არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წმინდა სული — ძალა, რომელიც გჭირდებათ

წმინდა სული — ძალა, რომელიც გჭირდებათ

წმინდა სული — ძალა, რომელიც გჭირდებათ

„თავიდან ნუ მომიშორებ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ“ (ფსალმუნი 51:11). ამ სიტყვებით მიმართა მეფე დავითმა მხურვალე ლოცვის დროს იეჰოვას, როცა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

დავითი გრძნობდა, რომ წმინდა სული მთელი ცხოვრების მანძილზე ეხმარებოდა. ჯერ კიდევ მოზარდმა დავითმა წმინდა სულის მეშვეობით სძლია გოლიათს, რომელიც ძლიერი მეომარი იყო (1 სამუელი 17:45—50). წმინდა სულის დახმარებით დაწერა დავითმა შესანიშნავი ფსალმუნები, რომელთაგან ზოგიერთს ბადალი არ მოეძებნება. „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“, — თქვა დავითმა (2 სამუელი 23:2).

იესო ქრისტემაც აღნიშნა, რომ დავითის ცხოვრებაში წმინდა სული განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ერთხელ იესომ თავის მსმენელებს უთხრა: «დავითი წმინდა სულით თავად ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევო“» (მარკოზი 12:36; ფსალმუნი 110:1). იესომ იცოდა, რომ დავითი წმინდა სულით აღძრული წერდა ფსალმუნებს. შესაძლებელია, რომ წმინდა სული ჩვენც დაგვეხმაროს?

„ითხოვეთ და მოგეცემათ“

შესაძლოა ფსალმუნები არასდროს დაწეროთ, მაგრამ შეხვდეთ ისეთ დაბრკოლებებს, რომლებიც შეიძლება გოლიათივით დაუძლეველი მოგეჩვენოთ. მაგალითად, განვიხილოთ იზაბელის * შემთხვევა. ის ქმარმა ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვა. ქმარმა იზაბელს დიდი ვალები დაუტოვა და ორი მცირეწლოვანი გოგონას აღზრდაშიც არ ეხმარებოდა ფინანსურად. „თავს მიტოვებულად და არარაობად ვთვლიდი, — ამბობს იზაბელი. — მიუხედავად ამისა, ვგრძნობდი, რომ წმინდა სული მაძლიერებდა“.

მოელოდა იზაბელი, რომ წმინდა სულს ძალისხმევის გარეშე მიიღებდა? არა, ის ყოველდღე ევედრებოდა ღმერთს, რომ წმინდა სული მიეცა. იზაბელმა იცოდა, რომ მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შეძლებდა პრობლემებთან გამკლავებას, შვილებზე სათანადოდ ზრუნვას და ღირსების გრძნობის დაბრუნებას. მან გაითვალისწინა იესოს შემდეგი რჩევა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7).

რობერტოც გრძნობდა, რომ ღვთის წმინდა სული სჭირდებოდა. ის თამბაქოსა და ჰაშიშს ეწეოდა და მათზე დამოკიდებული გახდა. ის ორ წელზე მეტხანს ცდილობდა ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რობერტო ამბობს: „როცა ნარკოტიკებს თავს ანებებ, მისი მიღების სურვილი უფრო და უფრო გიძლიერდება. თავის შეკავება ძალიან რთულია, რადგან ნარკოტიკების მიღების დაუოკებელი სურვილი თითქმის ყოველდღე გაწუხებს“.

რობერტო შემდეგ განაგრძობს: „მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე ცხოვრება შემეცვალა და ღვთისთვის სათანადო სახით მეცა თაყვანი. ვცდილობდი, გონება ბიბლიაში მოცემული სასარგებლო აზრებით შემევსო. ყოველდღე მხურვალედ ვლოცულობდი და ვთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მეცხოვრა. ვიცოდი, რომ საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებდი. ვხედავდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდუნება მძლევდა და სასოწარკვეთილება მეუფლებოდა. მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შევძელი ძალების განახლება. წმინდა სულის გარეშე ამ ჩვევას თავს ვერასდროს დავანებებდი“ (ფილიპელები 4:6—8).

„არწივივით გაშლიან ფრთებს“

იზაბელისა და რობერტოს მსგავსად, მილიონობით იეჰოვას მოწმე გრძნობს წმინდა სულის ძალას. თუ გსურთ, თქვენც შეძლებთ იეჰოვას მოქმედი ძალის მიღებას, რისი მეშვეობითაც მან სამყარო შექმნა. თუ მთელი გულით სთხოვთ ღმერთს წმინდა სულს, შეიძენთ ღვთის შესახებ ცოდნას და მთელი გულით შეეცდებით მისი ნების შესრულებას, ის სიამოვნებით მოგცემთ მას (ესაია 55:6; ებრაელები 11:6).

ღვთის სული გაგაძლიერებთ, რომ ღმერთს ემსახუროთ და დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ. სწორედ ამაში გვარწმუნებს ბიბლია: „[იეჰოვა] ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს. . . იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ესაია 40:28—31).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 8 გვერდზე]

‘ყოველდღე მხურვალედ ვლოცულობდი და ვთხოვდი ღმერთს, ძალა მოეცა. ვიცოდი, რომ საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებდი. ვხედავდი, როგორ პასუხობდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს’

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

წმინდა სული მოქმედია

ღმერთმა წმინდა სული სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა. რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით . . . თუ სულს გაუშვებ, წარმოიქმნებიან“, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 104:24, 30; დაბადება 1:2; იობი 33:4).

წმინდა სულის შთაგონებით ღვთისმოშიშმა კაცებმა ბიბლია დაწერეს. „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ბერძნული სიტყვა, რომელიც „შთაგონებულად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“. იეჰოვა თავისი სულით შთააგონებდა ბიბლიის დამწერებს, რომ „ღვთის სიტყვა“ დაეწერათ (1 თესალონიკელები 2:13).

წმინდა სულის ძალით ღვთის მსახურები ზუსტად წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. მოციქულმა პეტრემ ახსნა: „წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:20, 21; იოელი 2:28).

წმინდა სული ეხმარებოდა იესოსა და სხვა მორწმუნე მამაკაცებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და სასწაულების მოხდენაში. იესომ თქვა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო“ (ლუკა 4:18; მათე 12:28).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

წმინდა სული დაგეხმარებათ . . .

ცდუნებებთან გამკლავებასა და მავნე ჩვევების დაძლევაში. მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში. „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელები 5:22, 23).

განსაცდელების ატანაში. „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).