არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას?

რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას?

რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას?

უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ვუშვებთ შეცდომებს და ვაკეთებთ იმას, რასაც მერე ვნანობთ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიზეზი ყოველგვარი ბოროტებისა, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ან რომლის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით ვიგებთ?

არასრულყოფილების მიუხედავად უმეტესობა აღიარებს, რომ არსებობს მორალური ზღვარი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება, ადამიანს კი აქვს იმის უნარი, თავი შეიკავოს ბოროტებისგან. ბევრი იმ აზრსაც ეთანხმება, რომ არსებობს განსხვავება უწყინარ ტყუილსა და აშკარა ცილისწამებას შორის, ვინმესთვის ზიანის შემთხვევით მიყენებასა და წინასწარგანზრახულ მკვლელობას შორის. შემზარავ საქმეებს ხშირად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სჩადიან. რატომ ხდება ასე?

ბიბლია ნათელს ჰფენს ამ საკითხს. ის გვიხსნის ძირითად მიზეზებს, თუ რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას მაშინაც კი, როცა ესმით, რომ ეს არასწორია. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.

▪ „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს“ (ეკლესიასტე 7:7).

ბიბლია ეთანხმება იმ აზრს, რომ ზოგჯერ ადამიანი შეიძლება გარემოებამ აიძულოს მოიქცეს ისე, როგორც სხვა შემთხვევაში არ მოიქცეოდა. ზოგი მძიმე დანაშაულს გაჭირვებისა და უსამართლობისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „უმეტეს შემთხვევაში ტერორისტთა მთავარი მამოძრავებელი ძალა სრული იმედგაცრუებაა, რაც ერთი შეხედვით უცვლელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სისტემებით არის გამოწვეული“ (Urban Terrorism).

▪ „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:10).

არსებობს გამონათქვამი, კაცი ფულის გულისთვის რას არ იკადრებსო, ანუ კარგი ადამიანიც შეიძლება უსინდისოდ მოიქცეს, თუ ფულის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცემა. ზოგჯერ ერთი შეხედვით მეგობრული და კეთილი ადამიანები, რადიკალურად იცვლებიან მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. დაფიქრდით, რამდენი დანაშაულის მიზეზი ხდება სიხარბე. სწორედ სიხარბის გამო ხდება ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ადამიანის გატაცება და მკვლელობაც კი.

▪ „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (ეკლესიასტე 8:11).

როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ, თუ დანაშაულზე არავინ წაუსწრებთ. ამიტომაც აჭარბებენ ისინი სიჩქარეს მანქანის მართვისას, იტყუებიან გამოცდების დროს, ითვისებენ სახელმწიფო ქონებას და ზოგჯერ უარესსაც კადრულობენ. როცა კანონი არ კანონობს ან, როცა სასჯელის არავის ეშინია, შეიძლება კანონმორჩილმა მოქალაქემაც კი უკან არ დაიხიოს და გააკეთოს ის, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდა. „ის ფაქტი, რომ დამნაშავეები თავს ადვილად აღწევენ სასჯელს, უბრალო მოქალაქეებსაც კი უსასტიკესი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს“, — ნათქვამია ჟურნალში „არგუმენტები და ფაქტები“.

▪ „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15).

არასწორი ფიქრები ყველას ებადება. ყოველდღიურად უამრავი ფაქტორი ახდენს ჩვენზე გავლენას და ცუდის კეთებისკენ გვიბიძგებს. ძველ ქრისტიანებს პავლე მოციქული ასეთ სიტყვებს სწერდა: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა“ (1 კორინთელები 10:13). მაგრამ ყველაფერი მაინც პირად არჩევანზეა დამოკიდებული — სწრაფადვე ამოვიგდებთ თავიდან უარყოფით ფიქრებს, თუ გასაქანს მივცემთ მათ. მოწაფე იაკობის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილიდან კარგად ჩანს, რომ თუ ცუდი სურვილი „განაყოფიერდა“, შედეგიც არ დააყოვნებს.

▪ „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ის წრე, რომელშიც ვტრიალებთ, დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე. ზოგჯერ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მანამდე აზრადაც არ მოსვლიათ და რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ხოლმე. მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ის არის, რომ ისინი ან სხვების გავლენაში მოექცნენ ან ცუდ წრეში მოხვდნენ. ბიბლიაში სიტყვა „სულელი“ სუსტი გონებრივი უნარის მქონე ადამიანის აღსაწერად არ გამოიყენება. ეს სიტყვა იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს არაფრად აგდებენ. ასე რომ, ჩვენი ასაკის მიუხედავად, თუ გონივრულად, ანუ ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით, არ ავირჩევთ მეგობრებს, ხიფათს ვერ ავიცილებთ თავიდან.

ეს და სხვა მრავალი ბიბლიური მუხლი გვიხსნის, რატომ სჩადიან ბოროტებას ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები და რატომ იქცევიან სასტიკად. შეიძლება გვესმის, რა აღძრავს ადამიანებს ცუდის კეთებისკენ, მაგრამ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება? ბიბლია არა მარტო გვიხსნის იმის მიზეზებს, რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას, არამედ იმედსაც გვაძლევს, რომ მალე ბოროტი ადამიანები აღარ იარსებებენ. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, როგორ მოეღება ბოროტებას ბოლო.