არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის ადამიანში კარგს ეძებს

ის ადამიანში კარგს ეძებს

დაუახლოვდით ღმერთს

ის ადამიანში კარგს ეძებს

1 მეფეები 14:13

„იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“ (1 მატიანე 28:9). ღვთისგან შთაგონებული ეს სიტყვები იეჰოვასადმი მადლიერებით უნდა გვივსებდეს გულს, რადგან ის ასე ძლიერაა დაინტერესებული ჩვენით. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებისგან ძალიან შორსა ვართ, იეჰოვა ჩვენს გულებში მაინც კარგს ეძებს. ეს ნათლად ჩანს 1 მეფეების 14:13-ში ჩაწერილი სიტყვებიდან, რომელიც აბიას ეხება.

აბიას ოჯახის წევრები ყველანი ბოროტები იყვნენ. მისი მამა, იერობოამი, განდგომილი დინასტიის მეთაური იყო. * იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ იერობოამის ოჯახი აღეგავა პირისაგან მიწისა. მან თქვა: „პირწმინდად გავხვეტ იერობოამის სახლს ნეხვივით“ (1 მეფეები 14:10). თუმცა ღმერთმა ბრძანა, რომ იერობოამის ოჯახის ერთადერთი წევრი, აბია, რომელიც მძიმე ავადმყოფი იყო, საპატიოდ დაეკრძალათ. * რატომ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში დაინახა რაღაც კარგი“ (1 მეფეები 14:1, 12, 13). რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან აბიას შესახებ?

ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ აბია ღვთის ერთგული თაყვანისმცემელი იყო. და მაინც, რაღაც სიკეთე მაინც იყო მასში. ის სიკეთეს იეჰოვასადმი ავლენდა, რაშიც, ალბათ, მისადმი თაყვანისმცემლობა იგულისხმება. რაბინების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ აბია, შესაძლოა, იერუსალიმის ტაძარში სალოცავად ჩავიდა; გარდა ამისა, შესაძლოა, მან მოხსნა მამამისის მიერ დაყენებული მცველები, რომლებიც ისრაელებს ხელს უშლიდნენ, იერუსალიმში რომ წასულიყვნენ.

არ ვიცით, რა სიკეთეს ავლენდა აბია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ღვთისთვის ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ მისი სიკეთე გულწრფელი იყო. სიკეთე „მასში“ ანუ მის გულში იყო. მეორეც ის, რომ მისი სიკეთე განსაკუთრებული იყო, რადგან ის ამას იერობოამის სახლში ცხოვრების მიუხედავად ავლენდა. ერთი სწავლული ამბობს: „შექების ღირსი არიან ის ადამიანები, რომლებსაც მტრულად განწყობილ გარემოში ან ოჯახში უწევთ ცხოვრება და მაინც სიკეთეს ავლენენ“. სხვა სწავლული კი ამბობს, რომ აბიას სიკეთე „ისევე შესამჩნევი იყო . . . როგორც უკუნეთი ღამის ცაზე ვარსკვლავები და ფოთოლშემოძარცული ხეების გვერდით კედრები“.

უმთავრესი კი ის არის, რომ 1 მეფეების 14:13 იეჰოვას შესახებ რაღაც განსაკუთრებულს გვასწავლის. ამ მუხლიდან იმასაც ვიგებთ, თუ რას ეძებს ის ჩვენში. გავიხსენოთ, რომ იეჰოვამ აბიაში, რაღაც კარგი დაინახა. როგორც ჩანს, იეჰოვა აბიას გულს მანამ იკვლევდა, სანამ სიკეთეს არ მიაგნო. როგორც ერთი სწავლული ამბობს, აბია თავის ოჯახთან შედარებით „კენჭების გროვაში მოხვედრილ მარგალიტს ჰგავდა“. იეჰოვამ დააფასა ეს და ამ ბოროტი ოჯახის ერთადერთი წევრის მიმართ წყალობა გამოავლინა.

განა არ გვამხნევებს იმის გაგება, რომ მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა, იეჰოვა კარგს ეძებს ჩვენში და აფასებს მას?! (ფსალმუნი 130:3). სწორედ ამის ცოდნა აღგვძრავს, დავუახლოვდეთ იეჰოვა ღმერთს, რომელიც გულდასმით იკვლევს ჩვენს გულებს, რომ სულ მცირე სიკეთეს მაინც მიაგნოს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იერობოამმა დააწესა ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიან სამეფოში ხბოს თაყვანისმცემლობა, რათა ხალხი იერუსალიმში არ წასულიყო იეჰოვასათვის ტაძარში თაყვანისსაცემად.

^ აბზ. 5 ბიბლიურ დროში, თუ ვინმეს სათანადოდ არ დაკრძალავდნენ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი მას არ იწონებდა (იერემია 25:32, 33).