსახურებს მომსახურებოდა. აბიგაილს არც ამჯერადაც დაუკარგავს დრო. ის სწრაფად ადგა და გაჰყვა დავითის მაცნეებს (1 სამუელი 25:39—42).

აბიგაილის ცხოვრება დავითთან ნამდვილად არ ჰგავდა ზღაპარს. მათ ქორწინებას პრობლემებიც ახლდა თან. დავითს მანამდე უკვე ჰყავდა ერთი ცოლი, ახინოამი. მრავალცოლიანობის ატანა ერთგული ცოლებისთვის არ იქნებოდა ადვილი. * გარდა ამისა, დავითი ჯერ არ იყო გამეფებული და მას სერიოზული სირთულეების გადალახვა მოუწევდა მანამ, სანამ იეჰოვა გაამეფებდა. მაგრამ აბიგაილი ერთგულად ედგა დავითს მხარში და ვაჟიც გაუჩინა. აბიგაილმა იცოდა, რომ ჰყავდა ქმარი, რომელიც აფასებდა და იცავდა მას. ერთხელ დავითმა ის გამტაცებლების ხელიდანაც იხსნა (1 სამუელი 30:1—19). დავითი იეჰოვას მსგავსად იქცეოდა, რომელიც აფასებს გონიერ, გაბედულ და ერთგულ ქალებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 აქ არ იგულისხმება შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ცნობილი ქარმელის მთა. ეს იყო სამხრეთით მდებარე ქალაქი, ფარანის უდაბნოსთან ახლოს.

^ აბზ. 14 დავითი ალბათ თვლიდა, რომ ადგილობრივი მემამულეებისა და მათი ფარის დაცვა იეჰოვას მსახურება იყო. იეჰოვას ნებით, აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებს ამ მიწაზე უნდა ეცხოვრათ. ამიტომ დამპყრობლებისა და ყაჩაღებისგან ამ მიწის დაცვა გარკვეულწილად წმინდა მსახურებას ნიშნავდა.

^ აბზ. 19 აქ გამოყენებული ფრაზა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბელიარის (უვარგისის) ძეს“. ბიბლიის ზოგ თარგმანში ნაბალი აღწერილია, როგორც კაცი, „რომელიც ყურს არავის უგდებს“ და „რომელთანაც აზრი არა აქვს ლაპარაკს“.

[სურათი 19 გვერდზე]

ქმრისგან განსხვავებით, აბიგაილს მოსმენის უნარი ჰქონდა

[სურათი 20 გვერდზე]

დავითთან საუბრისას აბიგაილის თავმდაბლობა, გამბედაობა და გონიერება გამოჩნდა