მშვიდობისმოყვარე ხალხი რეპუტაციის დასაცავად ხმას იმაღლებს
რუსეთის მოქალაქეების საყურადღებოდ: ამ პუბლიკაციის მეშვეობით 230-ზე მეტ ქვეყანაში ათობით მილიონი ადამიანი გაიგებს, თუ როგორ იზღუდება რუსეთში რელიგიის თავისუფლება. „საგუშაგო კოშკი“ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალია და ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნება. ამ სტატიის წაკითხვა 188 ენაზე იქნება შესაძლებელი და 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდება. ხელისუფლების ზოგ წარმომადგენელს შეიძლება არ სურს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს, როგორ ექცევიან იეჰოვას მოწმეებს რუსეთში. მაგრამ იესოს სიტყვები ჭეშმარიტია: „არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება“ (ლუკა 12:2).
რუსეთის ორმა უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში იეჰოვას მოწმეთა რელიგია ექსტრემისტულად გამოაცხადა. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში ათასობით იეჰოვას მოწმე ქვეყნის მტრად შერაცხეს. ისინი გადაასახლეს, დააპატიმრეს ან შრომა-გასწორების კოლონიებში გააგზავნეს. საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ, იეჰოვას მოწმეების რეაბილიტაცია მოხდა. ახალმა მთავრობამ ოფიციალურად აღადგინა მათი შელახული სახელი. * დღეს კი ზოგი კვლავ ცდილობს, ჩირქი მოსცხოს მათ რეპუტაციას.
2009 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო. მარტო თებერვალში მთელი რუსეთის მასშტაბით 500-ზე მეტი საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. რა მიზანს ემსახურებოდა ეს კამპანია? მიზანი იეჰოვას მოწმეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილება იყო. მომდევნო თვეებში პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრები იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებსა თუ სახლებში. მოწმეებს ჩამოართვეს ლიტერატურა და პირადი ნივთები. სახელმწიფო მოხელეებმა რუსეთიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ მისცეს უცხოელ ადვოკატებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს იცავდნენ.
2009 წლის 5 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, საბაჟოზე დააკავეს ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა, რომელიც გერმანიაში იყო დაბეჭდილი. ის განკუთვნილი იყო რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა ათასობით კრებისთვის. ტვირთის შემოწმება საბაჟოს თანამშრომლების იმ ჯგუფს დაევალა, რომლებიც საშიშ კონტრაბანდულ ტვირთებს ამოწმებენ. რატომ? ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ იქ „შეიძლება ყოფილიყო ისეთი ლიტერატურა, რომელიც რელიგიურ შუღლს გააღვივებდა“.
მალე აგრესიის ტალღამ პიკს მიაღწია. რუსეთის ფედერაციისა და ალთაის რესპუბლიკის (რუსეთი) უზენაესმა სასამართლოებმა მოწმეების მიერ გამოცემული რამდენიმე პუბლიკაცია, მათ შორის ის ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ექსტრემისტულად გამოაცხადა. მოწმეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს; რუსეთის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს აღშფოთებაც გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა, რაც მოწმეებს უკრძალავს ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანასა და გავრცელებას.
რა რეაქცია ჰქონდათ მოწმეებს, როცა რეპუტაცია შეულახეს და მათი საქმიანობა აკრძალეს? როგორ მოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების რელიგიურ თავისუფლებაზე?
დაუყოვნებელი გამოხმაურება
2010 წლის თებერვალში დაახლოებით 160 000-მა იეჰოვას მოწმემ მთელი რუსეთის მასშტაბით გაავრცელა 12 მილიონი ტრაქტატი სახელწოდებით „ხომ არ მეორდება ისტორია? — კითხვა რუსეთის მოქალაქეებს“. მაგალითად, ციმბირის ქალაქ უსოლიე-სიბირსკოეს ქუჩებში ასობით მოწმე შეიკრიბა დილის 5:30-ზე. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც 1951 წელს რწმენის გამო ციმბირში გადაასახლეს. 40-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, მათ 20 000 ტრაქტატი გაავრცელეს.
სამდღიან კამპანიასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეებმა მოსკოვში გამართეს პრეს-კონფერენცია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევ ლევინსონი. მან მოკლედ ისაუბრა იმ უსამართლო შეურაცხყოფასა და დევნაზე, რასაც იეჰოვას მოწმეები ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რეჟიმის დროს ხვდებოდნენ. ლევინსონმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაამართლეს მოწმეები ამ რეჟიმების დამხობის შემდეგ. მან აღნიშნა: „პრეზიდენტ ელცინის ბრძანებით მოხდა ყველა რელიგიური კონფესიის რეაბილიტაცია, რომელიც საბჭოთა პერიოდის დროს იდევნებოდა. დაზარალებულთათვის უნდა
აენაზღაურებინათ ყველანაირი ზარალი. იეჰოვას მოწმეებს საბჭოთა კავშირის დროს დიდი ქონება არ ჰქონიათ, მაგრამ შელახული რეპუტაცია კი აღუდგინეს.დღესაც არსებობს იმის საშიშროება, რომ იეჰოვას მოწმეების რეპუტაცია შეილახოს. „ამ ხალხს სრულიად უსაფუძვლო დევნის საშიშროება ემუქრება იმ სახელმწიფოში, რომელმაც ერთ დროს მსგავსი საქციელის გამო სინანული გამოთქვა“, — ამბობს ლევინსონი.
როგორ გამოეხმაურა ხალხი კამპანიას?
მიაღწია მიზანს ამ კამპანიამ? ლევ ლევინსონმა აღნიშნა: „როცა [პრეს] კონფერენციაზე მოვდიოდი, დავინახე, რა დიდი ინტერესით კითხულობდა ხალხი მეტროში ტრაქტატს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები დღეს მთელ რუსეთში ავრცელებენ“. * აი, რა კომენტარი გააკეთა ზოგმა მათგანმა:
ხანდაზმულმა ქალბატონმა, რომელიც ცენტრალური რუსეთის იმ ნაწილში ცხოვრობს, სადაც ძირითადად მუსლიმანები ცხოვრობენ, მოწმეებს ტრაქტატი გამოართვა და ჰკითხა, რის შესახებ იყო. როცა გაიგო, რომ ტრაქტატი ეხებოდა რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვას, თქვა: „როგორც იქნა ამ საკითხს ვიღაცამ ყურადღება მიაქცია! ამ მხრივ, რუსეთი კვლავ ძველ დროს — საბჭოთა კავშირის პერიოდს — უბრუნდება. დიდი მადლობა. ყოჩაღ თქვენ!“
ჩელიაბინსკში ტრაქტატის შეთავაზების შემდეგ ერთმა ქალმა თქვა: „მე უკვე მომცეს და წავიკითხე კიდეც. მთლიანად თქვენ მხარეს ვარ. არ მინახავს, რომელიმე რელიგია ასე ორგანიზებულად იცავდეს თავის რწმენას. მომწონს თქვენი ჩაცმულობა და ის, რომ ყოველთვის ტაქტიანად იქცევით. აშკარაა, რომ ღრმად გაქვთ გათავისებული თქვენი მრწამსი. ვხედავ, რომ ღმერთი თქვენთანაა“.
სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ერთმა კაცმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ტრაქტატის კითხვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლებიც გადმომცვივდა. ბებიაჩემი, რომელიც [საბჭოთა რეჟიმის დროს] რეპრესირებული იყო, ხშირად მიყვებოდა პატიმრებზე. მათ შორის ბევრი იყო კრიმინალი, მაგრამ იყვნენ უდანაშაულოებიც, რომლებიც რწმენის გამო იხდიდნენ სასჯელს. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა მაშინ. ამიტომ, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორია“.
როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში?
რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები აფასებენ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავისუფლად სცემდნენ ღმერთს თაყვანს. მაგრამ ისიც კარგად იციან, თუ რა ადვილად შეიძლება დაიკარგოს ეს თავისუფლება. მიანიშნებს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აგორებული აგრესიის ეს ტალღა იმაზე, რომ რუსეთში კვლავ დადგება რეპრესიების ბნელი პერიოდი? ამას დრო გვიჩვენებს.
რაც არ უნდა მოხდეს, იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ შეწყვიტონ მშვიდობის შესახებ ბიბლიური ცნობის ქადაგება. ამ გადაწყვეტილების შესახებ სპეციალურ ტრაქტატში წერია: „რეპრესიები წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს. ჩვენ არ შევწყვეტთ ტაქტიანად და პატივისცემით საუბარს იეჰოვა ღმერთსა და მის სიტყვაზე! (1 პეტრე 3:15). ჩვენ არ შეგვიწყვეტია ქადაგება ნაცისტური გერმანიის უმძიმეს პერიოდში, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ქადაგება ჩვენს ქვეყანაში არსებული საშინელი რეპრესიების დროს და არც ახლა შევწყვეტთ ქადაგებას! (საქმეები 4:18—20)“.
^ აბზ. 3 იხილეთ ჩარჩო „რეაბილიტაციის მოწმობა“
^ აბზ. 13 იეჰოვას მოწმეებმა მოსკოვში ამ ტრაქტატის გავრცელება პრეს-კონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.