იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რატომ უკავშირებს ბიბლია ღვთაება ბაალის თაყვანისცემას სქესობრივ აღვირახსნილობას?
ქანაანელთა ღვთაება ბაალი ნაყოფიერების ღმერთად ითვლებოდა. მის თაყვანისმცემლებს სჯეროდათ, რომ ბაალი ხელს უწყობდა მათი მოსავლის სიუხვესა და საქონლის სიმრავლეს. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ხალხი ადგილობრივ სამლოცველოებში სექსუალურ აღვირახსნილობას ეწეოდა, რითაც ქუხილის ღმერთ ბაალსა და მის ცოლს, აშერას, შეწყვილებისკენ მოუწოდებდნენ. ამას თავის მხრივ უხვი მოსავალი და საქონლის ნამატი უნდა მოჰყოლოდა“ (Manners and Customs in the Bible).
ქანაანელებს სწამდათ, რომ გვალვის დროს უნაყოფობისა და სიკვდილის ღმერთის, მოთის მიერ ძლეული ბაალი დედამიწის სიღრმეში იმყოფებოდა. წვიმების დაწყება მათთვის იმის ნიშანი იყო, რომ ბაალმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება, რის შედეგად ყველაფერი გამოცოცხლდებოდა და მიწაც უხვად აღმოაცენებდა მცენარეულობას. ქანაანელები ბუნების გამოცოცხლებას თავაშვებული ორგიებით ზეიმობდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ „დაიწყო ხალხმა [ისრაელებმა] გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან“ მას შემდეგ, რაც მიეწებნენ ფეორის ბაალს (რიცხვები 25:1—3).
რას გულისხმობდა იესო, როცა მწიგნობრები და ფარისევლები „შეთეთრებულ სამარხებს“ შეადარა?
იესომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს თვალთმაქცები უწოდა და დასძინა: „შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე“ (მათე 23:27). ებრაელები ტრადიციულად სამარხებს კირხსნარით ათეთრებდნენ წვიმიანი სეზონის დასასრულს, ადარის თვის მე-15 დღეს, პასექამდე ერთი თვით ადრე, რადგან წვიმებს ადვილად შეეძლო ჩამოერეცხა კედლები.
„იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად სამარხების შეთეთრება იმას ემსახურებოდა, რომ „პასექზე მომავალ უამრავ მომლოცველს“ თავი არ გაეუწმინდურებინა. რიცხვების 19:16-ში ჩაწერილი კანონის თანახმად ის, ვინც გვამს, ადამიანის ძვალს ან სამარხს შეეხებოდა, შვიდ დღეს უწმინდური იქნებოდა. გაუწმინდურების შემთხვევაში ნებისმიერი ებრაელი სიკვდილით დაისჯებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდა წმინდა თაყვანისმცემლობაში (ლევიანები 15:31). იესომ ეს შედარება პასექამდე რამდენიმე დღით ადრე მოიყვანა. სამარხების ყოველწლიური შეთეთრება ახალი დამთავრებული იყო, ამგვარად მის მსმენელებს კარგად ესმოდათ, რაზე ლაპარაკობდა ის. ამ შედარებით იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ მისი მოწინააღმდეგეები სინამდვილეში ისეთები არ იყვნენ, როგორებიც გარეგნულად ჩანდნენ, მათთან ურთიერთობა კი სულიერი გაუწმინდურების ტოლფასი იყო.
[სურათი 15 გვერდზე]
კირქვის სტელაზე გამოსახული ჭექა-ქუხილის ღვთაება ბაალი, ძვ. წ. XIV—XIII საუკუნეები
[საავტორო უფლება]
Musée du Louvre, Paris